მოგეხსენებათ, გერმანიისა და ავსტრიის ეროვნულ გუნდთა შორის 6 სექტემბერს გამართულ მატჩში „ბუნდესთიმის“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ 68-ე სანაკრებო გოლი გაიტანა, რითაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების ფორვარდ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. მიულერი აცხადებს, რომ მოხარულია კლოზეს ამ შედეგით და იმედოვნებს, რომ 35 წლის ფეხბურთელი უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.
„მოხარული ვარ, რომ კლოზემ ნაკრებში 68-ე გოლი გაიტანა და ჩემი რეკორდი გაიმეორა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლოზემ ეს 129 მატჩში მოახერხა, როცა მე ამისთვის მხოლოდ 62 შეხვედრა მეყო“, – ციტირებს გერდ მიულერის სიტყვებს „დე ტელეგრაფი“.
ორივე გერმანელ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სათითაოდ 14 გოლი აქვთ გატანილი, რეკორდი კი ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნის, რომელმაც მუნდიალებზე 15 გოლის გატანა შეძლო.
„იმედი მაქვს, ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლოზე რონალდოს რეკორდს დაამხობს“, – დაამატა გერდ მიულერმა.
ბექა დოგრაშვილი