“რომას” ლაზარეთი წამყვანი მოთამაშეებით შეივსო

“რომას” უახლოეს მატჩებში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება.

გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც დღეს 39 წელი შეუსრულდა, იტალიის სერია A-ს VI ტურში “კარპის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:1) მოედანზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო. ტოტიმ დაზიანება სწორედ იმ არეში მიიღო, რომელზეც ორი წლის წინათ მიღებული ტრავმის შედეგად იარა აქვს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იტალიელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა ორი თვით მოუწევდა, თუმცა დაზიანება ამდენად სერიოზული არ გამოდგა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “რომას” უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ედინ ჯეკო გახლავთ. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა.

გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამაც, რომელმაც მოედანი შეხვედრის 21-ე წუთზე დატოვა. მალელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აქვს და ორი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

 

ლუის ენრიკე: “რომას” გოლი ჩემი ბრალია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “რომასა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ თამაშით კმაყოფილია, თუმცა არა – შედეგით. მანვე რაფინია ალკანტარას ტრავმაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, თუმცა რაჯა ნაინგოლანთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და თამაშში ჩართვიდან სამ წუთში მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს.

“სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქემაც კარგად წარმოაჩინა თავი და გოლის გასატანად მომენტი მოძებნა. შედეგის გარდა ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

“რომას” გოლი ჩემი ბრალია. მე ვუთხარი მეკარეს, რომ ასე ეთამაშა. დარწმუნებული ვარ, მეტოქე ჩვენთან ასეთ გოლს ვეღარ გაიტანს.

ერთი შეხედვით რაფინიას ტრავმა მძიმეა, ძალიან მძიმე. მუხლი დაიშავა. ეს დღევანდელი დღის ყველაზე ცუდი ამბავია, რამაც მატჩზეც იქონია გავლენა. ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, თუმცა ვიმეორებ, რომ დაზიანება ცუდი შესახედია”, – აღნიშნა ლუის ენრიკემ.

 

“რომა” ჯეკოს შეუთანხმდა

“სქაი სპორტსის” თანახმად, “რომამ” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია. ახლა “მგლებს” ინგლისურ კლუბთან ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებაზე მოუწევთ მოლაპარაკება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რომა” მზად არის, ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღოს.

ისიც ითქვა, რომ იტალიელები დასახელებულ თანხაზე მეტს არ გადაიხდიან და ახლა ინგლისელების პასუხს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი განხორციელდება, ჯეკო “რომასთან”, სავარაუდოდ, ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ედინ ჯეკომ გასულ სეზონში “მანჩესტერ სიტის” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ტოტი “რეალიდან” კასილასის წასვლის შესახებ

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ მადრიდის “რეალიდან” იკერ კასილასის წასვლის შესახებ ისაუბრა.

“სამწუხაროა, რომ კასილასი წავიდა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ის დიდებული პიროვნებაა. იკერი კლუბის სიმბოლოა”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Goal.com-ი.

დღეს “რომა” “რეალს” ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში ამხანაგურად გაეჯიბრება. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

“რეალის” წინააღმდეგ ამხანაგური მატჩები არ არსებობს. ასეთი შეხვედრები ყოველთვის პრესტიჟის საქმეა. დიდებულ გამოცდილებას მივიღებთ”, – დაამატა იტალიელმა ფეხბურთელმა.

 

რუდი გარსია: “ტოტი ყველასთვის მისაბაძი ადამიანია”

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გუნდის კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ტოტი თანაგუნდელებისთვის მაგალითია არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

“ყოველთვის ვთვლიდი, რომ დიდი ფეხბურთელები დიდი ადამიანები არიან. ისინი მოკრძალებულები, უბრალოები არიან და ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, გუნდს ემსახურონ. მოხარული ვარ, რომ აქ დამხვდა კაპიტანი, რომელიც ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია. ტოტის მოქმედებები მოედანზე და მოედნის ფარგლებს გარეთ ყველასთვის მისაბაძია”, – რუდი გარსიას სიტყვებს საფეხბურთო პორტალი forzaitalianfootball.com აქვეყნებს.

 

ფრანჩესკო ტოტი: “ჩვენ თანამედროვე კოლიზეუმი გვექნება” (ფოტო)

“რომას” კაპიტან ფრანჩესკო ტოტის კლუბის ახალი სტადიონის პროექტი ძალიან მოსწონს.

ახალი არენა სამ წელიწადში უნდა აშენდეს და 52-დან 60 ათასამდე ადამიანს დაიტევს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,1 მილიარდ ევროს შეადგენს.

“რომას” ახალი სტადიონი ექნება, რომელიც მთელ მსოფლიოში წარგვადგენს. ჩვენს კლუბს დიდი ისტორია აქვს და დაიმსახურა ასეთი არენა. ეს ჩვენი თანამედროვე კოლიზეუმი იქნება, სადაც გულშემატკივრებსა და სპორტის მოყვარულებს ჩვენი თამაშითა და სხვა სპორტული მოვლენებით ტკბობის საშუალება მიეცემათ. ეს სტადიონი “რომას” ახალი სახლი იქნება”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს TMW.

Stadio della Roma

“ლივერპული” პიანიჩით დაინტერესდა

Football Italia-ს ცნობით, “ლივერპული” “რომასთვის” მირალემ პიანიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართვას აპირებს.

25 წლის ბოსნიელ ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება, თუმცა “მგელთა” რიგებში საკუთარი მომავალი უახლოეს კვირაში უნდა განიხილოს. “ლივერპულის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პიანიჩს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოსნიელი ნახევარმცველით “მანჩესტერ იუნაიტედიც” არის დაინტერესებული.

მირალემ პიანიჩმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დუმბია და ჟერვინიო რომში კოტ დივუარის საელჩოს ეწვივნენ (ვიდეო)

“რომას” თავდამსხმელები სეიდუ დუმბია და ჟერვინიო რომში კოტ დივუარის საელჩოს ეწვივნენ. სტუმრების პატივსაცემად სპეციალური საღამო მოეწყო, ფეხბურთელებს იტალიურ ენაზე სიმღერაც მიუძღვნეს.

შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარის ნაკრები აფრიკის თასის 2015 წლის ჩემპიონი გახდა.

ჟერვინიომ სოციალურ ქსელში საღამოს ერთ-ერთი ეპიზოდის ვიდეო ატვირთა.

მონტელა: “ცუდია, რომ იტალიურ გუნდთან მოვხვდით”

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყა გაიმართა, რომელმაც “ფიორენტინა” “რომასთან” მოახვედრა. “ვიოლას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მეტოქედ იტალიური გუნდი ერგო.

“ცუდია, რომ იტალიურ გუნდთან მოვხვდით, თუმცა გვესმოდა, რომ ამის მაღალი ალბათობა იყო. “რომა” ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, არ გაგვიმართლა. მძიმე დაპირისპირების მოლოდინში ვართ. დადებითი მხარე ის არის, რომ ბევრი მოგზაურობა არ მოგვიწევს”, – ციტირებს მონტელას სიტყვებს Goal.com-ი.

წყვილის პირველი მატჩი ფლორენციაში, 12 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საპასუხო შეხვედრა რომში, 19 მარტს შედგება.

 

“ფეინოორდის” ფანებმა ჟერვინიოს გასაბერი ბანანი ესროლეს (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში ჰოლანდიელმა ფანებმა სტუმართა თავდამსხმელ ჟერვინიოს დიდი გასაბერი ბანანი ესროლეს. 56-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა დაძაბული ვითარების გამო შეხვედრა 20 წუთით შეწყვიტა. მატჩის განახლების შემდეგ ჟერვინიომ “ფეინოორდის” ფანებს გატანილი გოლით უპასუხა.

შეხვედრა “რომას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 3:2).

“ფეინოორდი” — “რომა” ოცი წუთით შეწყდა

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდსა” და “რომას” შორის მიმდინარე მატჩი ჰოლანდიელი ფანების საქციელის გამო შეწყდა. არბიტრმა კემან ტურპენმა თამაში გააჩერა და გუნდებს გასახელიდსკენ მიუთითა. შეხვედრა 56-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, “რომას” სასარგებლოდ. ქომაგები მოედანზე სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, რის გამოც მანამდეც რამდენჯერმე შეჩერდა შეხვედრა. არბიტრმა 54-ე წუთზე მოედნიდან მასპინძელთა თავდამსხმელი მიტჩელ ტე ვრედეც გააძევა.

მატჩი დაახლოებით 20 წუთის შემდეგ განახლდა. შეხვედრის განახლებიდან რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, გოლი ელვის მანუმ გაიტანა. იმავე წუთში მსაჯმა “ფეინოორდის” სარეზერვო მეკარეც გააძევა. ორიოდ წუთში კი ჟერვინიომ “რომა” კვლავ დააწინაურა. ამ დროისთვის “რომა” 2:1 იგებს. მიმდინარეობს 66-ე წუთი.

 

“რომას” ფანები: “ჰოლანდიური პოლიცია ცხოველებივით მოგვექცა”

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში “რომას” საქომაგოდ იტალიელი ტიფოზები გაჰყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიაში ჩასულ ქომაგებს ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებთან უთანხმოება მოუვიდათ. აღშფოთებულმა ტიფოზებმა ჰოლანდიაში იტალიის საელჩოსა და ჟურნალისტებს პრეტენზიით მიმართეს.

“ჰოლანდიის პოლიცია ცხოველებივით მოგვექცა. თვითმფრინავის ტრაპიდან ორი ავტობუსით ღია მინდორზე გადაგვიყვანეს. წვიმაში გაგვაჩერეს, ფოტოებს გვიღებდნენ, პირად მონაცემებს იწერდნენ. ბარგი ჩვენს დაუსწრებლად გაჩხრიკეს.

2-საათნახევრის განმავლობაში ცხოველებივით გვექცეოდნენ. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ხის ქვეშ გადაადგილება ვთხოვეთ, თუმცა არც ამ პროცესმა ჩაიარა პოლიციის ზედამხედველობის გარეშე”, – ერთ-ერთი ტიფოზის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ “ფეინოორდის” ფანებმა რომში არეულობა მოაწყვეს, რისთვისაც 16-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. იტალიის დედაქალაქში მომხდარმა არეულობამ 2,8 მილიარდი ევროს ზარალი გამოიწვია.