“მამიკო, შეძლება, დღეს შენთან ერთად დავიძინო?” – რონალდუს ვაჟმა ყველა გაახალისა

როგორც იცით, 15 ნოემბერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში, პორტუგალიის ნაკრებმა პირველ შეხვედრაში შვედეთის ნაკრებს მინიმალური სხვაობით, 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კრიშტიანო რონალდუ პრესას გაესაუბრა. იმ დროს, მასთან ერთად იყო მისი ვაჟიც იყო, რომელმაც პორტუგალიურ ენაზე მამამისს მიმართა: “მამიკო, შეიძლება, დღეს შენთან ერთად დავიძინო?”

ამ ყოველივემ კი იქ მყოფი ადამიანები ძალიან გაახალისა.

რონალდუ: “ჩემი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ აცხადებს, რომ შვედეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში, მისი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში, პორტუგალიელებმა შვედები მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი რონალდუმ გაიტანა.

“მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. სასიხარულოა, რომ გოლი გავიტანე, რომელიც ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეგვეძლო, უფრო დიდი სხვაობით გაგვემარჯვა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ”, – ამბობს რონალდუ.

კრიშტიანო რონალდუმ შვედ ფეხბურთელს დასცინა

როგორც იცით, 15 ნოემბერს, პორტუგალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვედეთის ნაკრები მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, პორტუგალიელთ თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ შვედ ფეხბურთელს დასცინა.

კარლოსი: “ოქროს ბურთს რონალდუ იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, რობერტო კარლოსი, რომელიც ამჟამად თურქულ კლუბ “სივასპორს” თავკაცობს, აცხადებს, რომ ოქროს ბურთს “სამეფო კლუბის” პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2013 წელს 62 გოლის გატანა მოახერხა, აქედან 24 კი, მიმდინარე სეზონში გაიტანა.

“ჩემი აზრით, ოქროს ბურთს რონალდუ იმსახურებს და ვფიქრობ, ამ ტიტულს სწორედ ის მიიღებს. პორტუგალიელი ბრწყინვალე ფორმაშია”, – ამბობს კარლოსი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კრიშტიანო რონალდუ – ქუსლით გატანილი გოლები

როგორც იცით, 15 ნოემბერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში, ერთმანეთს პორტუგალიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა დიდ ყურადღებას იმითაც იწვევს, რომ მატჩში მონაწილეობის მიღება მსოფლიოს ორ გამორჩეულ ფეხბურთელს – კრიშტიანო რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს მოუწევთ.

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ორივე ფეხბურთელის მიერ, ქუსლით გატანილი გოლებია აღბეჭდილი.

პეპე: “რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი, პეპე აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი, კრიშტიანო რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ოქროს ბურთი ბოლოს 2008 წელს მოიგო.

“ყველამ კარგად იცის, თუ რა შეუძლია კრიშტიანოს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მიმაჩნია, რომ ოქროს ბურთს იმსახურებს. ვფიქრობ, მის გვერდით ვინმეს დაყენება არასწორი იქნება. როგორც უკვე ვთქვი, ის საუკეთესოა”, – ამბობს პეპე.

ბეილი: “რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია”

მადრიდის “რეალის” უელსელი ფეხბურთელი, გარეტ ბეილი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ბეილი “სამეფო კლუბში” 2013 წლის ზაფხულში, ლონდონის “ტოტენჰემიდან”, 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

“ჩემი აზრით, რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია. კრიშტიანო ყოველ კვირაში ჰეთ-თრიკს იფორმებს, რაც მის შედეგიანობაზეც აისახება. ჩემთვის, მის გვერდით თამაში დიდი პატივია”, – ამბობს 24 წლის ფეხბურთელი.

ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს“?

დაახლოებით ორ თვეში ჩვენ გავიგებთ, თუ ვინ არის 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ფიფამ „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთა გაფართოებული სია უკვე გამოაქვეყნა. ნოემბრის ბოლოს ჟიურის თითოეულ წევრს ელექტრონული ფოსტით ფიფასგან წერილი მიუვა, რომელშიც 23-კაციანი სია იქნება, მან კი მისთვის სასურველი სამი ფეხბურთელი უნდა ამოირჩიოს და შესაბამისი ქულები დაუწეროს. ფიფა მიღებული ხმებს დააჯამებს და სამი  მოთამაშის ვინაობას გაამხელს, რომელთაც უკვე რეალურად ექნებათ ჯილდოს დასაკუთრების შანსი. წინასწარ უკვე სახელდება, თუ ვინ იქნება აღნიშნული სამი ფეხბურთელი: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ და ფრანკ რიბერი. სამივე მათგანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა საინტერესოა, „ოქროს ბურთის“ კრიტერიუმებით, რომელს უფრო დიდი შანსი აქვს.

„ოქროს ბურთის“ კრიტერიუმები
პირველ რიგში, ყურადღება ექცევა ფეხბურთელის ინდივიდუალურ მიღწევებს. მაგალითად, თუ მოთამაშემ ბევრი გოლი გაიტანა, ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. შემდეგ აქცენტი კეთდება გუნდურ მიღწევაზე. მაგალითად, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესე იგი მის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელმა ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. მესამე – ფეხბურთელის ავტორიტეტი თანაგუნდელებს შორის, გამოცდილება, იმიჯი, რეპუტაცია. აი, ზეპ ბლატერმა ცოტა ხნის წინათ თქვა, მესი ნამდვილი ფეხბურთელის განსახიერებაა, რონალდუ კი ვარცხნილობას ზედმეტ ყურადღებას უთმობსო. ფიფას პრეზიდნეტს ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება, თუმცა ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი შეიძლება ერიოს კიდეც.

კანდიდატები
ზემოთ დასახელებულ სამ კანდიდატს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. მანამდე მესი უპირობო იყო ხოლმე, რადგან მისი „ბარსელონა“ თითქმის ყველაფერს იგებდა, თუმცა 2013 წელს სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. კატალონიურმა გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონი კი მოიგო, მაგრამ ევროსარბიელზე მიუნხენის „ბაიერნისგან“ ისეთი სირცხვილი ჭამა, რომ მის დავიწყებას წლები დასჭირდება. კრიშტიანო რონალდუ? კი ბატონო, შესანიშნავი ფეხბურთელია, მესის მსგავსად, ისიც ბევრს იტანს, მაგრამ 2013 წელს მისი გუნდი ყველა ფრონტზე ხელმოცარული დარჩა.

ამ წელს არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატი არ ყოფილა. არადა, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის შერჩევისას ასეთი მასშტაბური ტურნირის გავლენა საკმოდ დიდია ხოლმე.

რა შეიძლება ითქვას ფრანკ რიბერიზე? „ბაიერნმა“ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ამაში ლომის წილი დაიდო ფრანგმა: ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი. რიბერიმ 2012/13 წლების სეზონის ლიგასა და ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთად 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში პირველი საგოლე შეტევა სწორედ მისი გადაცემით დაიწყო, ეპიზოდი კი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ისევ რიბერის პასით გაიტანა. რიბერი 2013 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ასეთი სეზონი ფრანგს ჯერ არ ჰქონია. ის მოპოვებული ტიტულების მხრივ კონკურენტებს აშკარად სჯაბნის, თუმცა მესამე კრიტერიუმში, რაც ფეხბურთელის რეპუტაციას ითვალისწინებს, რიბერის საქმე არც თუ ისე კარგად აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი დაბადების დღის აღნიშვნა 17 წლის მეძავ ზაჰი დაჰართან გადაწყვიტა. შემდეგ ფაქტს ასეთი ახსნა მოუძებნა: „არ ვიცოდი, რომ ის არასრულწლოვანი იყო“. ფრანგული კანონის თანახმად, ასეთი კავშირი ჯარიმასთან ერთად დაპატიმრებითაც ისჯება. ამ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო მოსმენა სწორედ იმ პერიოდშია ჩანიშნული, როცა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია უნდა გაიმართოს – 2014 წლის იანვარში.

ფსიქოლოგიური ფაქტორი
არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ფსიქოლოგიური ფაქტორი. „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა პატრიკ რაიხარდტმა თქვა, რომ მესისა და რონალდუს ტვინიდან ვერ ამოშლი და მათ იმ შემთხვევაშიც მისცემენ ხმას, თუ სეზონს ჩააგდებენო. ძნელია არ დაეთანხმო რაიხარდტს.

„ევროსპორტის“ ათი რედაქციის ჟურნალისტებს შორის დამოუკიდებელი გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლის მიზანსაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა წარმოადგენდა. ევროპის ათი ქვეყნიდან რვაში მესიმ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შემდეგი პოზიციები დაიკავეს რონალდუმ, ინიესტამ და ბეილმა. „ბაიერნიდან“ საუკეთესო მაჩვენებელი ბასტიან შვაინშტაიგერმა აჩვენა, რომელმაც მერვე ადგილი აიღო, რიბერი კი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გავიდა“, – აღნიშნა „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი ის გახლავთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობს ფიფას ყველა წევრი ქვეყანა. არასაფეხბურთო ქვეყნებში ზოგჯერ ისიც არ იციან, თუ ვინ თამაშობს  მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე. როგორც წესი, არასაფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლები ხმას იმას აძლევენ, ვისაც ტელევიზორში ხედავენ და არა იმას, ვინც რეალურად წარმოაჩენს საკუთარ თავს. მართალია, ამ ფაქტორს გარკვეული ცვლილების მოხდენა შეუძლია, თუმცა ხმას იმდენი ქვეყანა აძლევს, რომ გამარჯვებული მაინც ღირსეული ხდება ხოლმე.

ჩვენი ვარაუდი
გარკევული ანალიზის შემდეგ, ჩვენს პროგნოზსაც შემოგთავაზებთ. „ოქროს ბურთს“ მოიგებს ფრანკ რიბერი, რადგან გასულ სეზონში „ბაიერნის“ უპირატესობა სხვა გუნდებთან შედარებით განუზომელი იყო და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მესაჭე სწორედ ფრანგი ფეხბურთელი გახლდათ.

რიბერისა და მესის მიკროდუელი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე ვიხილეთ: წყვილის პირველ შეხვედრაში არგენტინელმა ფეხბურთელმა სახეირო ვერაფერი გააკეთა, მისი გუნდი კი ანგარიშით 0:4 განადგურდა, განმეორებით მატჩში კი არც უთამაშია. თითქოს ეს ერთგვარ კაპიტულაციას ჰგავდა, თითქოს ტიტო ვილანოვამ მესის სათადარიგოთა სკამზე დასმით აღიარა, რომ მეორე მატჩში შანსი აღარ ჰქონდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მთლად კარგად თავს ვერ გრძნობდა და გუნდსაც ვერ შეეშველებოდა. „ბაიერნმა“ შესანიშნავად, ერთი ამოსუნთქვით განვლო მთელი სეზონი, გუნდი კონკურენტებთან შედარებით მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგა და ამაში რიბერის წვლილი განუზომელია. ის იყო ყველა ფრონტზე გამარჯვებული გუნდის ლიდერი. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ პირველ ადგილზე სწორედ ფრანგი გავა, მეორეზე – მესი, რომელმაც პრიმერა მოიგო, მესამე პოზიციას კი რონალდუ დაიკავებს, რომელიც ტიტულის გარეშე დარჩა, თუმცა ინდივიდუალური თვალსაზრისით ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა.

რაც შეეხება წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, ვფიქრობთ, ამ სტატუსს იუპ ჰაინკესს მიანიჭებენ – „ბაიერნის“ ამ გრანდიოზული წარმატების შემოქმედს, კაცს, რომელიც გუნდიდან გამარჯვებული წავიდა.

„ფიფას ოქროს ბურთი“ 2010 წლიდან მოქმედებს. მანამდე ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ (ჟურნალისტთა გამოკითხვა) და „ფიფას წლის ფეხბურთელი“ (ნაკრებების თავკაცებისა და კაპიტნების გამოკითხვა) განსხვავებული ჯილდოები გახლდათ. გამოკითხვის წესის მიხედვით, ჟიურის თითოეული წევრი 23-კაციანი სიიდან მისთვის სასურველ 3 მოთამაშეს ირჩევს (5 ქულას ანიჭებს პირველადგილოსანს, 3-ს – მეორეადგილოსანს და ერთს – მესამეადგილოსანს).

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: “კარიერაში დიდებული მომენტი მიდგას”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ აცხადებს, რომ მას კარიერაში დიდებული მომენტი უდგას.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, კარიერაში დიდებული მომენტი მიდგას. ყოველთვის მოტივირებული ვარ და ვცდილობ, მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო. ყველა მატჩში მოგება და გოლების გატანა მსურს.

“იუვენტუსი” კარგი გუნდია, ამიტომ რთულ თამაშს ველოდით. პირველი ტაიმი დავთმეთ, მაგრამ მეორე ნახევარში უკეთ ავთამაშდით. მე თუ მკითხავთ, შეგვეძლო, უკეთაც გვეთამაშა და საერთოდაც, მატჩი მოგვეგო”, – თქვა რონალდუმ.

სუარესი: “ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

“ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი აცხადებს, რომ ოქროს ბურთს მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ლუის სუარესი იმსახურებს.

“ვფიქრობ, წელს, ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. თუმცა, თუ განვლილ სეზონს გადავხედავთ, ყველაზე მეტად, ტიტულს ფრანკ რიბერი იმსახურებს. ყოველ შემთხვევაში, რონალდუც და მესიც გამორჩეული ფეხბურთელები არიან და ამას ბევრი საუბარი არც სჭირდება”, – ამბობს სუარესი.

ოუენი: “რიბერი ოქროს ბურთს ვერ მოიგებს”

“ლივერპულის”, მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, მაიკლ ოუენი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, “ბაიერნის” მოთამაშემ, ფრანკ რიბერიმ ოქროს ბურთი მოიგოს.

შეგახსენებთ, ფრანგ ფეხბურთელს, უეფამ ევროპის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიანიჭა, თუმცა ოუენი ფიქრობს, რომ მსოფლიოში საუკეთესოები კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი არიან.

“ოქროს ბურთის მოსაპოვებლად ბევრი ფეხბურთელი იბრძვის, მაგრამ საუკეთესონი ყოველთვის მესი და რონალდუ არიან. მიუნხენის “ბაიერნმა” ყველა ტიტული მოიგო, რაშიც რიბერის დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ოქროს ბურთს ვერ დაეუფლება”, – ამბობს ოუენი.

დიტო ჭიჭინაძე

მოდრიჩი: “რონალდუ “რეალის” წარსული, აწმყო და მომავალია”

მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი აცხადებს, რომ პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ “სამეფო კლუბის” წარსული, აწმყო და მომავალია.

“მადრიდის “რეალში” არაერთ დიდებულ ფეხბურთელს უთამაშია. მაგალითად, ფერენც პუშკაშს, ალფრედო დი სტეფანოს, რაულსა და ზიდანს. რაც შეეხება კრიშტიანო რონალდუს, ვფიქრობ, ის “რეალის” წარსული, აწმყო და მომავალია”, – ამბობს მოდრიჩი.

ხორვატმა მოთამაშემ კომენტარი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ტურინის “იუვენტუსთან” გასამართ შეხვედრაზეც გააკეთა.

“იუვენტუსის” ნამდვილად არ გვეშინია. ტურინელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მათ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მოგება გვსურს.”