ბენიტესი: „იგუაინი – „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშეა“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთვნელმა რაფაელ ბენიტესმა თავისი გუნდის თავდამსხმელი გონსალო იგუაინი შეაქო.

„თავის დროზე მარადონა გუნდის ყველა მოთამაშეზე ერთი თავით მაღლა იდგა“, – აღნიშნა ბენიტესმა.

„ჩვენი გუნდის იარაღი  – კოლექტიური მუშაობაა, მიუხედავად იმისა, რომ გონსალო იგუაინი დღევანდელი „ნაპოლის“ ყველაზე ეფექტურ ფეხბურთელად ითვლება. იგი არამხოლოდ გოლებს იტანს, არამედ გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაშიც შეაქვს წვლილი“, – დაასრულა ესპანელმა სპეციალიტმა.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლიტანური გუნდის მაისურით 14 ჩატარებულ შეხვედრაში სამხრეთ ამერიკელმა 8 გოლის გატანა მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მასკერანო „ნაპოლიში“ გადასვლას არ აპირებს

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადად, იგი უახლოეს მომავალში „ნაპოლიში“ გადავა, სადაც მისი ყოფილი თავკაცი რაფაელ ბენიტესი მუშაობს.
„ბენიტესთან კავშირი ყოველთვის მქონდა. ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ გადასვლამდე, „ინტერთან“ კონტრაქტის გაფორმასთან ახლოს ვიყავი. მაშინ, მილანურ კლუბში სწორედ ბენიტესი მუშაობდა. გადავიდოდი თუ არა ნეაპოლში? კატალონიაში ყველაფერი მაწყობს და ბენიტესმა ამის შესახებ კარგად იცის“, – განაცხადა არგენტინელმა მოთამაშემ.
ალექსანდრე მატევოსოვი

კალეხონი: „პლეი-ოფზე საუბარი ადრეა“

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხოსე მარია კალეხონმა „მარსელთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„პირადად მე კარგი მატჩი ჩავატარე. „მარსელმა“ გოლის გატანა მხოლოდ თამაშის ბოლოს მოახერხა, რის გამოც ცოტა ვინერვიულეთ კიდეც“, – აღნიშნა კალეხონმა.

„იგუაინი? მიხარია, რომ იგი გუნდს გამოადგა. შესაძლოა, გონსალო იდეალურ ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მას სულ ცოტა ხნის წინ ტრავმა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგუაინი ათამაშდება“.

„პლეი-ოფში გასვლის შანსები? ამ თემაზე საუბარი ჯერ ადრეა. წინ „მარსელთან“ საპასუხო შეხვედრა გველის, რის შემდეგაც სხვა არანაკლებად მნიშვნელოვანი თამაშების ჩატერება მოგვიწევს“, – დაასრულა ესპანელმა.

ამჟამად F ჯგუფში ერთდროულად სამ გუნდს „არსენალს“, „ნაპოლისა“ და „ბორუსიას“ ქულების ერთნაირი რაოდენობა აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბენიტესი: „თამაშით „რომას“ ვაჯობეთ“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთვნელმა რაფაელ ბენიტესმა „რომასთან“ წაგებული შეხვედრის თაობაზე გააკეთა კომენტარი.

„პირველი 20 წუთი ჩვენთვის რთული გამოდგა. დარჩენილ დროში კი ყველაფერი გამოვასწორეთ. ვფიქრობ, „რომაზე“ უკეთესადაც კი ვითამაშეთ“, – აცხადებს ბენიტესი.

„მეორე ნახევარში ყველაფერს ვაკონტროლებდით, თუმცა ჩვენ კარში დანიშნულმა პენალტმა ყველაფერი შეცვალა. რთულია სახიფატო მომენტების შექმნა, როდესაც მეტოქე თავს მთელი გუნდით იცავს. ბევრმა უკვე აღნიშნა, რომ თერთმეტმეტრიანი მსაჯს არ უნდა დაენიშნა, რადგან ყოველ მატჩში მინიმუმ 50 მსგავსი მომენტი იქმნება“, – დაასრულა ესპანელმა სპეცილისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პიანიჩის დუბლით „რომამ“ ზედიზედ მერვედ იმარჯვა (ვიდეო)

პირველი შვიდი მატჩის მოგების მიუხედავად, „რომა“ VIII ტურის წინ „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ მხოლოდ ორი ქულით ასწრებდა. შესაბამისად, დედაქალაქურ კლუბთან მოგების შემთხვევაში, რაფაელ ბენიტესის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდებოდა. თუმცა აღნიშნული შანსი „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს. თანაბარი თამაშის ფონზე, „ჯალოროსის“ მოთამაშეებმა მორიგი გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. არადა, ნეაპოლიტანელებს რომაელებზე ნაკლები მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათთან შედარებით, რუდი გარსიას შეგირდებმა თავისი შანსების გამოყენება შეძლეს, რამაც, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი მოიტანა.

მატჩის დასაწყისში ორივე გუნდმა თითო სახიფათო მომენტის შექმნა. თავიდან, გოლის გატანის შესაძლებლობა ჟერვინიოს მიეცა, რომელმაც საკმაოდ კარგი პოზიციიდან მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ ამის ზუსტად გაკეთება ვერ შეძლო. მოგვიანებით, საკმაოდ კარგი შანსი მეკარესთან პირისპირ გასულმა გორან პანდევმა გაუშვა. ინსინიემ მაკედონიელი შესანიშნავი პასით დე სანკტისთან პირისპირ გაიყვანა, რის მიუხედავად, გამარჯვებული აღნიშნულ სიტუაციაში გამოცდილი კიპერი დარჩა, რომელმაც რეაგირების მოხდენა შეძლო და ბურთს ოდნავ შეეხო, რის შემდეგად ცარიელი კართან დანიელე დე როსიმ ივარგა, რომელმაც ბურთი დროულად მოიგერია.

ფრე – პირველი ნახევრის ლოგიკური შედეგი იქნებოდა, თუმცა დედაქალაქელები ბოლომდე იბრძოდნენ. პირველი ნახევრის კომპენსირებული დროის მესამე წუთზე მომხდარი ეპიზოდი მათ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო დარტყმით დასრულდა, საჯარიმო დარტყმით, რომლის გამოყენებაც მირალემ პიანიჩმა შეძლო – 1:0.

სამი წუთი მთავარმა არბიტრმა დანიელე ორსატომ იქედან გამომდინარე დანიშნა, რომ მოთამაშეთა ტრავმების გამო მას თამაშის შეჩერება არაერთხელ მოუწია. „რომას“ მხრიდან ტრავმა ფრანჩესკო ტოტიმ მიიღო, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა – მის ნაცვლად რუდი გარსიამ მოედანზე მარკო ბორიელო შეიყვანა. იძულებითი ცვლილების გაკეთება რაფაელ ბენიტესსაც მოუწია, რომელმაც მიგელ ბრიტოსის ნაცვლად თამაშში პაოლო კანავარო ჩართო.

როგორც ჩანს, საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შანსი უმცროსმა კანავარომ უკვე დაკარგა, რადგან ჟერვინიოს წინაამღდეგ თამაშის წესები სწორედ მან დაარღვია (აღნიშნულ მომენტს საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, რომლის წყალობითაც, როგორც უკვე დავწერე, პიანიჩმა ანგარიში გახსნა). ყველაფერთან ერთად, იმ ეპიზოდში პაოლომ ყვითელი ბარათიც მიიღო. მეორე ტაიმში კი კანავარომ მორიგი შეცდომა დაუშვა, როდესაც ფლორენცის ჩაწოდების დროს საკუთარ საჯარიმოში მარკო ბორიელო წააქცია, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათით „დასაჩუქრდა“. „რომამ“ კი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, ნიშნულთან მირალემ პიანიჩი მივიდა, რომელმაც ზუსტი და უძლიერესი დარტყმით თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა.

პიანიჩის გოლების მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დანიელე დე როსი უნდა იყოს აღიარებული, რადგან იგი მოედნის ყველა ადგილას დომინირებდა და ტოტის არყოფნაში თავის მოვალეობებს შესანიშნავად ასრულებდა.

„რომა“ – „ნაპოლი“ 2:0
გოლები: პიანიჩი 45+3′, 71 (პენ)

„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო, სტროოტმანი, დე როსი, პიანიჩი, ფლორენცი (მარკინიო 81′), ტოტი (ბორიელო 33′), ჟერვინიო (ლიაიჩი 58′)

„ნაპოლი“: რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი (კანავარო 44′), მესტო, ინლერი (ჯემაილი 83′), ბერამი, ჰამშიკი, კალეხონი, პანდევი (იგუაინი 68′), ინსინიე

გაფრთხილებები: პანდევი, კანავარო, ინლერი – პიანიჩი
გაძევება: კანავარო 70′ (მეორე ყვითელი ბარათი)

 

ტოტი, მაიკონი და ბრედლი „ნაპოლისთან“ მატჩისთვის მზად იქნებიან

გავრცელებული ინფორმაციით,უახლოეს მატჩში „რომას“ ერთდროულად სამი წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდება.

საუბარია ფრანჩესკო ტოტიზე, დუგლას მაიკონსა და მაიკლ ბრედლიზე.

აქედან გამომდინარე, ეს ფეხბურთელები „ჯალოროსის“ „ნაპოლისთან“ ჩასატარებელ შეხვედრაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მატჩი მიმდინარე კვირის ბოლოს „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგება.

ალექსანდრე მატევოსოვი

რეინა: „იმედია, იგუაინი „ნაპოლისთვის“ ახალი მარადონა გახდება“

„ნაპოლის“ გოლკიპერმა პეპე რეინამ იმის იმედი გამოთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გონსალო იგუაინი „ნაპოლის“ გულშემატკივართა გულს დიეგო არმანდო მარადონას მსგავსად მოიგებს.

„ნეაპოლი ფეხბურთით სუნთქავს. აქ სპორტის ეს სახეობა რელიგიად იქცა. ღმერთად ამ ქალაქში კიდევ უამრავი წლის განმალობაში რა თქმა უნდა დიეგო მარადონა დარჩება. მარადონას გამოსახულებით ნეაპოლში ნებისმიერ სუვენირის ან მაისურის შეძენა შეგიძლიათ. იმედი მაქვს, ოდესმე ასე იგუაინიც შეუყვარდებათ, რომელიც ამჟამად ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ“, – განაცხადა ესპანელმა მეკარემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ნაპოლი“ ახალ სტადიონს ააშენებს?

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში, მან ახალი სტადიონის შენება დაიწყოს.

„ჩვენ ნეაპოლის მერს ვესაუბრეთ და მან იმის პირობა მომცა, რომ სან-პაოლოს სტადიონს სიმბოლურ ფასად გაყიდის. ასეა თუ ისე, ერთმანეთს სამშაბათს შევხვდებით და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევთანხმდებით, კაზერტეში ახალი არენის შენებას დავიწყებ“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სუნიგა ”ბარსელონაში”?

შესაძლოა, ”ნაპოლის” კოლუმბიელი ნახევარმცველი კამილო სუნიგა უახლოეს მომავალში კატალონიის ”ბარსელონას” მაისურით ვიხილოთ.

27 წლის ფეხბურთელი ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე ჯერ კიდევ ვერ შეუთანმდა. მოქმედი ხელშეკრულება კი 2014 წლის ივნისამდე მოქმედებს.

”ორშაბათს, მოთამაშე და კლუბის მენეჯერები ერმანეთს შეხვდებიან და ყველა დეტალს დაწვრილებით განიხილავენ. თუ კამილო ”ნაპოლიში” არ დარჩება, მაშინ იგი ”ბარსელონაში” გადავა. ამის ალბათობას ”ბლაუგრანასიდან” დანი ალვეშის შესაძლო წასვლაც ზრდის. არ ვიცი, დაინტერესებულია თუ არა მის შეძენაში ტურინის ”იუვენტუსი”, თუმცა იგი ”ბარსას” ფერების დაცვაზე ოცნებობს, რის შესახებაც სუნიგამ კომენტარი ჯერ კიდევ კოლუმბიაში ყოფნისას გააკეთა”, – განუცხადა Radio Caracol-ს SportItalia-ს ჟურნალისტმა კარლოს ალემანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი