ბაქოში ქართველი გულშემატკივრები დააკავეს

azerisport-ის ცნობით, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული მატჩის (0:0) დასრულების შემდეგ ქართველი გულშემატკივრები დააკავეს.

წყაროს ცნობით, შეხვედრის დასრულებისთანავე “ჩიხურას” ქომაგებსა და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც ქართველი გულშემატკივრების დაკავებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი უშუალოდ მატჩის დროსაც მოხდა. სტადიონზე დამსწრე “ჩიხურას” გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნაზე გამოფინეს რუკა, რომელზედაც ქალაქები კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი, რასაც “ნეფთჩის” ქომაგთა მხრიდან აგრესია და ბოთლების სროლა მოჰყვა.

 

სოსო ფრუიძე: “სოფლის გუნდი გვიწოდეს?”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ დღეს იღბალი მათ მხარეს იყო.

“კარგი თამაში გამოვიდა, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ვიცოდით, რომ “ნეფთჩი” ძლიერი გუნდია. მეტოქეს პატივს ვცემთ. მოწინააღმდეგე გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. იღბალი ჩვენ მხარეს იყო. განმეორებითი მატჩისთვის უფრო საფუძვლიანად მოვემზადებით.
სოფლის გუნდი გვიწოდეს? ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ამ განცხადებას ვუპასუხო”, – ციტირებს ფრუიძის სიტყვებს azerisport-ი.

მატჩს “ჩიხურას” ქომაგებიც დაესწრნენ, რომელთაც სოსო ფრუიძემ მადლობა გადაუხადა:

“მადლობას ვუხდი საქართველოდან ჩამოსულ გულშემატკივრებს. ისინი გულმხურვალედ გვქომაგობდნენ. ამავე დროს, მოხარული ვარ, რომ “ნეფთჩის” ასეთი ქომაგები ვიხილე.
განმეორებით მატჩიც ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ არ ვართ “ნეფთჩის” კალიბრის გუნდი და ეს კარგად გვესმის”, – განაცხადა ფრუიძემ.

“ჩიხურას” თავკაცმა მატჩის მიმდინარეობისაას მომხდარი ინციდენტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. როგორც azerisport-ი იუწყება, სტადიონზე დამსწრე “ჩიხურას” გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნაზე გამოფინეს რუკა, რომელზედაც ქალაქები კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი.

“ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა. ისინი არ იყვნენ “ჩიხურას” ნამდვილი გულშემატკივრები”, – აღნიშნა სოსო ფრუიძემ.

მისივე თქმით, “ჩიხურა” განმეორებით შეხვედრაში უფრო ლაღად ითამაშებს:

“ვეცდებით, უფრო გახსნილი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე “ბურსასპორთან” მოხდა. საშინაო მატჩში უფრო მეტად შევუტევთ”.

შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

 

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართ მატჩს შენოლ გიუნეშიც დაესწრება

azerisport-ის ინფორმაციით, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის დღეს გასამართ მატჩს თურქული “ბურსასპორის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეშიც დაესწრება. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ გიუნეშის გუნდის ბარიერი დაძლია “ჩიხურამ” ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დღეს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

სოსო ფრუიძე: “ბაქოში საყაიმო შედეგიც დაგვაკმაყოფილებს”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. იმერული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“დასაკარგი არაფერი გვაქვს. გავალთ მოედანზე და ვიბრძოლებთ. მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. წარმატების მოსაპოვებლად საკმარისი ძალა გვაქვს. ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილი გავქვს, რასაც კვლავ გამოვიყენებთ. ბაქოში საყაიმო შედეგიც დაგვაკმაყოფილებს. აქ ფავორიტი “ნეფთჩია”. მეტოქეს კარგად ვიცნობ, ვიცი, რაც შეუძლია. ის, რომ ხვალ სტადიონი გადავსებული იქნება, არ მაღელვებს. ჩვენ ამას მივეჩვიეთ“, – ციტირებს ფრუიძის სიტყვებს azerisport-ი.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხვალ, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

“ნეფთჩის” თავკაცი: “ქართველებს მუდამ ჰყავდათ ძლიერი ფეხბურთელები, თუმცა…”

“ნეფთჩის” მთავარმა მწვრთნელმა ბეიუკაღა გაჯიევმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურას” წინაღმდეგ ხვალ გასამართი მატჩის შესახებ.

“ჩიხურას” მატჩს ვუყურე. “კოპერის” (წინა ეტაპზე გამოთიშა “ნეფთჩიმ”) მსგავსი გუნდია. დაცვიდან თამაში უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს მუდამ ჰყავდათ დიდებული ფეხბურთელები, ჩვენ “ჩიხურას” ბარიერის დაძლევა შეგვიძლია“, – ციტირებს გაჯიევის სიტყვებს azerisport-ი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხვალ, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

ბესიკ დეკანოიძე: “ნეფთჩისთან” გამარჯვებაზე ვფიქრობთ”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. იმერული გუნდის თავდამსხმელმა ბესიკ დეკანოიძემ azerisport-ის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

— მზად ხართ ბაქოელებთან გასამართი მატჩისთვის?
— ჯერ მზადება არ დაგვისრულებია. მატჩს სრულად მომზადებულნი შევხვდებით.

— რას ფიქრობთ დამდეგ მატჩზე?
— “ნეფთჩი” ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა.

— როგორ დაძლიეთ “ბურსასპორის” ბარიერი?
— ვიცით, რომ სენსაცია მოვახდინეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რაც საბოლოო წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.

— ამ ზაფხულს ორჯერ შეხვდით “ნეფთჩის” მოსამზადებელი პერიოდის დროს, არცერთი მატჩი არ წაგიგიათ. ახლა უკვე ოფიციალური შეხვედრის დრო დადგა. რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ ბაქოში გასამართ მატჩში?
— ბუნებრივია, ჩვენ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ “ნეფთჩი” ბაქოში.

— თქვენი აზრით, ეს იოლი იქნება?
— რა თქმა უნდა, არა. “ნეფთჩი” ძლიერი მეტოქეა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე უნდა ვითამაშოთ.

როგორც აქამდე მოგახსენეთ, ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის ხვალ გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

 

“ნეფთჩის” თავკაცი: “ზესტაფონი” “ჩიხურაზე” ძლიერია”

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. ეს აზერბაიჯანული გუნდი ქართველებისთვის კარგად ნაცნობია: ორი წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ნეფთჩისა” და “ზესტაფონის” გზები გადაიყარა. პირველი შეხვედრა ბაქოელებმა შინ ანგარიშით 3:0 მოიგეს, მეორე კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის ორი ამხანაგური მატჩი გაიმართა. პირველ შემთხვევაში სოსო ფრუიძის გუნდმა 3:2 იმარჯვა, მეორე მატჩი კი 1:1 დასრულდა.

“ნეფთჩის” თავკაცი ბეიუკაღა გაჯიევი თავს იმშვიდებს და azerisport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ზესტაფონი” დღევანდელ “ჩიხურაზე” ძლიერია.

— რას იტყოდით “ჩიხურას” შესახებ?
— ამ გუნდთან საკონტროლო მატჩები ჩავატარეთ, თუმცა ამ შეხვედრებზე დაყრდნობით არაფრის თქმა არ შეიძლება. ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნება “ბურსასპორის” წინააღმდეგ მათ მიერ ჩატარებული მატჩის ვიდეოჩანაწერის ხილვა. მეტოქეს პატივს ვცემთ.

— შესაძლოა თუ არა “ჩიხურას” შედარება “ზესტაფონთან”, რომელსაც თქვენი გუნდი შარშანწინ შეხვდა?
— რთული სათქმელია. მცირე ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, თუ როგორ თამაშობს “ჩიხურა” ეროვნულ ჩემპიონატში. ვფიქრობ, რომ დასახელებული გუნდები თანაბარი ძალისანი არიან, “ზესტაფონ” უფრო ძლიერიც კია.

 

დინამო TV – ჩიხურასთან გამართული მატჩის მიმოხილვა

დინამო TV დინამო არენაზე გამარტული უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრის, დინამო 6:1 ჩიხურას ვიდეორეპორტაჟს გთავაზობთ.

თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი

 

20 ოქტომბერი „დინამოს“ ისტორიაში

20 ოქტომბერს თბილისის დინამო საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს. 20 ოქტომბერს დინამოს 11 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული: 3 საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, 1 თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე, 7 კი – სსრკ პირველობაზე. 20 ოქტომბერს ჩატარებული 11 მატჩიდან დინამომ 4 შეხვედრა მოიგო, 3 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 4 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. გატანილ და გაშვებულ ბურთებს შორის ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 16:13–ზე არის.

20 ოქტომბერს ეროვნულ ასპარეზზე დინამოელებმა პირველი შეხვედრა 1991 წელს გამართეს. ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე გორის დილას უმასპინძლა და მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით – 4:1 სძლია. დინამოელთაგან გატანილი გოლებით მიხეილ ყაველაშვილი, კახი კაჭარავა, შოთა არევლაძე და გოჩა ჯამარაული გამოირჩნენ.

2001 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა. თბილისში გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

2012 წლის 20 ოქტომბერს დინამომ გასვლით შეხვედრაში მარტვილის მერანი მშრალი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა. მარტვილელთა კარში ორი გატანილი ბურთით გამოირჩა მიკელ ალვარო, თითო გოლი გაიტანეს ჩისკომ და ჯაბა დვალმა.

20 ოქტომბერს ევროასპარეზზე დინამო თბილისს ერთადერთი მატჩი აქვს გამართული. 1976 წელს ჩვენმა გუნდმა 1976/77 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დინამო არენაზე ბუდაპეშტის მტკ–ს წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 1:4 დასრულდა, უნგრელთა კარში ერთადერთი გატანილი გოლი მანუჩარ მაჩაიძის ანგარიშზეა.

სსრკ პირველობაზე დინამოელებმა 20 ოქტომბერს პირველი ოფიციალური მატჩი 1938 წელს გამართეს. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში ვოლგოგრადის როტორს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 1:2 დამარცხდა. დინამოელთაგან გატანილი გოლით ვიქტორ ბერეჟნოი გამოირჩა.

1940 წლის 20 ოქტომბერს ჩვენი გუნდი მოსკოვის დინამოს სტუმრად დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელი ფეხბურთელების მარცხით – 0:2 დასრულდა.

1966 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვმა თბილისური და მოსკოვური დინამოების დაპირისპირებას უმასპინძლა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 1:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლი კახი ასათიანმა გაიტანა.

1973 წლის 20 ოქტომბერს დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. სპარტაკის კარში გამარჯვების მომტანი გოლი გოჩა გავაშელმა გაიტანა.

1974 წლის 20 ოქტომბერს ჩვენი გუნდი დონეცკს ეწვია, სადაც ადგილობრივ შახტარს დაუპირისპირდა. მატჩი საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. უკრაინული გუნდის კარში გატანილი გოლი მურთაზ ხურცილავას აქტივშია.

1979 წლის 20 ოქტომბერს დინამომ სტუმრად იმჟამინდელი ვოლოშილოვგრადის (ლუგანსკის) ზარია ანგარიშით – 3:1 დაამარცხა. უკრაინული გუნდის კარში ორი გოლი გაიტანა ვიტალი დარასელიამ, ერთი ბურთი კი ვლადიმერ გუცაევის ანგარიშზეა.

1982 წლის 20 ოქტომბერს დინამო ბაქოს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ნეფთჩის დაუპირისპირდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი