ბუსკეტსმა ხელი მოიტეხა

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო შეკრებისას ხელი მოიტეხა.

ბუსკეტსი “ფურია როხას” ბანაკს დატოვებს და უახლოეს პერიოდში კლუბში დაბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება და როდის შეძლებს ფეხბურთელი მომჯობინებას.

 

ბუსკეტსა და თურანს ანგინა შეეყარათ

“ბარსელონას” ნახევარმცველებს — სერხიო ბუსკეტსა და არდა თურანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. ორივე ფეხბურთელს ანგინა შეეყარა, რის გამოც ბოლო ვარჯიში გამოტოვეს.

სერხიო ბუსკეტსი და არდა თურანი ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩს, სავარაუდოდ, გამოტოვებენ. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს. საპასუხო მატჩი ოთხშაბათს ჩატარდება.

 

ბუსკეტსი: “ატლეტიკო” “რეალზე” ძლიერია”

“ბარსელონას” ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად არა მადრიდის “რეალს”, არამედ “ატლეტიკოს” თვლის.

“ამ დროისთვის “ატლეტიკო” “რეალზე” ძლიერია. ყველას სჯერა, რომ ისინი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
“ატლეტიკო” მუდმივად ვითარდება, გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ისინი ტიტულისთვის სეზონის ბოლომდე იბრძოლებენ”, – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Goal.com-ი.

 

აბიდალი: “ვინც ეს სია შეადგინა, ფეხბურთში ვერ ერკვევა”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა უეფას წლის სიმბოლური გუნდის გაფართოებული სია გააკრიტიკა. ფრანგის თქმით, 40 პრეტენდენტს შორის აუცილებლად უნდა დაესახელებინათ კატალონიური გუნდის ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი.

“ვინც ეს სია შეადგინა, ფეხბურთში ვერ ერკვევა, რადგან ბუსკეტსი არ შეიყვანა”, – ციტირებს აბიდალის სიტყვებს sport-english.com-ი.

ცნობისათვის, გაფართოებულ სიაში “ბარსელონას” რვა ფეხბურთელია მოხვედრილი: ხავიერ მასკერანო, ჟერარ პიკე, დანიელ ალვესი, ანდრეს ინიესტა, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი, ნეიმარი, ლიონელ მესი.

 

ბუსკეტსი: “ამას არავინ ელოდა”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “რეალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა.

“ძალზედ ბედნიერი ვარ, ამას არავინ ელოდა. ეს გამარჯვება კიდევ უფრო გვაძლიერებს. გუნდი ისტორიის წერას განაგრძობს.

კარგად ვითამაშე, მაგრამ იმედია, ყოველივე საუკეთესო წინ მაქვს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და სხვადასხვა ასპექტების გაუმჯობესება შემიძლია”, – აღნიშნა ბუსკეტსმა.

 

ბუსკეტსი: “ტრიპლეტის მოგება ყოველწლიურად შეგვიძლია”

“ბარსელონას” ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს მისი გუნდის შესაძლებლობებს. შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გუნდმა გასულ სეზონში ერთბაშად სამი ტიტული — ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

“გამარჯვებებით გამოწვეული სიხარულით არ დავიღლებით. სულ უფრო და უფრო მეტის მოგება გვინდა. ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები, ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ტრიპლეტის მოგება ყოველწლიურად შეგვიძლია. დაუმარცხებელი გუნდი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს”, – ბუსკეტსის სიტყვებს “ელ პაისი” აქვეყნებს.

 

“ბარსელონამ” ახალი კაპიტანი აირჩია

“ბარსელონამ” ახალი სეზონისთვის ახალი კაპიტანი აირჩია. გუნდის კაპიტნის სამკლავურს ჩავი ერნანდესი მოირგებს.

ვიცე-კაპიტანი ანდრეს ინიესტა იქნება, მესამე კაპიტანი – ლიონელ მესი, მეოთხე კი – სერხიო ბუსკეტსი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩავი გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო და საჭიროების შემთხვევაში, კარლეს პუიოლს ცვლიდა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულდა.

 

პუიოლის ნაცვლად ბუსკეტსი

მიმდინარე წლის მაისის თვეში კარლეს პუიოლმა 15-წლიანი კარიერის შემდეგ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდვა გადაწყვიტა. შესაბამისად, “ბარსელონას” 5-ნომრიანი მაისური ვაკანტური გახდა.

კატალონიური გუნდის 5-ნომრიან ფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად პუიოლმა მიიღო. ამიერიდან “ბარსელონაში” ამ ნომრით სერხიო ბუსკეტსი ითამაშებს.

“ჩემთვის დიდი პატივია მეხუთე ნომრის ტარება. ვამაყობ, რომ პუიოლმა ამ ნომრის ღირსად მე ჩამთვალა”, – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ მეხუთე ნომერი საიმედო ხელში გადადის. დარწმუნებული ვარ, სერხიო იზრუნებს მასზე”, – აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა პუიოლი.

 

ესპანეთის ნაკრების წევრები ჩაბი ალონსოს განცხადებით უკმაყოფილონი არიან

„მარკას“ ცნობით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ ჩაბი ალონსოს მიერ გაკეთებულ კომენტარს „ლა როხას“ წევრების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.

ბასკმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანელი ფეხბურთელები გამარჯვებისკენ სწრაფვით დაიღალნენ და გუნდი მუნდიალს ფსიქოლოგიურად მზად ვერ შეხვდა.

ესპანეთის ნაკრების დანარჩენი წევრები თვლიან, რომ ალონსოს მხოლოდ საკუთარი შეხედულება უნდა გამოეხატა და მთელი გუნდის სახელით არ უნდა ესაუბრა. ანდრეს ინიესტამ და დიეგო კოსტამ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს თავიანთი პრეტენზიები წაუყენეს. გარდა ამისა, კომენტარები გააკეთეს იმ მოთამაშეებმაც, რომლებსაც შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსიც დაკარგა.

 

„ბარსელონამ“ „სოსიედადი“ ბუსკეტსისა და კურიოზული გოლების წყალობით დაამარცხა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „ბარსელონასა“ და „რეალ სოსიედადს“ შორის გამართული მატჩი კატალონიელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მხოლოდ 38 505 გულშემატკივარი დაესწრო. დიდი უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებმა ანგარიში მხოლოდ 44-ე წუთზე გაიტანეს, როცა კუთხურის შესრულების შემდეგ ბასკთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი სერხიო ბუსკეტს მიუვიდა და მასაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. სტუმართა ვითარება მცველ ინიგო მარტინესის გაძევებამ კიდევ უფრო დაამძიმა.  მეორე გოლი საკმაოდ კურიოზული გამოდგა: ფრანჩესკ ფაბრეგასის გადაცემის შემდეგ ალექსის სანჩესი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მისი დარტყმული კარის ძელს მოხვდა, შემდეგ გორკა ელუსტონდომ ბურთი მოიგერია, რომელიც პირდაპირ მეკარე ენიაუტ ზუბიკარაის მოარტყა და კარში შეგორდა — 2:0.

განმეორებითი მატჩი 13 თებერვალს შედგება

ესპანეთის თასი
ნახევარფინალი
„ბარსელონა“  — „სოსიედადი“ 2:0 (1:0)

გოლები: ბუსკეტსი 44′, ზუბიკარაი 60′ (ა.გ.)
გაფრთხილებები: ბუსკეტსი 26′, მასკერანო 36′, მესი 73′ — ველა 40′, ელუსტონდო 57′, გასტანიაგა 62′, ზუბიკარაი 86′, სალდუა 89′.
გაძევება: ინიგო მარტინესი 44′.

 

ბუსკეტსი: „მეტოქემ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით გვაჯობა“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-15 ტურში „ბარსელონა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კატალონიური გუნდის ნახევარმცველი სერხი ბუსკეტსი თვლის, რომ პანიკის დრო არ არის, მარცხი კი ფიზიკურმა მოუმზადებლობამ გამოიწვია.

„მეტოქემ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით გვაჯობა, თუმცა ამის გამო პანიკა არ უნდა ავტეხოთ. მთავარია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და ხელები არ ჩამოვუშვათ. კი ბატონო, ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ, დავუშვით რამდენიმე სერიოზული შეცდომა, თუმცა ამით სეზონი არ დასრულებულა“, – ბუსკეტსის სიტყვები სპორტულმა ვებ-პორტალმა sport.es-მა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბარსელონამ“ დღევანდელი დღე ფეხბურთელებს დასვენებისთვის გამოუყო. გუნდი ვარჯიშს სამშაბათს განაახლებს.

ბექა დოგრაშვილი

ბუსკეტსი: „რეალი“ ყოველთვის თავს იმართლებს“

მადრიდის „რეალთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, კომენტარი კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმაც გააკეთა.

„მადრიდელები მსაჯებზე საუბრობენ? ისინი თავის გამართლებას ყოველთვის ცდილობენ. ამ მატჩის შედეგად, ისინი მსგავს თემებზე არ უნდა საუბრობდნენ. მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებებით თავის მართლება ყოველთვის ადვილია. მიმდინარე სეზონში ამის გაკეთება საჭირო ნამდვილად არ არის“, – თვლის ბუსკეტსი.

ალექსანდრე მატევოსოვი