დღეს ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის მატჩები იმართება.
სეზონის დასკვნითი შეხვედრა ჩაატარა ქობულეთის “შუქურამ”, რომელიც თბილისის “საბურთალოს” სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” დაუხვდა. ანგარიში 21-ე წუთზე ელვინ ტერამ გახსნა და დედაქალაქელები დააწინაურა. მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე იმავე მოთამაშემ დუბლი შეასრულა. აჭარლებმა ერთი ბურთის გაქვითვა 74-ე წუთზე მოახერხეს, როცა ალექსანდრე გურულმა გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ “შუქურა” გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა ყველა შანსის გამოყენების მცდელობა უგოლოდ დასრულდა.
ამ მატჩის მერე “შუქურას” 21 ქულა დაუგროვდა, იგი მთელი ხუთი ქულით ჩამორჩა ბოლოს წინა ადგილოსან ფოთის “კოლხეთს” და, შესაბამისად, ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა. როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნულ გუნდს “რუსთავი” ჩაანაცვლებს.