Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “სიონი” იქნება.
სეზონის დაწყებამდე ბოლნისის “სიონში” საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა. კლბუში გამოცდილი ფეხბურთელები შეიკრიბნენ, რომლებიც თავის დროზე საქართველოს წამყვან კლუბებში წინა პლანზე იყვნენ. ბოლნისელები ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერდნენ, როგორებიც არიან: გიორგი განუგრავა, ვალერი აბრამიძე, თორნიკე აფციაური, აკაკი მიკუჩაძე, ლადო ახალაია და სხვები. გამოცდილებთან ერთად გუნდში ახალგაზრდა, იმედისმომცემი მოთამაშეები გამოჩნდნენ. “სიონმა” თბილისი “დინამოდან” ტვილდიანი და პარუნაშვილი ინათხოვრა.
ამ საინტერეო კოლექტივს სათავეში გიორგი კიკნაძე ჩაუდგა. თუმცა, შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა. მესამე ტურიდან მოყოლებული, ბოლნისელებმა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერიას გამოაცხეს, რასაც ახალგაზრდა სპეციალისტის თანამდებობა შეეწირა. მის ნაცვლად კი მთავარი მწვრთნელობა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა ითავა.
33 წლის ბურდულის სამწვრთნელო დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. ბოლნისის “სიონში” მომენტალურად შეიცვალა საქმისადმი დამოკიდებულება, რაც შედეგზეც აისახა. ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით “სიონმა” 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 ფრედ დაასრულა დანარჩენები კი მოიგო და საბოლოოდ მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა სატურნირო ცხრილში. არადა, ბურდულმა გუნდი გასავარდნ ზონასთან სიახლოვის დროს ჩაიბარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლნისელები თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც “ჩიხურას” შეხვდება.
საინტერესოა, როგორ გაგრძელდება “სიონის” ასპარეზობა მეორე წრეში. გავრცელებული ინფორმაციით გუნდს სამეულში მოხვედრის ამბიცია გაუჩნდა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ბოლნისელები “დინამოდან” წამოსულ ლევან ხმალაძის და ირაკლი ლექვთაძის დამატებას აპირებენ.
“სიონის” ხელმძღვანელები იმასაც ამბობენ, რომ მარტის ბოლოდან კლუბი საშინაო მატჩებს საკუთარ “თამაზ სტეფანიაზე” გამართავს. შეგახსენებთ, რომ მოედანთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთელი პირველი ეტაპი ბოლნისელებმა “მიხეილ მესხზე” და რუსთავის “ფოლადზე” ჩაატარეს.
“სიონმა” პირველ ეტაპზე 18 ჩატარებული მატჩიდან 7 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა 5 შეხვედრაში კი დამარცხდა. ბურთების შეფარდება – 22/19.