რეგიონებში საინტერესოდ დაწყებული ტური დღეს თბილისში არანაკლები სიმძაფრით გაგრძელდა. სპორტკომპლექს „არენაში“ გამართული 2 მატჩიდან პირველში ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და „სოხუმი“ შეხვდნენ. მიუხედავად ამ გუნდებს შორის ცხრილში არსებული დაშორებისა, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა.
შეხვედრის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. საფინალო სირენამდე 2,7 წამით ადრე სოხუმელთა ფორვარდი გრიგოლ შვანგირაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა და სამივე საჯარიმო რომ ჩაეგდო, ანგარიშს გაათანაბრებდა. შვანგირაძემ პირველი სროლა ჩააგდო, მეორე ააცილა და ამასთან ერთად „სოხუმის“ შანსიც, ანგარიში გაეთანაბრებინა, დაიკარგა.
რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, პირველიდან ბოლო წუთამდე ანგარიში თითქმის თანაბრად იზრდებოდა. აკადემიელები უმეტესწილად ლიდერობდნენ, მაგრამ საიმედო უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდნენ. ამაში ფავორიტად მიჩნეულ „შსს-აკადემიას“ ხელს სოხუმელთა შეუპოვარი თამაში უშლიდა. გიორგი ჯგერენაია ფარქვეშ და პერიმეტრზეც კარგად თამაშობდა.
საბოლოოდ, ერთიანი ძალისხმევით აკადემიელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და დაუგეგმავი მარცხი თავიდან აიცილეს. „შსს-აკადემიის“ შეტევებს კარგად ხელმძღვანელობდა გიორგი ცინცაძე, რომელმაც საბოლოოდ 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 14 ქულით ბომბარდირი ნიკა მეტრეველი გახდა, 13 ქულა მიხეილ ბერიშვილმა მოაგროვა, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვა. „სოხუმში“ 22 ქულით საუკეთესო ჯგერენაია იყო, 12 ქულა ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზეა, ლიბერიელმა ლეგიონერმა პელე პეილეიმ კი 11 დააგროვა.
მე-10 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ოლიმპი“ შეხვდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ ამ გამარჯვებას. ძალიან ძლიერი გუნდია, ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშე ჰყავთ, კოტეც ნაკრების მწვრთნელია და ისინი ფავორიტებად ითვლებოდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, მათ ძალიან კარგად ითამაშეს, ეს წაგება ჩემი შეცდომების ბრალია და ჩემს თავზე ვიღებ ამ მარცხს. შევეცდებით, გამოვასწოროთ ხარვეზები და ,,ქუთაისის’’ წინააღმდეგ წარმატებას მივაღწიოთ.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ყველაზე მთავარია, რომ მოვიგეთ. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ასეთი დაძაბული თამაში, ,,სოხუმი’’ ძალიან მებრძოლი გუნდია, ყველაფერს აკეთებს მოგებისთვის როგორც მთავარი მწვრთნელი, ისე გუნდის თითოეული წევრი. ველოდით დაძაბულ შეხვედრას და ასეც გამოვიდა. ბევრი შეცდომა დავუშვით, ეს ჩვენი ბრალიც იყო და მოწინააღმდეგის კარგი თამაშისაც. კიდევ ერთხელ, მთავარია, რომ მოვიგეთ. თითოეულ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მართალია ,,სოხუმი’’ სატურნირო ცხრილის ბოლოშია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა თამაშს მაღალ დონეზე ჩაატარებენ და მოსაგებად გამოვლენ მოედანზე. საინტერესო მეორე წრე გველის და წარმატებებს ვუსურვებ ,,სოხუმს’’. მინდა აღვნიშნო გიორგი ჯგერენაიას ძალიან კარგი თამაში, ის წლების განმავლობაში ჩემთან თამაშობდა და მიხარია მისი წარმატებები.
ნიკა მეტრეველი(,,შსს აკადემია’’): ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, ,,სოხუმი’’ არც ერთ თამაშზე არ ნებდება, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ვცდილობდით, მობილიზებულები ვყოფილიყავით. გვქონდა შეცდომები, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, თუმცა ,,სოხუმი’’ ახალი მოთამაშეებით გაძლიერდა და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია. ბოლო წუთებამდე იბრძოლეს და ძლიერი მატჩი ჩაატარეს.
superleauge.ge