ესპანელები ბელგიელებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან

ესპანეთის ეროვნული გუნდი ბელგიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

შეხვედრა ბელგიაში, 17 ნოემბერს გაიმართება.

ეს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდისთვის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში მეორე მატჩი იქნება. 13 ნოემბერს “ფურია როხა” ინგლისის ნაკრებს გაეჯიბრება.

 

დელ ბოსკემ დამდეგი მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის და ამხანაგურად ჰოლანდიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის “ფურია როხას” რიგებში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: კასილასი, დე ხეა, ასენხო.

მცველები: ალბიოლი, ალბა, ბარტრა, პიკე, ბერნატი, კარვახალი, რამოსი, ხუანფრანი, სან ხოსე.

ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ინიესტა, კასორლა, ფაბრეგასი, ისკო, კოკე, მარიო სუარესი, დავიდ სილვა.

თავდამსხმელები: დიეგო კოსტა, მორატა, პედრო, ვიტოლო.

ესპანელები უკრაინელებთან მატჩს 27 მარტს გამართავენ, ჰოლანდიელებს კი 31 მარტს გაეჯიბრებიან.

 

პრიმერადივიზიონში ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე ნაკლებად პეპე ჯარიმდება

მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი პეპე ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კოლეგებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არღვევს თამაშის წესებს. გაზეთ “მარკას” თანახმად, ლა ლიგის XV ტურის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ ხისტი ხასიათით გამოირჩევა, მხოლოდ ხუთჯერ ჰყავთ დაჯარიმებული.

პეპეს პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ყვითელი ბარათი ამ დრომდე არ აქვს მიღებული, როცა მის თანაგუნდელ სერხიო რამოსს თამაშის წესი ოცჯერ დაურღვევია და ხუთჯერ გაფრთხილებაც მიუღია.

ცნობისთვის, პეპეს ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშების 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

მოიესის თავკაცობით “სოსიედადმა” პირველი მატჩი მოიგო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIII ტური სან-სებასტიანში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “რეალ სოსიედადმა” “ელჩე” მიიღო და კარლოს ველას ჰეთ-თრიკის წყალობით ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

ეს “სოსიედადის” თავკაცის პოსტზე დევიდ მოიესის მეორე მატჩი და პირველი გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად “დეპორტივოსთან” ჩაატარა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.

ამ მოგების წყალობით ბასკურმა გუნდმა აქტივში 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13-ადგილოსან “ეიბარს” გაუთანაბრდა. რაც შეეხება “ელჩეს”, გუნდს 10 ქულით მე-19 პოზიცია უკავია.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIII ტური
“რეალ სოსიედადი” — “ელჩე” 3:0 (2:0)

გოლები: ველა 3′, 31′, 53′.
გაფრთხილებები: ანსოტეგი 5′, კანალესი 14′ — ადრიან გონსალესი 28′, გარი როდრიგესი 62′, ვიქტორ როდრიგესი 76′, სისმა 82′.

ესპანეთის ნაკრებმა წარმატებით დაიწყო

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ესპანეთის ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. “ფურია როხამ” ვალენსიაში მაკედონიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 5:1 გაანადგურა. ესპანელთაგან გოლები გაიტანეს: სერხიო რამოსი (15′, პენ), პაკო ალკასერი (17′), სერხიო ბუსკეტსი (45+3′), დავიდ სილვა (50′), პედრო როდრიგესი (90+1′).

მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ.

“ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ახალი ეტაპი დავიწყეთ. ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე იმიჯი ოდნავ შევილახეთ. დაკარგული ნდობა უნდა აღვადგინოთ, კარგი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ და ქულები დავაგროვოთ, რათა ევრო-2016-ზე ვითამაშოთ”, – ციტირებს დელ ვოსკეს სიტყვებს Todomercado.

 

კასილასის მემკვიდრედ მოია?

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდში შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეულ მიგელ ანხელ მოიას უხმოს.

“მოია “ატლეტიკოს” რიგებში ჩატარებულ პირველ შეხვედრებში ძალზედ თავდაჯერებული ჩანდა. ის შესაძლოა ნაკრებშიც მოხვდეს”, – განაცხადა დელ ბოსკემ.

მიგელ ანხელ მოია “ხეტაფედან” “ატლეტიკოში” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სულ რაღაც სამ მილიონ ევროდ გადავიდა. მას ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ერთად 38 მატჩი აქვს ჩატარებული. 2001 წელს მოიამ 16 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2002 წელს კი იმავე წარმატებას 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის მიაღწია. 2003 წლის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი მოიგო.

 

დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებში რჩება

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, ის ეროვნულ გუნდში მუშაობას გააგრძელებს.

„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბოლო ექვს წელიწადში მიღწეული წარმატებები მეტს ნიშნავს, ვიდრე ორი მარცხი. ფედერაცია აფასებს ჩემ მიერ გაწეულ მუშაობას, ამიტომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. გუნდში რევოლუციური გარდაქმნები არ იქნება, მხოლოდ ცალკეულ ცვლილებებს განვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია. მჯერა, სწორ გზაზე დავბრუნდებით“, – განაცხადა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებს 2008 წლიდან თავკაცობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგება შეძლო.

 

სპეციალურ სასხურ ხელსაწყოს პრიმერადივიზიონშიც გამოიყენებენ

მთავარი არბიტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სასხური ხელსაწყოს ესპანეთის ჩემპიონატშიც გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ხელსაწყოს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მომუშავე მსაჯები იმისთვის იყენებენ, რომ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთისა და ცოცხალი კედლის ადგილი დააფიქსიროს. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ სპეციალური სასხური ხელსაწყოს დანერგვამ გაამართლა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ჩემპიონატში ახალი სეზონიდან დანერგონ.

სპეციალურ სასხური ხელსაწყოს გამოყენების სურვილი თავად ესპანელმა არბიტრებმაც გამოთქვეს.

 

ესპანეთის ნაკრების თვითმფრინავს ელვა დაეცა

ესპანეთის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ სამშობლოში თვითმფრინავით დაბრუნდა, თუმცა მათ მგზავრობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

მადრიდში დაფრენისას თვითმფრინავის მარჯვენა ფრთას ელვა დაეცა, რასაც ერთგვარი პანიკა მოჰყვა. აფეთქების მსგავსმა ხმამ მგზავრები შეაშინა, თუმცა რეისის ხელმძღვანელებმა მალევე აცნობეს მათ, რომ ეს მხოლოდ ელვა იყო. საბედნიეროდ, ინციდენტმა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიარა, რის შემდეგაც ესპანეთის დელეგაციამ აეროპორტი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების გვერდის ავლით დატოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ფურია როხა“ სამშობლოში მთლიანი შემადგენლობით არ დაბრუნებულა. კერძოდ, დიეგო კოსტამ, ფრანჩესკ ფაბრეგასმა და ხერარ პიკემ არდადეგების გატარება სწორედ ბრაზილიაში მოისურვეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა B ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა.

 

ავსტრალია — ესპანეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა თავდამსხმელი დავიდ ვილია დაასახელეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

32 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 56 წუთი დაჰყო, გააკეთა 23 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

 

ესპანეთის ნაკრების წევრები ჩაბი ალონსოს განცხადებით უკმაყოფილონი არიან

„მარკას“ ცნობით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ ჩაბი ალონსოს მიერ გაკეთებულ კომენტარს „ლა როხას“ წევრების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.

ბასკმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანელი ფეხბურთელები გამარჯვებისკენ სწრაფვით დაიღალნენ და გუნდი მუნდიალს ფსიქოლოგიურად მზად ვერ შეხვდა.

ესპანეთის ნაკრების დანარჩენი წევრები თვლიან, რომ ალონსოს მხოლოდ საკუთარი შეხედულება უნდა გამოეხატა და მთელი გუნდის სახელით არ უნდა ესაუბრა. ანდრეს ინიესტამ და დიეგო კოსტამ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს თავიანთი პრეტენზიები წაუყენეს. გარდა ამისა, კომენტარები გააკეთეს იმ მოთამაშეებმაც, რომლებსაც შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსიც დაკარგა.

 

პრანდელიმ ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შესახებ ისაუბრა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შესახებ ისაუბრა.

„არ მინდა, ეს თემა ფართოდ მიმოვიხილო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ორ თვეში ესპანეთის ნაკრები კვლავ გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი. შესაძლოა, ესპანელებმა განვლილ სტრესულ სეზონსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს დიდი ძალები მიახარჯეს“, – განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლა როხამ“ ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩიც დათმო, რითაც პლეი-ოფში თამაშის თეორიული შანსიც დაკარგა.