ესპანეთი – საქართველო: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები და სტატისტიკა

ამხანაგური მატჩი: ესპანეთი – საქართველო 
შეხვედრის ადგილი: მადრიდი; “ხეტაფეს” ალფონსო პერესის სტადიონი
შეხვედრის დრო: სამშაბათი, 7 ივნისი; 22:45 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი:  ვილჰალმურ ტორარინსონი (ისლანდია)


ესპანეთის ნაკრები ევრო-2016-ის წინ ბოლო მატჩს მართავს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ “ხარები” საქართველოსთან დაპირისპირებას სრული სერიოზულობით მოეკიდებიან. მასპინძლები თავიანთი მოტივაციის ამაღლებასა და დამაჯერებლად გამარჯვებას შეეცდებიან, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც დელ ბოსკემ რამდენიმე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადს მიღმა ისეთი ვარსკვალვები დატოვა, როგორებიც ფერნანდო ტორესი, დიეგო კოშტა, ხავი მარტინესი და ხუან მატა არიან.

მოტივაციის ნაკლებობა არც ქართველთა ბანაკში უნდა იგრძნობოდეს, რადგან ვლადიმერ ვაისის შეგირდებს ეძლევათ შანსი, რომ სლოვაკეთთან და რუმინეთთან მარცხისა და ჯამში რვა გაშვებული გოლის შემდეგ რეპუტაცია აღიდგინონ. ფრე ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან, უდაოდ, დიდი წარმატება და სტიმული იქნება სტუმრებისთვის, რადგან მათ ბოლოს თბილისში 4-0 სძლიეს გიბრალტარს და მას შემდეგ ექვსი თამაშია არ გაუმარჯვიათ.


 

ესპანეთის ბოლო 5 მატჩი:

01.06.16 ამხ. ესპანეთი სამხრეთ კორეა 6 : 1
29.05.16 ამხ. ესპანეთი ბოსნია 3 : 1
27.03.16 ამხ. რუმინეთი ესპანეთი 0 : 0
24.03.16 ამხ. იტალია ესპანეთი 1 : 1
13.11.15 ამხ. ესპანეთი ინგლისი 2 : 0

საქართველოს ბოლო 5 მატჩი:

03.06.16 ამხ. რუმინეთი საქართველო 5 : 1
27.05.16 ამხ. სლოვაკეთი საქართველო 3 : 1
29.03.16 ამხ. საქართველო ყაზახეთი 1 : 1
16.11.15 ამხ. ალბანეთი საქართველო 2 : 2
11.11.15 ამხ. ესტონეთი საქართველო 3 : 0

ურთიერთშეხვედრები:

15-10-2013 – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი: ესპანეთი 2:0 საქართველო (გოლები: ხუან მატა; ალვარო ნეგრედო)
11-09-2012 – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი: საქართველო 0:1 ესპანეთი (გოლი: რობერტო სოლდადო)


 

ვისენტე დელ ბოსკე: “ალბათ, საქართველოს ნაკრებთან მატჩში ჩვენი მეკარე დავიდ დე ხეა იქნება. შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჯერ არ მიმიღია. ჩვენ ვიცით, როგორც უნდა ვითამაშოთ, თუმცა მთავარი ისაა, ეს ყველაფერი მოედანზე როგორ გამოგვივა.”

ვლადიმირ ვაისი: “იმედი მაქვს, რომ წინა მატჩებთან შედარებით უკეთესად ვითამაშებთ. საქართველოს ნაკრებში ორი თვეა ვმუშაობთ. ვფიქრობ, წარმატებას რომ მივაღწიოთ, ბევრი უნდა ვიშრომოთ, ახალგაზრდებს კი ყურადღება მივაქციოთ. ესპანური ფეხბურთი ძალიან მომწონს. ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი სწორედ დელ ბოსკეს გუნდია.”


 

ესპანელები:

– გამოჯანმრთელდა ალვარო მორატა, რომელმაც გასულ უქმეებზე ვარჯიში ვერ შეძლო და მოსალოდნელია ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

– მცირე ტრავმა აწუხებს დორტმუნდის “ბორუსიას” ცენტრალურ მცველს, მარკ ბარტრას, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

– დელ ბოსკე, სავარაუდოდ, შანსს მისცემს მადრიდის “რეალის” ფორვარდს, ლუკას ვასკესსაც, რომელიც ბევრისათვის მოულოდნელად, საფრანგეთში გაემგზავრება.

ქართველები:

– ვაისს ტრავმირებული ჯაბა კანკავასა და ჯანო ანანიძის სახით დიდი დანაკლისი ექნება.

– ასევე, სავარაუდოდ, თამაშს ვერ შეძლებს ლევან მჭედლიძეც, რომელმაც დაზიანება რუმინეთთან შეხვედრაში მიიღო.

– დიდი ალბათობით, ვაისი მარცხენა მცველის პოზიციაზე ზურაბ ცისკარიძეს დააყენებს, რომელმაც წინა შეხვედრაში, მოედანზე შემოსვლიდან რამდენიმე წუთში საგოლე გადაცემა გააკეთა.

– სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება მეკარე ნუკრი რევიშვილი.

– ასევე, მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ ჩეხური “სლავიას” ფლეიმეიკერის, ლევან ყენიას მოედანზე გამოჩენას, რომელმაც სლოვაკეთთან მატჩში გოლი პირადად გამოიმუშავა.

– საქართველოს ნაკრები კონტრ-შეტევებზე ითამაშებს, ამიტომ დიდი ალბათობით, ვაისისაგან ისევ ხუთმცველიან ტაქტიკას უნდა ველოდოთ.


 

ესპანეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, კოკე, სილვა, ფაბრეგასი, მორატა.
სათადარიგოები: კასილასი, რიკო, ბელერინი, ბარტრა, ასპილიკუეტა, სან ხოსე, ბრუნო, ტიაგო, პედრო, ადურისი, ნოლიტო, ვასკესი.

cats

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვერკველია, დვალი, ამისულაშვილი(კ),  ცისკარიძე, კაშია,  აბურჯანია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია.
სათადარიგოები: კვასხვაძე, მაკარიძე, კვეკვესკირი, კაკაბაძე, ნავალოვსკი, ჭანტურიშვილი, ყენია, კობახიძე, ჯიღაური, ჭანტურია, დვალიშვილი.
cats

 

საინტერესო ფაქტები: 

– თუ ლუკას ვასკესი მოედანზე გამოვა, ეს იქნება მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.

– “სელტას” შემტევმა, ნოლიტომ ბოლო ორ ამხანაგურ თამაშში 4 გოლის გატანა შეძლო (ბოსნია-ჰერცეგოვინა 3:1 და სამხრეთი კორეა 6:1).

– ესპანელებმა ბოლო ათი მატჩიდან რვა მოიგეს, ხოლო ორი ფრედ ითამაშეს. ასევე 21 გოლის გატანა შეძლეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ სამი მიიღეს.

– ქართველებმა ბოლო შეხვედრიდან ორი მოიგეს, ორი ფრედ დაასრულეს, ხოლო ექვსი წააგეს. ასევე გაუშვეს 21 გოლი, მეტოქის კარი კი მხოლოდ შვიდჯერ დალაშქრეს.

– ივნისიდან სტადიონზე გამოფენილია ,,ხარების” მიერ მოგებული ჯილდოები: 2010 წლის მუნდიალის თასი და 1964, 2008 და 2012 წლების ევროპული ტიტულები.

– საქართველოსთან მადრიდული დაპირისპირების ბილეთები 45-65 ევრო ეღირება.

ტრავმის გამო კარვახალს 3 კვირით მოუწევს უქმობა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს, დანიელ კარვახალს კუნთზე მიღებული დაზიანების გამო, ლაზარეთში 3 კვირის გატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ატლეტიკოსთან” მატჩში მიიღო (1:1, 5:3 პენალტებში).

დღეს კი სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ფეხზე მიღებული დაზიანების გამო ევრო-2016-ის გამოტოვება მოუწევს.

დელ ბოსკე კარვახალს სავარაუდოდ “არსენალის” მცველით, ექტორ ბელერინით ჩაანაცვლებს.

ტორესი: “ფინალი – ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მატჩი”

მადრიდის “ატლეტიკოს” გამოცდილი ფორვარდი, ფერნანდო ტორესი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალის” დამარცხებით ის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ოცნებას აისრულებს.

“ეს ფინალი ყველაფერს ნიშნავს, ყველაფერს რაზეც ბავშვობიდან ოცნებობ. ” – განაცხადა “როხიბლანკოს” ფეხბურთელმა “სან სიროზე” გასამართი მატჩის წინ.

“მე მაქვს შანსი, რომ ეს ოცნება ავიხდინო. რამოდენიმე დიდ გუნდში ვითამაშე, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია, ეს სწორედ ის არის, რაც ბავშვობიდან მინდა.

მე დავბრუნდი ამ კლუბში და ვბრძოლობ საკუთარი ადგილისთვის, გამაქვს გოლები, რათა მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. ეს მატჩი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტია, ამაში ეჭვი არ მეპარება.”

დელ ბოსკე: “დიდი უსამართლობა იქნება, თუ ის ოქროს ბურთს არ მოიგებს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ვისენტე დელ ბოსკე თვლის, რომ საკმაოდ დიდ უსამართლობასთან გვექნება საქმე, თუ ანდრეს ინიესტა ისე დაამთავრებს კარიერას, რომ მას ოქროს ბურთი არ ექნება მოგებული.

“უსამართლობა იქნება, თუ ინიესტა კარიერას ოქროს ბურთის გარეშე დაასრულებს, ეს ტიტული მის მიღწევებს დააგვირგვინებდა.

თუმცა, როგორც ვხვდები ძალიან რთულია, როცა ორი ექსტრაორდინალური ფეხბურთელისთვის (მესი და რონალდუ) გიწევს კონკურენციის გაწევა.”

დელ ბოსკე ესპანეთის თასის ფინალსაც შეეხო, რომელშიც “ბარსამ” “სევილია” დაამარცხა: “ძალიან კარგია ინიესტას ასეთ კარგ ფორმაში ხილვა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 10 კაცით იყო დარჩენილი, მან ყველაფერი თავის თავზე აიღო და ყველა პრობლემა გადაფარა.”

ოფიციალურად: “ვალენსიამ” გარი ნევილი დაითხოვა

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელობამ გარი ნევილი პოსტიდან გაათავისუფლა, მის ჩამნაცვლებლად კი პაკო აიესტარანი დაასახელა, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი “ვალენსიაში” 2 დეკემბერს მოვიდა, თუმცა მან პირველი 9 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა. ამასთანავე მისი კლუბი კოპა დელ რეიდან და ევროპა ლიგიდანაც გამოვარდა.

“ვალენსია”, რომელმაც ესპანური პრიმერადივიზიონის ეგიდით ჩატარებული ბოლო 3 მატჩი წააგო, ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას 6 ქულა აშორებს.

“სიტუაციის გულდასმით გაანალიზების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გარი ნევილი პოსტიდან გაათავისუფლოს. კლუბი მისი ძალიან დიდი მადლობელია და მომავალში წარმატებებს უსურვებს.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ვალენსია” ნევილის სამწვრთნელო კარიერაში პირველი გუნდი იყო.

იკერ კასილასმა მორიგი რეკორდი დაამყარა

27 მარტს, ესპანეთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იკერ კასილასისათვის “ფურია როხას” მაისურით 166-ე მატჩია, რითაც მან ლატვიელი ვიტალი ასტაფიევის რეკორდი დაამხო და პირველი ევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თავის ნაკრებში ამ რაოდენობის შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ იკერი 34 წლისაა, ის თავისი ქვეყნის პირველი გუნდის ღირსებას 2000 წლიდან იცავს.

რონალდო: “მინდა ჩემი შვილი ისეთივე დიდი ფეხბურთელი გამოვიდეს, როგორიც მამამისია”

კრიშტიანო რონალდომ აღიარა, რომ საკუთარ ვაჟზე დიდ იმედებს ამყარებს და სურს, რომ ისიც პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვიდეს, თანაც ისეთივი დიდი, როგორიც თავად არის.

“მინდა, რომ ჩემი შვილი მოთამაშე გახდეს. მე ფეხბურთელი ვარ და მინდა ჩემი შვილიც ფეხბურთელი იყოს.” – განუცხადა “რეალის” ვარსკვლავმა ჩინურ არხს, რომელის რონალდოზე სპეციალურ სიუჟეტს აკეთებს.

“მე მასში ათლეტს ვხედავ, მას უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს. თუმცა, რასაკვირველია, ჯერ ის ძალიან ახალგაზრდაა, ბავშვი, ის მხოლოდ 5 წლის ბიჭია, თუმცა მას ფეხბურთი ძალიან უყვარს. ეს დიდი პლუსია.

“სახლში 30 ბურთი მაქვს, ის სულ ბურთებთან ატარებს დროს და რაც მთავარია, მას ეს სიამოვნებს. თუმცა მე მას არასდროს დავაძალებ, რომ ფეხბურთელი გახდეს. არჩევანი მან უნდა გააკეთოს.

ის რასაც მოინდომებს ის გამოვა, არ ვაპირებ მასზე ზემოქმედებას. მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მინდა, რომ კრიშტიანო ისეთივე დიდი ფეხბურთელი გამოვიდეს, როგორიც მამამისია.”

ჩავი: “ინგლისს ევროპის ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი აქვს”

მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ჩავი თვლის, რომ როი ჰოჯსონის გუნდს ევრო-2016-ის მოგების რეალური შანსი გააჩნია.

“ვფიქრობ, რომ ინგლისს ტურნირის მოგების რეალური შანსი აქვს.

სანამ ჩვენ ჩვენს პირველ ტიტულს მოვიგებდით, ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო, რამეთუ წარსულში მეოთხედფინალური ეტაპიდანაც ვერ ვახერხებდით გასვლას. ჩვენი დონიდან გამომდინარე ზეწოლა ძალიან დიდი იყო, რაც უარყოფითად მოქმედებდა.

მსგავსი პრობლემა იყო ინგლისის შემთხვევაშიც – მათ ოქროს თაობაზე (ლამპარდი, სქოულზი, ბექჰემი, ჯერარდი) ზეწოლა ძალიან დიდი იყო, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია.

ახლა სხვა დროა, კეინის, სტერლინგის, დელე ალისა და “ლესტერში” მოთამაშე ინგლისელების დრო. მათ უფლება აქვთ გავიდნენ და უბრალოდ ლაღი ფეხბურთი ითამაშონ. თუ უეინ რუნიც დაბრუნდება, მაშინ მათი შანსები ნამდვილად რეალური იქნება.” – განაცხადა ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა.

ბილბაო ადასტურებს: აიმერიკ ლაპორტეს ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

აიმერიკ ლაპორტეს, ბილბაოს “ატლეტიკის” ახალგაზრდა მცველს ლაზარეთში საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუწევს, რისი მიზეზიც ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშისას მიღებული ტრავმაა.

კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ: “პირველადი დათვალიერების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიმერიკ ლაპორტეს წვივის ძვალი და მარჯვენა კოჭი აქვს ნაღრძობი.

ბილბაოში დაბრუნებისთანავე მას სპეციალური გამოკვლევა ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც გავიგებთ, თუ რამდენი ხნის გაცდენა მოუწევს მას.”

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლაპორტე საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდა, მისი გადაბირება კი პეპ გვარდიოლას სურდა. თუმცა ტრავმამ შესაძლოა პეპის გეგმები შეცვალოს.

“ბარსას” ვიცე-პრეზიდენტმა რონალდო გააკრიტიკა: ” ჩვენი ფეხბურთელი ასეთ რამეს არასდროს იტყვის”

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ხორდი მესტრე კტიშტიანო რონალდოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც “რეალში” ყველა პორტუგალიელის დონეზე რომ თამაშობდეს, ისინი ახლა პირველ ადგილზე იქნებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდომ მედიაში ატეხილი სკანდალის შემდგომ, სცადა ყველასთვის განემარტა, თუ რისი თქმა სურდა, თუმცა ამან მესტრე ვერ დაამშვიდა.

“ჩვენი გუნდის ფეხბურთელი მსგავს რამეს არასდროს იტყოდა. ფეხბურთელების შეძენამდე, ჩვენი კლუბი ძალიან ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს.

სიმართლე გითხრათ, არ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ჩვენმა ფეხბურთელმაც თქვას ის რაც რონალდომ თქვა.” – განაცხადა მან.

“ღამურებმა” შესაძლოა გარი ნევილს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ

Fichajes-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა გარი ნევილისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს აქტიურად განიხილავს.

როგორც იცით, ნუნოს წასვლის შემდგომ, “ღამურებმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-მცველთანც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმეს. თუმცა, ნოემბერში მოსულმა ნევილმა პირველ 9 მატჩში გუნდი საძაგლად ათამაშა.

თუმცა, ბოლო დროს “ვალენსიას” თამაში გაუმჯობესდა – კლუბმა ზედიზედ ორი მოგება ჩაიწერა ესპანურ ჩემპიონატში, რასაც დაემატა ევროპის ლიგაზე “რაპიდის” განადგურება (6-0). ასე რომ, კლუბის ხელმძღვანელობას ბევრი ფიქრი მოუწევს.

ნეიმარი სულ მალე ესპანეთის მოქალაქეობას მიიღებს

“ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც ბრაზილიაშია დაბადებული, უახლოეს მომავალში ესპანეთის მოქალაქეობას მიიღებს.

24 წლის ვარსკვლავს სურს, რომ ორმაგი მოქალაქეობით ისარგებლოს. როგორც იცით, სულ მალე შესრულდება მესამე წელი, მას შემდეგ რაც ის ესპანეთში გადაბარგდა, რაც მას ესპანური პირადობის ქონის საშუალებას აძლევს.

ESPN-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ნეიმარი ორმაგ მოქალაქეობას მიიღებს, ის ლეგიონერად აღარ ჩაითვლება. ეს კი კატალონიელებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატონ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბლაუგრანაში” 2013 წელს გამოჩნდა “სანტოსიდან” და კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი.