კასილასის მემკვიდრედ მოია?

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდში შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეულ მიგელ ანხელ მოიას უხმოს.

“მოია “ატლეტიკოს” რიგებში ჩატარებულ პირველ შეხვედრებში ძალზედ თავდაჯერებული ჩანდა. ის შესაძლოა ნაკრებშიც მოხვდეს”, – განაცხადა დელ ბოსკემ.

მიგელ ანხელ მოია “ხეტაფედან” “ატლეტიკოში” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სულ რაღაც სამ მილიონ ევროდ გადავიდა. მას ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ერთად 38 მატჩი აქვს ჩატარებული. 2001 წელს მოიამ 16 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2002 წელს კი იმავე წარმატებას 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის მიაღწია. 2003 წლის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი მოიგო.

 

დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებში რჩება

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, ის ეროვნულ გუნდში მუშაობას გააგრძელებს.

„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბოლო ექვს წელიწადში მიღწეული წარმატებები მეტს ნიშნავს, ვიდრე ორი მარცხი. ფედერაცია აფასებს ჩემ მიერ გაწეულ მუშაობას, ამიტომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. გუნდში რევოლუციური გარდაქმნები არ იქნება, მხოლოდ ცალკეულ ცვლილებებს განვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია. მჯერა, სწორ გზაზე დავბრუნდებით“, – განაცხადა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებს 2008 წლიდან თავკაცობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგება შეძლო.

 

სპეციალურ სასხურ ხელსაწყოს პრიმერადივიზიონშიც გამოიყენებენ

მთავარი არბიტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სასხური ხელსაწყოს ესპანეთის ჩემპიონატშიც გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ხელსაწყოს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მომუშავე მსაჯები იმისთვის იყენებენ, რომ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთისა და ცოცხალი კედლის ადგილი დააფიქსიროს. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ სპეციალური სასხური ხელსაწყოს დანერგვამ გაამართლა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ჩემპიონატში ახალი სეზონიდან დანერგონ.

სპეციალურ სასხური ხელსაწყოს გამოყენების სურვილი თავად ესპანელმა არბიტრებმაც გამოთქვეს.

 

კარლოსი: “კასილასს გვერდში არავინ ამოუდგა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი აცხადებს, რომ ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილასს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას მხარში არცერთი თანაგუნდელი არ ამოუდგა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო, “სამეფო კლუბის” კარის დარაჯმა კი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.

“ბრაზილიაში, როცა მარცხდები, მთელი გუნდი მარცხდება და როცა იმარჯვებ, მთელი გუნდი იმარჯვებს. ნათელია, რომ იკერი თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა, თუმცა მას თანაგუნდელები მხარში არ ამოუდგნენ და არ დაეხმარნენ.

როცა მეკარე შეცდომას უშვებს, ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. ამ დროს, კარის დარაჯს ბევრი აკრიტიკებს. ვწუხვარ, რომ იკერმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს კარლოსი.

გვარდიოლა ფავორიტად არგენტინას მიიჩნევს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ტურნირის ფავორიტზეც გაამახვილა.

„სამწუხაროა, რომ ესპანეთმა გამოსვლა დაასრულა. ფეხბურთისთვის ამ ნაკრების წევრებმა ბევრი გააკეთეს. ბიჭები და ვისენტე დე ბოსკე მეტი შეხვედრის ჩატარებას იმსახურებდნენ.

თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. გუნდები მოედანზე შიშის გარეშე გადიან, რისი შედეგიც სახეზეა.

ვის ვთვლი ფავორიტად? არგენტინა კუნკურენტუნარიანი გუნდია. ამ ნაკრებს მესის, იგუაინის, აგუეროსა და დი მარიას სახით ძლიერი თავდასხმა ჰყავს, რომელსაც თამაშის შემოტრიალება ნებისმიერ დროს შეუძლია“, – განაცხადა გვარდიოლამ.

AS: დელ ბოსკე თავის პოსტზე რჩება

თუ ცნობილ ესპანურ გამოცემა AS-ს დავუჯერებთ, ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებიდან წასვლა მინიმუმ 2016 წლამდე გადაიდო.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ ვილიარი გენერალურ მდივანთან ხორხე პერეს არიასთან ერთად დელ ბოსკეს სრულ ნდობას უცხადებს.

ნდობის მიზეზი კი, სავარაუდოდ, დელ ბოსკეს სხვა გუნდში წასვლაზე უარის თქმაა – აქამდე ესპანელმა სპეციალისტმა ძვირადღირებული წინადადებები იუარა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მანჩესტერული კლუბებისა და იაპონიის ნაკრების თავკაცის პოსტს სთავაზობდნენ.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ფანებთან შეხვედრა არ ისურვეს

როგორც იცით, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა ვერ მოახერხა, ამიტომ “ფურია როხას” წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ. აეროპორტში ფეხბურთელბს ბევრი გულშემატკივარი ელოდა, თუმცა დელ ბოსკეს შეგირდებმა მათთან შეხვედრა არ ისურვეს.

ესპანეთის ნაკრების თვითმფრინავს ელვა დაეცა

ესპანეთის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ სამშობლოში თვითმფრინავით დაბრუნდა, თუმცა მათ მგზავრობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

მადრიდში დაფრენისას თვითმფრინავის მარჯვენა ფრთას ელვა დაეცა, რასაც ერთგვარი პანიკა მოჰყვა. აფეთქების მსგავსმა ხმამ მგზავრები შეაშინა, თუმცა რეისის ხელმძღვანელებმა მალევე აცნობეს მათ, რომ ეს მხოლოდ ელვა იყო. საბედნიეროდ, ინციდენტმა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიარა, რის შემდეგაც ესპანეთის დელეგაციამ აეროპორტი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების გვერდის ავლით დატოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ფურია როხა“ სამშობლოში მთლიანი შემადგენლობით არ დაბრუნებულა. კერძოდ, დიეგო კოსტამ, ფრანჩესკ ფაბრეგასმა და ხერარ პიკემ არდადეგების გატარება სწორედ ბრაზილიაში მოისურვეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა B ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა.

 

ესპანეთი მუნდიალს გამარჯვებით დაემშვიდობა

ესპანეთის ნაკრებმა პრესტიჟის მატჩში საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშა და ავსტრალია დაამარცხა. 

ბოლო ტური ესპანელებისთვის და ავსტრალიელებისთვის ფორმალობად იქცა. თუმცა, ორი კვირის წინ ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა.

შეხვედრა ავსტრალიის აქტიურობით დაიწყო, მაგრამ მალევე დელ ბოსკეს გუნდმა გარდატეხა შეიტანა თამაშში და ძველ, ყველასთვის ნაცნობ ესპანეთს დაემსგავსა. გამოირჩეოდა დავიდ ვილა, რომლისთვისაც აღნიშნული შეხვედრა უკანასკნელი იყო ესპანეთის ნაკრების მაისურით. კარგი იყო ინიესტა, რომელიც მეასე შეხვედრას ატარებდა “ფურია როხას” შემადგენლობაში.

შესვენებამდა ესპანელების შეტევება შედეგი გამოიღეს. ინიესტამ მარჯვენა ფლანგზე ხუანფრანი მოძებნა. “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოში გადაგზავნა, სადაც გადაცემას დავიდ ვილა გამოეხმაურა და ეფექტურად გადაგზავნა ავსტრალიელთა კარში.

მეორე ნახევარში თამაშს სურათი არ შეცვლილა. მწვანე კონტინენტის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა. დელ ბოსკეს გუნდის გააქტიურებას რაიანის კართან აუცილებლად მოჰყვებოდა გარკვეული ხიფათი. კვლავ მშვენიერი იყო ინიესტა -“იუბილარმა” ტორესს გაატანინა.

მესამე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შექნეს. ფაბრეგასი-მატას კომბიანაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

ფურიამ გამოსამშვიდებებელ მატჩში ის ფეხბურთი აჩვენა, რომელსაც მისგან ყველა ელოდა. თუმცა, ნათელია, რომ მათი სტილი ისეთი ეფექტური აღარ არის როგორც ეს ადრე იყო.

ავსტრალია 0-3 ესპანეთი

გოლები: ვილა 36′ ; ტორესი 69′ ; მატა 83′ 

 

დავიდ ვილას ლამაზი გოლი ავსტრალიელთა კარში

23 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ესპანეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, დავიდ ვილამ მეტოქეს საკმაოდ ეფექტური გოლი გაუტანა.

დიეგო კოშტამ ჩაბი ალონსოს ეპილაცია გაუკეთა

23 ივნისს, ესპანეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრი დააფიქსირეს.

ავსტრალია — ესპანეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა თავდამსხმელი დავიდ ვილია დაასახელეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

32 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 56 წუთი დაჰყო, გააკეთა 23 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.