სულ მალე, ფუნქციონირებას დაიწყებს სფფ-ის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. ეს უმნიშვნელოვანესი სიახლე მედიას საგანგებო პრესკონფერენციაზე სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა – ნიკოლოზ ჩხეიძემ და სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა – ირაკლი ნაკაიძემ გააცნეს. სწორედ, ირაკლი ნაკაიძე უხელმძღვანელებს აკადემიას.
ეს მასშტაბური პროექტი უეფას პატრონაჟით ხორციელდება და საპილოტე ვერსიაა. უეფამ თავად აარჩია სამი ევროპული ქვეყანა და ჩვენდა სასიხარულოდ, მათ შორის საქართველოც.
ცოტა ხნის წინ, ნიკოლოზ ჩხეიძე, ირაკლი ნაკაიძე და რამდენიმე ქართველი მწვრთნელი უეფაში იმყოფებოდნენ, სადაც მიშელ პლატინისაც შეხვდნენ და ამ მასშტაბურ პროექტზე ისაუბრეს. სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის კურატორი ფრანგი სპეციალისტი – ჟან-ფრანსუა დომერგი იქნება, რომელიც თბილისში აგვისტოს ბოლოს ჩამოვა და ქართველ კოლეგებთან ერთად შეუდგება საქმეს.
წელს, აკადემიაში მიიღებიან 2000-2001 წელს დაბადებული მოზარდები. სწავლა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. სასწავლო პროგრამა მთლიანად უეფას მიერაა შემუშავებული. სექტემბერში სფფ მზად იქნება პირველი ნაკადის მისაღებად. მანამდე კი, ჩატარდება შესარჩევი ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორშაბათიდან, 21 ივლისიდან, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია, რომელსაც მსურველები შეავსებენ და გამოგზავნიან. ანკეტის შესავსებად, ასევე, შეგიძლიათ სფფ-ის ოფისში მოსვლაც.
დასაწყისისთვის, მოზარდები იცხოვრებენ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“; უზრუნველყოფილნი იქნებიან უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებით, მიიღებენ აკადემიურ განათლებას. მოკლედ, სფფ-ის ახალი პროექტი ძალიან ამბიციური, საინტერესო და სასარგებლოა.
სამომავლოდ, აკადემია უნდა განთავსდეს თბილისთან ახლოს. სავარაუდოდ, მცხეთაში ან საგურამოში. უახლოეს დღეებში, ეს საკითხიც გაირკვევა და იურიდიული დეტალების მოგვარების შემდეგ, მშენებლობა დაიწყება. 2015 წლის მაისისთვის კი, აკადემია სრულად აღჭურვილი დაიწყებს ფუნქციონირებას. ყველაფერი უეფას სტანდარტების მიხედვით გაკეთდება.
სფფ-ის პრესსამსახური