სფფ-ის აღმასკომი 7 ივნისს შეიკრიბება

შაბათს, 7 ივნისს, მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბება ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი. სხდომა, ტრადიციულად, სფფ-ის ოფისში გაიმართება და დღის 13:00 საათზე დაიწყება.

დღის წესრიგის მიხედვით, აღმასკომის წევრებს მხოლოდ სამი საკითხი აქვთ განსახილველი:

1. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის განცხადების შესახებ

2. საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ

3. სხვადასხვა

მედიისთვის კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

სფფ-ის პრესსამსახური

ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ასაკობრივი გუნდიდან

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიაშია. თემურ ქეცბაიას გუნდი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ნიონთან ახლოს ემზადება. ეროვნული გუნდი 30 მაისს საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ელიტრაუნდის შეხვედრას სრული შემადგენლობით დაესწრო.

ასაკობრივი გუნდის ისრაელთან მატჩის შემდეგ კი ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დაემატა. თემურ ქეცბაიას
გადაწყვეტილებით შვეიცარიაში რჩება და ნაკრებთან ერთად მოემზადება “დინამო” თბილისის 18 წლის ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც 19 წლამდე ელიტრაუნდის გათამაშებაზე ერთერთი საუკეთესო იყო. ტრავმის გამო თბილისში დაბრუნდა მურთაზ დაუშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიაში დღეს პირველ ვარჯიშს სწორედ იმ მოედანზე გამართავს,სადაც ასაკობრივმა ნაკრებმა ელიტრაუნდის ბოლო შეხვერა ჩაატარა. საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მატჩი შვეიცარიაში, ჟენევასთან ახლოს Stade des Αrberes-ზე, 3 ივნისს ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსახური

შვეიცარია

ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველო – საუდის არაბეთის ამხანაგურ მატჩამდე ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. დავით კვირკველია საქართველოს თასის ფინალში მიღებული მსუბუქი ტრავმის მიუხედავად, 23 მაისიდან ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ბოლო ორ საწვრთნელ პროცესში კი, მონაწილეობა არ მიუღია. მედიკოსთა გადაწყვეტილებით, ფეხბურთელმა ესპანეთი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. გუნდთან ერთად აღარ არის ნიკა გელაშვილი, რომელმაც ვარჯიშზე  მიკროტრავმა მიიღო. ამ ცვლილებების შემდეგ, საუდის არაბეთთან ნაკრები 22-კაციანი შემადგენლობით დარჩა.  მცირე ტრავმა აქვს მურთაზ დაუშვილსაც, რომელმაც ვარჯიში გამოტოვა. უკვე ცნობილია, რომ პოლონური “იაგელონიას” ქართველი მცველი – გიორგი ფოფხაძე ნაკრებს მეორე ამხანაგური შეხვედრისთვის შვეიცარიაში შეუერთდება. ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა – გურამ კაშიამ მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გურამ კაშია: „ყველა ქვეყანაში ახალი დამთავრებულია საფეხბურთო სეზონი და ფეხურთელები რთული სეზონის შემდეგ გადაღლილები ვართ, თუმცა, ნაკრებთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. ეს ორკვირიანი პერიოდი მწვრთნელთან, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ჩვენ მეტოქეებს, მათ წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ასევეა ჩემი  თანაგუნდელების უმრავლესობაც. ვნახეთ ვიდეოები და ვიცით, რა სტილის გუნდს ვეთამაშებით.

როდესაც ნაკრები თამაშობს, გულშემატკივარი ყოველთვის შედეგს ელოდება, თუმცა ჩვენი მიზანი იქნება, შედეგთან ერთად კარგი თამაშიც ვაჩვენოთ. გუნდში არაერთი ახალგაზრდაა და უნდა აღინიშნოს, რომ  მწვრთნელებს და გამოცდილ მოთამაშეებს სწორედ მათი იმედი გვაქვს. კარგი თაობა მოდის და მათთან შეთამაშების შემდეგ, ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. მინდა წარმატება მივულოცო საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს.  მოულოდნელობებით სავსე გუნდია! უკვე ორი წელია წარმატებით და   სტაბილურად თამაშობენ. მე ვიცი, რას წარმოადგენს ამ ასაკში ჰოლანდიის ნაკრები. ჩვენმა გუნდმა კი, ის დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ საკუთარ ასაკში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. თავდაჯერებულები არიან და იმედი მაქვს, რომ 30 მაისს მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას კიდევ ერთხელ მივულოცავ”.

საქართველო – საუდის არაბეთის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ქალაქ ხერესში 29 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს არცერთი ქართული ტელეარხი არ გეგმავს. მის ჩვენებას SAUDI TV უზრუნველყოფს. ონლაინ ყურებისთვის საჭირო ლინკს კი, მოგვიანებით შეგატყობინებთ.

დაბოლოს, დღევანდელი მატჩის წინ, ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი) გიორგი ნადირაძე („სპარტაკი” ცხინვალი);

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი („დინამო“ თბილისი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი პაპავა („დინამო” თბილისი), ლევან ხმალაძე („ჩიხურა”,საჩხერე);

თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი) ვლადიმერ დვალიშვილი (“ლეგია” ვარშავა).

სფფ-ის პრესსამსახური
ესპანეთი

U19 – ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე, წინ გადამწყვეტი მატჩია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდის მეორე შეხვედრაში კვიპროსელ თანატოლებთან გაილაღა. ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა მეტოქეს ხუთი ბურთი გაუტანეს და კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა. ამ მოგების შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ისრაელს ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა და ჯგუფის პირველ ადგილზეა. ისრაელმა კი, თავის მხრივ, მასპინძელ შვეიცარიას მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო და 6-6 ქულა გვაქვს.

ლოზანაში მთელი დღის განმავლობაში წვიმდა, თუმცა, მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე წვიმა შეწყდა და ფეხბურთელებს საკმაოდ ნორმალურ პირობებში, კარგ მოედანზე მოუწიათ თამაში.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო. ჩვენი ფეხბურთელები ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ მეტოქეს. ვასილ მაისურაძის გუნდი საჭიროებისამებრ უმატებდა და აგდებდა ტემპს; იყო მრავალფეროვანი შეტევები და საკმაოდ კარგი გოლებიც გავიდა.

ანგარიში მე-14 წუთზე მათე ცინცაძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა. ალბათ, გულშემატკივარს ეხსომება საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის კარში მათეს გატანილი ჯარიმა და ეს გოლიც ძალიან ჰგავდა წინანდელს.

ხუთ წუთში კი, ანგარიში უკვე ორამდე გაიზარდა. ლუკა ზარანდიამ კარგად უპასა ლუკა კიკაბიძეს და ნაკრების ნახევარმცველსაც გატანა არ გასჭირვებია. ამის შემდეგ, უკვე თავად ლუკა ზარანდიას ჯერი დადგა. ლუკამ ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად გაისროლა. მეკარეს მცველი ეფარებოდა და დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა. ზარანდიას დარტყმულმა მეკარესაც და მცველსაც თავზე „გადაუფრინა“ – 3:0.

ტაიმის ბოლო დამატებულ წუთზე კი, ლუკა ზარანდიას შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, როცა ახალგაზრდა შემტევმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, არეულობაში კვიპროსელმა ლოიციდესმა საკუთარ კარში ჩაჭრა და მსაჯის სასტვენიც გაისმა – შესვენებაზე 4-ბურთიანი უპირატესობით გავედით.

მანამდე კი, არაერთი მომენტი გვქონდა. გოლის გატანამდე მცირედი დააკლდათ ცინცაძეს, ზარანდიას, აბურჯანიას, თევზაძეს….

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როცა კაკაბაძე-დარციმელიას კომბინაცია გოლით ლუკა კიკაბიძემ დაასრულა – 5:0. საჯარიმო დარტყმით მეორე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ცინცაძეს, მაგრამ მცირედით ააცილა. ქართველები იმდენ ხანს ფლობდნენ ბურთს და ერთმანეთში ათამაშებდნენ, რომ შორიდან მაყურებელს ვარჯიშიც კი შეიძლებოდა ჰგონებოდა.

და მაშინ, როცა ყველა საფინალო სასტვენის მოლოდინში იყო, ჩვენებს მეტოქის შეტევა გაეპარათ და მეკარე ქურდაძემ მეტოქის თავდამსხმელი საჯარიმოში მოცელა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად პანაიოტუმ შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 5:1.

ახლა, საქართველოს ნაკრები 2 დღე დაისვენებს და ისრაელთან გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს ფრეც აძლევს ხელს, თუმცა, ქართველი ფეხბურთელები ელიტრაუნდის ასპროცენტიანი შედეგით დამთავრებას გეგმავენ და ისრაელთან მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ.

ასე რომ, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა – 30 მაისს, ისრაელთან დადებითი შედეგი. გუნდს დაუბრუნდება წინა მატჩში დისკვალიფიცირებული გიორგი პაპუნაშვილი და ვასილ მაისურაძის გუნდი სრული საბრძოლო შემადგენლობით იქნება.

აქვე, ერთი საინტერესო ფაქტიც: ბოლო მატჩის მთავარი მსაჯი რუმინელი მარიუშ ავრამი იქნება, რომელიც ვასილ მაისურაძეს, მის გუნდსა და ქართველ გულშემატკივარს საკმაოდ ცუდად ახსოვს 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან, როცა ნახევარფინალში, ჰოლანდიასთან, რუმინელმა მოედნიდან ნიკა ჭანტურია გააძევა და კაცნაკლული დაგვტოვა. „95-იანებმა“ ჰოლანდიასთან რევანში უკვე აიღეს და ვიმედოვნებთ, 30 მაისის მატჩში, მარიუშ ავრამი მოედანზე ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურა იქნება…

 

19-წლამდელთა ელიტრაუნდი. მე-3 ჯგუფი

ლოზანა, შვეიცარია. სტადიონი „ხუან-ანტონიო სამარანჩი“

საქართველო vs კვიპროსი 5:1 (4:0)

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ნ.ჭანტურია (კაპ), თევზაძე, ცინცაძე, აბურჯანია (შენგელია 74), გოროზია, კიკაბიძე (ბერიძე 69), ზარანდია, დარციმელია (კერძევაძე 57)

მთ.მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე

კვიპროსი: გეორგიუ, კარო, დჯამასი, თერაფონტოსი (ტ.კონსტანტინუ 46), კოსმასი, ფრაგკოუ (პაპაფოტისი 79), კატელარისი, ტ.კონსტანტინუ, ლოიციდესი, პანაიოტუ, მაკრისი (კატსიატი 90+3)

მთ.მწვრთნელი – იოანის კონსტანტინუ

გოლები: ცინცაძე (14), კიკაბიძე (19, 55), ზარანდია (30), ლოიციდესი (45+2 საკ. კარში), პანაიოტუ (90+3 პენ)

გაფრთხილება: კაკაბაძე

მსაჯი: დანილო გრუჟიჩი (სერბეთი)

სფფ-ის პრესსამსახური
ლოზანა, შვეიცარია

 

ზვიად სიჭინავა: “უმაღლეს ლიგაში გუნდები რაოდენობა ჩვენი გადასაწყვეტია”

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენცია გამართა და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სფფ-ს პრეზიდენტმა საინტერესო სიახლეც გვითხრა.

ზვიად სიჭინავა (სფფ-ს პრეზდენტი): ბოლო პერიოდში პრესაში და საფეხბურთო წრეებში მხოლოდ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობაზე საუბარი. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენს პროექტში უმაღლესი ლიგის გარდა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებიც არის, რომლებიც რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება. 

პირველ რიგში ეს 2015 წლის სუპერთასის მატჩია, რომელსაც “დინამო არენა” უმასპინძლებს. აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს გარანტიებით არის აღებული და ჩვენც და სახელმწიფოსაც გარკვეული ვალდებულებები გაგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. 

მეორე საკითხი 2017 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაა. ამ ტურნირისთვის ოთხი სტადიონი, რუსთავი, გორი, მცხეთა, მიხეილ მესხი და დინამო არენა გვაქვს შერჩეული. გარდა ამისა, გვსურს, რომ გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში და ზუგდიდში მესამე კატეგორიის სტადიონები იყოს. 

ჩვენი პროექტის კიდევ ერთი მნიშნველოვანი დეტალი მასობრივი ფეხბურთია. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთს, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია. 

მინდა გითხრათ, რომ თბილისის შემოგარენში ვიწყებთ აკადემიის მშენებლობას, რომელიც 140 ბავშზეა გათვლილი და მოთამაშის სრულ მოზადებას გულისხმობს. თუმცა, გვაქვს სურვილი, რომ ასეთი ტიპის აკადემია საქართველოში მინიმუმ სამი იყოს. თბილისში, დასავლეთში და აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა ეს აკადემიები უფასო უნდა იყოს. 

რაც შეეხება საკლუბო თემას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მინდა ავღნიშნო, რომ გუნდების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში ჩვენი გადასაწყვეტია. მონაწილეების ხელოვნურად გაზრდა არ მოხდება. ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გუნდის არ არსებობის გამო თავს ანებებს ფეხბურთს და ეს პრობლემა გამოსასწორებელია.

გუნდების რაოდენობის გაზრდა პირველ რიგში კლუბების ინიციატივა იყო. საკმაოდ ბევრი სპეკულირებს სპორტული პრინციპის დარღვევის თემით. თუმცა, გუნდების უმაღლესშ 10-მდე, ხოლო პირველ ლიგაში 16-მდე შემცირების შემთხვევაში სპორტული პრინციპი არ დაირღვევა?

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით: ორ ივნისამდე ყველა ორგანიზაციას, ვისაც აქვს სურვილი ჩაატაროს ეროვნული ჩემპიონატი, გთხოვთ მოგვიტანონ გეგმა, ფინანსური გარანტიები. აღნიშნულ პროექტებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განვიხილავთ. 

IMG_4873IMG_4853IMG_4861IMG_4875

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ეროვნული ნაკრების ორი ამხანაგური მატჩი – 29 მაისს და 3 ივნისს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 29 მაისს საუდის არაბეთის ნაკრებს (ფიფას რეიტინგში 75-ე) ესპანეთის ქალაქ ხერესში დაუპირისპირდება. თემურ ქეცბაიას გუნდი მატჩისთვის მოსამზადებლად ესპანეთში 23 მაისს გაემგზავრება.

ამასთან, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების მეორე ამხანაგური მატჩის ჩატარების თარიღიც. 3 ივნისს, შვეიცარიაში, „ჯვაროსნები“ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების (ფიფას რეიტინგში 67-ე) წინააღმდეგ ითამაშებენ. მატჩის მასპინძელი ქალაქი რამდენიმე დღეში დაზუსტდება. ამ ორი ამხანაგური მატჩისთვის თემურ ქეცბაიამ 23 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“, მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („იაგელონია“, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა)

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი)

ნაკრებს ტრავმის გამო ჯანო ანანიძე გამოაკლდა. ასევე, ტრავმის გამო ვერ მოხვდა შემადგენლობაში გიორგი ჭანტურია, რომელიც რუმინეთის ჩემპიონატში მიღებულ ტრავმას ამ დრომდე მკურნალობს.

სფფ-ის პრესსამსახური

19-წლამდელები: ბოლო ვარჯიში თბილისში, შეკრება გერმანიაში

დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ვასილ მაისურაძის გუნდი გამთენიას გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ელიტრაუნდისწინა დასკვნით შეკრებას გაივლის.

ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“);

მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), გიორგი გაფრინდაშვილი („დილა“, გორი);

ნახევარმცველები: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ლოკომოტივი“ თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, არჩილ მესხი (ყველა „დინამო“ თბილისი);

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე შერაზადაშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი), დათო დარციმელია („სევასტოპოლი“, უკრაინა)

ნაკრების ახალწვეული – ალექსანდრე შერაზადაშვილი გუნდს გერმანიაში შეუერთდება. 22 მაისს, პირდაპირ შვეიცარიაში ჩავლენ ნაკრების ლიდერები – მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი, რადგან მათ 21 მაისს, „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის ფინალი უნდა ითამაშონ.

ვასილ მაისურაძის გუნდი გერმანიის საკურორტო ქალაქ გარმიშპატერკირხენში იცხოვრებს და იქ მოემზადება. 18 მაისს, ჩვენს გუნდს ამხანაგური შეხვედრა ექნება მიუნხენის „ბაიერნის“ 19-წლამდელთა გუნდთან. ელიტრაუნდამდე მეტი ამხანაგური მატჩი აღარ იქნება. ნაკრები შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრება.

სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა – ერთიანობაში

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე საუბარი კვლავ აქტუალურია. მთავრობასთან სამუშაო შეხვედრების შემდეგ, გაგაცნობთ, თუ რაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა.

საქართველოს მთავრობას მასშტაბური პროექტების ნუსხა წარედგინა, რომელიც პრემიერის მიერ იქნა მოწონებული. მისი ინიციატივითვე შეიქმნა ქვეკომისია, რომელმაც, პრემიერის უშუალო დავალებით ამ პროექტებზე უნდა იმუშაოს და კომისიას საბოლოოდ დამუშავებული ვარიანტები წარუდგინოს. საზოგადოება კი, შეცდომაშია შეყვანილი და მსჯელობის მთავარი თემა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი და გუნდების რაოდენობის გაზრდა ჰგონია.
ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ყველა დაინტერესებულ პირს განვუმარტოთ, თუ  რაზე მუშაობს რეალურად სახელმწიფო კომისია და რა საკითხები დგას დღის წესრიგში.
მთავრობასთან შეხვედრაზე, სფფ-ის მიერ წარდგენილ მასშტაბური პროექტების ნუსხაში შემდეგი ჩამონათვალია:
სტადიონების რეაბილიტაცია
კლუბების ფინანსური მხარდაჭერა
უეფას სუპერთასი – 2015
უეფას 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
უეფა-სფფ-ის საგანმანათლებლო პროექტები (ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები)
მასობრივი ფეხბურთის განვითარება (ხელმისაწვდომობის გაზრდა)
როგორც ხედავთ, კლუბების ფინანსური მხარდაჭერა ამ ჩამონათვალში ერთ-ერთია და არა ერთადერთი. წელში გამართული კლუბები ფეხბურთის განვითარების მნიშვნელოვანი დეტალი რომაა, ამაზეც არავინ დაობს. თუმცა, იქ, სადაც  განვითარების მასშტაბურ პროექტზეა საუბარი, რომელიმეს წინ წამოწევა და მისით სპეკულირება მართებულად არ მიგვაჩნია. სამწუხაროდ, ამ საკითხის გარშემო ისეთი წარმოდგენა შეიქმნა, თითქოს, მთავრობასთან მსჯელობისა და განხილვის მთავარი თემა მხოლოდ კლუბების დაფინანსება და ჩემპიონატის ფორმატია. ამიტომ  საზოგადოების ნაწილს მცდარი წარმოდგენა ექმნება, რადგან სრულად არ არის ინფორმირებული… მასშტაბურობისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა იმ პუნქტის არსებობა (რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ) და მასზე მუშაობაა მთავარი მიზანი და სწორედ, ამას ელოდება კომისიისგან ქვეყნის მთავრობის მეთაური.
სახელმწიფოს სფფ-სთან ერთად, აღებული აქვს ვალდებულება, მაღალ დონეზე, ღირსეულად უმასპინძლოს უეფას 2015 წლის სუპერთასს. სამუშაო კი, ძალიან ბევრია. საქმე მხოლოდ სტადიონს არ ეხება. მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლოთ.
უეფას 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვაზე, სტადიონების რეაბილიტაციაზე უნდა იმუშაოს სახელმწიფო კომისიამ.
ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების დაარსებისა და მათ განვითარების სრულყოფილი გეგმა უნდა წარადგინოს სახელმწიფო კომისიამ, რომელიც უეფას, სფფ-ისა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი იქნება და ათასობით მოზარდი უფასოდ შეძლებს საფეხბურთო განათლების მიღებასა და ვარჯიშს.
აი, ეს იყო მთავრობის ხელმძღვანელთან პირველადი შეთანხმება და ყველა ამ საკითხის წარდგენას ელოდება ქვეყნის პრემიერი.
რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმატისა და რამდენგუნდიანი ჩემპიონატი იქნება, ამას წყვეტს ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რადგან ეს უშუალოდ ფედერაციის შიდა საქმეა. ჩემპიონატი ფედერაციის ეგიდით ტარდება და ეს მისი პასუხისმგებლობაა.
საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები კლუბებთან. შესაბამისად, გადაწყვეტილებას სფფ თავის სუბიექტებთან ერთად მიიღებს. სახელმწიფოსთან ერთად კი, გაცილებით მასშტაბურ პროექტებსა და საკითხებზეა სამუშაო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, დღეს უეფაში გაემგზავრნენ, სადაც ინტენსიურ კონსულტაციებს გაივლიან არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ამ ყველაფერში უეფასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს; ჩვენ კი – ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები.
19 მაისს, უეფადან დაბრუნებული ზვიად სიჭინავა და რევაზ არველაძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ და ყველა აქტუალურ თემაზე ვრცელ, დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ.
სფფ-ის პრესსამსახური

სპეციალური ოლიმპიადის ევროპული ტურნირი ფეხბურთში

დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედია ცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც  სპეციალური ოლიმპიადის ევროპული საფეხბურთო ტურნირის თბილისში გამართვას ეხებოდა. პრესკონფერენციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი – არჩილ არველაძე, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული დირექტორი – ჟანა გოცირელი და კომპანია „For Sport“ – ის წარმომადგენელი – ნუცა მალაშხია ესწრებოდნენ.

14-18 მაისს, თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება სპეციალური ოლიმპიადის ევროპული ტურნირი ფეხბურთში. მასში მონაწილეობას მიიღებს 230-ზე მეტი ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი 14 ქვეყნიდან – ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, დანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი და საქართველო. აქედან, 6 ქალთა და 12 ვაჟთა გუნდია.

16 მაისს, ტურნირის გახსნის ცერემონია დაიწყება ოლიმპიური ჩირაღდნის გარბენით თავისუფლების მოედნიდან „მიხეილ მესხის“ სტადიონამდე. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ამით სპეციალური ოლიმპიადის მხარდაჭერას გამოხატავენ.

ეს ტურნირი ევროპის მასშტაბით და სპეციალური ოლიმპიადის ეგიდით 17-25 მაისს ტარდება და მისი მხარდამჭერი UEFA RESPECT-ია. ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საფეხბურთო თანამეგობრობაში გაერთიანების  ხელშეწყობა ხდება.

ტურნირის ორგანიზატორებთან და მხარდამჭერებთან ერთად მოგმართავთ, გამოხატოთ თქვენი დადებითი დამოკიდებულება ინტელექტუალური შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ და დაესწროთ ამ მასშტაბურ ღონისძიებას, უგულშემატკივროთ ქართველ სპეციალურ სპორტსმენებს და ერთად დავეხმაროთ მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. გელოდებით ყველას „მიხეილ მესხის“ სტადიონზე!

სფფ-ის პრესსამსახური

საქმე – საქმისთვის. განვითარებისა და დახმარების პროექტების ავკარგიანობა…

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი საკმაოდ ხმაურიან და აქტუალურ თემად იქცა. თემად, რომელსაც სხვადასხვა მხარე სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას უკეთებს და შედეგად, საზოგადოება და გულშემატკივარი კვლავ არაინფორმირებული რჩება და გაუგებრობაშია.

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მის სიღრმეებში კიდევ ერთხელ ჩახედვა და დეტალების განმარტება, ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება. მას შემდეგ, რაც სფფ-მ კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ 16-გუნდიანი ჩემპიონატის პროექტი მოამზადა და წარადგინა, სამუშაო პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს. კლუბები დამოუკიდებლადაც იკრიბებიან და მსჯელობენ, განიხილავენ ვარიანტებს თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებისა და დაფინანსების პროექტი, რომელიც შესაძლოა იმ შემთხვევაში ამოქმედდეს, თუ განხორციელდება საფეხბურთო კლუბების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა და ფუნქციონირებას დაიწყებს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა.

ეს საკითხი სამთავრობო კომისიაზეც გავიდა და ქვეკომისიაშიც იქნა განხილული. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ეს სპეკულაცია კი არა, რეალობაა. მეტიც, მთავრობასთან დასმული საკითხებიდან, ამაზე მსჯელობაც ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომისიას კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმა უნდა წარედგინოს.

თავდაპირველად, კლუბების ფინანსური დახმარების პროექტი გაწერილი იყო 12 გუნდზე, მაგრამ როცა გაჩნდა იმის იმპულსები, რომ საქართველოს მთავრობა უპრეცენდენტო დახმარებას გაუწევდა ქართულ ფეხბურთს, ჩემპიონატის 16-გუნდამდე გაზრდის თემა აქტუალური და „ცხელი“ გახდა. პროექტს ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები და ეს ნორმალური პროცესია. სწორედ, ამიტომაა ამდენი კამათი და სამუშაო შეხვედრა, რომ საბოლოოდ, საუკეთესო ვარიანტი შეიჩეს და მისი განხორციელება დაიწყოს.

ამ პროექტის დადებითი მხარე რამდენიმე ასპექტშია. უპირველესად, დასაქმდებიან ფეხბურთელები, მწვრთნელები და ფეხბურთში მოღვაწე სხვა ადამიანები. კლუბებს ექნებათ ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულონ ლიცენზირების მოთხოვნები, ჰყავდეთ ასაკობრივი გუნდები, ლიცენზირებული მწვრთნელები. ფაქტიურად, თითო კლუბში 100-150 ბავშვს მიეცემა საშუალება უფასოდ ივარჯიშოს…

ახლა, დეტალურად გავყვეთ და ციფრებით განვიხილოთ ყველა პერსპექტივა.

16-გუნდიანი ჩემპიონატის შემთხვევაში – კლუბის ვალდებულება იქნება ძირითადი გუნდის პარალელურად ჰყავდეს 5 ასაკობრივი გუნდი (U10, U13, U15, U17, U21), რომელთა რაოდენობა განვითარების ეტაპების პარალელურად უნდა გაიზარდოს და 9 გუნდამდე ავიდეს  (U10, U11, U12, U13, U14, U15, U17, U19, U21).

უეფას სტანდარტის მიხედვით, თუ თითო ასაკობრივ გუნდში 20 ფეხბურთელი იქნება (რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში არსებული მოთხოვნებისდა მიხედვით, ანუ შეიძლება იყოს უფრო მეტი), საერთო ჯამში, ერთი კლუბის 5 ასაკობრივ გუნდში 100 ბავშვი და ახალგაზრდა ივარჯიშებს. შესაბამისად, 12-გუნდიანთან შედარებით, ამ შემთხვევაში 400-ით მეტი ასაკობრივი ფეხბურთელი გვეყოლება (1600). საერთო რაოდენობისა (16 კლუბის საერთო ჯამი) და ნამატის დათვლა კი, უკვე მარტივი არითმეტიკაა.

ამას დავუმატოთ გუნდის მომსახურე პერსონალი, მწვრთნელები… ანუ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ლოგიკურად იზრდება. მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების დასაქმება და მათი ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩაყენება საერთო საქმეა, სახელმწიფოებრივი და ამით ფეხბურთს და ქვეყანას მხოლოდ დავეხმარებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, სადაც უნდა დასაქმდნენ ის ადამიანები, ვინც აქტიური ფეხბურთიდან წავა და ფეხბურთში საქმიანობას გადაწყვეტს. ჩვენს ქვეყანაში კი, ასეთი ძალიან ბევრია. სფფ-ის მიერ განხორციელებული მწვრთნელთა ლიცენზირებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების მეშვეობით, ბევრმა მიიღო განათლება, მაგრამ დასაქმებული ჯერაც არაა. სწორედ, ამ ადამიანებს უნდა დაეხმაროს ეს პროექტი.

პროექტში დეტალურადაა გაწერილი ფინანსური საკითხები – თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ კლუბებმა სახელმწიფოსგან მიღებული თანხა. ესაა, მაგალითად, საწვრთნელი შეკრებები, კლუბის ლიცენზირება, ბავშვთა ფეხბურთი, ეკიპირება და სხვა და სხვა… კლუბები თავად გადაწყვეტენ თანხების მიზნობრიობას; არავის აქვს უფლება, კლუბის შიდა მენეჯმენტში ჩაერიოს. მაგრამ ამ პროცესში მუდმივად უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მონიტორინგი და კონტროლი. ვიმეორებთ, რომ ესაა კლუბების დახმარების პროექტი, რომელიც უნდა იყოს სტარტი – პირველ ეტაპზე, ფეხზე უნდა დავაყენოთ უმაღლესი და პირველი ლიგა. პროექტის ავტორებისა და სპეციალისტების აზრით, შესამჩნევი პროგრესი, დაახლოებით, 2 წელში იქნება სახეზე.

სფფ-სთან მიმართებაში, ტერმინ „სპეკულაციასთან“ ერთად, გაჟღერდა ისიც, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხოლოდ თეზისებით შემოიფარგლება და განვითარების არანაირი პროექტი არ გააჩნია. საკითხს ძალიან მარტივად მივუდგეთ და განვმარტოთ: ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და სტრატეგია 2-3 დღეში არ იწერება. მის განხორციელებაში კი, უდიდესი როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, ვინაიდან სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს  – 1) დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელსაც სახელმწიფოს გარდა ვერავინ მოერევა;

2)  საგადასახადო საკითხებს, რომელიც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ასევე ვერ მოგვარდება;

ამ შემთხვევაში, სფფ მხოლოდ საფეხბურთო საკითხებით შემოიფარგლება. მომზადებული და განსახილველად წარდგენილია„საკლუბო ფეხბურთის ფინანსური მხარდაჭერის“ პროექტი (იხილეთ სრულად – http://gff.ge/GFF.aspx?newid=3036). ამას გარდა, სფფ-ში არის 400-გვერდიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, რომელიც უეფასთან და ერთ-ერთ ინგლისურ კომპანიასთან ერთად გაკეთდა და რომლის პირველი ნაწილი გასაცნობად სამთავრობო კომისიათან არსებულ ქვეკომისიაშია გაგზავნილი, თუმცა, ჯერჯერობით მას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

ასე რომ, სწორედ ამ ყველაფერის ერთობლიობამ უნდა შეკრას და შექმნას ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და ამ მიზანს ემსახურება სამთავრობო კომისიის შექმნა, სადაც ყველა მხარე აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

ის პროექტი კი, რომელიც საბოლოო და სრულყოფილი სახით სამთავრობო კომისიას ქვეკომისიამ უნდა წარუდგინოს, სპორტის სამინისტროს ვერსიით 5-წლიანი უნდა იყოს და საბოლოო ჯამში, გუნდები კერძო უნდა გახდეს. რასაკვირველია, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა, არის ერთი არცთუ უმნიშვნელო დეტალი. საბოლოოდ, კლუბები კერძო გახდება, მუნიციპალური თუ ნახევრად კერძო, ამას ნებისმიერ შემთხვევაში ბაზარი დაარეგულირებს. არ არსებობს მსოფლიოში ასეთი პრეცენდენტი, რომ სადმე ყველა გუნდი აუცილებლად კერძო უნდა იყოს. ამის არც მოთხოვნა არსებობს და არც აუცილებლობა და გავიმეორებთ, რომ ეს ყველგან მხოლოდ ბაზრის მეშვეობით რეგულირდება. არსებობის საშუალება ყველა ტიპის გუნდს უნდა ჰქონდეს – კერძოსაც, მუნიციპალურსაც, ნახევრად კერძოსაც და ა.შ.

დღევანდელ ევროპაში, ინფრასტრუქტურულად და საფეხბურთო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა გერმანიაა, სადაც თითქმის არ არსებობს 100 პროცენტიანი კერძო დაფინანსების კლუბი. ყველა შემთხვევაში, კლუბის დაფინანსებაში ჩართულები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და მერიები. გერმანიის მოდელმა ფინანსური, სპორტული და სოციალური თვალსაზრისით იმდენად გაამართლა, რომ ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი მის დანერგვას უკვე იწყებს. მაგალითად, განხორციელება დაიწყო შვედეთმა. ინგლისის პარლამენტში კი, შესულია კანონპროექტი, რომელიც ამ სისტემის განხორციელების საშუალებას მისცემთ.

რაც შეეხება უეფას, სფფ-ისა და სახელმწიფოს შეთანხმებებს სხვადასხვა პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით, ეს ამბავი ახალი არავისთვისაა. არის პროექტები, რომლებსაც სფფ უეფასთან ერთად დამოუკიდებლად ახორციელებს, მაგრამ მასშტაბურ პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის დავასახელებთ 2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, რომლის მასპინძლობაზე განაცხადი ჩვენ უკვე შეტანილი გვაქვს. სწორედ, სახელმწიფოს ჩართულობით უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და სტადიონები. სფფ-მ კი, როგორც წესი, უნდა უზრუნველყოს ტურნირის მენეჯმენტი და ორგანიზება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სფფ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამასა და სტრატეგიას მარტო ვერ შეიმუშავებს, ვინაიდან ეს უამრავ თანხასთანაა დაკავშირებული და სახელმწიფოსა და შესაბამისი სტრუქტურების გარეშე მისი განხორციელება შეუძლებელია.

სამთავრობო კომისიაში ლაპარაკი და მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მართლაც ძალიან სერიოზულ და აუცილებელ საკითხზე; მაგალითად, როგორიცაა კლუბების ფინანსური მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დღეს შეიძლება განხორციელდეს და უზარმაზარ თანხებთანაც არ არის დაკავშირებული. დღესდღეობით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია. კლუბების ფინანსური მხარდაჭერის დადებითი მხარეები რომ სარგებელს ბევრი თვალსაზრისით მოიტანს, ეს ნათელია და ვიმედოვნებთ, ამჯერად მაინც გაკეთდება საქმე საქმისთვის და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი ამბიციების დროებით გვერდით გადადებას ყველა შეძლებს.

სფფ-ის პრესსამსახური

მინდვრის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სფფ უსასყიდლოდ ატარებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის, კერძოდ მინდვრის საფარის მოწესრიგებისა და მოვლის პროგრამა ხორციელდება.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ სრულადაა დაფინანსებული ტექნიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მდებარე  სტადიონებზე  მინდვრის საფარს სარეაბილიტაციო პროცედურებს უტარებს.

ჯგუფის მიერ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე რეაბილიტირებულ იქნა 14 სტადიონი, რომელთა სია და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. ფოთის ცენტრალური სტადიონი „ფაზისი“ – მოედნის დაჩხვლეტა, გასწორება, მოედნის გასათიბი მოწყობილობის შეკეთება, სარწყავი სისტემის გამართვის შესახებ სტადიონის თანამშრომელთა კონსულტირება (27 მარტი, 2014).
  2. საჩხერის  „ივანწმინდას“ სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება, სილის შეტანა, მკვებავი მინერალების შეტანა, დაჩხვლეტა (20 თებერვალი, 2014).
  3. საჩხერის ხელოვნურ საფარიანი მოედანი – კაუჩუკის ფხვნილის შეტანა, მოედნის დავარცხნა (20 თებერვალი, 2014).
  4. საჩხერის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (20 თებერვალი, 2014).
  5. 5.    ჩოხატაურის ბ. პაიჭაძის სახ. ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (26 მარტი, 2014).
  6. ლანჩხუთის ე. შევარდნაძის სახ. სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება, სილის შეტანა, მკვებავი მინერალების შეტანა, დაჩხვლეტა (26 მარტი, 2014).
  7. ოზურგეთის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (26 მარტი, 2014).
  8. თერჯოლის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (14 თებერვალი, 2014).
  9. ვანის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (15 თებერვალი, 2014).
  10. სამტრედიის ემანჯგალაძის სახ. სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი  – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (26 მარტი,  2014).
  11. რუსთავის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, ხელოვნურსაფარიანი მოედანი – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (19 მარტი,  2014).
  12. რუსთავის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, სტანდარტული  მოედანი – მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება, მკვებავი მინერალების შეტანა, დაჩხვლეტა (19 მარტი, 2014).
  13. რუსთავის ცენტრალური სტადიონი  „ფოლადი“ ხელოვნურსაფარიანი მოედანი – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (19 მარტი,  2014).
  14. „მცხეთა პარკის“ (ვიტ ჯორჯიას სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი მოედანი  – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (20 მარტი,  2014).

სტადიონების სარეაბილიტაციო ტექნიკური ჯგუფი მუშაობას აგრძელებს.

სფფ-ის პრესსამსახური

უეფას კურსებზე განაცხადების შეტანის ვადა იწურება

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ უეფასა და სფფ–ს პატრონაჟით საქართველოში პირველად ტარდება უეფას კურსები საფეხბურთო მენეჯმენტში (იხ. ინფორმაცია სფფ-ის ვებ-გვერდზე: “უეფას სერტიფიკატი საფეხბურთო მენეჯმენტში – ქართული გამოშვება 2014/2015” http://gff.ge/GFF.aspx?newid=3070).

ვინაიდან განაცხადების წარმოდგენის ვადა იწურება ა/წ 28 მარტს – ქართულ ფეხბურთში მომუშავე პირებს კიდევ ერთხელ მოგმართავთ გამოიყენოთ ეს უნიკალური შანსი, რათა ეზიაროთ მოწინავე ევროპულ გამოცდილებას და მიიღოთ ფასდაუდებელი ცოდნა თანამედროვე საფეხბურთო მენეჯმენტის შესახებ.

შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მისამართზე cfm@gff.ge.

სფფ-ის პრესსამსახური