ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს

4-5 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და მათზე დასწრება თავისუფალია.

ინგლისის ეროვნული გუნდი ევრო 2018-ის შესარჩევ ტურნირში წინა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და „დ“ ჯგუფში ალბანეთის, ბულგარეთისა და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდა. გამართული სამი შეხვედრიდან ინგლისელებმა ორი მოიგეს, თუმცა ლიდერ ალბანეთს სამი ქულით ჩამორჩნენ და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.

Gff.Ge

ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს: ანალიტიკური პლატფორმა კლუბებს და მსაჯებს

7 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს ახალი ანალიტიკური პლატფორმა, „ვაისკაუტი“ წარუდგინა. სფფ-ის სრული დაფინანსებით, 2018 წლის სეზონში სწორედ ეს კომპანია მიაწვდის კლუბებს თითოეული მატჩის ანალიზსა და გუნდებისა თუ ფეხბურთელების სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

„ვაისკაუტის“ წარმომადგენლებმა დღევანდელ სემინარზე დეტალურად აუხსნეს კლუბებს პროგრამის მუშაობის სპეციფიკა. საინტერესოა, რომ ეროვნული ჩემპიონატების გარდა, კლუბებს მათთვის საინტერესო სხვა ქვეყნების ჩემპიონატების მონაცემების მიღებაც შეუძლიათ და მათთვის საინტერესო მოთამაშეებზე სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებაც.

ერთი სიახლეც: ამ სეზონიდან „ვაისკაუტი“ მსაჯებსაც მოემსახურება და სფფ-ის მსაჯთა განყოფილებას სრული ანალიტიკური სურათი ექნებათ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მატჩებზე მომსახურე მსაჯების თაობაზე.

Eliga.Ge

სადისციპლინომ სფფ-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა: ეროვნული ლიგის გახსნას გულშემატკივარი დაესწრება!

ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშება 2 მარტს აიღებს სტარტს – სეზონს ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ გორის „დილასთან“ საშინაო მატჩით გახსნის. 2017 წლის ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სტუმრად, თბილისის „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩისას ტრიბუნაზე მომხდარი არეულობის გამო „ტორპედოს“ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს – „დილასთან“ და „ლოკომოტივთან“ უმაყურებლოდ უნდა ჩაატაროს შეხვედრები.

იქიდან გამომდინარე, რომ 2 მარტი ჩემპიონატის გახსნის დღეა, გულშემატკივართა ინტერესი დიდია და თან დაგეგმილია მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს სასჯელის გადანაცვლების თაობაზე.

სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი, გაითვალისწინა გარემოებები და დაადგინა, რომ ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ნაცვლად, „ტორპედო“ სასჯელით გათვალისწინებულ ერთ უმაყურებლო მატჩს მესამე წრეში, იმავ გორის „დილასთან“ ჩაატარებს.

Eliga.Ge

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო. პროგრამის დაწყება კურსის მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ მიულოცა.

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი, რომელიც როგორც თეორიულ., ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავს, 10 დღის განმავლობაში ჩატარდება. ამ ეტაპზე სწავლებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 25 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის, მათ შორის 3 გოგონაა, ხოლო 1 განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირი.

აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია,

რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

Gff.Ge

მარტვილში გახსნილი თბილისის “დინამოს” აკადემია თავდაპირველად სამ მწვრთნელს მოამზადებს

მარტვილში ახალგახსნილმა საფეხბურთო აკადემიამ უკვე დაიწყო ფუნქციონირება.

“დინამოს” აკადემიის ფილიალისთვის შერჩევები ჩატარდა. ამ კვირას კი დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია მარტვილიდან სამ მწვრთნელს მასპინძლობს. უშანგი რუხაია (13 წლამდე გუნდის მწვრთნელი), გიგა ჭუბაბრია (12 წლამდე გუნდის მწვრთნელი) და დათო გეგეჭკორი (მეკარეების მწვრთნელი) ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დინამოს აკადემიაში იცხოვრებენ, ადგილზევე გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.

აქვე გეტვით, რომ მომდევნო კვირას აკადემიას 9, 10 და 11 წლამდე გუნდების მწვრთნელები ეწვევიან და სტაჟირებას გაივლიან.

Fcdinamo.Ge

ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა (ვიდეო)

14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს.

გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირები, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლევან კობიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის, პროექტის მიზნებზე ისაუბრა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2018 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ წინსვლაზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, დღეს ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემია გაიხსნა. ლაგოდეხის ბაზაზე ახალი საფარი დაიგო, დამონტაჟდა ახალი განათება და შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლევს აკადემიამ სრულყოფილად იმუშაოს. ამ აკადემიაში ორი გუნდი იქნება, რომელებიც აქ იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და, რა თქმა უნდა, განათლებას მიიღებენ. განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის აკადემია სრულიად კახეთის რეგიონს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული აკადემია რიგით მესამეა. ერთი ცენტრალური ფილიალი თბილისშია, მეორე დასავლეთ საქართველოში – კერძოდ ზუგდიდში, მესამე კი, კახეთში გავხსენით. ეს წინსვლა საშუალებას გვაძლევს, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში და ამით ხელი შევუწყოთ ქართული ფეხბურთის განვითარებას.“

რეგიონისათვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ფეხბურთის ფედერაციას გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და ლაგოდეხში აკადემიის გახსნა დადებითად შეაფასა. ირაკლი კობახიძემ, ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარება და მასში ჩართული ადამიანების ზრდა, დადებით გავლენას იქონიებს ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებაზე.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და მედიის წარმომადგენლები ტექნიკური ცენტრი დაათვალიერეს და აკადემიის მოთამაშეებს უშუალო გარემოში გაესაუბრნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია გაწია. სფფ-ის სრული დაფინანსებით,  ლაგოდეხის ბაზაზე სტადიონის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა და დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ამასთანავე, სტადიონი აღიჭურვა 300 ლუქსიანი განათების სისტემით. სათამაშო მოედნის მოწყობასთან ერთად ბაზის ცენტრალურ შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა – სრულად შეიცვალა კონდიცირების სისტემა და განახლდა ელექტროენერგიის წყარო.

ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი სულ 110 ადამიანზეა გათვლილი.

ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემიის მთავარ მწვრთნელად გიორგი ნუსხელიძე იმუშავებს, მისი დამხმარეები კი ადგილობრივი სპეციალისტები – ალექსანდრე ჯაფარიძე, შიო შეყელაშვილი და ვახტანგ თანდაშვილი იქნებიან.

ლაგოდეხის განახლებულ ბაზაზე მომავალში სრულფასოვანი შეკრების გავლა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შეეძლებათ.

Gff.Ge

სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართება

14 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. საგულისხმოა, რომ ეს სხდომა ხვალ დილით, 11:00 საათზე დაიწყება.

დადგინდა დღის წესრიგიც. იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. საქართველოს 2018 წლის XXX ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXIX გათამაშების დებულების დამტკიცება;
2. კლუბების ლიცენზირების საკითხი;
3. ს.კ. „ზესტაფონის“ წერილი;
4. სხვადასხვა.

ლაგოდეხში სფფ-ის აკადემიის ფილიალი გაიხსნება

14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნება. აკადემიაში 2003-2004 წელს დაბადებული ბავშვები ივარჯიშებენ.

გახსნის ცერემონია 18:30 საათზე შედგება და მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სხვა ოფიციალური პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრები და მედიის წარმომადგენლები ტექნიკურ ცენტრს დაათვალიერებენ.

Gff.Ge

ლევან კობიაშვილი უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს. ქალაქ ფრანკფურტში გამართულ სხდომას ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრის რანგში ესწრებოდა. სხდომაზე სულ კომიტეტის ექვსი წევრი მიიწვიეს, რომელსაც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხელძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის საუბრის თემა ევროპარლამენტის მიერ გასულ წელს განხილული რეზოლუცია – „ფეხბურთის კარგი მმართველობა“ იყო.

სხდომაზე საუბარი შეეხო თანამედროვე ფეხბურთში არსებულ აქტუალურ თემებს, მათ შორის: საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტს, საფეხბურთო ორგანიზაციების ურთიერთობას სხვადასხვა სპორტულ უწყებებთან, მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და სხვა. სამუშაოს ჯგუფის მიზანია აღნიშნული თემების გათვალისწინებით მომზადდეს სპეციალური დოკუმენტი,რომელიც წარედგინება ჯერ უეფას აღმასრულებელ კომიტეტს, შემდეგ კი უეფას წევრ ყველა ასოციაციას.

Gff.Ge

სფფ ექვსი მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ დღეს გამოაქვეყნა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის საწყისი ორი წრის კალენდარი. ამრიგად, 2018 წლის სეზონი ოფიციალურად 1 მარტს დაიწყება.

2018 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ქართულ ფეხბურთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო. სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული რამდენიმე გუნდის საშინაო არენის დროებითი ცვლილება. კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული ფინანსური მხარდაჭერით, პირველ ეტაპზე ქვეყნის ექვსი ქალაქის სტადიონზე დაიგება საერთაშორისო სტანდარტის მინდვრის საფარი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ეს ქალაქებია ფოთი, ქობულეთი, სამტრედია, წყალტუბო, ივანწმინდა და ბოლნისი. საფარის გარდა, ამ სტადიონებზე მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილია სხვადასხვა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც.

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის განახლების თარიღია 3-4 აგვისტო. სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ზემოაღნიშნული სტადიონების გახსნა და გუნდების მშობლიურ, განახლებულ მოედნებზე დაბრუნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში და მიუხედავად მცირე სირთულეებისა, დროებით სხვა ქალაქებშიც მხურვალედ უქომაგებენ თავიანთ გუნდებს.

Gff.Ge

მსაჯთა აკადემიაში სასწავლო პროცესი დაიწყო

პირველად საქართველოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, მსაჯთა აკადემია გაიხსნა, რომელიც კურსის მონაწილეთათვის სრულიად უფასოა. პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მსაჯის პროფესიის შესწავლის 500 მსურველიდან, გასაუბრების შედეგად, 20 დეკემბერს სწავლა 30-მა შერჩეულმა მონაწილემ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მსაჯის პროფესიას 7 გოგონა დაეუფლება. გახსნის პროცესს უეფას მსაჯთა კომიტეტის წარმომადგენელი იაპ ულენბერგი და უეფას მსაჯთა განვითარების პანელის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელი იორნ ლარსენი დაესწრნენ.

იორნ ლარსენი: „როდესაც 10 წლის წინ საქართველოში, პირველად ჩამოვედი, მიმაჩნდა,  რომ აქ ძალიან ცოტა მსაჯი იყო – დაახლოებით 160-170 მსაჯი, მაგრამ მეტი გვჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ძალიან კარგია, რადგან მსაჯთა აკადემიის პირველ კურსზე 30 მსმენელია, შემდეგ თვეში კი სწავლას კიდევ 50 დაიწყებს. ეს ნიშნავს იმას, რომ დროის პატარა მონაკვეთში ჩვენ შეგვეძლება მსაჯთა რაოდენობა გავაორმაგოთ. რაც საქართველოსთვის ძალინ დიდი წარმატება იქნება.”

კურსანტის აკადემიაში მოხვედრის შემდეგ, მისთვის მომზადება, ეკიპირება და სასწავლო მასალები უფასოა. სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ რეალური შანსი, სამსაჯო კარიერა დაიწყონ.

მომავალ მსაჯებს სასწავლო პროცესის დაწყება ასევე მიულოცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა: „ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო მიმართულება ბევრ სხვადასხვა პროექტს მოიცავს, მათ შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესია „მსაჯთა აკადემია“. ამ პროექტის დაწყებისთანავე 500-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, ესწავლა მსაჯთა აკადემიაში, რაც რა თქმა უნდა მისასალემებელია. დღეს 30-მა შერჩეულმა ადამიანმა დაიწყო სწავლა. ეს პროექტი უეფასთან ერთად ხორციელდება და მათი მხარდაჭერის დასტურია, რომ დღეს უეფადან ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს სწავლას იწყებენ საფუძვლიანად დაეუფლონ მსაჯის პროფესიას და ქართული ფეხბურთის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ, “-აღნიშნა მან.

მსაჯთა აკადემიის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია აღნიშნულ პროექტს ქართული ფეხბურთისთვის კომენტარი სფფ-ის სამსაჯო კომიტეტის თავჯდომარემ, თენგიზ სულაქველიძემაც გააკეთა.

პირველი დღე შეაფასეს პროექტის მონაწილეებმაც: „ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მინდოდა, რომ ქართულ ფეხბურთში ჩემი წვლილი შემეტენა. ამის გაკეთება ბევრგან ვცადე, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ სიამოვნებით ვიქნებოდი მსაჯი და ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა. ვხვდები, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერს თავს გავართმევ,”- განაცხადა ვიკა სახურიამ, რომელიც ერთერთია იმ 7 გოგონას შორის, რომელიც უახლესი პროექტის მონაწილეები არიან.

საქართველოში ფეხბურთით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის პროექტის მნიშვნელობა აღნიშნა კურსის სხვა მონაწილემ, გიორგი არჩვაძემ: “ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან საქართველოში ფეხბურთით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პრაქტიკულად პირველად მიეცათ შანსი ესეთ მასშტაბურ პროექტში ჩართულიყვნენ და ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მომავალში აქტიურად დავუკავშირდეთ ფეხბურთს.”

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მსაჯთა აკადემია“  მსურველების სწავლებასთან ერთად, უკვე მოქმედი მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნებს.

Gff.Ge

სფფ-ის ახალი პროექტი გულშემატკივართათვის

ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, 13 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ახალი პროექტი განიხილეს, რომელიც სწორედ საფეხბურთო კლუბების გულშემატკივართა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კლუბების მხრიდან, შეხვედრას ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის დირექტორები, ფან-კლუბების წარმომადგენლები და გულშემატკივართა მეკავშირეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მასპინძლებმა სტუმრებს  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი გააცნეს. ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა  დეტალურად ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ახალ სეზონში ფან-კლუბებს მნიშვნელოვანი სიახლეები და მხარდაჭერა ელით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა დამსწრეთა კითხვებსაც ამომწურავად უპასუხეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კლუბები ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ფანებისთვის საჭირო ატრიბუტიკის, საგარეო მატჩებზე მგზავრობისა თუ სხვადასხვა აქტივობისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ.

„ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად, სხვადასხვა ახალ პროექტზე მუშაობს. მათ შორის, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა ფან-კლუბების პროექტი, რომელიც ეროვნული ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში ფანების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება- კერძოდ, 2017 წელს 20-ვე კლუბს ექნება უფლება მოითხოვოს და მიიღოს ფან-კლუბისათვის აუცილებელი ატრიბუტიკა. ყველა კლუბს შეუძლია თავად განსაზღვროს, რა ჭირდება მის ფან-კლუბს და ამის შემდეგ ინდივიდუალური მოთხოვნა წამოაყენოს…ხოლო 2018 წელს, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის 360-ვე შეხვედრაზე სტუმარი გუნდის ფანკლუბის გადაადგილებას, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად დააფინანსებს. ეს ნიშნავს იმას, რომ გულშემატკივარს საშუალება ექნება მისი საყვარელი კლუბის გასვლით მატჩებსაც დაესწროს,“- აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

Gff.Ge