გეგუჩაძე: „ფაქტია, რომ ჩვენში ნიჭი არის“

როგორც მოგახსენეთ, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარადგინეს, რომელიც ასევე სხვა ასაკობრივ ნაკრებებში ხელმძღვანელის ფუნქციას შეასრულებს.

გია გეგუჩაძე
„პირველ რიგში, დიდი მადლობა „დინამოს“, მასთან დაშორება ადვილი არ იყო. აქ სხვაგვარი მასშტაბია. მოლაპარაკებების ეტაპზე პრობლემებთან და მათ გადაჭრასთან დაკავშირებული საერთო ხედვები, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტიც კი იყო. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ჩემთვის დიდი პატივია. ერთ სისტემაში მოქცევა საპასუხისმგებლოა.

ჩვენი მიზნები ორ ნაწილად უნდა დავყოთ: დიდ ფორუმებზე მონაწილეობა და ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელების მომზადება.

გია გეგუჩაძე

ასისტენტები? ამჟამად სამუშაო პროცესში ვართ და კომენტარისგან თავს შევიკავებ.

საწყის ეტაპზე კლუბში და ნაკრებში მუშაობა განიხილებოდა, მაგრამ ბოლოს მხარეებმა გადავწყვიტეთ, რომ ასე მუშაობა სწორი იქნებოდა.

ჩვენს ახალაგზრდა ფეხბურთელებში ნიჭი რომ არის, ფაქტია. უბრალოდ, ერთი სისტემა არ არსებბობს. ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების სხვა მეთოდები უნდა გამოვცადოთ. ფეხბურთელების სანაკრებოდ მომზადების სელექცია განიხილება.

სხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს ვიცნობ. ისინი, როგორც პროფესიულ, ასევე ადამიანურ ხედვებს აკმაყოფილებენ“, – განაცხადა გეგუჩაძემ.

გია გეგუჩაძე

კობიაშვილი: „იმედია, ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება“

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარადგინა. სათქმელია, რომ გეგუჩაზე არამხოლოდ 21-წლამდელთა ნაკრებს უთავკაცებს, არამედ სხვა ასაკობრივი გუნდების სტრუქტურას უხელმძღვანელებს.

ლევან კობიაშვილი

„ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გთხარით. გვიხარია, რომ გია ჩვენთან ერთადაა. ის ასევე სხვა ასაკობრივი ნაკრებების სტრუქტურას უხელმძღვანელებს. მადლობა თბილისის „დინამოს“, რომელმაც გეგუჩაძე გამოუშვა. იქ ის ძალიან კარგ გზაზე იდგა. ქართულ ფეხბურთს ასეთი დონის სპეციალისტები სჭირდება. მადლობას გიასაც ვუხდი, რომელიც ჩვენს წინადადებას დათანხმდა. რაღაც საკითხებში ჩვენი აზრები ემთხვევა, რაღაცაში – განსხვავებული ხედვები გვაქვს. გეგუჩაძეს ამ კუთხით მუშაობის ისეთ გამოცდილება აქვს, რომელიც მომავალში ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელებს მოამზადებს. იმედია, ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილი

აღმასკომმა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, კახა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობილი გახდა, რომ აღმასკომის გადაწყვეტილებით, კახა ცხადაძე პოსტს ინარჩუნებს, ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს კი მწვრთნელთან მოლაპარაკებების გაგრძელებისაკენ მოუწოდეს.

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელთა საკითხს სფფ ხვალ განიხილავს

როგორც სფფ-ს პრესსამსახური იუწყება, ხვალ, 26 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციის ოფისში, აღმასრულებელი კომიტეტის სხდობა შედგება.

აღნიშნულ შეკრებაზე, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელთა საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, სხვა საკითხების განხილვა და მოგვარებაც იგეგმება. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

კახა ცხადაძე: “მე არსად არ მივდივარ”

დღეს, 21 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და ბოლოდროინდელ ამბებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და კახა ცხადაძე ერთმანეთს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ანაზღაურების ახალი მოდელი შესთავაზეს.

“მე ვთქვი, რომ კარგი იქნება, თუ ფეხბურთელებისათვის კარგი მოტივაცია დაწესდებოდა. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრა მქონდა, რომელმაც მითხრა, რომ ის ჩემი ხელფასის გადახდას არ აპირებდა. აქ უფრო მინისტრის პირადი დამოკიდებულება იკვეთება, რომელსაც სურს, რომ მე ნაკრებში აღავ ვიმუშაო.

იმედი მაქვს, ლევანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე თანამშრომლობისთვის მზად ვარ. მინდა, ჩვენ და ფეხბურთის ფედერაციამ საქმე ერთად გავაკეთოთ. მე არსად არ მივდივარ”, – განაცხადა ცხადაძემ.

სფფ სტრუქტურული ცვლილებების ბოლო ეტაპზე გადავიდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრუქტურული ცვლილებების ბოლო ეტაპზე გადავიდა, რაც გულისხმობს სხვადასხვა განყოფილების და დეპარტამენტის განახლების პროცესს. ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლთა შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება. ახალი სტრუქტურიდან გამომდინარე, რომლის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის იანვარში მოხდება, ფორმდება ახალი ხელშეკრულებები. ამავდროულად, ცვლილებები იქნება ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში. განახლებულ შემადგენლობას საზოგადოებას იანვარში წარვუდგენთ. გვინდა მადლობა გამოვუცხადოთ თითოეულ თანამშრომელს, სხვადასხვა თაობის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის განვითარების სამუშაო პროცესში იყვნენ ჩართული და ვუსურვოთ მათ წარმატება შემდგომ საქმიანობაში.

2016 წლიდან ფეხბურთის ფედერაცია სამუშაო პროცესს განახლებული შემადგენლობით და ახალი პროექტებით დაიწყებს. დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განახლებული სტრუქტურის, ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტების და მიმართულებების გაცნობა საზოგადოებისთვის, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. იანვრის დასაწყისში, სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაცია გამოცხადებს ღია კონკურსს კონკრეტულ სამუშაო პოზიციებზე. ასევე იანვარში ჩატარდება წლის შემაჯამებელი დაჯილდოების ღონისძიება, სადაც 2015 წლის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ადამიანებს სპეციალურ პრიზები გადაეცემათ.

სფფ-ს პრესსამსახური

კობიაშვილი: „ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ფეხბურთის ფედერაციის მიმართ“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიხეილ მესხის სტადიონის მედია ცენტრში პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კობიაშვილმა და მუჯირმა ზუგდიდში 16 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„სამწუხაროა, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. მე არ ვსაუბრობ მშობლებსა და იმ ბავშვების ახლობლებზე, ვინც სიტუაციაში სწორად ვერ გაერკვნენ. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელს, გიორგი რევაზიშვილს დაუპირისპირდნენ ისეთი ადამიანები, ვინც სტადიონზე ორჯერ არ ყოფილან. ვემიჯნებით მსგავს გამოვლინებებს. ზუგდიდში არსებული აკადემია არ შედის უეფას პროექტში. უეფამ გამოყო კონკრეტული თანხა, რომლითაც ფეხბურთის ფედერაციას ორი ასაკობრივი გუნდი უნდა შეენახა. ამ პროექტის ხელმძღვანელი, ფრანგი ჟან ფრანსუა დომერგია, რომელმაც საერთოდ არ იცოდა ზუგდიდის აკადემიის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული არ ყოფილა. ფედერაცია აქამდე არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და ამბობდა, რომ ზუგდიდის აკადემია იყო თბილისში არსებული აკადემიის ფილიალი, მაგრამ ეს რეალურად ასე არ არის. უეფას პროექტი, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელებულიყო, მოიცავს ორი ასაკობრივი გუნდის განვითარებას. შესაბამისად, ზუგდიდის აკადემია არ იყო ამ პროექტის შემადგენლობაში. ეს დაიგეგმა კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ყველაზე მეტად ბავშვები და მათი მშობლები ზარალდებიან. მათ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ფედერაციის მხრიდან აქამდე არ იყო გავრცელებული სწორი ინფორმაცია. აკადემია არ დაიშლება. დაწყებული გვაქვს მუშაობა რეორგანიზაციაზე, რომელიც მოიცავს რეგიონებში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისა და შემდგომი მხარდაჭერის გრძელვადიან პროექტს,“ – ციტირებს კობიაშვილს სფფ-ს ოფიციალური ვებსაიტი.

ფეხბურთის დღეს გილოცავთ!

დღეს 10 დეკემბერია — დღე, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციიის გადაწყვეტილებით მსოფლიო ფეხბურთის დღედ დაწესდა. ასე რომ, დღეს იმ მოვლენის დღეა, რომელიც ბევრისთვის არა მხოლოდ სპორტის ერთ-ერთ სახეობას, არამედ ცხოვრების სტილს ნიშნავს.

ამ დღეს დაამთხვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშვნა. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დღეს სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მინი მოედანზე, ტარდება უპრეცედენტო საფეხბურთო მარათონი (დილის 9-დან საღამოს 9-მდე). 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 25 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლები სიმბოლურად 25 მატჩს ჩაატარებენ.

 

პირველი ლიგის მატჩი გარიგების საშიშროების მიზეზით გადაიდო

დღეს ხობის „კოხლეთსა“ და ცხინვალის „ლიახვს“ შორის პირველი ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სამსაჯო ჯგუფთან და კლუბვების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ შეხვედრის გადადება გადაწყვიტა, მიზეზად კი შეხვედრის შესაძლო გარიგება დაასახელა, რის შესახებაც GFF.GE წერს.

„ეს არის დაუშვებელი ფაქტი, როდესაც ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით ხდება თამაშების შედეგებზე ზემოქმედება. დღეს ჩვენ მივიღეთ ამ საშიშროების შესახებ ინფორმაცია. მე ვიმყოფებოდი ადგილზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თამაში გადაგვედო. ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ სამართალდამცავებს და გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება სათანადო გამოძიება და უმკაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირი თუ ირიბი გზით ჩართულია გარიგებული თამაშების სქემაში. ფედერაცია ასევე გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გეგმავს. ვაფიქსირებ საჯაროდ ჩვენს პოზიციას, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე, რადგან ფეხბურთი არ არის ის სფერო, სადაც ადგილი ექნება მსგავს ფინანსურ მანიპულაციებს“, – ციტირებს კობიაშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებსაიტი.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების წარდგენა (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ვიცე პრეზიდენტები დაამტკიცა. ლევან კობიაშვილის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ და კახა ჭუმბურიძემ აღმასკომის წევრების სრული მხარდაჭერა მოიპოვეს. ნიკოლოზ ჯღარკავა 2006 წლიდან ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე” მუშაობდა. 2011 წლიდან „დინამო არენას“ დირექტორი იყო. მიმდინარე წლის იანვრიდან კი საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ აღმსრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. ჯღარკავამ 2015 წელს უეფას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი წარმატებით დაამთავრა.

კახა ჭუმბურიძე ვეტერანი ფეხბურთელი, 2000-2002 წლებში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003-2004 წლებში „დინამო თბილისის“ აკადემის დირექტორი იყო, მომდევნო წელს კი კლუბის სპორტული დირექტორი გახდა. 2007 წლიდან დღემდე საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა. ორივე ვიცე პრეზიდენტი კონკრეტულ დეპარტამენტებს უხელმძღვანელებს. სფფ-ის ვიცე პრეზიდენტებმა საფეხბურთო კლუბებში პოსტები უკვე დატოვეს.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში მოსალოდნელ ცვლილებებზე, ფეხბურთში ილია კოკაიას საფეხბურთო საქმიანობის აღდგენასა და საფეხბურთო კლუბ „გურიას“ მხრიდან მწვრთნელებისადმი არსებულ ფინანსურ დავალიანებაზე მედიის წარმომადგენლებთან ისუბრა. (სფფ-ის პრესსამსახური)

 

ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი – ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა. ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საქართველოში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოწვევით იმყოფება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს – ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივანს – დავით მუჯირს შეხვდა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფერნანდო იერო გვესტუმრა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მან მომილოცა პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები მისურვა.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე – თუ როგორ და რა ფორმით ვითანამშრომლებთ. ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და კარგი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვეცდებით, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. იგივე გერმანულ მხარესთან, იგივე ესპანელებთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობები ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს

სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც მოგეხსენებათ, სფფ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელია და ლევან კობიაშვილი იბრძოდნენ.

ხმის უფლების მქონე 33 დელეგატის არჩევანი ასეთია:

რევაზ არველაძე — 15  ხმა;
მამუკა კვარაცხელია — 0  ხმა;
ლევან კობიაშვილი — 18 ხმა.