კონტეს იტალიის ნაკრების თავკაცობა სურს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღიარა, რომ მას იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარების სურვილი აქვს.

„ეს ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა. იტალიის ნაკრების თავკაცად ყოფნა – ჩემი ოცნებაა. „სკუადრა აძურას“ დამრიგებელი ვალდებულია, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს, რადგან გუნდისთვის პირველი ადგილის გარდა, სხვა ადგილი არ არსებობს“, – აღნიშნა კონტემ.

„არსებობს სიტუაცია, როდესაც სულ ათი დღე გაქვს და ამ დროში გუნდთან მუშაობა უნდა მოასწრო და მოთამაშეებს თანამედროვე ფეხბურთის შესახებ შენი იდეები შესთავაზო“, – თვლის „ბიანკონერის“ თავკაცი.

„მთავარი მწვრთნელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. ყოველდღე დაახლოებით ოცდაათ ფეხბურთელთან გვიწევს საუბარი. გარდა ამისა, მუდმივი კონტაქტი ექიმებთან, გულემატკივრებთან და ჟურნალისტებთანაც გვაქვს. ყოველი მატჩისთვის სტრატეგია უნდა ავირჩიოთ“.

„თუ შემთავაზებენ, იტალიის ნაკრებს დიდი სიამოვნებით ვუთავკაცებ“, – დაასრულა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პრანდელი ბუფონის შეცვლას არ აპირებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ჩეზარე პრანდელი „სკუადრა აძურას“ ძირითადი მეკარის შეცვლას არ გეგმავს.
„ჩემთვის ბუფონი იტალიის პირველი მეკარეა. შესაბამისად, ბრაზილიის მუნდიალზე იგი, რა თქმა უნდა, ითამაშებს. ჯიჯის ბოლომდე ვენდობი, ამიტომაც, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პრანდელიმ.
ალექსანდრე მატევოსოვი

მარკიზიოს ნაკრებში თამაში მოენატრა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში დაბრუნებით კმაყოფილია.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის შუახაზელი მიღებული ტრავმის შემდეგ, ერთ თვეზე მეტს მკურნალობდა, რის გამოც წინა სანაკრებო პაუზის დროსაც ვერ ითამაშა.
„ნაკრები ნამდვილად მომენატრა. ახლა ვმკურნალობ და აძურის ფორმის ჩასაცმელად კვლავ ვარ მზად. ჩვენ მეგობრული კოლექტივი გვყავს, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ბევრი რამ გააკეთა. მადლობა ჩეზარე პრანდელის უნდა გადავუხადოთ, რომლის წყალობითაც ასეთ მაღალ დონეზე ავედით“,- აცხადებს მარკიზიო.
„ხვალ, ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულები ვართ, კარგი თამაშის ჩვენება გვსურს“, – დაასრულა „ბიანკონერის“ მოთამაშემ.
ცნობისთვის, „სკუადრა-აძურას“ 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჩატარებული შეხვედრაში 20 ქულა აქვს მოპოვებული. ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჩეზარე პრანდელი გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
ალექსანდრე მატევოსოვი

შესაძლოა, კანავარომ იტალიის ნაკრებს უთავკაცოს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის ფაბიო კანავაროს სახელი”სკუადრა აძურას” შესაძლო მწვრთვნელთა შორის ფიგურირებს.

ცნობილია, რომ იტალიელთა ამჟამინდელი თავკაცი ჩეზარე პრანდელი, უახლოეს მომავალში თავისი კონტრაქტის გახანგძლივებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ არსებული შეთანხმება მხარეებს შემდეგი წლის ზაფხულის ბოლომდე აკავშირებთ.

კანავაროს გარდა, იტალიის ნაკრების შესაძლო თავკაცებად მასიმილიანო ალეგრი, რობერტო მანჩინი, ლუჩანო სპალეტი, ანტონიო კონტე, ფაბიო კაპელო და ალბერტო ძაკერონი მოიაზრებიან.

Sport Mediaset-ის ცნობით, პირველ რიგში იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სწორედ კანავაროს ვარიანტის განხილვას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს სამწვრთვნელო გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია.

მართალია, ფინანსური თვალსაზრისით, ფაბიოს დანიშვნა საკმაოდ მისაღები უნდა იყოს, რადგან იტალიელები ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ხელფასისთვის გაცილებით ნაკლები თანხის გამოყოფას გეგმავენ. ამჟამად, პრანდელის ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო კანავაროს მოსვლის შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციას შესაძლოა მხოლოდ 600 ათასი ევროს დახარჯვა მოუწიოს.

ალექსანდრე მატევოსოვი