ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი საკუთარ გუნდს მიზნად ევროთასებზე გასვლას უსახავს.
“სანამ აქ მუშაობას შევუდგებოდი, ყურადღებით ვაკვირდებოდი ევროთასებზე ისეთი გუნდების გამოსვლას, როგორებიცაა “ლესტრი” და “ვესტ ჰემი”.
ვფიქრობ, რომ ევროთასებზე “ასტონ ვილაც” უნდა გავიდეს, რათა სერიოზულად მიგვიღონ. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. ეს შესრულებადი მიზანია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
შეგახსენებთ, რომ სტივ ჯერარდმა “ასტონ ვილა” 11 ნოემბერს ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდმა პრემიერლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი გამარჯვებით დაასრულა, ერთ შეხვედრაში კი დამარცხდა (“მანჩესტერ სიტისთან”). “ასტონ ვილას” თავკაცის პოსტზე ჯერარდის დანიშვნის მომენტში გუნდს ათი ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი ეკავა, ახლა კი მეათე პოზიციაზეა.