ელ ჰაჯი დიუფმა ჯერარდი რასიზმში დაადანაშაულა

“ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა ელ ჰაჯი დიუფმა სტივენ ჯერარდი რასიზმში დაადანაშაულა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში სენეგალელი ფორვარდი “ლივერპულის” ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შენაძენად მოიხსენია. გარდა ამისა, ჯერარდი წერს, რომ მარიო ბალოტელი მენტალიტეტისა და ირგვლივ მყოფი ადამიანების გამო მსოფლიო დონის ფეხბურთელი ვერასდროს გახდება.

“ყველამ დავინახეთ, ჯერარდმა როგორ გაურთულა “ლივერპულში” ყოფნა ბალოტელის. მე მარიოს ვაფრთხილებდი. “ლივერპული” არ არის ის გუნდი, რომელიც ფერადკანიან ფეხბურთელებს მიესალმება, თუ ისინი ინგლისელები არ არიან. ჯერარდს არასდროს უყვარდა შავკანიანი მოთამაშეები. “ლივერპულში” ყოფნის დროს მე მას ვუთხარი, რომ შავკანიანი და არაინგლისელი ვარ, მაგრამ მისგან ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ. სანამ მერსისაიდულ გუნდში ვიყავი, იგი თვალებში ვერ მიყურებდა”, – დიუფის სიტყვებს ფრანგული ინტერნეტპორტალი Le 10 Sport-ი აქვეყნებს.

სენეგალელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ საფეხბურთო სამყაროში მას უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე ჯერარდს და ინგლისელს სწორედ ეს შურს.

“ჯერარდი უბრალოდ ეჭვიანობს. მან ფეხბურთში ვერ მიაღწია იმას, რასაც – მე. მსოფლიოს ფეხბურთში პატივს მცემენ, ექსპერტები მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ მასახელებდნენ და საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულში შევყავდი. ჩემი ქვეყნიდან სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან თაყვანს მცემენ. ჯერარდს კი ლივერპულის ფარგლებს გარეთ შეურაცხყოფას აყენებენ”, – დაასრულა დიუფმა.

 

ბენიტესი: “ჯერარდი ცდება”

“ლივერპულის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კომენტარი გააკეთა სტივენ ჯერარდის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში მოცემულ მონაკვეთზე, რომელშიც ესპანელ მწვრთნელსა და ინგლისელ ფეხბურთელს შორის არსებულ ურთიერთობაზეა საუბარი.

“წავიკითხე მისი სიტყვები და ვფიქრობ, რომ ის ცდება. სტივის, “ლივერპულისა” და მისი გულშემატკივრების პატივისცემის, ასევე იმის ნიშნად, რამდენად ვაფასებ ამ ფეხბურთელს, ვფიქრობ, ეს ისტორია კომენტარის გარეშე უნდა დავტოვო.

სტივიმ წიგნი გამოსცა, მე ახლა “რეალს” ვთავკაცობ და ეს ყველაფერი გაყიდვაში დაეხმარება”, – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს “გარდიანი”.

 

ჯერარდი: “ბალოტელი ვერასდროს გახდება მსოფლიო დონის მოთამაშე”

“ლივერპულის” ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდი თავის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში “ჩემი ამბავი”, რომელიც 24 სექტემბერიდან გაიყიდება, მარიო ბალოტელისთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

“ბალოტელისთან არავითარი პრობლემა არ მქონია. მე ყოველმხრივ ვცდილობდი მის დახმარებას, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ იგი უკონტროლოა, როგორც ამას ჟოზე მოურინიო ამბობდა.

მარიო ვერასდროს გახდება მსოფლიო დონის ფეხბურთელი. კი ბატონო, დიდი ნიჭი აქვს, მაგრამ მენტალიტეტისა და მის გარშემო მყოფი ხალხის გამო ის ვერასდროს გახდება მსოფლიო დონის მოთამაშე.

ბალოტელი ყოველთვის აგვიანებს, ყოველთვის სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სოციალურ მედიაში შეუფერებელ თემებზე საუბრობს.

ჩემი აზრით, ის სათანადოდაც არ ვარჯიშობს. მასთან ყოველთვის წაგებულ ომში იბრძვი. ის ბევრ რამეს არასწორად აკეთებს”, – წერს ჯერარდი.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი ამ დრომდე “ლივერპულის” ფეხბურთელია და “მილანში” იჯარის წესით თამაშობს.

 

ჯერარდი: “ბენიტესს არ მოვწონდი, როგორც ადამიანი”

24 სექტემბერს სტივენ ჯერარდის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ამბავი” გამოიცემა. წიგნში ინგლისელი ფეხბურთელი სხვადასხვა საინტერესო ისტორიებს იხსენებს. ერთ-ერთი მონაკვეთი მასსა და “ლივერპულის” ყოფილ თავკაც რაფაელ ბენიტესსთან ურთიერთობას ეხება. როგორც ჯერარდი წერს, მათ შორის იდეალური ურთიერთობა არ ყოფილა და კონტაქტი ამ დრომდე არ აქვთ.

“არ ვფიქრობ, რომ რაფას მოვწონდი, როგორც ადამიანი. ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეს გრძნობა დამრჩა. ალბათ, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც იგი დედაჩემს შეხვდა. ეს მანამდე იყო, ვიდრე პირველად გამესაუბრებოდა.

რაფა “ლივერპულის” თავკაცად 2004 წლის ზაფხულში დაინიშნა. მაშინ მე პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობდი.

Gerrard - Benitez6

მიუხედავად იმისა, რომ რაფამ ჟერარ ულიე შეცვალა, ამ უკანასკნელს მაინც უყვარდა “ლივერპული” და ჩემთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა. იგი დედაჩემთან ერთად პორტუგალიაში გამოემგზავრა, რომ ხორვატიის ნაკრებთან ჩემი თამაშისთვის ეცქირათ. ისინი შემთხვევით რაფას შეხვდნენ.

ჟერარმა დედაჩემს რაფა გააცნო. რაფა დედას მიესალმა, ხელი ჩამოართვა და ძალიან უხერხული კითხვა დაუსვა: “უყვარს სტივენს ფული?”

ნორმალური მისალმების ნაცვლად, სწორედ ეს იყო მისი პირველი სიტყვები. ეს რა კითხვაა?

Gerrard - Benitez5

“ლივერპულის” ნებისმიერ ყოფილ მწვრთნელთან შემიძლია დარეკვა, რაფას გარდა.

ეს ძალიან ცუდია, რადგან 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის საოცარი ფინალი ერთად მოვიგეთ, ჩვენ კი დღემდე არ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი.

Gerrard - Benitez1

პრესკონფერენციებზე მას შეეძლო, ფეხბურთელების სახელებით მოხსენიება, თუმცა ჩემზე საუბრისას ყოველთვის გვარს ამბობდა. იგივე მდგომარეობა იყო გასახდელშიც: სხვებს მეტსახელებით მიმართავდა, მე კი – “ჯერარდით”.

Gerrard - Benitez4

“სტივის” დაძახებით უკეთ კი არ ავთამაშდებოდი, არა, სულაც არაა საინტერესო, რას დამიძახებდა. მე მაინც ყოველ თამაშში მოსაგებად გავიდოდი მოედანზე და რაფაც დაგვეხმარებოდა გამარჯვების მიღწევაში. იგი ტაქტიკაში საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია.

ჩვენ ერთმანეთთან ულტრაპროფესიონალური ურთიერთობა გვქონდა და მისი სიცივე უკეთეს ფეხბურთელად გახდომის საშუალებას მაძლევდა. მინდოდა, რომ მისგან კომპლიმენტი მიმეღო და მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მე მას ვჭირდებოდი, როგორც მოთამაშე. ჩვენ ერთმანეთთან ცეცხლი და ყინულივით ვიყავით. განცდებით ვიყავი დამუხტული, რაფა კი სტრატეგიულად აზროვნებდა.

Gerrard - Benitez2 Gerrard - Benitez3

ხვალ ერთმანეთს შემთხვევით სადმე რომ შევხვდეთ, უსიამოვნო ფაქტი არ იქნება, თუმცა შესაძლოა, დადგეს ის დღე, როდესაც უფრო ღრმა და მეგობრული საუბარი გვექნება იმ ყველაფრის შესახებ, რაც “ლივერპულში” ერთად გამოვიარეთ”, – წერს ჯერარდი.

 

ჯერარდი: “ცრემლები ღვარად მდიოდა და თითქოს, თვითმკვლელობასაც ვაპირებდი”

“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ინგლისის პრემიერლიგის 2013/14 წლების სეზონში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაშვებული შეცდომა გაიხსენა, რომლის შედეგადაც მერსისაიდულმა გუნდმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

“მატჩის შემდეგ ავტომობილის უკანა სავარძელზე ვიჯექი, სახეზე ცრემლები ღვარად მდიოდა. წლებია, არ მიტირია, თუმცა მაშინ თავი ვერ შევიკავე. ისე ვიყავი ჩემ თავში ჩაკეტილი, რომ ვერ გეტყვით, ქუჩა სავსე იყო თუ ცარიელი. ვკვდებოდი.

ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ოჯახის წევრი დავკარგე. ამდენი ხანი ვოცნებობდი “ლივერპულთან” ერთად ჩემპიონატის მოგებაზე და ეს ოცნება ჩემ გამო ჩაიშალა.

იმ დღეს მთელი სტადიონი მღეროდა “You’ll Never Walk Alone”-ს (“ლივერპულის” ჰიმნი), თუმცა ავტომობილში ყოფნისას თავს მარტოსულად ვგრძნობდი. იმედი გამიქრა და თითქოს, თვითმკვლელობასაც ვაპირებდი”, – ჯერარდის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

ბლიცინტერვიუ სტივენ ჯერარდთან

ბრიტანულმა “დეილი მეილმა” “ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველ სტივენ ჯერარდთან ბლიცინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

— რას შეცვლიდით საკუთარ თავში?
— ჩემს თმას.

— რა არის თქვენი დევიზი?
— ფეხბურთისგან იღებ იმას, რაც მასში ჩადე.

— რომელ ხუთ ადამიანთან ერთად ისურვებდით ვახშმობას?
— ჟოზე მოურინიო, სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი, რაფა ბენიტესი და ჯეიმი კარაგერი.

— როგორი გინდა, რომ დაგიმახსოვრონ?
— პატიოსანი და ერთგული ადამიანი, რომელმაც გასცა ყველაფერი, რაც ჰქონდა.

— ოჯახის გარდა, რა ქონებაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
— მედლები, რომლებიც კარიერის განმავლობაში მოვიპოვე.

Gerrard with wife

— რომელი იყო თქვენი პირველი ავტომობილი და რა ღირდა ის?
— Nissan Bluebird, რომლის ფასიც 600 ფუნტი უნდა ყოფილიყო.

— რომელი სერიალის ყურებას გვირჩევდით?
— “ანტურაჟი”.

— რას ფიქრობთ სოციალურ მედიაზე?
— მშვენიერია, თუ სწორად იყენებ. თუ ამით ხალხს არ ხოცავ.

— ერთი დღით სხვა რომელიმე სპორტსმენად ყოფნა რომ შეგეძლოთ, ვინ იქნებოდით?
— ჯორდან სპითი. მიყვარს გოლფის ყურება, თუმცა თავად მე საშუალო დონეზე ვთამაშობ.

Jordan Spieth

— ვის თვლით სპორტის ყველაზე დიდ ლეგენდად?
— ტაიგერ ვუდსს.

Tiger Woods

— დაახასიათეთ “ლოს ანჯელეს გალაქსი” სამი სიტყვით.
— ძალიან, ძალიან მაგარი.

— ერთი კითხვის დასმა რომ შეგეძლოთ რომელიმე სპორტსმენისთვის, ვის რას ჰკითხავდით?
— ალექს ფერგიუსონს ვკითხავდი, მართლა საშუალო დონის მოთამაშედ მთვლის? (ფერგიუსონმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ ჯერარდს უმაღლესი დონის ფეხბურთელად არ თვლის, თუმცა მასთან კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა – ავტ.)

Alex Ferguson

— საყვარელი სუპერგმირი?
— სუპერმენი.

— სიძლიერის მიხედვით გაანაწილეთ ეს ხუთი ნახევარმცველი: ჯერარდი, როი კინი, ლამპარდი, სქოულზი, ვიეირა.
— კინი პირველი ნომერია. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი სრულიად განსხვავებულნი არიან. ლამპარდი გოლების გამტანი ნახევარმცველია, სქოულზი საუკეთესო ფეხბურთელია, ვიეირა ყველაზე რთული მეტოქეა… მიყვარდა მათ წინააღმდეგ თამაში.

Gerrard - Keane

— შეაფასეთ თქვენი ცხოვრება 10-ბალიანი სისტემით.
— ამ დროისთვის ჩემს ცხოვრებას 10 ქულაზე შევაფასებ. “ლივერპულის” დატოვება მეტად ემოციური მომენტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდული გუნდის კაპიტანი აღარ ვარ, 35 წლის ასაკში ვიხედები უკან და ჩემი კარიერით ვამაყობ. ჩემი ოჯახი ბედნიერია, ვცხოვრობ მაგარ ქალაქში, ვთამაშობ კონკურენტულ ჩემპიონატში და ყოველ კვირას მოუთმენლად ველი.

 

ჯერარდი და ლამპარდი MLS-ის სიმბოლურ გუნდში ტურნირზე მატჩის ჩაუტარებლად მოხვდნენ

ინგლისელი ნახევარმცველები სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი MLS-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ, თუმც მათ ამ ტურნირზე არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებიათ. 29 ივლისს MLS-ის ვარსკვლავები “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

MLS-ის სიმბოლური გუნდი ფანების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა. თავად ჯერარდი და ლამპარდი გუნდში MLS-ის კომისარმა დონ გარბერმა შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი “ლოს ანჯელეს გალაქსის” ღირსებას იცავს, ფრენკ ლამპარდი კი “ნიუ იორკ სიტიში” თამაშობს.

 

ჯერარდი: “გაიგეთ, რომ მე არ ვარ ბექჰემი”

ამერიკული “ლოს ანჯელეს გალაქსის” ახალწვეულმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ არ ღირს მისი დევიდ ბექჰემთან შედარება, რომელიც თავის დროზე ასევე კალიფორნიული გუნდის ღირსებას იცავდა.

“მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ მე არ ვარ ბექჰემი. მე არც ისე კარგი შესახედაობის ვარ, როგორც დევიდია და ალბათ, არც იმდენად გავლენიანი გახლავართ, როგორც ბექჰემია, თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენ ერთ დონეზე ვდგავართ.
სანამ აქ გადმოვიდოდი, MLS-ი სიღრმისეულად შევისწავლე. “გალაქსის” მატჩებს ვიწერდი და მეორე დილით ვუყურებდი, YouTube-ზე ვიდეოებსაც ვადევნებდი თვალყურს, ვაკვირდებოდი, როგორ თამაშობენ ფეხბურთელები”, – საუბრობს ჯერარდი ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

Gerrard

“ყველაზე იოლი არჩევანი “ლივერპულში” კიდევ ერთი წლით დარჩენა იქნებოდა, – აგრძელებს ინგლისელი ფეხბურთელი. – კომფორტულად ვიქნებოდი, ჩემს სახელს გამოვიყენებდი ახალი მოთამაშეების მოსაზიდად ან კარიერას დავასრულებდი, თუმცა საკუთარი თავისთვის ახალი გამოწვევის დასახვა მსურდა. ვფიქრობ, ამ ასაკში დიდი გამოწვევა და შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ”, – აღნიშნა ჯერარდმა .

 

ჯერარდი: “შემოთავაზებები ევროპიდანაც მქონდა”

“ლივერპულის” ყოფილი კაპიტანი და “ლოს ანჯელეს გალაქსის” ახალწვეული სტივენ ჯერარდი გამოტყდა, რომ კარიერის გაგრძელება რამდენიმე ევროპულ კლუბში შეეძლო, თუმცა მომგებიან წინადადებებზე უარი თქვა და კალიფორნიას მიაშურა.

“ევროპაში კარიერის გაგრძელების რამდენიმე კარგი ვარიანტი მქონდა, თუმცა ახალი გამოწვევის მიღება მინდოდა, რაც სამშობლოდან მოშორებით ცხოვრებასა და ახალი გამოცდილების მიღებას ნიშნავს. ავირჩიე ის ადგილი, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრებით დატკბება.

კარიერის ბოლოს შემეძლება ვთქვა, რომ ერთ ადგილზე არ გავჩერებულვარ და რაღაც ახალიც გამოვცადე”, – განაცხადა ჯერარდმა კლუბის ოფიციალურ ტელეარხზე.

35 წლის ინგლისელი ნახევარმცველი “ლოს ანჯელეს გალაქსიში” პირველ ვარჯიშსა და პრესკონფერენციას 7 ივლისს გამართავს. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის 18-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა.

 

ჯერარდი “ლივერპულში” დაბრუნებას იმედოვნებს

“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი, რომელიც მომდევნო სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს, იმედოვნებს, რომ ოდესმე მერსისაიდულ კლუბში დაბრუნდება.

“ლივერპულს” ვქომაგობ მთელი ცხოვრების განმავლობაში და მომავალშიც ასე გაგრძელდება. იმედი მაქვს, ერთ დღესაც კლუბში დაბრუნებისა და მის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა მომეცემა. ვფიქრობ, მომავალში კლუბის რომელიმე პოზიციაზე “ლივერპულის” განვითარების საქმეში ჩემი წვლილი შეტანა შემეძლება”, – დაწერა ჯერარდმა გამოსათხოვარ წერილში, რომელსაც Liverpool Echo აქვეყნებს.

 

ზიდანი: “ყოველთვის მსურდა ჯერარდთან ერთად თამაში”

მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანმა “ლივერპულის” კაპიტნის სტივენ ჯერარდის შესახებ ისაუბრა.

“დიდი დრო მქონდა იმისთვის, რომ ჯერარდს დავკვირვებოდი და შემეფასებინა. რატომ მომწონს ის ასე ძალიან? შესაძლოა, მასში ვხედავ ისეთ რაღაცას, რაც ჩემ თავს მაგონებს. ჯერარდი მოედანზე დიდ ხმაურს იწვევდა, თუმცა მინდორს მიღმა წყნარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდა და მხოლოდ მაშინ საუბრობდა, როცა ამის საჭიროება იყო.

ჯერარდი მოედანზე საუბარს საბრძოლო სულისკვეთების გამოხატვითა და ბურთთან ურთიერთობით ახერხებდა. ყოველთვის მინდოდა მასთან ერთად თამაში, მაგრამ ის კლუბის ერთგული იყო. მის გულში “ლივერპულია”. ეს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია, რაც მასზე ბევრს მეტყველებს. არა მგონია, ასეთი ფეხბურთელი ბევრი იყოს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.com-ი.

 

“ლივერპულის” წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

2014/15 წლების სეზონში “ლივერპულის” საუკეთესო ფეხბურთელად ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო დაასახელეს.

22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი პირველ ადგილზე გავიდა როგორც გულშემატკივართა, ასევე მერსისაიდული გუნდის მოთამაშეთა შორის ჩატარებულ გამოკითხვაში.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფილიპე კოუტინიომ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

კლუბის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ რაჰიმ სტერლინგი დაასახელეს. 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 35 შეხვედრა ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი გააკეთა.