დავით თორთლაძის გაწვრთნილი “ოლიმპი”, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული, სუპერლიგის ერთ-ერთ მოწინავე გუნდ “ქუთაისის” დამარცხებასთან ახლოს იყო. ოლიმპელებმა შესანიშნავად ითამაშეს მთელი მატჩის განმავლობაში, თუმცა საბოლოო წარმატებამდე მცირედი დააკლდათ და 96:102 დამარცხდნენ.
“ოლიმპის” თამაში იმიტომაა გამოსარჩევი, რომ “ქუთაისი” ფავორიტად მიიჩნეოდა და არავის გაუკვირდებოდა, იოლი გამარჯვება რომ მოეპოვებინა. პირიქით კი მოხდა – იმერულმა კლუბმა პირველი მეოთხედი 21:25 წააგო და საბოლოოდ მოგების მოპოვება დიდი ჯაფის ხარჯზე მოუხდა.
ფრედ (50:50) დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელებმა მესამე პერიოდი 28:17 მოიგეს და თითქოს ამით ოლიმპელების წინააღმდეგობა გატეხეს. ბოლო პერიოდში ოლიმპელებმა ზონური პრესინგისა და ზუსტი შორი სროლების ხარჯზე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ამაზე მეტი ვეღარ მოახერხეს. თბილისელთა ლიდერმა რიჩარდ მათიაშვილმა არაერთი საჭირო ბურთი ჩააგდო, თუმცა ბოლო წუთებზე აცილებული 3 საჯარიმო “ოლიმპისთვის” დიდი დანაკლისი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა მაღალი შედეგიანობით ესროლა სამქულიანები. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ მატჩის მონაწილე ორივე გუნდმა შორი დისტანციიდან ნასროლი ბურთების ნახევარზე მეტი ჩააგდო. ოლიმპელებმა 27 ცდიდან 14 სამქულიანი ჩააგდეს, ხოლო ქუთაისელებმა -19-დან 10.
“ქუთაისში” 22 ქულითა და 8 პასით საუკეთესო შედეგი ლევან ცეკვავამ დააფიქსირა. 18 ქულა და 10 პასი ჰქონდა ზაურ ფაშაევს, ხოლო აკაკი დვალიშვილმა ასევე ორმაგიდუბლი – 19 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. იშვიათი სიზუსტე გამოავლინა გიორგი ბარბაქაძემ, რომელმაც 6-დან 5 სამქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.
ოლიმპელებში ერთბაშად 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს. რიჩარდ მათიაშვილს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. ოლიმპელთა ლიდერმა 17 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. 16 ქულა და 6 პასი დააგროვა ირაკლი გულისაბედაშვილმა, 14 – ნოდარ თენიეშვილმა, 13 – გიორგი ხანიაშვილმა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
დავით თორთლაძე („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „ქუთაისს“ მართლაც კარგი და სანახაობრივი თამაში აჩვენეს, როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვიწინასწარმეტყველე. თამაშის ხარისხის მხრივ არანაკლებ კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეებით, რადგან „ქუთაისი“ ჩემპიონატის ფავორიტია და ასეთი ბრძოლისუნარიონობისთვის და წინააღმდეგობის გაწევისთვის მადლობა ბიჭებს. ვფიქრობ, მოგების გემო არ ვიცით და ამის გამო დავმარცხდით. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ფსიქოლოგიური მომენტია. მათიაშვილის დისკვალიფიკაციით, რომელიც უსამართლოდ მიმაჩნია, მთელი გუნდი დემორალიზებული გახდა და ამან დიდი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია ბიჭებზე. იმედია პლეი ოფისთვის სათანადო ფორმაში ჩავდგებით და კარგ თამაშს ვაჩვენებთ.
მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): უფრო იღბლიანი რომ ყოფილიყო დღეს ოლიმპის გუნდი, ალბათ სხვა შედეგი იქნებოდა. გადამწყვეტი ბოლო 10 წუთი აღმოჩნდა და ფაქტიურად ფარისა და სამქულიანების ხარჯზე ვიმარჯვეთ, სადაც საკმაოდ მაღალი პროცენტი გვქონდა. აგრეთვე გამოვყოფდი გიორგი ბარბაქაძის კარგ თამაშს, რომელმაც დღეს გვაჩვენა ის შესაძლებლობები, რომელიც მივიწყებული ჰქონდა. გადავდივართ საქართველოს თასის ფინალის მომზადების ეტაპზე, ამასთან წინ სერიოზული მატჩები გველის, რომელსაც სათანადო მზადყოფნაში უნდა შეხვდეთ.
რიჩარდ მათიაშვილი (ოლიმპი): მივულოცავ „ქუთაისს“ გამარჯვებას და ფინალში წარმატებას ვუსურვებ. დაწყება კარგი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ იღბალი ჩვენს მხარეზე არ იყო. ვეცდებით შემდეგ მატჩზე „სოხუმთან“ მაქსიმუმი გავიღოთ. ქუთაისში ჩემი მეგობრები თამაშობენ და დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.
დავით ბარბაქაძე (ქუთაისი): მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. დაცვაში ამდენი ქულის გაშვება ნამდვილი კატასტროფაა ჩვენთვის. თუ ჩვენ დიდი მიზნები გვამოძრავებს ასეთი თამაში აღარ უნდა გავიმეოროთ. წინ საქართველოს თასის ფინალი გველოდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები.
superleague.ge