„ოლიმპმა“ სატურნირო ცხრილში მეზობელ „მგზავრები-არმიას“ მოუგო

დღეს საქართველოს სუპერლიგის მორიგი მატჩები გაიმართა. სპორტკოპლექს „არენაში“ „ოლიმპი“ სატურნირო ცხრილში მეზობელ „არმია-მგზავრებს“ შეხვდა. მატჩის გამარჯვებული სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე ავიდოდა.

თამაში თავიდანვე „ოლიმპის“ უპირატესობით დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. პირველი მეოთხედის მიმდინარეობისას გია კაზანჯიანის გუნდი 8 ქულით იგებდა, თუმცა ბოლოს „არმია-მგზავრების“ მოთამაშეებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და მეორე მეოთხედის დაწყების წინ ტაბლოზე ანგარიში 19:20 დაფიქსირდა. მეორე მეოთხედი მსგავსი სცენარით მიმდინარეობა, დაწინაურება ანატოლი ბერიშვილის გუნდმა ვერც ამჯერად შეძლო. დიდი შესვენების წინ „ოლიმპი“ 7 ქულით – 42:49 დაწინაურდა.

საინტერესო მესამე მეოთხედიც გამოდგა, რომელშიც სტუმრებმა მეტოქის უპირატესობის შემცირების ნაცვლად, უკან კიდევ ერთი ქულით აღმოჩნდნენ – 59:67. ბოლო მეოთხედში „ოლიმპი“ 12 ქულითაც დაწინაურებულა. „არმია-მგზავრები“ მხოლოდ შეხვედრის დასრულებამდა 50 წამით ადრე გააქტიურდნენ, როდესაც სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, რითაც მოგების იმედი გაუჩნდათ. ამის მიუხედავად, დარჩენილ დროში კაზანჯიანის გუნდმაც მოუმატა და, საბოლოოდ, ანგარიშით 79:84 მოიგო.

გამარჯვებულთა რიგებში მარკო დუიკოვიჩი გამოირჩა, რომელმაც 25 დააგროვა, ხოლო „არმია-მგზავრების“ რიგებში საუკეთესო 24 ქულით მერაბ ბოქოლიშვილი აღმოჩნდა.

„არმია-მგზავრები“ – „ოლიმპი“ 79:84 (19:20; 23:29; 17:18; 20:17)

„არმია-მგზავრები“: ბოქოლიშვილი (24 ქ. 2 მ . 2 ა.), ჩაჩიბაია (18 ქ. 3 მ.), მაკინლი (16 ქ. 12 მ.  მ.), ათანელიშვილი (12 ქ. 11 მ. 1 ა.), ჯექსონი (5 ქ. 5 მ. 2 ა.), ზაქრაძე (2 ქ. 1 მ. 1 ა.)

„ოლიმპი“: დუიკოვიჩი (25 ქ. 20 მ.), ნოსკოვი (17 ქ. 9 მ.), აბულაძე (13 ქ.), გოგოძე (9 ქ. 1 მ.), ტომარაძე (4 ქ. 4 მ.), ლობჯანიძე (4 ქ. 2 მ. 3 ა.), ბაქრაძე (3 ქ. 2 მ.)

მერაბ ბოქოლიშვილი_97327575

 

მერაბ ბოქოლიშვილი_9732

 

მგზავრები არმია-ოლიმპი_94676

 

რევაზ ათანელიშვილი_977465

სხვა მატჩების შედეგები:

27 თებერვალი

„ბათუმი“ – „შსს აკადემია“ 84:83
„ქუთაისი“ – „სოხუმი“ 94:82
„რუსთავი“ – „დინამო“ 81:91

ტური ბათუმისა და ქუთაისის გამარჯვებებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ბათუმმა მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩს უმასპინძლა. მე-11 ტურის პირველი შეხვედრა დღეს აჭარის დედაქალაქში გაიმართა, სადაც სათამაშოდ სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტი, ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფი „შსს-აკადემია“ ჩავიდა და დრამატულ ორთაბრძოლაში – 83:84 დამარცხდა.

არადა, აკადემიელები მესამე მეოთხედის მესამე წუთზე 18 (!) ქულას იგებდნენ. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ბათუმელების შტურმი. მესამე მეოთხედში დარჩენილი ექვსნახევარი წუთი მასპინძლებმა 25:11 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს.

ბათუმელთა წინამძღოლი ბიჯეი იანგი გახლდათ, რომელმა მასპინძლებს ჯერ დიდი ჩამორჩენა გააბათილებინა, შემდეგ კი კინაღამ წააგებინა. მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე, როცა მასპინძლები 2 ქულით აგებდნენ, ფარქვეშ შეჭრილ ბიჯეი იანგზე მიხეილ ბერიშვილი დაჯარიმდა. მასპიძელთა ამერიკელი ფორვარდი ჯარიმის შემდეგ უხერხულად დაეცა და მის წამოსაყენებლად მისულ ბერიშვილს იანგმა ხელი ჰკრა.

მსაჯების რეაქცია ადეკვატური იყო. იანგს დისკვალიფიკაცია მისცეს და ბათუმელები გადამწყვეტ მომენტში მთავარი ლიდერის გარეშე დარჩნენ. ამერიკელის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა ნიკა რამიშვილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 82:82, თუმცა იანგის დისკვალიფიკაციის გამო აკადემიელებს 1 საჯარიმო სროლა ერგოთ და ბექა ჩიკვილაძემ თბილისელები ქულით დააწინაურა.

ბურთი „შსს-აკადემიას“ დარჩა, თუმცა უმნიშვნელოვანესი შეტევა გიორგი ცინცაძემ გააცუდა და ქულით ჩამორჩენილი ბათუმელები უკანასკნელ შეტევაზე გადავიდნენ. საფინალო სირენამდე 18 წამი რჩებოდა, ბურთი ირაკლი მიქელაძეს ჰქონდა და როგორც სიტუაციას ეტყობოდა, ბოლომდე გათამაშებას აპირებდა. აკადემიელებიც თავს იცავდნენ და ელოდნენ მასპინძლების გადამწყვეტ შეტევას. მიქელაძემ დრიბლინგით მეტოქის პერიმეტრს უტრიალა და როცა დრო იწურებოდა და თითქოს მასპინძელთა გამთამაშებელსაც გასაქანი აღარ ჰქონდა, მიქელაძემ შესანიშნავი პასი მიაწიდა ფარქვეშ შესულ კრისტოფერ ფელჩერს, ამ უკანასკნელმა კი საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო -84:83.

გამარჯვებულთაგან ბომბარდირ იანგს 38 ქულა დაუგროვდა. 18 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა კრის ფელჩერმა, ხოლო ირაკლი მიქელაძემ ბათუმელებს 13 ქულა მიაშველა. „შსს-აკადემიაში“ 24 ქულით საუკეთესო შედეგი ბექა ჩიკვილაძემ დააფიქსირა, 14 ქულა და ამდენივე მოხსნა გიორგი შარაბიძის ანგარიშზეა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა აკადემიელებს 14 ქულა და 6 მოხსნა მიაშველა.

ტურის მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა „ქუთაისმა“ 94:82 დამარცხა „სოხუმი“. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. როგორც წესი, სოხუმელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ბოლო მეოთხედში გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები აღარ ეყოთ.

გიორგი ჯგერენაიას, ირაკლი ჩლაიძის და მათ თანაგუნდელთა ძალისხმევით დიდი შესვენების შემდეგ 4 ქულით ჩამორჩენილმა სოხუმელებმა მესამე პერიოდი 26:21 მოიგეს და გადამწყვეტ 10-წუთეულს ერთქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. ბოლო პერიოდში მირზა სარალიას და ზაურ ფაშაევის შედეგიანობით ქუთაისელებმა მეტოქე საიმედოდ ჩამოიტოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ. „სოხუმმა“ ბოლო პერიოდი 13 ქულით წააგო და მიმდინარე მე-10 მარცხი განიცადა.

ქუთაისელთაგან საუკეთესო ზაურ ფაშაევმა 23 ქულა და 12 პასი მიითვალა. სლოვენიელმა მირზა სარალიამ 20 ქულა მოაგროვა, დავით ბარბაქაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. სენეგალელ აბდულაი ნდოეს ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 9 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

მე-11 ტურის დარჩენილი 2 მატჩი 28 თებერვას, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

ბათუმი – შსს-აკადემია   84:83

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით უსტიაშვილი(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): საკმაოდ დაძაბული და ემოციური თამაში იყო. ბოლოს მაინც მოვახერხეთ დიდი ჩამორჩენის გაბათილება და სასიხარულო გამარჯვება მოვიპოვეთ. დიდი მადლობა მაყურებლებს, რომლებმაც მხურვალედ გვიქომაგეს. თამაშის ბოლოს მომხდარ ინციდენტზე ახლა ვერაფერს ვიტყვით. უნდა ვუყუროთ ვიდეოს და დასკვნებსაც შემდეგ გამოვიტანთ“.

კოტე ტუღუში (შსს-აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): რასაც ვამბობდი, გამართლდა. თუკი ბოლომდე არ დავიხარჯებით, ნებისმიერ მეტოქეს შეუძლი დაგამარცხოს. წინა ტურში გადავრჩით „სოხუმთან“ და დღეს ვერ გადავრჩით „ბათუმთან“. მასპინძლებმა იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩვენ კი დამსახურებულად დავისაჯეთ, რადგან როცა მესამე პერიოდში დიდი სხვაობით ვიგებდით, გუნდის წევრებმა ნაადრევად ჩათვალეს, რომ მატჩი მოგებული იყო. ბათუმელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. რაც შეეხება ინციდენტს, მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. როცა მოთამაშე მიდის მოწინააღმდეგის მოსაბოდიშებლად და წამოსაყენებლად, იმას რომ ჩხუბს აუტეხავ, დისკვალიფიკაციას იმსახურებ. მაყურებელთა რეაქციებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს ნრმალურია, ბათუმელები მხურვალედ ქომაგობდნენ თავიანთი ქალაქის გუნდს“.

ქუთაისი – სოხუმი  94:82

მიხეილ კობეშავიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): მიუხედავად გუნდში ტრავმიანობისა, ღმერთის წყალობით გავიმარჯვეთ. მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. დღევანდელ მატჩში ტრავმა მიიღო მირზა სარალიამ, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ სერიოზული არაფერია.

 ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი):  საშინელი მსაჯობა იყო, ჯამში 36 ჯარიმა ისროლა მეტოქემ,  ჩვენ კი –  17.  ჩვენი ბიჭების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ,  განსაკუთრებით გამოვარჩევდი დიმიტრი დვალიშვილისა და  გიორგი ჯგერენაიას თამაშს.

superleague.ge

ოლიმპს დინამოსთან ფარის მოგება არ ეყო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სუპერლიგის მე-10 ტური საინტერესო მატჩით დასრულდა. წინა 3 მატჩის მსგავსად ტურის ბოლო მატჩიც დაძაბული გამოდგა. მართალია, მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ“ „ოლიმპი“ 7 ქულით დაამარცხა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულა, დაძაბულობა კი – პიკზე იყო.

„ოლიმპი“ რომ მებრძოლი გუნდია, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მე-3 პერიოდში „დინამო“ 19 ქულით დაწინაურდა, თუმცა ბრძოლისა და თავდადებული თამაშის ხარჯზე ოლიმპელებმა ჩამორჩენის შემცირება და თამაშისთვის  ინტრიგის დაბრუნება შეძლეს.

„ოლიმპმა“ მეტოქეზე 24-ით მეტი ბურთი მოხსნა, მაგრამ ეს სოლიდური უპირატესობა შედეგში ვერ ასახა. მოხსნათა უმეტესობა ოლიმპელთა ტანმაღალ სერბ ლეგიონერ მარკო დუიკოვიჩზე მოდის, რომელმაც მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა. დუიკოვიჩმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 24-ჯერ მოიპოვა, რითაც თავის გუნდს დიდი დახმარება კი გაუწია, მაგრამ ოპონენტი გარიკ შერმანივით შედეგიანი არ ყოფილა. შერმანმა დინამოელებს 22 ქულა მიაშველა და ბურთი 10-ჯერ მოხსნა.

ბოლო წუთზე, როცა „ოლიმპის“ კაპიტანმა ნუგზარ აბულაძემ სერბ მარკო პოპოვიჩს ბურთი ჩაუჭრა და ჩამორჩენა 2 ქულამდე შემცირა, „დინამოს“ წაგების რეალური საფრთხე დაემუქრა. გუნდს დახმარება მისმა კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გამყრელიძემ გაუწია, რომელმაც კუთხიდან ორქულიანი ჩააგდო და „დინამოს“ გამარჯვება გაუნაღდა.

გამარჯვებულთაგან ბომბარდირ შერმანის კვალზე სერბი მარკო პოპოვიჩი გამოირჩა, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა. 11 ქულა მიითვალა გიორგი ორმოცაძემ, ხოლო ილია ლონდარიძემ დინამოელებს 10 ქულა მიაშველა. „ოლიმპში“ 24 მოხსნასთან ერთად 15 ქულა ჰქონდა მარკო დუიკოვიჩს, 11 ქულა და 10 მოხსნა უკრაინელი დენის ნოსკოვის ანგარიშზეა, ხოლო ნუგზარ აბულაძემ პირად ანგარიშზე 10 ქულა ჩაიწერა.

სუპერლიგის მორიგი, მე-11 ტური 27 და 28 თებერვალს, საქართველოს 4 ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): რთული თამაში იყო, ამას ველოდით კიდეც. ახალი მოთამაშეები გვყავს და ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასამუშავებელი როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში და ამ ყველაფერს მათ ნაწილ-ნაწილ ვაწვდი. დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო, ვფიქრობ, პლეი ოფებამდე ბოლომდე შევიკრებით. ამ თამაშში ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 60%-ით ვითამაშეთ, თუმცა კარგი მომენტებიც გვქონდა. ფარი კატასტროფულად წავაგეთ, ფარის ასეთი წაგების შემდეგ მოგება რთულია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ. წარმატებებს ვუსურვებ ,,ოლიმპის’’ გუნდს მომავალში.

გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ირაკლის და მთლიანად ,,დინამოს’’ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს. გუნდი, რომელიც 24 ბურთით იგებს ფარს, არ უნდა აგებდეს, თუმცა დღეს ასე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დარბაზში ვთამაშობდით, 12 ჯარიმა ავაცილეთ და 3-ქულიანების ძალიან დაბალი პროცენტი(17%) გვქონდა. ბევრი ბურთი ავაცილეთ როგორც პერიმეტრიდან, ისე ფარქვეშიდან. თუმცა იყო პლიუსებიც. მესამე მეოთხედში 19 ქულას ვაგებდით და ბოლო პერიოდში მოვახერხეთ სხვაობის 2 ქულამდე შემცირება. მაგრამ ლაშა გამყრელიძემ გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო და დავმარცხდით. რაც შეეხება ლეგიონრებს, ისინი არ არიან ბოლომდე სტაბილურები, ნოსკოვი წინა თამაშში ძალიან კარგი იყო, დღეს კი საერთოდ არ იყო თავის სქემაში, არასწორი ბურთები შეუტია, მარკოც ვერ იყო ფორმაში, ბოლო პერიოდში გამოფხიზლდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვეყო კლასი. მინდა აღვნიშნო ,,დინამოს’’ ლეგიონერი, გარიკ შერმანი, რომელიც დღეს საქართველოში, ჩემი აზრით, საუკეთესო ცენტრია. ნამდვილად ძალიან კარგი შენაძენია ,,დინამოსთვის’’. ჩვენ შევეცდებით გამოვასწოროთ თამაში, სროლის პროცენტულობა და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. ,,მგზავრები-არმიასთან’’ გამარჯვების შემთხვევაში მე-6 ადგილს გავინაღდებთ, დამარცხების შემთხვევაში კი მე-7ადგილზე გადავალთ.

მარკო დუიკოვიჩი(,,ოლიმპი’’): კარგი სტარტი გვქონდა, თუმცა არ ვიცი შესვენების შემდეგ რა მოხდა, მესამე პერიოდი, ფაქტობრივად, ჩაგვივარდა. ბევრი სროლა ვერ გამოვიყენეთ, პერიმეტრიდანაც ცუდად ვესროდით. მწვრთნელმა იცის, რაზე და როგორ უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაში გამოვასწოროთ. დავიწყებთ მზადებას შემდეგი შეხვედრისთვის.

superleague.ge

ფაშაევის გმირობა ქუთაისში და მგზავრები-არმიას გამარჯვება ბათუმში

სუპერლიგის მორიგი, მე-10 ტური საინტერესო მატჩებით დაიწყო.  2 შეხვედრა რეგიონებში გაიმართა – ქუთაისში სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავიდა და დრამატულ, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტაიდერმა „მგზავრები-არმიამ“ბათუმში იმარჯვა.

 

ქუთაისში ჯადოსნური ბოლო მეოთხედი იხილეს გულშემატკივრებმა, რისი მიზეზიც აზერბაიჯანელი ლეგიონერის, ზაურ ფაშაევის საოცარი თამაში იყო. რუსთაველები ბოლო პერიოდის წინ 11 ქულით იგებდნენ. თამაში რომ განახლდა, არაფერი მოასწავებდა, რომ სტუმრები დამარცხდებოდნენ – „რუსთავის“ მოთამაშეები წარმატებით იხვეჭდნენ ქულებს და ხელჩასაჭიდ ლიდერობას ინარჩუნებდნენ.

1, 2 და ზაურ ფაშაევმა მე-3 სამქულიანიც რომ ჩააგდო, ვითარება დაიძაბა. თამაშის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა და ქუთაისელთა ჩამორჩენა 6 ქულამდე შემცირდა. მომდევნო 1 წუთში აზერბაიჯანელმა უკანახაზელმა ზედიზედ კიდევ 2 სამიანი ჩააგდო, თუმცა რუსთაველთაგან აკაკი დვალიშვილი იხვეჭდა ქულებს და ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 5 ქულამდე შეიკვეცა – 85:89 დასრულებამდე 5 წუთით ადრე.

ფაშაევს სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალიაც შეეშველა, რომელმაც დასკვნით პერიოდში 10 ქულა ჩააგდო. სარალიამ სამქულიანი, ორიანი და საჯარიმოც რომ ჩააგდო, ანგარიში გათანაბრდა. ფაშაევს ბოლო მეოთხედში მე-6 სამქულიანი გოგა ცეკვავამ არ ჩააგდებინა, რომელმაც მოედნიდან გავარდნის ფასად მე-5 პერსონალური მიიღო, აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა კი სამივე საჯარიმო მიითვალა და „ქუთაისი“ 94:91 დააწინაურა.

აზერბაიჯანელი და სლოვენიერი ლეგიონერის დიდებული თამაშით მოპოვებული ლიდერობა ქუთაისელებმა დარჩენილ 3 წუთში აღარ დათმეს და მიმდინარე სეზონში ალბათ ყველაზე გემრიელი გამარჯვება მოიპოვეს – 106:99. ზაურ ფაშაევმა ბოლო მეოთხედში 20 (!) ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი 26 დაუგროვდა. ბომბარდირი მირზა სარალია გახდა 29 ქულით. სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ანატოლი ბოისამ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა.. რუსთაველთაგან საუკეთესო აკაკი დვალიშვილმა 32 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ტერენ ოგლზბიმ კი სტუმრებს 24 ქულა და 10 პასი შეაწია.

კიდევ უფრო დაძაბული მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფი, მიმდინარე სეზონში ერთადერთი გამარჯვების მომპოვებელი „მგზავრები-არმია“ ჩავიდა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ამ მატჩში გამოჩნდა, თუ რამდენს ნიშნავს ბათუმელთათვის ბიჯეი იანგი. ამერიკელი არქიმექულე განაცხადში იყო, მაგრამ პირის ღრუში მქონე ჩირქოვანი წყლულის გამო მოედანზე ვერ გავიდა.

სამაგიეროდ, ჯანზე იყო „მგზავრები-არმიას“ ახალშენაძენი ადრიკ მაკკინლი, რომელმაც მთელი თამაშის მანძილზე საკუთარი მხრებით ათრია თავისი გუნდი და საბოლოოდ არმიელებს საამაყო გამარჯვება მოუტანა. მთელი თამაში ქულა-ქულაში წარიმართა, ლიდერი 16-ჯერ შეიცვალა და ფრეც 16-ჯერ დაფიქსირდა. ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა. 1 ქულით დაწინაურებული „მგზავრები-არმიას“ მოთამაშემ მერაბ ბოქოლიშვილმა საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა. ამით ბათუმელებმა ვერ ისარგებლეს – ნიკ კელოგმა სამქულიანი ააცილა და როცა ბურთი მაკკინლიმ მოხსნა, მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა: „ბათუმი“ „მგზავრები-არმიასთან“ შინ 59:61 დამარცხდა.

19 ქულითა და 22 მოხსნით გამარჯვებაში ლომის წილი მაკკინლიმ დაიდო, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. „ბათუმში“ 16 ქულით ბომბარდირი ირაკლი მიქელაძე გახდა, 15 დააგროვა კელოგმა, ხოლო კრის ფელჩერის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-10 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 22 თებერვალს, თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“ გაიმართება.

ბათუმი – მგზავრები არმია  59:61

ბუბა ბერიშვილი („მგზავრები-არმიას“ მთავარი მწვრთნელი): მე პირადად ამ გამარჯვებას ველოდი, თუნდაც იმიტომ რომ  „ბათუმს“დღეს წამყვანი მოთამაშეები აკლდა.  ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი საჯარიმო სროლა ავაცილეთ. ანგარიშში სხვობა მეტიც უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ.  მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, ასევე მეტოქეს, რომელიც საკუთარ მოედანზე იბრძოდა.

 

დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): რთული კვირა გვქონდა, გუნდში ტრავმიანობამ იჩინა თავი და დღეს  7 კაცით მოგვიწია თამაში.  ტრავმირებულ მოთამაშეებს გუშინ, თამაშის წინა დღეს იანგიც დაემატა. მიუხედავად ამისა, ძალიან დაძაბული თამაში შედგა. დარბაზში ჩინებული ატმოსფერო იყო შექმნილი და გულშემატკივრის ქომაგობა არ გვაკლდა.   ბოლო წუთებზე მოგების შანსიც გვქონდა, მაგრამ  3-ქულიანი ავაცილეთ და შემდგომ ვერც ჯარიმა გამოვიყენეთ.  იმედია, გუნდში ყველაფერი დალაგდება, ორშაბათიდან მუშაობას დავიწყებთ და მოთამაშეები მალე გამოჯანმრთლებიან.

 

ქუთაისი – რუთავი 106:99

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): მივულოცავ ქუთაისის გუნდს ამ გამარჯვებას და ყველა გულშემატკივარს.   ეს თამაში ძალიან  მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. წინა მარცხმა გაანაწყენა  ჩვენი ქომაგები და სასიამოვნოა, რომ ამ მხრივ დღეს ეს დაძაბული სიტუაცია შეიცვალა. დღევანდელი თამაში სირთულეებით დავიწყეთ, რომელსაც ტრავმიანობაც ახლდა თან,  ბარბაქაძე და კვიმსაძე ჩვენ გუნდს ძალიან დააკლდა,  დასაწყისში მოწინააღმდეგე გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და მთელი შეხვედრა მდევრის როლში ვიმყოფებოდით.  თუმცა ბოლო პერიოდში მეტოქეს პრობლემები შეექმნა, დვალიშვილი 4 პერსონალური ფოლით დაიტვირთა, ხოლო ცეკვავამ მოედანი დატოვა. შესაბამისად შანსი მოგვეცა წინ გავსულიყავით და ეს ფაქტორი  კარგად გამოვიყენეთ. მთელი გუნდი შეიკრა და გადამწყვეტ მომენტებში კარგად ითამაშა აბდულაი ნდოემ. ასევე მსურს აღვნიშნო რომ მირზა სარალიაც შესანიშნავი ლეგიონერია და ჯერ სულ ახლახანს შემოურთდა გუნდს, ტრავმირებული ლევან გრძელიძეც ახალი დაბრუნებულია გუნდში და მიხარია, რომ „ქუთაისს“ყველაფერი წინ აქვს და დიდი პოტენციალი გააჩნია.

მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): თავიდან კარგად დავიწყეთ ასპარეზობა, მაგრამ მესამე-მეოთხე პერიოდში თამაში ჩაგვივარდა. მეორე ტაიმში ბევრი სამქულიანი მივიღეთ. ბიჭებმა იომეს, იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. მივულოცავ „ქუთაისს“ ამ გამარჯვებას.

ALL STAR 2015 (ვიდეო-კლიპი)

თბილისი მოლში გამართული სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი ნამდვილი სანახაობა გამოვიდა. გთავაზობთ ამ დღის ამსახველ ვიდეო-კლიპს.

ოლიმპის ისტორიული გამარჯვება

პირველად, სუპერლიგის ისტორიაში თბილისის გუნდმა ეროვნული ჩემპიონტის მატჩს საკუთარ არენაზე უმასპინძლა. ეს „ოლიმპმა“ მოახერხა, რომელმაც სუპერლიგის მე-9 ტურის საშინაო მატჩი „სოხუმის“ წინააღმდეგ სპორტკომპლექს „არენაში“ ჩაატარა.

მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ოლიმპელები მასპინძლები იყვნენ და საკუთარ დარბაზში არ სურდათ სადებიუტო მატჩის წაგება. თანაც მეტოქე დაახლოებით ტოლი კალიბრის იყო. სოხუმელებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდათ მოგებული, „ოლიმპს“ კი – 2.

პირველი მეოთხედი ფრედ – 22:22 დასრულდა, მეორე ათწუთეულში კი ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით სოხუმელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის ვაჟა კვარაცხელიას გუნდი 46:39 იგებდა.

მეორე ტაიმიდან „ოლიმპმა“ თამაში გამოასწორა. სამიზნე გაისწორა თბილისელთა უკრაინელმა ლეგიონერმა დენის ნოსკოვმა, რომელმაც მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო, მას თანაგუნდელებმაც აუწყვეს სროლები და „ოლიმპმა“ ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრა, ბოლო მეოთხედის წინ 64:60 დაწინაურდა.

ბოლო პერიოდში სოხუმელებმა კი მოინდომეს, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება (64:64) შესძლეს. ბოლო წუთებზე გაცილებით მობილიზებული ოლიმპელები აღმოჩდნენ. უკრაინელმა ლეგიონერმა კიდევ 2-ჯერ ჩააგდო სამქულიანი და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ოლიმპელები 9 ქულით დაწინაურდნენ – 81:72. დარჩენილ დროში სოხუმელებმა მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და საბოლოოდ 82:87 დამარცხდნენ.

გამარჯვებულებს დენის ნოსკოვმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. 11 ქულა მიითვალა კოსტანტინე ტომარაძემ, ხოლო ნუგზარ აბულაძის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. „სოხუმში“ 24 ქულით ბომბარდირი პელეი პელე გახდა, ხოლო ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მორიგი, მე-10 ტური 20 და 22 თებერვალს გაიმართება.

superleague.ge 

სუპერლიგა განახლდა: დინამომ ბათუმში იმარჯვა, ოლიმპმა ქუთაისში წააგო

საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა. პირველი წრის და ახალი წლის შემდეგ გუნდებმა ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყეს.

დღეს 2 მატჩი რეგიონებში გაიმართა – ბათუმში სათამაშოდ „დინამო“ ჩავიდა, ხოლო ქუთაისს „ოლიმპი“ ესტუმრა.

ორივე მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ოთხივე გუნდს ახალი მოთამაშეები ჰყავს, რომელთა შორისაც დღევანდელ მატჩებში თავი ყველაზე კარგად დინამოელთა ახალწვეულმა, გარიკ შერმანმა წარმოაჩინა. ამერიკელმა ცენტრმა ბათუმში დიდებულად ითამაშა და „დინამოს“ გამარჯვებაც დიდად განაპირობა.

პირველი ტაიმის 43:39 მოგების შემდეგ ბათუმელები, რომელთა გამწევ ძალასაც ლეგიონერები წარმოადგენენ, ჩამორჩნენ. გარიკ შერმანის მექულეობით დინამოელებმა მესამე პერიოდი 28:15 მოიგეს და გადმწყვეტი პერიოდის წინ 67:58 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ლიდერობის შენარჩუნება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა და მოქმედ ჩემპიონს ეს არც გასჭირვებია.

დინამოელებმა საბოლოოდ 87:73 მოიგეს და ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარეს. გამარჯვებულებს 28 ქულით შერმანმა ულიდერა. ამ უკანასკნელმა სუპერლიგის პირველსავე მატჩში მოხსნებში სეზონის რეკორდი დაამყარა. გარიკ შერმანმა 28 ქულასთან ერთად 23 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიპოვა. პირველი წრის რეკორდი ასევე დინამოელის, რიჩარდ მათიაშვილის 21 მოხსნა იყო.

აღსანიშნავია, რომ შერმანმა 6-ივე საჯარიმო ააცილა, თუმცა მან იმდენად კარგად ითამაშა სამწამიან ზონაში, რომ 23-დან 14 ორქულიანი ჩააგდო. 11 ქულა მიითვალა დინამოელთა მეორე ახალწვეულმა მარკო პოპოვიჩმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამავდროულად სერბმა ლეგიონერმა ბურთი 9-ჯერ დაკარგა. შესანიშნავად გაისარჯა ილია ლონდარიძე, რომელმაც დინამოელებს 18 ქულა და ამდენივე მოხსნა მიაშველა. ბათუმელთაგან 27 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ბიჯეი იანგი გახლდათ, 14-14 ქულა კი კრის ფელჩერმა და ნიკ კელოგმა მიითვალეს.

ქუთაისში გამართული შეხვედრა ისეთი დაძაბული და თანაბარი იყო, მიმდინარე სუპერლიგაში ანალოგი ძნელად მოეძებნება. თავად განსაჯეთ: თამაშის მსვლელობისას ფრე 19-ჯერ დაფიქსირდა, ხოლო ლიდერი 21-ჯერ შეიცვლა. პირველი მეოთხედიდან ბოლო წამებამდე შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და კვანძი ბოლო წამებზე გაიხსნა.

საფინალო სირენამდე ორნახევარი წუთით ადრე ნუგზარ აბულაძის ორქულიანის შემდეგ „ოლიმპი“ 73:70 დაწინურდა, თუმცა დავით ბარბაქაძემ სამქულიანით, ხოლო ვახტანგ ქადარიამ ორიანით ქუთაისელები 75:73 დააწინაურა. ამასობაში დაიწყო ბოლო წუთი და დადგა მასპინძელთა სლოვენიელი ლეგიონერის – მირზა სარალიას ჯერი. ამ უკანასკნელმა მასზე ოლიმპელთა მიერ აღებული ტაქტიკური ჯარიმები ქულებად აქცია. სარალიამ ბოლო წუთზე 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და ქუთაისელებს მოგება გაუნაღდა.

საბოლოოდ „ქუთაისმა“ 83:77 მოიგო და ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე წაგებისთვის „ოლიმპს“ რევანში აუღო. ქუთაისელთა შორის 18 ქულით ბომბარდირი დავით ბარბაქაძე გახდა, მირზა სარალიამ 16 მიითვალა, ზაურ ფაშაევის ანგარიშზე კი 12 ქულა,  9 პასი და 5 მოხსნა დაგროვდა. „ოლიმპში“ ყველაზე ერთი თავით მაღა იდგა მარკო დუიკოვიჩი, რომელმაც 25 ქულა-20 მოხსნა დააგროვა. ნუგზარ აბულაძემ ოლიმპელებს 15 ქულა შესძინა.

სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის დარჩებილი ორი მატჩი ხვალ თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბათუმი – დინამო  73:87

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი):  მიუხედავად დაფიქსირებული ანგარიშისა, რთული თამაში იყო. გვყავს 3 ახალი მოთამაშე, რომლებსაც არ ჰქონიათ ჩვენი ტაქტიქის შესწავლისა და გუნდთან შეწყობის დრო.  პოტენციალი გვაქვს  და ყველაფერი წინ არის. ამ დღეებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გუნდი კიდევ უფრო დავალაგოთ. დღეს ჩვენმა ბიჭებმა  ბრძოლის ხარჯზე მოიგეს.  რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მათ თავისი საქმე გააკეთეს,  დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): პირველი ტაიმში ბევრად უფრო კარგად ვიასპარეზეთ, თუმცა თამაშის მეორე ნახევრიდან გუნდს დაღლილობა დაეტყო. დინამოს გუნდს შესანიშნავი ლეგიონერები ჰყავს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მის გამარჯვებაში. განსაკუთრებით გამოვყოფდი  გარიკ შერმანს, რომელიც ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა. დღევანდელ თამაშში კარგად გამოჩნდა ჩვენი გუნდის ხარვეზები, განსაკუთრებით კი დაცვაში.

ქუთაისი – ოლიმპი 83:77

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): ძალიან კარგი თამაში შედგა.  უაღრესად დაძაბული, დრამატული და ემოციებით სავსე. მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა.  ეს მატჩი ჩვენთვის საკმაოდ პრინციპული გახლდათ, მით უმეტეს რომ ჩვენი მოწინააღმდეგე  გაძლიერებულია და  ჰყავს მონდომებული, მოტივირებული ახალგაზრდა  კალათბურთელები. „ოლიმპმა“ მემორიალის მატჩებზეც დაამტკიცა რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია. ჩვენი მოგება შეხვედრის გადამწყვეტ წუთებზე გამოცდილებამ და დაცვაში აქტიურმა თამაშმა განაპირობა. მთელი თამაშის მსვლელობისას უპირატესობა ფაქტიურად არცერთ გუნდს ჰქონია და ბოლო მეოთხედში ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა.  კმაყოფილნი ვართ ახალი ლეგიონერით, რომელმაც სრულიად უცხო გუნდში იასპარეზა და მიცემულ დავალებებს თავი შესანიშნავად გაართვა. ვამაყობ ჩვენი გუნდით და იმედი მაქვს დღევანდელი ეს გამარჯვება კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარი გახდება.

გია კაზანჯიანი(„ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): თამაშმა ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა და როგორც ყოველთვის ქუთაისის სპორტის სასახლე მაყურებლებით გაივსო. 25 დაკარგვა ძალიან ბევრია, მაგრამ მთლიან ჯამში ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია და გარკვეულმა გარემოებებმა მნიშვნელოვნად იქონია მატჩზე  გავლენა. სადაო და საეჭვო ვითარებებში  5 პერსონალური ჯარიმით დაიტვირთა მარკო პოპოვიჩი, რომელსაც მეორე ტაიმში ფაქტიურად სასროლი  ჯარიმა არ უსვრია, არადა ასეთი მომენტი ბევჯერ დაფიქსირდა. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენ ამ თამაშში სტუმრები ვიყავით და გასაგებია, რომ მასპინძლებს რამდენიმე „სასტვენი“ ეკუთვნოდათ.

superleague.ge

საკალათბურთო სუპერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა

დღეს საკალათბურთო სუპერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ბოლო დღეებში სუპერლიგის გუნდებმა არაერთი მოთამაშე, ძირითადად ლეგიონერები, დაიმატეს.

3-3 მოთამაშით შეივსეს რიგები „შსს-აკადემიამ“, „დინამომ“, „სოხუმმა“, „რუსთავმა“ და „ოლიმპმა“. მთლიანობაში კი ტრანსფერის გარეშე სუპერლიგის არც ერთი გუნდი არ დარჩენილა.

აკადემიელებმა დაიმატეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – ნიკა მეტრეველი და მიხეილ ბერიშვილი, ასევე, ამერიკელი ცენტრი კრის ბრასველი, რომელიც ბოლოს ურუგვაის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა.

თბილისის „დინამომ“ ერთი ქართველი, ერთი სერბი და ერთიც ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისურს მეორე წრიდან თეიმურაზ ბაბუნაშვილი, მარკო პოპოვიჩი და გარიკ შერმანი მოირგებენ. ბაბუნაშვილმა პირველი წრე „მგზავრები-არმიაში“ გაატარა, ამერიკელი შერმანი პოლონეთში თამაშობდა, ხოლო სერბი მარკო პოპოვიჩი საკუთარ სამშობლოში – გუნდ „ნოვი სადის“ ღირსებას იცავდა.

სამი ახალწვეული ჰყავს „სოხუმსაც“ –  ბექა ბექაური, პელე პეილეი და დარიუს გილმორი. ბექაურმა პირველი წრე „ქუთაისში“ გაატარა, ლიბერიელი პეილეი საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა, ხოლო დარიუს გილმორს რაც შეეხება, ის ამერიკაში, სტუდენტურ ლიგაში თამაშობდა.

„მგზავრები-არმიამ“  ტარიკ ჯეკსონი და ადრიკ მაკკინი დაიმატა. ჯეკსონი ამერიკელია და გასული სეზონი ისტაელში გაატარა, რაც შეეხება ასევე ამერიკელ მაკკინს, მან სეზონის პირველი წრე მაროკოში ითამაშა.

„ოლიმპის“ შემადგენლობაში 3 ახალწვეულია. უკრაინელი დენის ნოსკოვი, რომელმაც პირველი წრე უკრაინის სუპერლიგის გუნდ „ბკ ოდესაში“ გაატარა, 226 სანტიმეტრი სიმაღლის სერბი მარკო დუიკოვიჩი ბოსნიურ „ბოსნა როიალსში“ თამაშობდა, ხოლო მესამე ახალწვეული ქუთაისელი გიორგი ცირეკიძეა.

„ქუთაისმა“ 2 მოთამაშე და 1 მწვრთნელი შეიმატა. „ბათუმის“ თავკაცი, მიხეილ კობეშავიძე ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის, მალხაზ კოხრეიძეს ასისტენტი იქნება. იმერულ კლუბში ითამაშებს მანამდე „მგზავრები-არმიაში“ მოასპარეზე ოთარ ბულიავა და სლოვენიელი მირზა სარალია, რომელიც „ქუთაისში“ ალბანეთის ჩემპიონატიდან მოდის.

„რუსთავს“ დაუბრუნდა კამერუნელი ჟოლივეტ ტუჯანი და ამერიკელ კაილი ნელსონი. ეს უკანასკნელი რუსთაველთა ღირსებას 2012-13 წლების სეზონშიც იცავდა, ხოლო ტუჯანს სხვადასხვა წლებში არაერთ სეზონში დაუცავს ქვემოქართლური გუნდის სახელი. რუსთაველებმა ნორვეგიელი ტერენს ოგლსბიც შეიმატეს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა და გასულ წრეში საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა.

დაბოლოს, „ბათუმს“ ახალი მთავარი მწვრთნელი და ერთი ახალწვეული ჰყავს – 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი ზღვისპირულ გუნდს გაწვრთნის, ხოლო ნიკა რამიშვილი, რომელმაც პირველი წრე ყაზახურ „კასპიაში“ გაატარა, თავის მშობლიურ, ბათუმურ გუნდს დაუბრუნდა.

გუნდი დამატებული მოთამაშის სახელი და გვარი
რუსთავი ტერენს ოგლსბი, ჟოლივეტ ტუჯანი, კაილ ნელსონი
შსს-აკადემია მიხეილ ბერიშვილი, ნიკა მეტრეველი, კრის ბრასველი
დინამო მარკო პოპოვიჩი, გარიკ შერმანი, თეიმურაზ ბაბუნაშვილი
ოლიმპი მარკო დუიკოვიჩი, დენის ნოსკოვი, გიორგი ცირეკიძე
სოხუმი პელე პეილეი, დარიუს გილმორი, ბექა ბექაური
მგზავრები-არმია ადრიკ მაკკინი, ტარიკ ჯეკსონი
ქუთაისი მირზა სარალია, ოთარ ბულიავა
ბათუმი ნიკა რამიშვილი

superleague.ge

უკრაინელი ფორვარდი ერთ-ერთ ქართულ კლუბში ითამაშებს

უკრაინული საკალათბურთო კლუბის „ოდესას“ ფორვარდმა დენის ნოსკოვმა საქართველოში გადასვლა დაადასტურა. როგორც ცნობილია, უკრაინელი საქართველოს სუპერლიგაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, თუმცა ამჟამად მისი მომავალი კლუბის სახელი უცნობია.

„ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. აქედან წასვლა არ მსურდა. ბოლო წლებში ოდესა ჩემთვის სახლი გახდა, კლუბმა კი, ჩემი, როგორც მოთამაშედ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. „ოდესას“ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. მსურს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ მათ არ ვემშვიდობები. საქართველოში კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მექნება, რის შემდეგაც „ოდესაში“ სიამოვნებით დავბრუნდებოდი. იმედია, კლუბი ყველა პრობლემას სულ მალე მოაგვარებს და გამარჯვების გზას დაუბრუნდება“, – განაცხადა „აზოვმაშის“ აღზრდილმა.

ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგის გუნდებს შეხვდა

სუპერლიგის კლუბების წარმომადგენლები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. მიზეზი კალათბურთის ფედერაციის ახალი ბიუჯეტი და მასში კლუბებისთვის გათვალისწინებული თანხების რაოდენობა იყო. მოგეხსენებათ, სახელმწიფომ საკალათბურთო სუპერლიგის გუნდებისთვის თანხები გამოყო და მათი გაცემა იანვრის თვიდან იგეგმება.

ფედერაციის ოფისში გამართულ შეხვედრას სუპერლიგის შვიდი გუნდის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა კლუბების ხელმძღვანელებს ის კრიტერიუმები გააცნეს, რაც სპორტის სამინისტრომ ფედერაციის ბიუჯეტის განკარგვისთვის დააწესა.  

შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა და საბოლოოდ მხარეები ყველა საკითხზე შეჯერდნენ.

gbf.ge

კვარაცხელია: „დინამომ“ მოგება დაიმსახურა“

„დინამოსა“ და „სოხუმის“ მატჩის დასრულების შემდეგ სპორტკომპლექს არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა.

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ თავკაცი): „პირველ რიგში დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, მინდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე თქვენს საქმიანობაში წარმატება გისურვოთ.

დღეს წლის ბოლო თამაში იყო. უკვე აღვნიშნე, რომ წინა თამაშები არც თუ ისე სახარბიელოდ ჩავატარეთ. წინა ტურში წავაგეთ, თასის შეხვედრაშიც დამაჯერებლად ვერ ვითამაშეთ. დღეს მობილიზება მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. სეზონის პირველი ნახევარი პირველ ადგილზე დავასრულეთ, რის გამოც ჩემი ბიჭების მადლიერი ვარ.

არ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს, თუმცა გუნდის კაპიტნის მიმართ საქებ სიტყვებს მაინც ვიტყვი. იგი მნიშვნელოვან როლს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ ასრულებს. იმედია, მეორე წრეში სხვა მოთამაშეებიც მოუმატებენ, მათ საამისოდ ნიჭი გააჩნიათ.

დღეს უპირტესობა უკვე მეორე ათ წუთში მოვიპოვეთ, რის შემდეგ თამაშის შანსი სხვა მოთამაშეებსაც მივეცი.

მოსულ გულშემატკივრებს დღეს მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“.

ირაკლი ხოშტარია_6086646

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „დინამოს“ გამარჯვებას ვულოცავ. დღეს ამ გუნდის მოგება ლოგიკური იყო. 5-5-ზე კალათბურთი დიდი ხანი არ გვითამაშია. ვარჯიში 6-კაციანი შემადგენლობით მოგვიწია. ცუდი პირველი ნახევარი გვქონდა. დასვენების პერიოდში ახალი კალათბურთელების დამატებაზე უნდა ვიფიქროთ“.

ვაჟა კვარაცხელია_9568545

„დინამომ“ „სოხუმი“ უპრობლემოდ დაამარცხა

დღეს, სპორტკომპლექს „არენაში“, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2014 წლის ბოლო მატჩში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 104:78 დასრულდა.

გიორგი ორმოცაძე_97646

პირველი მეოთხედი დინამოელებმა 6 ქულით – 22:14 მოიგეს. მეორე მეოთხედში კი ირაკლი ხოშტარიას კალათბურთელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს (26:12). საბოლოოდ, დიდი შესვენების წინ „დინამო“ 48:26 იგებდა.

დინამო-სოხუმი_605664

დინამო-სოხუმი_6077766

მეორე ნახევარში სოხუმელებმა მეტოქეს, ასეა თუ ისე, წინააღმდეგობა გაუწიეს. მესამე მეოთხედი „სოხუმმა“ მხოლოდ ერთი ქულით დათმო (30:31), ბოლო ათ წუთში კი „დინამომ“ 3 ქულით იმარჯვა.

საბოლოოდ, 104:78 და „დინამო“ ახალ წელს სუპერლიგის ლიდერის სტატუსით ხვდება.

დინამო-სოხუმი_6056556

ბესიკ ლეჟავა_9057464

„დინამო“ – „სოხუმი“ 104:78 (22:14, 26:12, 31:30, 25:22)

„დინამო“: ლონდარიძე (25 ქ. 7 მ. 3 ა.), ლეჟავა (19 ქ. 5 მ. 6 ა.), ვახანია (18 6 მ. 5 ა.), გამყრელიძე (13 ქ. 3 მ. 7 ა.), მათიაშვილი (12 ქ. 1 მ.)

„სოხუმი“: ფარღალავა (18 ქ. 3 მ. 5 ა.), შვანგირაძე (18 ქ. 1 მ.), ბააკაშვილი (9 ქ. 5 მ. 4 ა.), პერიაშვილი (7 ქ. 13 მ. 1 ა.), დვალიშვილი (7 ქ. 3 მ. 1 ა.)

ლაშა ფარღალავა_958454

ილია ლონდარიძე_076665