მესიმ ვილანოვას ხსოვნას პატივი მიაგო (ვიდეო)

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას ხსოვნას პატივი მიაგო. შეგახსენებთ, რომ ვილანოვა გასული წლის 25 აპრილს 46 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

“ტიტო, შენ ყოველთვის დარჩები ჩვენს მეხსიერებასა და გულებში”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლეო მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვა “ბარსელონას” 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივლისამდე თავკაცობდა.

 

„მესი „ბარსადან“ ვილანოვასთვის მიცემული პირობის გამო არ მიდის“

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წამყვანი წყაროები ლიონელ მესის ლონდონის „ჩელსის“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცის ფრენკ რაიკაარდის ასისტენტმა ტენ კატემ ისაუბრა.

„ყველამ იცის, რომ მესის „ბარსაში“ პრობლემები ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. ლეო კლუბში მხოლოდ იმის გამოა, რომ ტიტო ვილანოვას დარჩენას დაპირდა.

ვფიქრობ, თეორიულად ტრანსფერი შესაძლებელია, რადგან იგი ყველასთვის საინტერესოა. მესიმ „ბარსელონაში“ ყველაფერს მიაღწია, შესაძლოა, მას ახალი გამოწვევა სჭირდება.

ძალიან მსურს, რომ მას ყველაფერი გამოუვიდეს, რადგან ლეოს ჩინებული ათი წელი ჰქონდა. ამავდროულად დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ყველაფერი გამოუვა. გასულ სეზონში იგი ფორმაში არ იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩინებულ სტატისტიკას მიაღწია“, – განაცხადა ტენ კატემ.

მესი: „გვსურს, პრიმერა დივიზიონი მოვიგოთ და გამარჯვება ტიტო ვილანოვას მივუძღვნათ“

„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მოგებისთვის ემზადება.

„ჩვენ გვსურს, რომ ჩემპიონატი მოვიგოთ და ეს გამარჯვება ტიტო ვილანოვას მივუძღვნათ, რომელიც ჩვენს ჩემპიონობაზე ოცნებობდა. მას ეს კლუბი ძალიან უყვარდა. იგი ჩვენით იამაყებდა.

ჩემპიონატის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს წელი ძალიან რთული აღმოჩნდა. რამდენიმე წლის განმავლობაში არც ისე კარგი პერიოდი გვაქვს და პირველ ადგილზე გასვლა ჩინებული იქნებოდა. არ ვიცი, გადაარჩენს თუ არა პრიმერას მოგება ამ სეზონს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ტიტული იქნება“, – განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტიტო ვილანოვა (1968 – 2014)

პარასკევს „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ფეხბურთის კატალონიელი სპეციალისტი მხოლოდ 45 წლისა გახლდათ.

ტიტო ვილანოვა თავმდაბალი ადამიანი იყო. სანამ „ბარსელონას“ ჩაიბარებდა, მანამდე ხოსეპ გვარდიოლას შეუმჩნევლად ეხმარებოდა. ერთხელ ანდრეს ინიესტამ მას ფეხბურთის ენციკლოპედიაც უწოდა და ამის თქმის მიზეზიც ჰქონდა.

ანალიტიკური აზროვნება, მიხვედრილობა, მეტოქე გუნდის სისუსტეების პოვნა – ვილანოვას ეს უნარები არაერთხელ წაეშველა კატალონიურ გუნდს საჭირო დროს.

ვილანოვას დროს „ბარსელონამ“ ფენომენალური შედეგი აჩვენა: კლუბმა მოაგროვა 100 ქულა და მოიგო ჩემპიონატი. მისი ხელმძღვანელობით კატალონიურმა გუნდმა 158 გოლი გაიტანა. სწორედ ვილანოვა იყო „ბარსას“ თავკაცი, როდესაც ლიონელ მესიმ სეზონში 73 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამაყარა.

„ტიტო ვილანოვასთვის დამახასიათებელი არ ყოფილა პროვოკაციული გამონათქვამები. ის ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო, საპრესკონფერენციო დარბაზში უხამს განცხადებებს არასდროს არ აკეთებდა. მას ერჩივნა, თავი ჩაეღუნა, მუშაობა გეგრძელებინა და შეუმჩნევლად წასულიყო“, – წერს „მარკას“ ჟურნალისტი.

წარმოგიდგენთ ვილანოვას მიერ გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას, რომელიც ნათლად წარმოაჩენს მის პიროვნებას.

„ღირებულია ის, რაც უკვე მოიპოვეთ, რადგან არასდროს არ იცით, როდის ამოიწურება თქვენი დრო“, – ეს სიტყვები ვილანოვამ პირველი ოპერაციის შემდეგ თქვა. „ამ განცხადებამ საოცარი მოტივაცია შეგვძინა“, – განაცხადა მოგვიანებით ჩავიმ.

„ჩემი შვილები 14 და 17 წლისანი არიან. მე მათ ჯერ კიდევ ვჭირდები“, – აღნიშნა ვილანოვამ 2012 წლის დეკემბერში.

„გვარდიოლასთან შედარებით მე მუდამ წაგებულის პოზიციაში ვიქნები“, – ეს სიტყვები ვილანოვამ მაშინ თქვა, როდესაც „ბარსელონას“ თავკაცის პოსტზე წარადგინეს.

„დროის დაკარგვის სურვილი არასდროს მქონია. როდესაც ორ დღეს სახლში ვატარებდი, საოცრად ვიწყენდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი საქმეა“, – აღნიშნა ვილანოვამ, როდესაც მკურნალობის შემდეგ აშშ-დან დაბრუნდა.

„ეს არ არის ჩემი ტიტული, ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. მე არ მჯერა ერთი კაცის ძალისხმევის“, – განაცხადა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2012/13 წლების სეზონის მოგების შემდეგ.

შემაძრწუნებელი დიაგნოზი – სიმსივნე – დაახლოებით სამი წლის წინათ დაუსვეს ვილანოვას. ის მამაცურად იბრძოდა. რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მკურნალობდა სამშობლოსგან შორის, აშშ-ში. 2013 წლის ოქტომბერში „ელ კლასიკოს“ დაწყებამდე კატალონიურმა ინჩადამ ტრიბუნაზე მოზაიკის სახით გამამხნევებელი წარწერა გამოსახა: „გამაგრდი, ტიტო!“

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირაში ვილანოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა.

„ბარსელონას“ ცნობილი სლოგანი ასე ჟღერს: „მეტი, ვიდრე კლუბი“. ეს სიტყვები ვილანოვასთვის ცხოვრების დევიზად იქცა.

სპორტული სამყარო ვილანოვას დაემშვიდობა

ლეო მესი: „არასდროს დაგივიწყებ, ტიტო. მუდამ შენთან ვიქნები“.

ერიკ აბიდალი: „ყოველთვის მემახსოვრები, მეგობარო, ნათელში იყავი. მადლობა ბრძოლისთვის“.

ვიქტორ ვალდესი: „ტიტო ვილანოვა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია. მადლობა ყველაფრისთვის, რაც შენ ჩვენთვის გაიღე“.

რაფაელ ნადალი (ჩოგბურთელი): „ოჯახს მხარდაჭერას ვუცხადებ. უდიდესი ტრაგედია მოხდა. მის მეუღლესა და შვილებს გამხნევებას ვუსურვებ“.

ფერნანდო ალონსო (ავტომრბოლელი): „სამწუხარო დღეა. ნათელში იყოს ტიტო. საშინელი დაავადებაა“.

ანდრეს ინიესტა: „სიტყვები არ მყოფნის. იყავი და ყოველთვის იქნები მაგალითი. ვამაყობ, რომ შენი ცხოვრების ნაწილი მეც ვიყავი. არასდროს დაგივიწყებ. შენს ოჯახს გამხნევებას ვუსურვებ! ნათელში განისვენე“.

ფრანჩესკ ფაბრეგასი: „პირველად 14 წლის წინათ შეგხვდი და შემიძლია, ვთქვა, რომ შენნაირი ადამიანი ძალიან ცოტაა. მადლობა იმისთვის, რომ განმავითარე როგორც საფეხბურთო კუთხით, ასევე პიროვნულად. შენი ადგილი ჩვენს გულში ყოველთვის იქნება. ნათელში იყავი, ტიტო“.

ფლორენტინო პერესი: „მადრიდის „რეალის“ სახელით მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ტიტო ვილანოვას გარდაცვალების გამო. „ბარსელონას“, მის ოჯახს, განსაკუთრებით მეუღლესა და შვილებს მხარდაჭერას ვუცხადებთ“.

იკერ კასილასი: „მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის სამწუხარო დღეა. ნათელში იყავი, ტიტო. ის სიმტკიცისა და სიმამაცის მაგალითია“.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

მესი: „ტიტოს არასდროს დავივიწყებ“

„ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი კატალონიური კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ტიტოს არასდროს დავივიწყებ. მე მუდამ მასთან ვიქნები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს“, – მესიმ ეს კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვა დღეს, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ვილანოვას გარდაცვალების გამო მოურინიომ ღრმა მწუხარება გამოთქვა

მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება შეძრა ტიტო ვილანოვას გარდაცვალებამ. უკვე კეთდება კომენტარები აღნიშნულ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ვილანოვას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა.

„ვილანოვას სიკვდილი მთელი საფეხბურთო საზოგადოებისთვის, „ბარსელონასთვის“ და რაც მთავარია, მისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის სამწუხარო მოვლენაა.

„ჩელსის“ სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ“, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვა დღეს 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ტიტო ვილანოვა გარდაიცვალა

დღეს, 45 წლის ასაკში „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი ტიტო ვილანოვა გარდაიცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კატალონიელ მწვრთნელს კუჭის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ტიტო ვილანოვა ორი წლის განმავლობაში სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეს ებრძოდა.

 

ვილანოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა

ესპანური პრესის ცნობით, „ბარსელონას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვა ხუთშაბათს კუჭის გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მდგომარეობა დამძიმდა.

ფეხბურთის კატალონიელი სპეციალისტი სიმსივნის რეციდივის გამო გასულ პარასკევს ჰოსპიტალში მოათავსეს.

ესპანური „მარკას“ თანახმად, გუშინ ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვილანოვას მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ფეხბურთის კატალონიელ სპეციალისტთან მხოლოდ ახლო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უშევებენ.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვა უკვე ორი წელია, სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეს ებრძვის.

 

2013 წლის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენები დაასახელეს

გუშინ, ბარსელონაში საუკეთესო ესპანელი სპორტსმენები დააჯილდოვეს. გაზეთ „მუნდო დეპორტივოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე 2013 წლის საუკეთესო ესპანელ სპორტსმენად რაფაელ ნადალი დაასახელეს, რომელმაც გასული წლის ოქტომბრის თვეში ATP რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა. დამდეგ კვირას, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ბუენოს-აირესში გასამართ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას აპირებს.

„არგენტინაში გამგზავრებას ვაპირებ, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაში მექნება დაზიანებული ზურგი. თუ გამოჯანმრთელებას ვერ მოვასწრებ, ამით ტრაგედია არ მოხდება. მომდევნო ტურნირისთვის მოვემზადები.
გამოჯანმრთელების პროცესი ცოტა ჭიანურდება, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ“, – აღნიშნა გუშინდელ ღონისძიებაზე ნადალმა.

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ფეხბურთში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა. კატალონიელმა ფეხბურთელმა სიტყვით გამოსვლისას ახლახანს გარდაცვლილი ლუის არაგონესის შესახებ ისაუბრა.

„ვთვლი, რომ ლუის არაგონესი ესპანურ ფეხბურთში ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მის წინაშე ვალდებული ვარ. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ის ჩემი საფეხბურთო მამაა, მან მე შანსი მომცა. არაგონესის წყალობით ესპანეთის ნაკრებში ვითამაშე“, – აღნიშნა ჩავიმ.

2013 წლის საუკეთესო ესპანელ მწვრთნელად ტიტო ვილანოვა დაასახელეს, თუმცა „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი ღონისძიებას ვერ დაესწრო

ბექა დოგრაშვილი

ადრია ვილანოვამ გატანილი გოლი მამამისს მიუძღვნა

რამდენიმე დღის წინ კატალონიის “ბარსელონას” 17-წლამდელთა ფეხბურთელების გუნდმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ადრია ვილანოვამ გაიტანა, რომელმაც ის მამამისს, “ბარსელონას” ყოფილ მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას მიუძღვნა.