სამწუხაროდ, ვერ მოახერხა გაგამარუმ დღეს, ზედიზედ მესამედ დაემარცხებინა ეგვიპტელი ოსუნაარაში.
არადა, ჩვენმა გოლიათმა სტარტზე ძალიან აგრესიულად შეუტია 22 წლის აბდელრაჰმან შარანს და შეეძლო კიდეც დოჰიოდან განედევნა. თუმცა, მე-11 მაეგაშირად განთესილმა ეგვიპტელმა სეკიტორმა შეძლო თავის დაცვა და როდესაც გაგა ჯიქურ აწვებოდა მას, უვატენაგეთი დასცა დოჰიოზე ქართველი ფალავანი.
გაგამარუსთვის აღნიშნული მარცხი უკვე რიგით მესამეა ჰარუ ბაშოზე, აქტივში კი მხოლოდ 1 მოგება აქვს ჩვენებურს.
მისი მომდევნო მეტოქე იაპონელი მე-7 მაეგაშირა, ტოიოჰიბიკი იქნება, რომელსაც ასევე არასახარბიელოდ მისდის საქმეები ოსაკაში, თუმცა გაგასგან განსხვავებით, იაპონელს ჯერ-ჯერობით კინკილა გამარჯვებაც არა აქვს.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ მცირე უპირატესობას ტოიოჰიბიკი ფლობს – განვლილი 7 შერკინებიდან მან 4 მოუგო გაგამარუს.
ჩვენმა მეორე სუმოისტმა, ტოჩინოშინმა დღეს დაისვენა და მომდევნო (რიგით მე-3) ორთაბრძოლას ხვალ ჩაატარებს ბაშოზე. ლევანს მეტოქეობას მაკუშიტას 57-ე ნომერი, 24 წლის იაპონელი, კეიტენკაი გაუწევს. ამ სუმოისტმა 2012 წლის სექტემბერში ჯურიოს დივიზიონსაც უწია, და სხვათა შორის, პირველი ორთაბრძოლა იმ ბაშოზე ჩვენ კოკკაის მოუგო. თუმცა, ტურნირის მე-2 დღეს ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი 1 წელი მოუწია დასვენება. შედეგად, კეიტენკაი ყველაზე ქვედა, ჯონოკუჩის (რანგით მე-6) დივიზიონამდე დაქვეითდა და გასული წლის სექტემბერში ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო რიკიშის კარიერა. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტრავმის მერე ძალიან მოყოჩაღებული დაბრუნდა, ზედიზედ 2 ტურნირი მოიგო (ჯონოკუჩის და ჯონიდანის დივიზიონებში) და ახლა უკვე მაკუშიტაში იმყოფება.
კეიტენკაის მიმდინარე ბაშოზე, ტოჩის დარად, ორივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევანი ხვალ პირველი მარცხის გემოს გააგებინებს იაპონელს.
სატურნირო ცხრილის სათავეში ნელ-ნელა მცირდება დაუმარცხებელ სუმოისტთა რიცხვი. 4 ტურის თავზე ჰარუ ბაშოს 5 წაუგებელი სუმოისტი შემორჩა: მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მისივე თანამემამულე სეკივაკე გოეიდო და ჩვენი გაგას დღევანდელი დამჯაბნავი, ეგვიპტელი ოსუნაარაში.
ჭდე: ტოჩინოშინი
ქართული გამარჯვებების დღე ოსაკაში
ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-3 დღე წარმატებული გამოდგა ორივე ქართველი სუმოისტისთვის. მე-9 მაეგაშირად განთესილმა გაგამარუმ პირველი გამარჯვება იზეიმა ტურნირზე, ხოლო მაკუშიტას 55-ე ნომერმა, ტოჩინოშინმა მე-2 მოგება ჩაიწერა აქტივში.
გაგა ჯუღელმა საკმაოდ მარტივად დაამარცხა მე-10 მაეგაშირად განთესილი მონღოლი გოლიათი, ტერუნოფუჯი. ჩვენმა დევკაცმა ერთი ამოსუნთქვით, ოშიდაშით განდევნა მონღოლი დოჰიოდან.
როგორც უკვე გითხარით, გაგასთვის ეს პირველი გამარჯვება იყო ბაშოზე, პასივში კი 2 მარცხი აქვს მას.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ეგვიპტელი ამომავალი ვარსკვლავი, მე-11 მაეგაშირას სტატუსით მებრძოლი, ოსუნაარაში იქნება, რომელსაც სამივე ბრძოლა მოგებული აქვს მიმდინარე ტურნირზე. თუმცა, ჩვენი გოლიათი 2-ჯერ შეხვედრია აქამდე ეგვიპტელს და ორივეჯერ დამარცხებული ყავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სერიას არც ხვალ არ შეწყვეტს გაგამარუ.
რიგით მე-2 ორთაბრძოლა ჩაატარა დღეს ბაშოზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლევან გორგაძემ და ამჯერადაც უპრობლემოდ იმარჯვა. ტოჩინოშინმა მაკუშიტა დივიზიონის 57-ე ნომერი, იაპონელი ჰაკუიოძანი კარგად დაიჭირა მავაშით და ძალისმიერი იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან.
ტოჩი ხვალ დაისვენებს და მომდევნო ორთაბრძოლს, სავარაუდოდ, ზეგ ჩაატარებს.
ამასობაში სხვა საინტერესო ამბებიც ხდება უკვე მარტის ბაშოზე. დღეს პირველი მარცხი იწვნია ცუნატორად (იოკოძუნობის კანდიდატი) შერაცხულმა მონღოლმა ოძეკი კაკურიუმ. მისი ძლევა იაპონელმა მე-2 მაეგაშირა, ოკინოუმიმ შეძლო (სხვათა შორის, უკვე ზედიზედ მესამედ). კაკურიუს მიზანი, იმისთვის რომ იოკოძუნას საპატიო ტიტული მიიღოს, ამ ბაშოს მოგებაა. თანაც ისე, რომ მინიმუმ 13 გამარჯვება უნდა ქონდეს აქტივში. ამიტომ, დღევანდელი მარცხი არანაირად არ იჯდა მის გეგმებში.
უდანაკარგოდ აგრძელებენ ტურნირზე ასპარეზობას კაკურიუს თანამემამულე იოკოძუნები, ჰარუმაფუჯი და ჰაკუჰო. ამ უკანასკნელს დღეს 29 წელი შეუსრულდა და საკუთარ თავს საჩუქარი იაპონელთა ახალი იმედის, ენდოს ძლევით გაუკეთა.
ჰარუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 23 მარტს დასრულდება.
ამირან ურუშაძე
ტოჩინოშინი ბრუნდება!
მარტის ბაშოს დაწყებამდე, რომელსაც ოსაკას მუნიციპალიტეტის გიმნაზიური ცენტრი უმასპინძლებს, მხოლოდ 4 დღე რჩება. დღეს კი სუმოს ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე შევიტყვეთ: 8-თვიანი პაუზის შემდეგ დოჰიოს უბრუნდება ჩვენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც გასული წლის ივლისში უმძიმესი ტრავმა მიიღო ნაგოია ბაშოზე და ამ დრომდე გაეწელა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი.
როგორც გახსოვთ, ლევანს მარჯვენა ფეხის ჯვარედინი მყესები გაუწყდა ერთ-ერთი ორთაბრძოლისას და დაზიანებული ქსოვილი იმდენად გაუსივდა, რომ ქირურგებმა 1 თვე ხელი ვერ მოკიდეს. ოპერაციის შემდეგ კიდევ 1 თვე დასჭირდა ფეხზე დასადგომად და იმის მერე ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპოვბრივად მიმდინარეობდა ტრავმირებული ფეხის რეაბილიტაცია.
დღეს ტოჩინოშინი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. მართალია, მცირე ტკივილები ისევ აწუხებს, თუმცა საგანგაშო არაფერიაო და თუ როგორ სპორტულ ფორმაში ხვდება ჰარუ ბაშოს, ამას მისივე განცხადებით, თავად ორთაბრძოლები გვიჩვენებს.
როგორც იცით, გამოტოვებული ტურნირების შედეგად, ლევანი მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში 55-ე ნომრამდე დაქვეითდა და სწორედ ამ სტატუსით დაიწყებს იგი მარტის ბაშოზე ასპარეზობას. რეგლამენტის მიხედვით, ამ დივიზიონში (ისევე როგორც მე-4, მე-5 და მე-6 დივიზიონებში) სუმოისტებს 7 ორთაბრძოლის ჩატარება უწევთ და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად მინიმუმ 4 შერკინების მოგება ჭირდებათ. შესაბამისად, მათ საშუალოდ ორ დღეში ერთხელ უწევთ დოჰიოზე საბრძოლოდ გასვლა.
იმედი ვიქონიოთ, არ გაუჭირდება ტოჩინოშინს პროგრამა მინიმუმის შესრულება და თუ ნატკენმა ფეხმა არ შეუშალა ხელი, ვინძლო დივიზიონის ჩემპიონობისთვისაც იბრძოლოს.
ამირან ურუშაძე
მარტის ბაშოსთვის რეიტინგი განახლდა
იაპონური სუმოს ასოციაციამ დღეს სუმოისტთა განახლებული რეიტინგ-სია, იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა. სწორედ განახლებული სარეიტინგო სტატუსებით იასპარეზებენ სუმოისტები მოახლოებულ ჰარუ ბაშოზე, რომელსაც 9-დან 23 მარტის ჩათვლით ქალაქ ოსაკას მუნიციპალური გიმნაზიის ცენტრი უმასპინძლებს.
ახალ ბანძუკეში თითქმის 3 საფეხურით წაიწია წინ ჩვენმა გაგამარუმ, რომელიც ტოკიოში, იანვრის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსს ატარებდა. მინიმალურად დადებითი ბალანსით (8:7) დასრულებული ტურნირის შემდეგ კი გაგა ჯუღელი უკვე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას რანგში წარსდგება პუბლიკის წინაშე. ქართველი გოლიათი, რომელსაც გუშინ 27 წელი შეუსრულდა, წარმატებული სვლის გაგრძელებას შეეცდება მარტის ბაშოზე – მან ხომ ბოლო ორი ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა და ნამდვილად მოწადინებულია, რომ კაჩი-კოშების სერია არ შეწყვიტოს.
კიდევ ერთი გამოტოვებული ტურნირის შემდეგ მთელი 40 საფეხურით დაქვეითდა მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში მეორე ჩვენებური, ტოჩინოშინი. ლევან გორგაძეს წინა ბაშოზე მაკუშიტას მე-15 ნომრის პოზიცია ეკავა. განახლებულ რეიტინგში კი მაკუშიტას 55-ე ნომრის სტატუსი მიიღო მან.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ბოლომდე მოირჩინა თუ არა ტრავმა და შეძლებს თუ ვერა მარტის ბაშოზე გამოსვლას ტოჩინოშინი. როგორც გახსოვთ, ლევანმა ტრავმა გასული წლის ივლისის ტურნირზე მიიღო, როდესაც ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს ჯვარედინი მყესები გაუწყდა. რეაბილიტაცია კი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და ძალიან გაიწელა ქართველი ტალანტისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლევანს საბოლოოდ ვიხილავთ მონატრებულ დოჰიოზე და რაც მთავარია, დიდი წარმატებით დაბრუნებულს.
ხვალ დიდი სუმო იწყება
ხვალიდან 15 დღის მანძილზე სუმოს გულშემატკივრებს მოწყენის საშუალება ნამდვილად აღარ გვექნება, რადგან იანვრის (ჰაცუ) ბაშო იღებს სტარტს. წლის პირველ სუპერტურნირს ტრადიციულად ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანი უმასპინძლებს.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ ბაშოზე მონაწილეობას არ მიიღებს ჩვენი ლევან გორგაძე, რათა კარგად დაისვენოს და ბოლომდე აღიდგინოს ტრავმირებული კუნთოვანი ქსოვილები. ეს რჩევა ტოჩინოშინს პირადმა ექიმმა და კლუბის პრეზიდენტმა, ოიაკატა კასუგანომ მისცეს, იმისთვის რომ ტრავმის განმეორების შანსი ბოლომდე გამორიცხონ.
რაც შეეხება ჩვენს მეორე სუმოისტს, გაგამარუს, იგი როგორც იცით, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირად გახლავთ განთესილი და თავის პირველ ორთაბრძოლას დასავლეთის მე-11 მაეგაშირა, იაპონელ იოშიკაძესთან გამართავს. გაგა ჯუღელი ტანმორჩილ იაპონელს აქამდე ზუსტად 10-ჯერ გადაეყარა დოჰიოზე და აქედან 4-ჯერ დაამარცხა.
ჰაცუ ბაშოს გამოტოვება მოუწევს მოქმედ ჩემპიონს, მონღოლ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის. “მზიურ ცხენს” ტკივილი აწუხებს ტერფის არეში, რის გამოც მას ბაშოსწინა ვარჯიშებისა და სპარინგების გამოტოვებაც მოუხდა. ჰარუმაფუჯის მარცხენა ფეხი დეკემბრის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ ვარჯიშზე გადაუბრუნდა, რამაც მისი ტერფის მყესების ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. შედეგად ამისა, მონღოლ იოკოძუნას ტელეეკრანიდან მოუწევს ბაშოსთვის თვალყურის მიდევნება.
პრეცედენტი იოკოძუნას მხრიდან ბაშოს გამოტოვებისა ბოლოს დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა – 2008 წლის ნოემბრის ბაშოზე იოკოძუნა ასაშორიუ დისკვალიფიკაციის გამო არ დაუშვეს.
იანვრის ტურნირზე ვერ მიიღებენ მონაწილეობას აგრეთვე იაპონელი მე-7 მაეგაშირა ჰომაშო და იაპონელი მე-17 მაეგაშირა კოტოიუკი. ჰომაშომ დაახლოებით 1 კვირის წინ აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა, ხოლო კოტოიუკიმ ნოემბრის ბაშოზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და ჯერ-ჯერობით კვლავ მკურნალობს.
კოტოიუკის თანაგუნდელი იაპონელი ოძეკი კოტოშოგიკუ ბაშოს კადობანში ჩაყენებული ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად “ღიპმაისტერს” უცილობელი კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) ჭირდება. კოტოშოგიკუმ წინა ბაშო მე-2 ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაადრევად შეწყვიტა და ამის გამო აღმოჩნდა იგი კადობანში. კადობანიდან კი თავის დაღწევა ვერ მოახერხა კიდევ ერთმა მათმა თანაგუნდელმა, ბულგარელმა კოტოოშუმ, რომელმაც ასევე ტრავმის გამო ნაადრევად შეწყვიტა უკანასკნელი ბაშო და 8-წლიანი ტარების შემდეგ ოძეკის ტიტულს დაემშვიდობა. კოტოოშუ სეკივაკეს წოდებით დაიწყებს ჰაცუ ბაშოს და დებულების თანახმად, თუკი მინიმუმ ათ ორთაბრძოლას მოიგებს ამ ტურნირზე, პრესტიჟულ ტიტულს კვლავ დაიბრუნებს.
მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას იაპონელი ოძეკი კისენოსატოც. სტაბილურად მაღალ დონეზე ჩატარებული ბოლო რამდენიმე ბაშოს შემდეგ (განსაკუთრებით კარგად ნოემბერში გამოვიდა კისე), იაპონური სუმოს მამებმა მას ცუნატორის (იოკოძუნობის პრეტენდენტი) სტატუსი მისცეს. მის წინაშე წაყენებული პირობა ასეთია: იმ შემთხვევაში, თუ კისენოსატო გახდება ჰაცუ ბაშოს ჩემპიონი, ისე რომ მოიგოს მინიმუმ 13 ორთაბრძოლა, მაშინ მას იოკოძუნას ესოდენ ნანატრ ტიტულს მიანიჭებენ.
სუმოს მამები ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ კისენოსატო 14 შერკინებას მოიგებს, მაგრამ ჩემპიონი მაინც ვერ გახდება, ან თუ ჩემპიონი გახდება, მაგრამ 2-ზე მეტ მარცხს იწვნევს, ანუ 13 მოგებას ვერ მიითვლის.
მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო ბატალიები და დაძაბული ბაშო გველის!
ჩვენ კი წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გაგამარუს!
ექსკლუზიური ინტერვიუ ტოჩინოშინთან
ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ივლისში, ნაგოია ბაშოზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო – ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ფეხი ცუდად დადგა დოჰიოზე და მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა. თავდაპირველი პროგნოზით, ლევანს დაახლოებით 5-6 თვე გაუცდებოდა. თუმცა, მას შემდეგ პრესაში არავითარი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა ტოჩინოშინის ჯანმრთელობის შესახებ.
ლევანს იაპონიაში შევეხმიანეთ და საუბარიც სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ.
– ლევან, მოგესალმები! თავდაპირველად გვითხარი, როგორ ხარ? როგორ გაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი?
– მოგესალმებით! ამ დროისათვის უკვე არა მიშავს, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს. უკვე მსუბუქი ვარჯიშიც დავიწყე, თუმცა ჯერ დოჰიოზე დაბრუნებამდე კიდევ შორია.
2 თვე საავადმყოფოში ვიწექი – ოპერაციის გაკეთება ტრავმის მიღებისთანავე შეუძლებელი იყო, რადგან მუხლი გასიებული მქონდა და სანამ არ დაცხრებოდა, მანამდე ვერ კიდებდნენ ქირურგები ხელს. დაახლოებით ერთ თვეზე ცოტა მეტი დაჭირდა გასიებული მუხლის დაცხრომას და 21 აგვისტოს გამიკეთეს ოპერაცია. ოპერაციიდან პირველი ორი დღე გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, ლამის კედლებზე გავდიოდი. თუმცა, შემდეგ ნელ-ნელა იკლო ტკივილმა და ახლა უკვე, როგორც გითხარით, მსუბუქი ვარჯიშიც დავიწყე. დილაობით ძუნძუნლით დავრბივარ, გარკვეული სახის ვარჯიშებსაც ვაკეთებ და ვცდილობ, რაც შეიძლება მალე დავიბრუნო ძველი ფორმა. არადა, ნაგოია (ივლისის) ბაშოსთვის ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული და მინიმუმ 10-12 მოგებას მაინც ვგეგმავდი. მაგრამ მოხდა ასეთი მოულოდნელი რამ და ახლა ფაქტიურად ყველაფრის ნულიდან დაწყება მიწევს.
– ლევან, როგორც ვხვდები, შენი გამოსვლა მოახლოებულ კიუშუ (ნოემბრის) ბაშოზე გამორიცხულია. როდის უნდა ველოდოთ შენს დაბრუნებას დოჰიოზე?
– როგორც ექიმები მეუბნებიან, მარტის ბაშომდე შეუძლებელია ჩემი ფორმაში ჩადგომა იმ დონემდე, რომ დოჰიოზე გასვლა შევძლო. თუმცა, მე პირადად ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ იანვრის ბაშოსთვის აღვიდგინო ძალები და ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გავიდე.
ამჟამად ჯურიოს (რანგით მე-2) დივიზიონის მე-14 ნომერი ვარ. იანვარში ალბათ მაკუშიტას (მე-3 დივიზიონი) მე-15 / მე-20 ნომერი ვიქნები. აი იანვრის ბაშოც თუ გამოვტოვე, მაშინ უკვე დიდი შანსია, რომ სანდანმეს (რანგით მე-4) დივიზიონამდე დამაქვეითონ და ალბათ იცით, რამდენი დრო ჭირდება მერე იქედან ელიტაში დაბრუნებას. ამიტომ ყველანაირად ვეცდები, რომ იანვარში ტოკიოში დოჰიოზე გავიდე.
– ლევან, ასეთ მდგომარეობაში სპორტსმენებს ხშირად ემართებათ დეპრესია და ბევრი მათგანი კარიერასაც ასრულებს. შენს შემთხვევაში თუ იყო რაიმე მსგავსი განცდები?
– კი, არ დაგიმალავთ, ერთი ხანობა მეც სერიოზულად დავფიქრდი კარიერის დასრულებაზე – ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ყველაფერი თითქმის ნულიდან უნდა დამეწყო. თუმცა, შემდეგ შევძელი საკუთარ თავში ძალების გამონახვა და ვთქვი: “მოდი, კიდევ ერთხელ გავიჭირვებ, კიდევ ერთხელ შევუტევ!”
– არადა, ჯერ მხოლოდ 26 წლის ხარ, ლევან…
– კი, მაგრამ იცით რა მომენტია? როდესაც ტრავმის შემდეგ გადიხარ დოჰიოზე, ქვეცნობიერი შიში მოგყვება ძველი ტრავმის გამეორებისა და უწინდებური შემართებით ვეღარ იბრძვი.
თან მე, გარდა ამ ჯვარედინი მყესებისა, ორივე მკლავზე გაწყვეტილი მაქვს კუნთები. თუ დაკვირვებიხართ, ბოლო პერიოდში მკლავებზე სპეციალური სახვევებით გამოვდივარ მუდმივად საბრძოლოდ. მკლავის კუნთის გაწყვეტა ისეთი რამეა, რომ ეგრევე გიქვეითდება ძალა. ექიმები კი ოპერაციის გაკეთებას ამ კუნთების აღდგენაზე არ გვირჩევენ, რადგანაც ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იგივე კუნთების განმეორებით გაწყვეტისა, რაც უფრო სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
სხვათა შორის, ამ იძულებითი პაუზით ვისარგებლე და კიდევ ერთი ოპერაცია გავიკეთე იდაყვზე.
– იდაყვის ტრავმა როდის მიიღე, ლევან?
– აქ ცოტა სხვა მდგომარეობაა და შეიძლება ამას ტრავმა არც ვუწოდოთ. როდესაც სუმოისტები ერთმანეთს ვეჯახებით, იდაყვის ძვლები დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა იმსხვრევა. ამ ნამსხვრევებზე ჩნდება მარილები და წარმოიშობა ერთგვარი ხრტილები, რომლებიც გაწუხებს და უსიამოვნო ტკივილს იწვევს პერიოდულად. სწორედ ორი ცალი ასეთი ხრტილი ამომიღეს იდაყვიდან ამ ოპერაციით, რომელთაგან ერთ-ერთის სიგრძე სანტიმეტრნახევარი გახლდათ. თავად განსაჯეთ, როგორი ტკივილის გამოწვევა შეეძლო ამხელა უცხო სხეულს იდაყვის არეში.
– ლევან, მოდი ცოტა სხვა თემებსაც შევეხოთ. მაინტერესებს, საქართველოში როდის იყავი ბოლოს და უახლოეს მომავალში ხომ არ აპირებ ჩამოსვლას?
– ბოლოს საქართველოში ვიყავი დაახლოებით 2 წლის წინ, საშობაო არდადეგებზე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება საქართველო და როგორი ნოსტალგია მაქვს მაქაურობის. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ შემიძლია ჩამოსვლა, რადგან ტრავმირებულ სუმოისტს კლუბის დატოვების უფლება არა აქვს და რეაბილიტაციის პროცესი აქაური ექიმების მეთვალყურეობით უნდა გავიარო.
თან, გარდა ამისა, იცით ალბათ, რომ ძალიან მკაცრი პრეზიდენტი ყავს ჩემ კლუბს, ოიაკატა კასუგანოს სახით, რომელიც ძალიან ბევრ შეზღუდვას გვიწესებს და ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვას განეკუთვნება შვებულებით სამშობლოში გამგზავრება.
სხვათა შორის, გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად იაპონიაში არსებულ სუმოს 50-მდე კლუბს შორის ჩვენს კლუბში ყველაზე დიდი სიმკაცრე და ყველაზე მძიმე პირობებია.
– ლევან, მოდი, რახან ამ თემას შევეხეთ, გკითხავ ბარემ იმ გახმაურებული სკანდალის შესახებ, რომელიც შენსა და კლუბის პრეზიდენტს შორის მოხდა, ორი წლის წინ. მართალია, რომ ოიაკატა კასუგანომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენა?
– კი, მართალია. მოგიყვებით ყველაფერს, რა არის დასამალი…
ორი წლის წინ, გასვლითი შეკრება გვქონდა იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში. 13 ოქტომბერს, ჩემს ორ ქვედალიგელ თანაგუნდელთან ერთად, წავედით რესტორანში და ჩემი დაბადების დღე აღვნიშნეთ. საღამოს, დაახლოებით 12 საათისთვის, სასტუმროში ცოტა შეზარხოშებულები დავბრუნდით და სასტუმროს კარი დაგვხდა დაკეტილი. თურმე, 10 საათზე სასტუმროს კარი იკეტებოდა და უცხო პირი ვეღარ შევიდოდა შიგნით. ჩვენ კი საშვები და საბუთები სასტუმროში გვქონდა დატოვებული და ვერ შევდიოდით. თანაც, კარებს რომ მივუახლოვდით, ჩაირთო გამაყრუებელი სიგნალიზაცია. ამაზე გამოვარდა დაცვა, მოგვთხოვა საბუთები, დაგვიწყო დაკითხვა, ვინ ვიყავით, საიდან ვიყავით, სასტუმროში რა გვინდოდა და მოკლედ, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით. ამ ხმაურზე და საქმის გარჩევაზე გამოვიდა ჩვენი კლუბის მენეჯერი, რომელმაც დაცვას უთხრა, რომ ამ სასტუმროში ვცხოვრობდით და შიგნით შეგვიყვანა. მაგრამ, მეორე დღეს ამბავი მივიდა კლუბის პრეზიდენტთან, რომ ჩვენ სამმა დავარღვიეთ კლუბის შინაგანაწესი და სასტუმროში შუაღამისას ნასვამები მივედით. კლუბის პრეზიდენტმა დაგვიბარა თავისთან და იქ მოხდა, რაც მოხდა – კაცი ცეცხლებს ყრიდა პირიდან, ისეთი გაცოფებული იყო. იქვე საიდანღაც გოლფის ჯოხი მოხვდა ხელში, აიღო და სამივეს მაგრად მოგვცხო – თან ისე მაგრად, რომ ერთ-ერთი თითიც კი ამოუვარდა თავად. მერე, სხვათა შორის, ჩვენ გვაბრალებდა იმ თითის ამოგდებასაც…
მოკლედ, ეს ამბავი მალევე გახმაურდა და დაგვიბარეს პოლიციაში. დაგვკითხეს სამივე სუმოისტი და მოგვაყოლეს ყველაფერი დეტალურად. ბოლოს გვკითხეს, შევიტანდით თუ არა სარჩელს სასამართლოში კასუგანოს წინააღმდეგ. სამივემ უარი განვაცხადეთ ჩივილზე და ინციდენტის ამოწურულობა დავადასტურეთ. არადა, ერთ-ერთ ჩვენგანს რომ მაინც ეჩივლა, კასუგანოს ეგრევე მოხსნიდნენ კლუბის პრეზიდენტობიდან, სუმოს ასოციაციიდანაც გარიცხავდნენ და სერიოზული სანქციებიც დაეკისრებოდა.
საბოლოოდ კი ჩვენს პრეზიდენტს საჯაროდ, ტელევიზიისა და პრესის საშუალებით, მოახდევინეს ბოდიში ჩვენს წინაშე და პირობაც დაადებინეს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდებოდა.
ისე, სხვათა შორის, ბოლო ერთი წელი იქნება დაახლოებით, რაც ცოტათი შეიცვალა და მოლბა ჩვენი კასუგანო. თორემ, ადრე ისეთი მკაცრი და დაუნდობელი იყო, რომ სიტყვას ვერ ამოიღებდი მასთან ზედმეტად.
– ლევან, მინდა გკითხო შენს შიკონაზეც (მეტსახელი). სხვადასხვა ვერსიებით ტოჩინოშინს სხვადასხვაგვარად განმარტავენ. გვითხარი, როგორ ითარგმნება ქართულად ტოჩინოშინი?
– თუ დაკვირვებიხართ, ჩვენი კლუბის ყველა სუმოისტის შიკონა იწყება სიტყვა “ტოჩი”-თ. ეს არის კასუგანოს სკოლის სუმოისტთა ერთგვარი თავსართი.
იაპონიაში არის ასეთი მხარე, სახელად ტოჩიგიიამა, საიდანაც წარმოშობით გახლდათ ჩვენი კლუბის პირველი პრეზიდენტი – ოიაკატა, რომელმაც დააარსა ეს სკოლა. სწორედ მისი გადაწყვეტილებით, ყველა სუმოისტს, რომელიც მოხვდება ჩვენს კლუბში, შიკონის თავსართად ეძლევა სიტყვა “ტოჩი”. რაც შეეხება ჩემი შიკონის მეორე ნაწილს, “შინ” იაპონურად ნიშნავს გულს, ხოლო “ნო” არის მორფოლოგიური კავშირი.
ჩემს შიკონას ასევე თან სდევს სიტყვა “ცუიოში” (სრული შიკონა არის ტოჩინოშინ ცუიოში), რაც იაპონურად ნიშნავს ძლიერს. ანუ სიტყვა-სიტყვით თუ შევეცდებით ჩემი შიკონის თარგმნას გამოვა ტოჩის ძლიერი გული, ან უბრალოდ ძლიერი გული.
– ლევან, კიდევ ერთი ასეთი ფაქტი მაინტერესებს. როგორც ცნობილია, იაპონიაში ყოველ კლუბს თითო უცხოელზე მეტის ყოლის უფლება არა აქვს. თქვენ კი არცთუ დიდი ხნის წინ შემოგიერთდათ ბულგარელი სუმოისტი აოიამა. როგორ მოხდა ეს?
– საქმე რაშია იცით? ის კლუბი, რომელშიც ბულგარელი ირიცხებოდა, დაიშალა და როდესაც კლუბი იშლება, მასში არსებულ სუმოისტებს ნებისმიერ კლუბში შეუძლიათ გადასვლა. ანუ, მეორე უცხოელის აყვანა მაშინ ეკრძალება სკოლას, როცა უკვე ერთი უცხოელი ირიცხება მის რიგებში, ხოლო ეს მეორე ახალბედაა. შეზღუდვა იხსნება იმ შემთხვევაში, როცა უცხოელი კლუბის დაშლის მიზეზით იცვლის ნავსაყუდელს.
სხვათა შორის, ის სკოლა (ტაგონოურა), რომელშიც აოიამა ირიცხებოდა, ითვლებოდა კასუგანოს სკოლის მონათესავედ – იაპონურ სუმოში არსებობს სკოლების განაყარი (იაპონურად დევაიჩი), სადაც მონათესავე სკოლები ერთიანდებიან. ამიტომაც ბულგარელი სუმოისტი უპრობლემოდ გადმოვიდა მონათესავე კლუბიდან ჩვენს კლუბში.
– ისე, ცოტა ხნის წინ შანსი იყო, რომ კიდევ ერთი უცხოელი დაგმატებოდათ კლუბში, რუსი არანის სახით…
– კი, არანის სკოლაც დაიშალა, და ისიც ჩვენთან უნდა გადმოსულიყო წინა თვეში. მაგრამ მან მოულოდნელად სუმოდან წასვლა გადაწყვიტა და ჩვენი თანაგუნდელობა აღარ შედგა. არადა, არანთან საკმაოდ ახლოს ვმეგობრობდი და ძალიან დამწყდა გული მისი წასვლით.
– ლევან, შენს პოტენციალს მინდა შევეხო, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ფასდება ქართველ გულშემატკივარში. ბევრი ფიქრობს, რომ შენ თავისუფლად შეგიძლია ოძეკის ტიტულის მოპოვება. თუმცა, ჯერ-ჯერობით მაქსიმუმი რასაც მიაღწიე, ეს არის კომუსუბის წოდება, რომელსაც 3-ჯერ ფლობდი კარიერაში. შენს განვლილ გზას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ ერთ ნიშანდობლივ ფაქტს: დადებითი ბალანსით დასრულებულ ბაშოს თითქმის ყოველთვის მოსდევს უარყოფითი ბალანსით დასრულებული ბაშო და პირიქით. რით არის ეს განპირობებული? არასათანადო ფსიქოლოგიური მომზადებით თუ სხვა ფაქტორებით?
– მემგონი, ალბათ ისევ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან მაქვს საქმე… როდესაც ბაშოს წაგებით ვიწყებ, ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემს განწყობაზე. და თუ რამოდენიმე მარცხი მიყვა სტარტზე ზედიზედ, მერე უკვე გული მიცრუვდება და მობილიზებასაც ვკარგავ. ვერაფრით ვერ მოვახერხე იმ ფსიქოლოგიური ბალანსის დაჭერა, რომლითაც სტაბილურობას შევინარჩუნებდი. არადა, თუ თავიდანვე წამივიდა მოგებები, მერე პირიქით, მიორმგდება ენერგია და ბრძოლებზეც ბევრად უფრო კონცენტრირებული გავდივარ. სხვათა შორის, ერთი რამის მწამს და მჯერა: ყველა ადამიანი და მათ შორის სპოტსმენიც ცხოვრებაში იღებს იმ ტიტულს, ან იპყრობს იმ მწვევრვალს, რასაც იმსახურებს – დაუმსახურებლად არაფერი არ მოდის. ალბათ მეც ჯერ-ჯერობით მეტი არ მეკუთვნის და ამიტომაც რასაც მივაღწიე კანონზომიერია.
– ლევან, საბრძოლო სტილზეც გკითხავ. შენი ერთ-ერთი დიდი პლიუსი არის ტექნიკა და მავაშიზე კარგად მუშაობის უნარი. თუმცა, ბოლო პერიოდში, რატომღაც უარს ამბობ იმ შენ მთავარ კოზირზე, რომელიც მეტოქის მავაშის დაჭერასა და შემდეგ ილეთის შესრულებაში გქონდა. რა არის ამის მიზეზი და რატომ შეიცვალა შენი საბრძოლო სტილი?
– ერთ-ერთი მიზეზი მაგისა არის ჩემი გაწყვეტილი კუნთები, რომელმაც ძალა დამიქვეითა და უწინდებურად ვეღარ ვაკეთებ მავაშიში ჩავლებას. ამის გამო ჩემმა პრეზიდენტმა დავალება მომცა, რომ ბრძოლის სტილი შემეცვალა და ცუპარებზე გადავსულიყავი.
თან, გარდა ამისა, სუმოისტების უმრავლესობა უკვე იმდენი ხანია რაც ელიტაში ვართ, რომ ერთმანეთს იდელაურად ვიცნობთ – შესწავლილი გვაქვს ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეები და ვცდილობთ ყოველთვის მათ გამოყენებას. და როგორც მე ვიცი სხვისი მინუსები, ასევე იციან მათაც ჩემი მინუსები და აქედან გამომდინარე, ძნელია ერთი და იგივე ტაქტიკით ფონს გასვლა დიდი ხნით.
– ლევან, ამჟამად რომელ ქალაქში იმყოფები?
– ახლა ფუკუოკაში ვარ, კლუბის წევრებთან ერთად, რომლებიც კიუშუ ბაშოსთვის ემზადებიან.
– აპირებ დაესწრო ბაშოს და დარბაზიდან უყურო ორთაბრძოლებს?
– არა, სხვათა შორის, არც მაგის უფლება არ გვაქვს სუმოისტებს. აქ ასეთი წესია: თუ ტრავმირებული ხარ, უნდა იყო ან საავადმყოფოში, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. დარბაზში ჯდომა და იქედან ორთაბრძოლების ცქერა ცოტა მიუღებელი და ულამაზოა.
– ლევან, ჩვენი საუბარი ბოლოსკენ მიდის და მინდა, პირველ რიგში გამოჯანმრთელება გისურვო ძალიან მალე… გისურვო, მალე დაბრუნებოდე დოჰიოს და ისევ ის ძველი ტოჩინოშინი გვეხილოს, რომელიც ერთ დროს გვხიბლავდა თავისი ლამაზი გამარჯვებებით!
ასევე მინდა, ქართველ გულშემატკივართა სახელით, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო იმ საქმისათვის, რომელსაც ეწევი შორეულ იაპონიაში და იმისთვის, რომ ასე იცავ ჩვენი ქვეყნის სახელს საზღვარგარეთ! დიდი მადლობა, ლევან!
– უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის, გაიხარეთ!
ავტორი: ამირან ურუშაძე
ხვალ კიუშუ ბაშო იწყება
ხვალ, 10 ნოემბერს, იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში სტარტს აიღებს წლის დასკვნითი სუპერტურნირი სუმოში, რომელსაც კიუშუ ბაშოს უწოდებენ.
ტურნირზე, როგორც იცით, დასავლეთის მე-13 მაეგაშირად არის განთესილი ქართველი სუმოისტი გაგამარუ, რომელიც ახალი კეშო-მავაშით წარსდება პუბლიკის წინაშე.
რაც შეეხება ჯურიოში მე-14 ნომრად განთესილ ტოჩინოშინს, იგი ისევ ივლისში მიღებულ ტრავმას იშუშებს და ვერც ამ ბაშოზე ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს კი მას ავტომატურად დააქვეითებს მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში, რაც ძალიან საწყენია, თავისთავად.
დღეს კი ცნობილი გახდა საწყისი 2 დღის ორთაბრძოლათა განრიგი. ბაშოს სასტარტო დღეს გაგა ჯუღელის მეტოქე აღმოსაველთის მე-13 მაეგაშირა, იაპონელი იოშიკაძე იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებში 6:3-ს აგებს ჩვენებური.
მეორე დღეს კი ქართველ გოლიათს მონღოლ მე-14 მაეგაშირა კიოკუშუჰოსთან მოუწევს დაპირისპირება, რომელთანაც აქამდე გამართულ სამივე შეხვედრაში მარცხი აქვს განცდილი გაგას.
წარმატებული სტარტი და წარმატებული ბაშო ვუსურვოთ გაგამარუს!
სუმოისტების რეიტინგი განახლდა
იაპონური სუმოს ასოციაციამ მოახოლებული ნოემბრის ბაშოს წინ სუმოისტთა განახლებული რეიტინგ-სია, იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა. წლის დასკვნით სუპერტურნირს 10-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრი უმასპინძლებს, კუნძულ კიუშუზე (საბჭოთა პერიოდში ამ კუნძულს დამახინჯებულად კიუსიუს ეძახდნენ). იაპონელები ამ ტურნირს კიუშუ ბაშოს უწოდებენ და ჩვენც ამგვარად მოვიხსენიოთ.
კიუშუ ბაშოზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს გაგა ჯუღელი. გაგამარუდ წოდებულმა ქართველმა გოლიათმა სექტემბრის ბაშო -3 ქულიანი უარყოფითი ბალანსით (6-9) დაასრულა და ბანძუკეში 4-საფეხურიანი ვარდნა განიცადა.
სეკიტორის სტატუსი შეუნარჩუნეს ჯურიოს დივიზიონში დატოვებით მეორე ჩვენებურს, ლევან გორგაძეს, რომელსაც ჯურიოს მე-14 (უკანასკნელი) ნომრის სტატუსი მიანიჭეს სუმოს მამებმა. ტოჩინოშინმა, როგორც გახსოვთ, ივლისში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და ექიმებმა ოპერაციის შემდეგ დაახლოებით 6-თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი უწინასწარმეტყველეს. აქედან გამომდინარე, ლევანი სავარაუდოდ ვერც კიუშუ ბაშოზე ვერ შეძლებს გამოსვლას. სუმოს წესებით კი ბაშოს ჩაგდება ფაქტიურად დამარცხების ტოლფასია (არა აქვს მნიშვნელობა ტრავმით არის გამოწვეული ეს ჩავარდნა, თუ სხვა მიზეზით) და ისევე აქვეითებენ ბაშო-ჩაგდებულ სუმოისტს, როგორც -15 ქულიანი უარყოფითი ბალანსის მქონე სუმოისტს დააქვეითებდნენ.
მიუხედავად სუმოდან წასვლაზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებისა, რუსი სეკიტორი არანი განახლებულ ბანძუკეში მაინც ფიგურირებს, მე-16 მაეგაშირას სტატუსით. თუმცა, ესეც ერთგვარი წესია და იგი მხოლოდ სიმბოლურად იქნება ახალ რეიტინგში – დოჰიოზე კი მას უკვე ვეღარ ვიხილავთ.
მაკუუჩიში დებიუტი ექნება ეგვიპტელ სუმოისტს, აბდელრაჰმან შარანს, რომელიც ოსუნაარაშის შიკონას ატარებს. ამბიციურ ეგიპტელს მხოლოდ 11 ბაშო დასჭირდა უმაღლეს დივიზიონამდე მოსაღწევად, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია სუმოს ისტორიაში. ოსუნაარაში კიუშუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირად იქნება განთესილი.
არანი სუმოს გამოემშვიდობა
გუშინ სუმოს სამყაროში ძალიან მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა – რუსმა სუმოისტმა ალან გაბარაევმა, იგივე არანმა სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა. 29 წლის ვლადიკავკაზელმა სეკიტორმა ამის მიზეზად ძალის დაკარგვა დაასახელა, რომელიც მისი წონის დაკლებით იყო გამოწვეული (ბოლო პერიოდში არანის წონა 142 კგ-მდე შემცირდა).
მართალია, ბოლო ტურნირზე, რომელზეც აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას სტატუსით ირჯებოდა, გაბარაევი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ფაქტიურად სრულად ჩაუვარდა (12 ორთაბრძოლა წააგო 15-დან), მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას მისგან მაინც არავინ ელოდა.
არადა, უახლოეს დღეებში არანი თავისი მიჰოგასეკის სკოლიდან კასუგანოს სკოლაში უნდა გადაბარგებულიყო, რადგან მისი მშობლიური სკოლა იხურება. კლუბის პრეზიდენტს, ოიაკატა მოჰოგასეკის 1 თვეში 65 წელი უსრულდება და პენსიაში უნდა გავიდეს. აქედან გამომდინარე, იაპონური სუმოს აოსციაციის დირექტორთა საბჭომ კლუბის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ოსი სუმოისტი ოიაკატა კასუგანოსთან გადაიყვანა, სადაც მას თავისი მეგობრები, ქართველი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და ბულგარელი დანიელ ივანოვი (აოიამა) უნდა დახვედროდნენ. თუმცა არანის სუმოდან წასვლის გამო ერთ კლუბში მათი მეგობრობა ვეღარ გაგრძელდება.
ალან გაბარაევის დებიუტი პროფესიულ სუმოში 2007 წლის იანვარში შედგა, მას შემდეგ რაც იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მოყვარულთა შორის. დებიუტიდან ზუსტად წელიწადნახევარში მან ჯურიოს დივიზიონს უწია და სეკიტორის ელიტარული წოდება მიიღო. ხოლო 2008 წლის ნოემბერში არანი უკვე მაკუუჩიში გადმოვიდა და იქედან მოყოლებული მუდმივად უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა.
2010 წლის სექტემბერში არანმა სეკივაკეს წოდება მოიპოვა, რომელსაც მხოლოდ 1 ბაშო ატარებდა. სხვათა შორის, ოსმა სუმოისტმა ეს ისე გააკეთა, რომ მანამდე კომუსუბის ტიტულიც არ ქონდა მოპოვებული. მე-2 მაეგაშირას რანგში მან 11 ორთაბრძოლა მოიგო, ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი) დაიმსახურა და იქედან გამომდინარე, რომ უშუალო კონკურენტებმაც ვერ იყოჩაღეს იმ ბაშოზე, მას პირდაპირ სეკივაკეს ტიტული მიანიჭეს (კომუსუბის გამოტოვებით).
საერთო ჯამში არანმა მაკუუჩი დივიზიონში 29 ბაშო (435 ორთაბრძოლა) ჩაატარა, სადაც 196 შერკინება მოიგო, ხოლო 239 დათმო; ერთ ბაშოზე იცავდა სეკივაკეს წოდებას, ორზე – კომუსუბის; ორჯერ გახდა ბაშოს ვიცე-ჩემპიონი და ორჯერ მიიღო მებრძოლი სულის პრიზი, კანტო-შო.
სხვათა შორის, არანი ერთ-ერთი იმ იშვიათ სუმოისტთაგანია, რომელიც არასოდეს არ მოხსნილა ტურნირიდან, ტრავმის გამო.
აღსანიშნავია, რომ ალან გაბარაევს სამივე ქართველ სუმოისტთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
გაგას ჩაგდებული ბაშო და ჰაკუჰოს მორიგი ტრიუმფი
მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს 27-ე ტრიუმფით დასრულდა ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში აკი ბაშოდ წოდებული წლის რიგით მე-5 სუპერტურნირი სუმოში. “თეთრმა ფენიქსმა” ჯერ კიდევ ბოლოსწინა (მე-14) ტურში გაიფორმა ოფიციალურად ჩემპიონობა, თუმცა ბაშოს ბოლო დღეს მაინც მოტივირებული გამოვიდა დოჰიოზე, თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის წინააღმდეგ და 14 მოგებით დაასრულა სექტემბრის ტურნირი.
ჰაკუჰო “მზიურ ცხენს” თავიდანვე მთელი ძალით ეკვეთა, კარგად დაიჭირა კორპუსით და კოტენაგეს მოხდენილი გდებით დოჰიოზე დასცა. შედეგად, ჰარუმაფუჯიმ მე-5 მარცხი მიითვალა ბაშოზე, ბოლო 4 ტურნირზე კი საერთო ჯამში 20 წაგება მოუგროვდა, რაც იოკოძუნას ტიტულის მფლობელისათვის ზედმეტად ბევრია. არაა გამორიცხული, რომ 29 წლის მონღოლმა ძალიან მალე მიიღოს სუმოს მამებისაგან დიდი სუმოდან წასვლის “რეკომენდაცია”, რომელიც ფაქტიურად სავალდებულო მოთხოვნის ტოლფასია და სუმოისტი ვალდებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს მას.
რაც შეეხება “თეთრ ფენიქსს”, მან წლეულს მიჯრით მე-4 ბაშო მოიგო, საერთო ჩემპიონობათა რიცხვი 27-მდე გაზარდა და ნელ-ნელა უახლოვდება ლეგენდარული იოკოძუნა ტაიჰოს აბსოლუტურ რეკორდს, რომელიც 32 საჩემპიონო ტიტულს ითვლის.
დაჯილოდვების ცერემონიალზე ჰაკუჰომ პირველ რიგში იაპონელებს 2020 წლის ოლიმპიადაზე განაცხადებში ტოკიოს გამარჯვება მიულოცა და გამოტყდა, რომ ოცნებობს თავისი კარიერის სწორედ ამ დრომდე გაგრძელებაზე. მან ისიც აღნიშნა, რომ 45 წლის წინ მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე მისმა მამამ ვერცხლის მედალი აიღო.
სამწუხაროდ, მარცხით დაასრულა აკი ბაშოზე გამოსვლა ქართველმა გოლიათმა, გაგა ჯუღელმა. გაგამარუმ თავისი ბოლო შერკინება მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე, იაპონელ ჰომაშოსთან (დ-მ13) დათმო იორიკირით და საბოლოოდ 9 წაგება მიითვალა ბაშოზე (6 მოგების საპირისპიროდ), რაც მე-9 მაეგაშირას სტატუსის სეკიტორისთვის საკმაოდ ცუდი შედეგია.
აღნიშნული რეზულტატი დაახლოებით 2-დან 4 საფეხურამდე დააქვეითებს გაგას მომდევნო ბაშოსთვის რეიტინგში, რომელიც ოფიციალურად 28 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
რაც შეეხება ჩვენს მეორე სეკიტორს, ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, მან როგორც იცით, ივლისის ბაშოზე მიღებული ტრავმის გამო სექტემბრის ტურნირი, რომელზეც ჯურიოს დივიზიონის პირველ ნომრად იყო განთესილი, სრულად გამოტოვა. მოგეხსენებათ, გამოტოვებული ორთაბრძოლები სუმოში წაგების ტოლფასად ითვლება და შესაბამისად, ლევანს მკვეთრად დააქვეითებენ მომდევნო ბაშოსთვისაც. თუმცა, შესაძლებელია, რომ დივიზიონი მაინც არ დაატოვებინონ და ჯურიოს მე-14 ნომრის სტატუსი მიანიჭონ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტოჩინოშინმა უკვე გაიკეთა ოპერაცია ტრავმირებულ მუხლზე და აღდგენითი პროცესი საკმაოდ ნორმალურად მიდის. სხვათა შორის, ლევანმა იძულებითი პაუზით ისარგებლა და მუხლთან ერთად ოპერაცია ნატკენ იდაყვზეც გაიკეთა, რომელიც ქრონიკულად აწუხებდა ბოლო წლებში. მისი სრულად გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა თუ ყველაფერი კარგად იქნა, სავარაუდოდ იანვრის ბაშოსთვის უნდა შეძლოს დოჰიოზე დაბრუნება.
სექტემბრის ბაშოს ვიცე-ჩემპიონები 11-11 მოგებით იაპონელი ოძეკი კისენოსატო და იაპონელი სეკივაკე გოიდო გახდნენ. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი ჩაატარა კარიერაში და ვიცე-ჩემპიონობასთან ერთად, ბრწყინვალე ასპარეზობისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი, შუკუნ-შოც დაიმსახურა.
აქვე გეტყვით, რომ მებრძოლი სულის გამოვლენისათვის დაწესებული პრიზი, კანტო-შო იაპონელმა პირველმა მაეგაშირა, შოჰოძანმა მიიღო, რომელმაც ტურნირზე 1 იოკოძუნა, 2 ოძეკი და თითო სეკივაკე-კომუსუბი დაამარცხა.
შოჰოძანი მომდევნო ბაშოზე კომუსუბის ტიტულით მოგვევლინება.
რაც შეეხება მესამე სპეციალურ პრიზს, გინო-შოს, რომელიც ტექნიკური ორთაბრძოლების ჩვენებისათვის გადაეცემათ სუმოისტებს, იგი ამჯერად გაუცემელი დარჩა.
წლის დასკვნითი სუპერტურნირი, რომელიც კიუშუ ბაშოს სახელითაა ცნობილი, ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 10-დან 24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
დღეს აკი ბაშო იწყება!
დღეს აკი ბაშო იწყება – წლის რიგით მე-5 სუპერტურნირი სუმოში.
აკი იაპონური სიტყვაა და ქართულად შემოდგომას ნიშნავს. და რადგან სექტემბერი შემოდგომის პირველი თვეა, იაპონელები მას შემოდგომის ბაშოს უწოდებენ. ჩვენ კი შეგვიძლია როგორც აკი ბაშოს, ასევე სექტემბრის ბაშოს სახელით მოვიხსენიოთ.
აკი ბაშო ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში ტარდება, რომელიც იაპონური სუმოს მექად არის აღიარებული. სხვათა შორის, კოკუგიკანშივე იმართება წლის კიდევ ორი ბაშო, იანვრისა და მაისის.
ეს ტურნირი 2005 წლის სექტემბრის ბაშოს შემდეგ პირველი იქნება, რომელშიც მხოლოდ ერთი ქართველი სუმოისტი მიიღებს მონაწილეობას. სწორედ იმ დროიდან მოყოლებული ქართული სუმოს პიონერი, კოკკაი იაპონურ სუმოში ეულ სუმოისტად აღარ ყოფილა სამშობლოდან წარგზავნილი, რადგან ლევან ცაგურიას გაგამარუ შეუერთდა და თეიმურაზ ჯუღელმაც იაპონურ დოჰიოზე ხმაურიანად შეაბიჯა. გაგას სულ მალე ტოჩინოშინიც შეუერთდა და 2006 წლის მარტიდან 2012 წლის სექტემბრის ჩათვლით იაპონურ სუმოში 3 ქართველი სეკიტორი ერთდროულად გამოდიოდა. 1 წელი შესრულდება მალე, რაც კოკკაიმ მავაში “ლურსმანზე ჩამოკიდა” და აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა. მას მერე საქართველოს ღირსებას მხოლოდ გაგა და ტოჩი იცავენ. და აი 8 წლიანი პაუზის შემდეგ, ეს ბაშო იქნება პირველი, რომელშიც მხოლოდ 1 ქართველი იასპარეზებს. საქმე იმაშია, რომ ლევან გორგაძემ 2 თვის წინ, ივლისის ბაშოზე მძიმე ტრავმა მიიღო და სექტემბრის ბაშოს გამოტოვება სრულად მოუწევს. ლევანი ჯურიოს დივიზიონში დასავლეთის პირველ ნომრად არის განთესილი, თუმცა მხოლოდ პირობითად, რადგან ტრავმა ლევანს დოჰიოზე გასვლის საშუალებას არ აძლევს.
გაგამარუს რაც შეეხება, იგი კვლავაც უმაღლესი დივიზიონის უმძიმეს სეკიტორად რჩება (203 კგ.) და ამჯერად აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირად იქნება განთესილი.
გაგას მეტოქე ბაშოს პირველ დღეს დასავლეთის მე-9 მაეგაშირა, იაპონელი კოტოიუკი იქნება, რომელიც 22 წლისაა და მხოლოდ მე-3 ბაშოს ატარებს მაკუუჩიში. გაგა და იაპონელი პირველად შეერკინებიან ერთმანეთს დოჰიოზე.
წარმატებული სტარტი ვუსურვოთ ქართველ გოლიათს!