ქუთაისელი გოგო გულშემატკივრის რეაქცია „ტორპედო“-„დინამოს“ მატჩში მომხდარ ინციდენტზე

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა ინტერენეტ-სივრცეში. ვიდეოში ასახულია ქუთაისელი გოგო გულშემატკივრის ემოციები მოედანზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

ყურადღება: ვიდეოში გამოყენებულია არანორმატიული ლექსიკა.

 

აგრესია ქართულ სტადიონებზე

კვირის მთავარი თემა ქუთაისში გამართული მატჩი გახდა. თუმცა ფეხბურთის ნაცვლად, რომელიც 58-ე წუთამდე საკმაოდ კარგი საყურებელი იყო, საზოგადოების განსჯის საგანი მასპინძელთა გულშემატკივარის ქმედება გახდა. მოგეხსენებათ, “ტორპედოს” ფანების ნაწილი მოედანზე შევარდა, რის გამოც ქართული კლასიკო ჩაიშალა.

სამწუხაროა, რომ ადამიანთა რაღაც გაურკვეველი ჯგუფის გამო, მთელი ქალაქი დაზარალდა. ქალაქი, რომელსაც ქართულ ფეხბურთში საკმაოდ დიდი ტრადიციები აქვს. დაზარალდა მათი საყვარელი გუნდიც. ისე, ფეხბურთის ფედერაციას “ტორპედოს” ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით სხვაგვარი სასჯელის გამოტანაც შეეძლო. 18 300 ლარის გადახდით, უსაფრთხოების პრობლემა სტადიონებზე არ მოიხსნება. სამაგიეროდ, მივიღებთ ახალ პრობლემას – კიდევ ერთ გაჭირვებულ გუნდს.

საერთოდ, ისიც გასარკვევია, თუ როგორ აღმოჩნდა ერთდროულად ამდენი ადამიანი მინდორზე. ფაქტია, რომ სტადიონის ჭიშკარი თავისით არ გაიღებოდა. იმედია, ეს საკითხიც გამოძიებული იქნება.

gasgas

ქუთაისური მოვლენების ფონზე დაიჩრდილა გორში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი, სადაც გულშემატკივარი მეოდანზე მსაჯთან ურთიერთობის გასარკვევად ჩავიდა. ერთი დღით ადრე კი, ქობულეთში “დინამოს ბათუმის” და “სამტრედიას” ფანებს შორის მოხდა დაპირისპირება. ინციდენტი მატჩის მიმდინარეობის დროს, უშუალოდ სტადიონზე მოხდა.

პრესიდან დაწყებული და ფეხბურთისგან შორს მყოფი ადამიანებით დამთავრებული მხოლოდ ქუთაისელი გულშემატკივრის კრიტიკა ისმის. მათი ასეთი საქციელი რომ მიუღებელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ საქართველოში განვითარების გზაზე მყოფი ფან-კულტურის გათვალისწინებით, ამას თავს ვერ ავარიდებთ და თუ შესაბამისმა ორგანოები ყურადღებით არ მოეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, შესაძლოა ქუთაისური ინციდენტი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემის დასაწყისი აღმოჩნდეს და ყურადღება სწორედ ამ საკითხს სჭირდება და არა განვლილი მოვლენის ათასჯერ გახსენებას. ფაქტობრივად ყველა დიდ ქალაქში უკვე არსებობს ფან-მოძრაობები, რომლებიც თავის გუნდს მხარს ყველა მატჩში უჭერენ.

1912529_525668270884259_903014576_n

ასე რომ, სტადიონებზე უსაფრთხოების ზომებია გასაძლიერებელი, თუმცა არა პოლიციის ძალებით. პოლიცია ქუთაისშიც უხვად იყო და სხვა ქალაქებშიც, სადაც დაპირისპირებებს ჰქონია ადგილი, მაგრამ უსიამოვნო ფაქტებს მაინც ვერ ავცდით. ხშირ შემთხვევაში კი, არც პოლიციის ქმედება იყო სამაგალითო. სტადიონებზე ძალოვნების არსებობამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი აგრესია წარმოქმნას.

ყველაფერში ევროპას ვედრებით და სპორტულ არენებზე უსაფრთხოების საკითხშიც რომ მივბაძოთ არ იქნება ურიგო.  თუნდაც ინგლისში, სადაც მოწინააღმდეგე გუნდის ფანები ერთმანეთს ვერ იტანან, სტადიონზე ვერცერთ პოლიციელს ვერ ნახავთ. უსაფრთხოებას იქ სპეციალურად მომზადებული სტიუარდები იცავენ.

ასე რომ, თუ შესაბამისი ორგანოები დროულ და რაც მთავარია სწორ ზომებს არ მიიღებენ, ასეთ ფაქტები მომვალაში გასაკვირი აღარ იქნება.

“ტორპედო” დაისაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ქუთაისში მომხდარი გუშინდელი ინციდენტი განიხილა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 58-ე წუთზე მასპინძელთა ქომაგებმა მატჩი ჩაშალეს და “დინამოს” ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებთან სცადეს ურთიერთობის გარკვევა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით “ტორპედო” ჯარიმის სახით 18 300 ლარს გადაიხდის და უახლოეს 5 საშინაო შეხვედრას ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს. “დინამოს” კი ტექნიკური გამარჯვება, 3:-0 ჩაეთვლება.

სავარაუდოდ, “ტორპედო” ნეიტრალურ მოედანზე მაყურებლების გარეშე ითამაშებს.

სკ „დინამო“ დაჯარიმდა 800 ლარის ოდენობით, დინამოელთა გულშემატკივრების მიერ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სკამების დამტვრევისა და მოედანზე გადმოყრის გამო.

რაც შეეხება კომიტეტზე განხილულ კიდევ ერთ მატჩს – გორის „დილასა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის. სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩის დროს გულშემატკივართა მიერ მოედანზე შეჭრის გამო სკ „დილა“ დაჯარიმდა (სადისციპლინო კედექსის 106-ე მუხლის დარღვევა) 4000 ლარით. სკ „დილას“ ფეხბურთელი ლექსო კვახაძე, კი მსაჯის შეურაცყოფისათვის 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 600 ლარი ფულადი ჯარიმით დაისაჯა.

 

ფოტო: fcdinamo.ge

ქუთაისის სტადიონზე დაკავებულები პირები დააჯარიმეს

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის გუშინ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის მონაწილეთა სასამართლო პროცესი გაიმართა.

25 პირი დაჯარიმდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ადმინისტრაციული სახდელი „ტორპედოს“ იმ გულშემატკივრებს დაეკისრათ, რომლებიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მუხლით სტადიონზე აიყვანეს. მოსამართლემ ჯარიმის ოდენობა ინდივიდუალურად დაადგინა, თანხა 200-დან 500 ლარამდეა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 58-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედანზე მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი შეიჭრა და ჯერ „დინამოს“ ფეხბურთელებთან სცადეს ურთიერთობის გარკვევა შემდეგ კი, თბილისური კლუბის ქომაგებთან მოხდა დაპირისპირება. ანგარიში ამ დროს „დინამოს“ სასარგებლოდ 2:0 იყო.

 

რევაზ ძოძუაშვილი: „ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა“

ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 8 მარტს ჩაშლილი შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ჩვენ, „ტორპედოს“ კოლექტივი ყველანაირად ვცდილობთ, რომ ავაღორძინოთ ქუთაისური და ამასთან ერთად ქართული ფეხბურთიც. გვინდა, რომ ამ საერთო საქმის თანამონაწილეები ვიყოთ, მაგრამ ის, რაც ჩვენს მოვალეობაში არ შედის, ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. „დინამოს“ წინააღმდეგ ჩვენ შეგვეძლო გვეჩვენებინა კარგი თამაში და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად რაც მთავარია, მშვიდობით ჩაგვემთავრებინა იგი. ყველამ იცით, რომ „ტორპედოს“ არცერთ წევრს არანაირი გამომწვევი ჟესტი არ ჩაუდენია მომხდარი ინციდენტის პროვოცირებისთვის. მგონი, პირიქით, ამაზე საუბარი თბილისის „დინამოს“ მიმართ შეიძლება, რომელმაც მიუხედავად ჩვენი კლუბის დიდი თხოვნისა მაინც ჩამოიყვანა თავისი გულშემატკივრები.

თამაშს რაც შეეხება, მართალია, ჩვენ პირველი ნახევარი წავაგეთ, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მეორე ტაიმში სიტუაციის შეცვლას არ ვეცდებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასურველი ანგარიში იყო, თუმცა არ იყო გამორიცხული დარჩენილ დროში მარცხს ავმცდარიყავით, მაგრამ ეს ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ამჟამად მთლიანი „ტორპედოს“ ყოველთვიური ბიუჯეტის ტოლფასი ხელფასი აქვს „დინამოს“ ერთ-ერთ ფეხბურთელს. ამიტომ, ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. თამაშის მიხედვით „ტორპედო“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას არ იმსახურებს, მაგრამ იმედია, სანქციებით არ გაგვაგდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არ უნდათ ქუთაისში ფეხბურთი.

ის, რომ ამდენი ახალგაზრდა ასე ორგანიზებულად შემოვიდა და გავიდა მოედნიდან, ამაში ეტყობა იყო რაღაც ბოროტი ძალები ჩარეული. ჩვენს გულშემატკივრებს ხშირად ვხვდებით, მათი აზრებიც კარგად ვიცით და მათ, ვინაც არეულობა მოაწყო ნაცვლად სარგებელისა, შავი ლაქა მოაცხო „ტორპედოს“. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ არასწორად გააშუქა მომხდარი და შეაფასა, რომ თითქოს გულშემატკივრები „ტორპედოს“ ცუდი თამაშის გამო გადმოცვივდნენ ბალახზე. ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა“.

FCTorpedo.GE

სკანდალი: ტორპედო-დინამოს დაპირისპირება მასპინძელთა ფანებმა ჩაშალეს

ქუთაისში მიმდინარე “ტორპედოსა” და “დინამოს” დაპირისპირება ჩაიშალა. მასპინძელთა ფანებმი მოედანზე აღმოჩნდნენ და ჯერ ფეხბურთელებთან სცადეს ურთიერთობის გარკვევა შემდეგ კი სტუმართა სექტორისკენ დაიძრნენ.

დინამო ტორპედოს 2:0-ს ამარცხებდა.

ამ წუთებში დაპირისპირება სტადიონის ფარგლებს გარეთ გრძელდებაasfasf

gasgas

“დინამოს” მზადება კლასიკოს წინ

დღეს დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ტორპედოსთან თამაშის წინა ვარჯიში გამართეს. წვრთნის შემდეგ მალხაზ ჟვანიას გუნდმა დაისვენა და გეზი დასავლეთისკენ აიღო. შეგახსენებთ, რომ ხვალ ქუთაისში ჩემპიონატის XXI ტურში დინამოელები ტორპედოს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. დინამო TV გთავაზობთ დღევანდელი ვარჯიშის და გამგზავრების ვიდეო კოლაჟს.

FCDinamo.GE

შრომისმოყვარეობის ხარჯზე გახანგრძლივებული კარიერა

იშვიათია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც 37 წლის ასაკში უმაღლეს ლიგაში ღირსეულად თამაშობს. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი სევასტი თოდუა, ვინც „ტორპედოში“ უკვე მესამედ დაბრუნდა და ტრადიციული, „5 ნომერი“ მოირგო. არ გვახსენდება ამ საუკუნეში, ანალოგიური მოსწრების მოქმედ ფეხბურთელს ჩვენს ქვეყანაში ასეთ დონეზე სხვა ვინმეს ეთამაშოს.

გარდა დადებითი პროფესიული რეპუტაციისა, ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე შეგნებული ადამიანის სახელიც აქვს. პროფესიონალური კარიერის დაწყებიდან სულ 9 ქართულ გუნდში უასპარეზია და მის ანგარიშზე უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 400-მდე შეხვედრაა. აქედან ყველაზე მეტჯერ, დღემდე 130-ში „ტორპედოს“ მაისური და თან ნახევარზე მეტ მათგანში კაპიტნის სამკლავურიც აქვს მორგებული. ქუთაისელთა რიგებში ასპარეზობისას ორჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი და ერთხელ ეროვნული თასი. ამრიგად, მის სახელსა და გვარს ჩვენი კლუბის ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს.

თუ გახსოვთ, 2012 წლის დასაწყისში, მას „ტორპედოში“ გაცილებაც მოუწყვეს, მაგრამ ცენტრალური მცველის სათამაშო მონაცემები მთავარმა მწვრთნელმა დღესაც მოიწონა. ქუთაისური გუნდის ბოლო მატჩში ბოლნისელებთან მნიშვნელოვან გამარჯვებაში მისი წვლილი გაზეთმა „ლელომ“ გამოყო და იგი „ტურის სიმბოლურ ნაკრებში“ შეიყვანა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე „სევა“-სთან ინტერვიუ ჩავწერეთ…

– სევასტი, მოდი, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ თქვენი კარიერის გასული მნიშვნელოვანი ეტაპები?
– აბაშის რაიონის სოფელ მარანში დავიბადე და იქ, ფაქტობრივად, ბავშვთა ფეხბურთი სკოლაში არ გამივლია, 20 წლისას ისე მოვხვდი პირველ ლიგაში სამტრედიის „იბერიას“ შემადგენლობაში. სამტრედიელებთან ერთად „უმაღლესში“ გადავედი და მერე „ვიტ ჯორჯიაში“ ჩავირიცხე, სადაც ძოძუაშვილმა აღმომაჩინა და ეროვნულ ნაკრებში მიმიწვია. სულ ნაკრების მაისურით 2 ოფიციალური და 7 ამხანაგური მატჩი ჩავატარე, რის შემდეგაც ჩემი საკლუბო კარიერაც „გახურდა“.

– განსაკუთრებით რომელი მიღწევა დაგამახსოვრდათ? ამასთან, იყო იმედგაცრუებებიც…
– ყველაზე მეტად „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩი მახსენდება ქუთაისში, როცა „ასკამ“(მალხაზ ასათიანმა) გაიტანა გამარჯვების პენალტი და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ დამავიწყდება ის ატმოსფერო, რაც მაშინ სავსე სტადიონზე სუფევდა. იმედგაცრუებაც ძალიან ბევრი იყო, როგორია თასის 8 ფინალიდან 6-ჯერ რომ წააგებ? 2011 წელს „გაგრასთან“ მატჩში საკუთარ კარში რომ გავიტანე ბურთი, ბუნებრივია, ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული მატჩი ის იყო. რა გასაკვირია, რომ რამდენიმე დღე არ მეძინა მას შემდეგ.

– რის ხარჯზე მოახერხეთ სათამაშო ფორმის შენარჩუნება ამ ასაკში?
– მთავარია, არასდროს თქვა, რომ დავბერდი და ახლა გამოცდილებით უნდა ვითამაშო, იმდენს არ ვირბენ, როგორც სხვა და ამით ფორმას შევინარჩუნებ. რადგან შენ ასაკში ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია მარტო გამოცდილებით თამაში, ასე ურთულესია დიდხანს დარჩე ფეხბურთში უმაღლესი ლიგის დონეზე. ასეთ კონდიციებში ყოფნას, ალბათ, თავდაუზოგავი შრომითა და ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულით ვახერხებ, ეს იმისთვის, რომ სტადიონზე, როცა გავალ ვინმემ არ დამიძახოს დაბერდი და სახლში წადიო, ვცდილობ, ამის თქმის საბაბი არავის არ მივცე. მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს და სტადიონზე რომ გახვალ გუნდს უნდა დაეხმარო და არა პირიქით. ძალზედ მცირე მოტივაცია აქვს მარტო ფინანსურ მხარეს.

– საკმაოდ ბევრ ეროვნულ ჩემპიონატში მიგიღიათ მონაწილეობა, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, არის თუ არა პროგრესი? საგულისხმოა, რომ პირობებიც მეტნაკლებად ყველგან გაუმჯობესებულია…
– ბევრი ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონატი ადვილი სათამაშოა, მაგრამ, დამტკიცებულა, რომ ეს შეხედულება მცდარია, თუნდაც იმით, რომ უამრავ ლეგიონერს ვერ გაურთმევია თავი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე ან კიდევ იშვიათად, რომ 30-32 წელს გადაცილებული ნაყოფიერად თამაშობდეს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან ძნელია აქ თამაში, თუმცა დონის ასამაღლებლად საჭიროა უკეთესი პირობები და რეკლამა, თორე ტალანტები ჩვენ ნანდვილად არ გვაკლია. ეს არის, ნაკრებში თუ ვერ ითამაშე, რა ნიჭიც არ უნდა გქონდეს, უმეტეს შემთხვევაში ჩვენს ჩემპიონატს ვერ გაცდები. რაც შეეხება პირობების გაუმჯობესებას, ვერ დაგეთანხმებით, ახლა რომ ავიღოთ, თბილისის „დინამოს“ გარდა, სხვა გუნდებში თითქმის ერთნაირი სიტუაციაა. ასე ჩვენი ჩემპიონატი ვერ გაიზრდება. 7-8 გუნდი თუ არ იქნა ერთ დონეზე, პროგრესს ვერ მივაღწევთ. ეს უბრალოდ თავის მოტყუილებაა. შეიძლება, არც ტყუიან, უბრალოდ, მეტი გამოსავალი არ აქვთ…

– მალე 38-ს გახდებით, ალბათ, მწვრთნელობაზეც გიფიქრიათ…
– არასდროს არ მიფიქრია მწვრთნელობაზე და იმისთვის „ვიკლავ“ თავს, რომ 3-4 წელი კიდევ გავაგრძელო წარმატებული თამაში, შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ, ღმერთის წყალობით, დავუმტკიცებ ყველას რომ კიდევ შემეძლება. კარიერის დასრულება ჯერ ფიქრადაც არ მაქვს და თუ თავს სისუსტეს შევატყობ, ძალიან გამიჭირდება უფეხბურთოდ გაძლება, მაგრამ ხვალვე წავალ.

– რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს?
– ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ და ნაკლები ილაპარაკონ. ივარჯიშონ და იბრძოლონ გამალებით. შეიძლება რაღაც ეტაპზე მიაღწიო ნიჭიერების გამო წარმატებას, მაგრამ წინ აუცილებლად დაგხვდება უვარჯიშებლობა და ნაკლები მომზადება.

– „ტორპედოზე“ გადავერთოთ, რა ადგილი უჭირავს თქვენთვის ამ კლუბს და რამდენად დაფასებულად გრძნობთ თავს აქ?
– ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს „ტორპედოს“, აქ მესამედ დავბრუნდი და ქუთაისი ჩემთვის ყველაფერია. სტადიონზე, როცა ვიწყებ გახურებას უკვე მიხარია. გულშემატკივრებიც გვერდში მიდგანან და ვგრძნობ, რომ თბილად არიან კონკრეტულად ჩემს მიმართ და მეც მინდა, რომ გამოვხატო საპასუხო სიყვარული „ტორპედოსთვის“ თავგანწირული თამაშით.

– კარიერის დასრულებას ქუთაისში ხომ არ აპირებთ?
– ძალით ვერავინ ვერ დარჩება გუნდში, ეგ მწვრთნელის გადასაწყვეტია და მისი თანხმობა თუ იქნება, კიდევ დიდხანს ვითამაშებ. მარტო ჩემი ნება, რომ ყოფილიყო არასდროს არ წავიდოდი ქუთაისიდან.

– ფაქტობრივად, შეკრება არ გაუვლია გუნდს და რთულია ამის შემდეგ მაღალ მიზნებზე საუბარი…
– ნამდვილად, კარგად იცით რაც ხდებოდა, სასადილო გახსნილი არ იყო და შეკრებაც ვერ გავიარეთ, ძალიან მძიმე სიტუაცია დაგვხვდა, მაგრამ ჩვენ ბიჭებმა ერთად შევიკარით და ვთქვით, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ დღეს ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და უნდა გავძლოთ. კვერცხს და ძეხვს ვჭამდით მთავარ მწვრთნელთან ერთად და ისე გადავიტანეთ ის დღეები. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვარ, მქონდა უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებიდან შემოთავაზებებიც, მაგრამ არ წავედი. მართალია, ვინც არ უნდა ყოფილიყო მწვრთნელად თუ ქუთაისში მომიწვევდნენ მაინც დავბრუნდებოდი, მაგრამ  რევაზ ძოძუაშვილმა დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში.

– „ტორპედოს“ რომელი რგოლია გამორჩეული? და თქვენს პარტნიორ ლატვიელს როგორ დაახასიათებთ?
– ვთვლი, რომ თანაბრად ვართ დაბალანსებულები და შეკრების გაუვლელობის გამო ნელ-ნელა თამაშებით შევდივართ ფორმაში. ამიტომ, ჩვენ კი არა „ბარსაც“ რომ ჩააგდო მსგავს სიტუაციაში, ასე უცებ ისიც ვერ ითამაშებს ხარისხიან ფეხბურთს. ლატვიელზე ვიტყოდი, რომ ცუდი შთაბეჭდილება არ მაქვს და კარგია, რომ მისი პლიუსი საჰაერო ორთაბრძოლებია.

– ბუნებრივია, პირველი გამარჯვება დადებით მუხტს შემოიტანდა კლუბში, მით უმეტეს, როცა ბევრისთვის მოულოდნელი იყო ეს…
– რა თქმა უნდა, „სიონის“ დამარცხებით ვიგრძნენით, რომ ჩვენც შეგვიძლია შედეგის მოტანა და ფსიქოლიგურად განგვამტკიცა ამ მოგებამ. კიდევ გამოჩნდება, რომ ჩვენთანაც არიან ძლიერი ფეხბურთელები: ელიავა, ტუღუში, კვასხვაძე, ჩიკვილაძე და სხვები…

– „ლელომ“ გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეგიყვანათ, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
– სიმართლე გითხრათ, მე იშვიათად ვკითხულობ გაზეთებს, მაგრამ მადლიერი ვარ მათი და დიდი სიამოვნებაა ასე მასშტაბურად რომ გამომარჩიეს. ეგ კი არა, ადამიანი ერთ თბილ სიტყვასაც რომ გეტყვის, ესეც საკმარისია, რომ მომდევნო თამაშები უფრო მეტი სტიმულით ჩაატარო.

– გორის „დილასთან“ საშინაო მარცხის შემდეგ(1:2) რამდენად რეალურია თასზე „ტორპედოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლა?
– გორთან ძალიან მძიმე თამაში გვქონდა, ვწუხვარ, რომ მეორე გოლი ჩემი შეცდომით გავუშვით, მაგრამ ასეც ხდება და საპასუხო თამაშში გამოსწორებას ვეცდები. ქუთაისში პირველი შეხვედრა იყო და ჩვენს მეტოქეზე გაცილებით უფრო შეუთამაშებლები და დაძაბულებიც ვიყავით. რა თქმა უნდა, შანსები გვაქვს და ფარ-ხმალს არანაირად არ დავყრით.

– შეაფასეთ უმაღლესში დარჩენისა და ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსები…
– ვფიქრობ, გამორიცხულია, რომ წელს უმაღლესიდან გავვარდეთ. საუკეთესო ექვსეულისთვის კი 9-ში, „დინამოს“ თუ მოვუგებთ დიდ ნაბიჯს გადავგდგამთ. სამწუხაროა, ჩვენ ისეთი ქულები დაგვხვდა, რომ ამ ეტაპზე ძალიან ძნელია, მაღალ ადგილებზე მოხვედრა.

– და ბოლოს, თბილისი „დინამოსთან“ მოახლოვებულ პაექრობაზეც გვითხარით, თავად ძალზედ კარგად იცით ამ თამაშის მნიშვნელობა…
– ვგრძნობთ ბიჭები, რომ „დინამო“ ჩვენი ყველაზე განსაკუთრებული მეტოქეა. ასევე, ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრები მრავლად მოვლენ ამ მატჩზე, რომელთა გასახარებლად ყველაფერს დავდებთ მოედანზე.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

FCTorpedo.Ge

უმაღლესი ლიგა – პრევიუ

თასის მატჩების შემდეგ ქართულ სტადიონებს უმაღლესი ლიგაც უბრუნდება. 2014 წლის პირველ ტურში გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება ელის.


„სპარტაკი“ – „ჩიხურა“

 პირველი წრე: 2-1

26 თებერალი, თბილისი, „მიხეილ“ მესხი, 14:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.უკლება, ი.კაკაბაძე, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)

“მიხეილ მესხზე” გასამართი აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. მეორე ეტაპზე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გუნდებმა პირველივე ტურიდან უნდა იზრუნონ თავიანთ საბოლოო შედეგებზე.

“სპარტაკმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ჩემპიონატს წესით და რიგით კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. რასაც ვერ ვიტყვით “ჩიხურაზე”. საჩხერელბმა მზადება გვიან დაიწყეს და პრობლემების გამო ვერც შეკრებაზე მოახერხეს გამგზავრება.

 

„დილა“ – „გურია“

პირველი წრე: 2-0

26 თებერვალი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ბერულავა, ზვ.ერქვანია, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ორივე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა და ფაქტია, რომ “დილასაც” და “გურიასაც” პირველ ტურებში შეთამაშების პრობლემა ექნებათ.
გორელებმა 2014-ში ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს და წარმატებითაც დაასრულეს. შაბათს, საქართველოს თასის ფარგლებში “დილამ” ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოს” მოგუო 2:1.

 

„ზესტაფონი“ – „ზუგდიდი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, დ.სანოძე (სათადარიგო)

ზამთრის შესვენება ორივე გუნდმა ნაყოფიერად გაატარა და თურქეთში მოწყობილი შეკრება გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის ირძვიან, გულშემატკივარი დაძაბულ ბრძოლას უნდა ელოდოს. გეგუჩაძე-დარასელიას დუელი ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება.

ზესტაფონმა წელს ოფიციალური მატჩის გამართვაც მოასწროა. პირველი წრის გადადებულ შეხვედრაში იმერლებმა ცხინვალის “სპარტაკს” 3-0 მოუგეს.

 

„მეტალურგი“ – „ვიტ-ჯორჯია“

პირველი წრე: 5-2

26 თებერალი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ერთმანეთს რუსთავის “ფოლადზე” დაუპირისპრიდებიან. პირველი წრის შეხვედრა “ვეტერინარებისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში და ეს რუსთავალებსაც კარგად ახსოვთ, რომლებიც მოედანზე რევანშის ასაღებად გავლენ.

“მეტალურგში” სეზონის მეორე ნახევარს განახლებული შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთაველებმა სათასო მატჩი გამართეს თბილისის “დინამოსთან” და 2-0 დამარცხდნენ.

 

„ტორპედო“ – „მერანი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 14:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

გორის “დილასთან” თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, რევაზ ძოძუაშვილის გუნდი საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვლილებმა “ტორპედოს” მსგავსად სეზონი გასულ შაბათს, თასის მატჩით განაახლეს, რომლის ფარგლებშიც იონანიძის ბიჭებმა ქობულეთის “შუქურასთან” გასვლითი მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს.

“ტორპედოში” შესვენების დროს ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს ქუთათურები განახლებული გუნდით ხვდებიან. “მერანმა” კი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად თურქული შეკრებაც მოიწყო.

 

„დინამო“ – „სიონი“

პირველი წრე: 1-4

26 თებერვალი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს, სადაც ურთიერთბას თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონს” გაარლვევენ.

ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოოდ ცხრილის ზედა ნაწილში დამკვირდრნენ. ბურდულის გუნდმა თურქულ შეკრებაზეც კარგი შედეგები აჩვენა. 2014 წელი კი, “ჩიხურასთან” სათაშო მატჩით გახსნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

“სიონის” მსგავსად, გასულ შაბათს სათასო მატჩში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსაც” ჰქონდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟვანიას გუნდმა რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგის” დამარცხება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება.

 

 

„დილამ“ სეზონი მოგებით განაახლა

ქუთაისში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება, სადაც „დილა“ ადგილობრივ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და დამსახურებულად 2:1 გაიმარჯვა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი ქუთაისელებმა მე-19 წუთზე შექმნეს, როდესაც ირაკლი ლექვთაძე პრაქტიკულად მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა დასარტყმელი ზონა შეუზღუდეს და საბოლოოდ ბურთი მიზანს ააცდინა. კიდევ ერთი მომენტი საჯარიმო დარტყმას მოყვა, როდესაც ჩიკვილაძის ზუსტი დარტყმული შეყრილაძემ ნახტომით მოიგერია და იხსნა საკუთარი გუნდი. ამის შემდეგ, სათამაშო უპირატესობა გორელებმა იგდეს ხელთ, ჯერ კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა ააცილა მიზანს, ხოლო შემდეგ კოშკაძე მეტოქის საჯარიმო ხაზიდან შეეცადა ანგარიში გაეხსნა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
36-ე წუთზე კოშკაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი მეტოქის კარის სიახლოვეს ჩაკიდა, სადაც გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ ყველას დაასწრო და ზუსტი დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა – 0:1. ტაიმის მიწურულს ალექსანდრე კოშკაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა მახვილი კუთხიდან როინ კვასხვაძემ დარტყმულის მოგერიება შეძლო.
უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მსვლელობა ძლიერი ქარის თანხლებით მიმდინარეობდა, რაც თამაშის ხარისხს დაღს ასვამდა. ასევე ორივე გუნდის თავკაცს პირველ ნახევარში ორ-ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა, ვინაიდან ტრავმა მიიღო კობა შალამბერიძემ, რომელიც ნიკა სადაღაშვილმა შეცვალა, ხოლო შემდეგ თვითონ ნიკას მოუწია ტაიმის ბოლოს მოედნის დატოვება ამავე მიზეზით და ის კორღალიძემ ჩაანაცვლა. ასევე მასპინძელთა მხრიდან დაზიანება მიიღეს ლექვთაძემ და მამასახლისმა.
მეორე ნახევარი კვლავ ჩვენი გუნდის კარნახით წარიმართა და დასაწყისშივე კვარაცხელიას მეკარესთან პირისპირ დარჩენილს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა კვასხვაძემ ამის საშუალება არ მისცა. მალევე მან კიდევ ერთხელ ცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა მახვილი კუთხიდან სულ მცირედით ააცდინა.
დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც რამაზ სოღოლაშვილს კიდევ ერთი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. გულვერდ თომაშვილმაც ტრავმა მიიღო და მისი მოედნიდან გაყვანა საკაცით მოუხდათ. მის ნაცვლად ქარქუზაშვილი შევიდა მოედანზე.
83-ე წუთზე ლევან კორღალიძემ მცველს ბურთი მოპარა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ოსტატურად შეაგორა ბურთი ბადეში – 0:2. საბოლოო სიტყვა კი ქუთაისელებმა თქვეს. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კვერნაძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და საფინალო შედეგი დააფიქსირა – 1:2.
მომდევნო მატჩს „დილა“ უკვე ეროვნულ ჩემპიონატში საკუთარ სტადიონზე გამართავს, სადაც მეხუთე ადგილზე მყოფ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლებს.

გუნდების შემადგენლობები

„ტორპედო“: კვასხვაძე (კაპ.), გელაშვილი, სავჩენკოსი, ადამაძე, თოდუა, ელიავა (ჭედია 69’), მამასახლისი (ჩადუნელი 44’), ჩიკვილაძე, ლექვთაძე (მარკოზაშვილი 35’), კვერნაძე, მ. ღონღაძე.
სათადარიგო: ადამია, გოგიჩაიშვილი, მარკოზაშვილი, ჭედია, ჩადუნელი, ხარაბაძე, ღვიტიძე.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.

„დილა“: შეყრილაძე, კვახაძე (კაპ.), თომაშვილი (ქარქუზაშვილი 82’), ჯიშკარიანი, ორბელაძე, რაზმაძე, გურეშიძე, შალამბერიძე (სადაღაშვილი 32’, კორღალიძე 43’), რაჟამაშვილი, კოშკაძე, კვარაცხელია.
სათადარიგო: ლეგაშვილი, სადაღაშვილი, გაფრინდაშვილი, კორღალიძე, ქარქუზაშვილი, ბერიაშვილი, შენგელია.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.

გოლები: კვახაძე (36’) 0:1, კორღალიძე (83’) 0:2, კვერნაძე (91’) 1:2.
გაფრთხილებები: გურეშიძე (58’), კვარაცხელია (78’).
მთავარი არბიტრი: ხარიტონაშვილი.

მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ სოღოლაშვილი: „თამაშმა საინტერესოდ ჩაიარა და ვთვლი რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და შევინარჩუნეთ უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიწია სამი იძულებითი ცვლილების განხორციელება.
რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. მათ მხოლოდ ყურადღება ჭირდებათ, რათა დაიბრუნოს თავისი ტრადიციული სახელი ქართულ ფეხბურთში. ჩვენს ბიჭებს და მხარდამჭერებს მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო ეს გამარჯვება, თუმცა არ გვავიწყდება, რომ ეს დაპირისპირება ორრაუნდიანია და მოვლენებს წინ ჯერ არ გავუსწრებთ. დაველოდებით საპასუხო მატჩს და ვფიქრობ, რომ ერთი თვის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი გუნდი ეყოლება ქუთაისს და კიდევ უფრო გაგვიჭირდება გამარჯვების მიღწევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უპირატესობას ამ ეტაპზე უკვე ვფლობთ.
მომავალი მატჩი „გურიასთან“ გვაქვს და გეტყვით, რომ ყველა გუნდი ახალი შეკრებიალია და აქედან გამმომდინარე თანაბარი შანსებია. ლანჩხუთელები ალბათ ყველაფერს გააკეთებენ წარმატების მისაღწევად და ჩვენც რამოდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება აქ მიღებული ტრავმების გამო, რაც საქმეს გვირთულებს. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ მობილიზება და ის ფეხბურთელები დავაყენოთ, ვინც ამ თამაშისთვის დაგვჭირდება. საერთო ჯამში საინტერესო და დაძაბულ თამაშს ველი.“

ალექსანდრე კვახაძე: „პირველი თამაში გვქონდა და ყოველთვის ძნელია გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ყველა მოსაგებად გავედით მოედანზე და მიზანსაც მივაღწიეთ. ყველაფერი მაინც საპასუხო მატჩზე გაირკვევა, თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავალთ.“

ლევან კორღალიძე: „ველოდებოდით რომ რთული თამაში გვექნებოდა და ასეც მოხდა. რაც შეეხება ჩემს დებიუტსა და გოლს, ძალიან სასიხარულოა ყველა ფეხბურთელისთვის, როდესაც დებიუტშივე თამაშობ კარგად და იტან გოლს.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან იგრძნობოდა სტადიონზე მათი მხარდაჭერა. ვფიქრობ ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი, რაც ძალზედ სასუხარულოა ჩემთვის.“

„დილას“ პრესსამსახური

ფეხბურთი ბრუნდება

ზამთრის პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის თასის გათამაშებით გვიბრუნდება. 1/4 ფინალურ შეხვედრებს დღეს საქართველოს ოთში ქალაქი უმასპინძლებს. 

 

ტორპედო – დილა 

ქუთაისი, “ცენტრალური” 14:00

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლებს ქუთაისი. ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და მეორე ეტპანს ისინი ფაქტობრივად სხვა შემადგენლობით ხვდებიან. განსაკუთრებით ეს ქუთაისურ კლუბზე ითქმის. “ტორპედოდან” ვისოლის წასვლის შემდეგ ფეხბურთელების დიდი უმრავლესობაც წავიდა. თუმცა, ქუთაისელებმა საკმაოდ კარგი შევსებაც მიიღეს და რაც მთავარია “ტორპედოს” სათავეში გამოცდილი რევაზ ძოძაშვილი ჩაუდგა.

წამყვანმა მოთამაშეებმა “დილაც” დატოვეს, თუმცა გორელებმა გამოცდილი ქართველი ფეხბურთელებით მიიღეს შევსება. ბუნებრივია, რომ 12 ახალწვეულს შეთამაშებისთვის დრო დასჭირდებათ.

 

სიონი – ჩიხურა

თბილისი, “მიხეილ მესხი” 14:00

ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. “სიონმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ტესტ-მატჩებში კარგი შედეგი აჩვენა. სეზონის დასაწყისს ბურდულის გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.

“ჩიხურამ” ბიუჯეტის დაგვიანებით დამტკიცების გამო, უცხურ შეკრებაზე წასვლა ვერ მოახერხა და ადგილობრივ პირობებში ემზადებოდა. შესაძოა, ამან გარკვეული დაღი დაასვას საჩხერელთა ასპარეზობას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ იმერული კლუბმა საკადრო თვალსაზრისით საკმაოდ ნორმალური შევსება მიიღო. ხმალაძის და კვარაცხელიას გამოცდილა “ჩიხურას” ნამდვილად წაადგება.

 

შუქურა – მერანი

ქობულეთ, “ჩელე არენა” 14:00

თასის გათამაშებაში შემორჩენილი ერთადერთი პირველლიგელი საკუთარ მოედანზე უმაღლესის აუტსაიდერს მიიღებს.
აღსანიშანვია, რომ “მერანს”, პირველად ამ სეზონში, მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელი ზურაბ იონანიძე გაიყვანს. წარსულში წარამტებული ფეხბურთელის მთავარი მიზანი მარტივლური კლუბის გადარჩენა იქნება.

პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “შუქურა” საკმაოდ მოტივირებული ხვდება ამ მატჩს. ქობულეთელებს ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყვათ. თანაც საქარველოში ერთხელ უკვე დაფიქსირდა პირველი ლიგის ბინადარი კლუბის სათასო წარმატება, რაც “შუქურას” გულშემატკივარსა და მოთამშეებს სტიმულს მატებს.

 

მეტალურგი – დინამო თბილისი

რუსთავი, “ფოლადი” 14:00

სათასო ბატალიების ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართება, სადაც ერთმანეთს განახლებული “მეტალურგი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაახალგაზრდავდა. თუმცა, თ რუსთაველთა შემთხვევაში ეს ფინანსური პრობლემებით იყო გამოწვეული, “დინამში” გადახალისება კლუბის ახალი ინიციატივა და მომავალზე გათვლილი გეგმა იყო.

ორივე გუნდმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში და სავარაუდოდ ფეხბურთელები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები სეზონის მეორე ნაწილისთვის.

“ტორპედოს” კიდევ ერთი გამოსაცდელი მატჩი

ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მებრძოლ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“(მწვრთნელი – გელა სანაია) უმასპინძლა.

დღევანდელი მატჩის ტაიმებში რევაზ ძოძუაშვილმა სხვადასხვა შემადგენლობით გაიყვანა მისი გუნდი მოედანზე. შესვენებაზე სტუმრებს მიჰყავდათ ანგარიში, მე-15 წუთზე პენალტიდან გატანილი გოლის(ავტორი – ლევან ბაკურაძე) წყალობით, თუმცა თამაშის მეორე ნახევარში მოასპარეზე ტორპედოელებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ჯერ 73-ე წუთზე, ხელსაყრელი პოზიციიდან ოთარ კვერნაძემ გაათანაბრა, 81-ე წუთზე, თენგიზ ჩიკვილაძემ აქცია საჯარიმო დარტყმა გოლად, ორ წუთში კი ამ უკანასკნელის ჩაწოდებული ბურთი „ტორპედოს“ ლატვიელმა ახალწვეულმა(ცენტრალური მცველი) იგორ სავჩენკოვსიმ გადაგზავნა „სამტრედიას“ კარში – 3:1.

გუნდების შემადგენლობები – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=230

სეზონის განახლებამდე „ტორპედო“ ხვალ კიდევ ერთხელ ისპარინგებს, მეტოქე პირველ ლიგაში მოასპარეზე ბათუმის „ადელი“ იქნება. თამაში ქობულეთში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

FCTorpedo.GE