“ლოკომოტივმა” საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა (ვიდეო)

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 20 მაისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

მატჩის ერთადერთი გოლი, 72-ე წუთზე, ლუკა კიკაბიძემ გაიტანა.

დინამო თბილისთან, სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ, ჭაღიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული დავით სამურკაოსვის ადგილი ლუკა კიკაბიძემ დაიკავა, რომელიც 3 ქულის მომტანი გოლის ავტორი გახდა.

ტორპედოსთან დაპირისპირება ორთაბრძოლებით დატვირთული გამოდგა. პირველ ნახევარში მხოლოდ ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა. პირველ შემთხვევაში გავაშელიშვილს შეეძლო გატანა.

მოედნის ცენტრიდან, ლოკოს მე-9 ნომერს ლუკა კიკაბიძემ კარგი პასი მისცა, გავაშელიშვილმა ერთი ფეხბურთელი მოატყუა და დაარტა, თუმცა ბურთი გიორგი გურულს შეეხო და კარს მცირე მანძილით აცდა.

გატანა შეეძლო თორნიკე ძებნიაურსაც, მისი დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში, ლოკომ კარგი მომენტი შექმნა. თეიმურაზ შონიამ მეტოქის საჯარიმოსთან კარგად ითამაშა და საჯარიმოში მარტო მყოფი ჯიქია მოძებნა, რომელმაც კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, ბურთი კვასხვაძის კარს მცირე მანძილით აცდა.

72-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გაბაძის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში თავური დარტყმით ლუკა კიკაბიძემ გახსნა. 23 წლის ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, ლოკომ და ტორპედომ მომენტები გაცვალეს. დავით ჯიქიასა და ლევან კუტალიას დარტყმები სახიფათო, თუმცა არაზუსტი აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს ჭაღიაშვილმა სამივე ცვლილება გამოიყენა. გოლის ავტორის ნაცვლად, 79-ე წუთზე, თამაშში ლაშა გვალია ჩაერთო.

89-ე წუთზე, ოთარ კობახიძე თეიმურაზ ღონღაძემ შეცვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მოედანზე ლაშა ოზბეთალაშვილი შევიდა, რომელმაც დავით ჯიქია შეცვალა. ოზბეთელაშვილისთვის, ტორპედოსთან მატჩი, ლოკომოტივის მაისური სადებიუტოა.

12 ტურის შემდეგ, ლოკოს 11 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. ხოლო, “ტორპედო” 17 ქულით მეხუთეა.

ქამბექი ქუთაისში: “ტორპედომ” “რუსთავი” კუტალიას გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები შედგა.

ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” ადგილობრივი “ტორპედო” “რუსთავს” დაუპირისპირდა. მეთერთმეტე წუთზე ბათრაზ ხადარცევმა სტუმრები დააწინაურა. თუმცა, ცოტა ხანში რუსთაველთათვის ცუდი რამ მოხდა: 27-ე წუთზე ტარას ცარიკაევმა მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ამის შემდეგ “ტორპედო” უფრო გააქტიურდა. მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანის გატანა მოახერხა და წონასწორობა აღადგინა. ხოლო, ქუთაისელთა მხრიდან გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე ლევან კუტალიამ შეაგდო. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 2-1 დასრულდა.

ამ მოგების შემდეგ იმერული კლუბი 17 ქულით მეხუთე ადგილზეა. ხოლო, “რუსთავს” 14 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე დაქვეითდა.

 

“ტორპედომ” “სიონი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” ადგილობრივი “ტორპედო” ბოლნისის “სიონს” დაუხვდა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათ მიერ სამი გატანილი გოლით დასრულდა. პირველ შემთხვევაში ალექსანდრე გურეშიძემ ავტოგოლი გაიტანა. ეს მე-16 წუთზე მოხდა. მეორე ნახევარში, 50-ე და 52-ე წუთებზე კუტალიამ და წიქარიძემ გამოიჩინეს თავი. საბოლოოდ, 3-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ტორპედო” 12 ქულით მეხუთე ადგილზეა. “სიონს” კვლავ შვიდი ქულა აქვს და მეშვიდე საფეხურზე იმყოფება.

“საბურთალომ” “ტორპედო” დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში თბილისის “საბურთალომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო.

38-ე წუთზე დავით ხურცილავამ ავტოგოლი გაიტანა და დედაქალაქელები წინ გავიდნენ. ხოლო, მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე ბექა გვარაძემ ელვინ ტერას პასით ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ, ლიდერმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონს ანგარიშით, 2-0 სძლია.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალოს” 18 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ხოლო, “ტორპედო” 9 ქულით მეექვსეა.

&nbsp

ეროვნული ლიგის მეხუთე ტური: პრევიუ

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

ბოლნისის “სიონი” – რუსთავის “რუსთავი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 16:00 საათი

ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხი 2”-ზე რუსთავის “რუსთავს” მიიღებს. წინა ტურში მასპინძლები გორის “დილასთან” დამარცხდნენ. თუმცა, ამ სეზონში მათ უკვე მოახერხეს ერთი მოგებისა და ფრის მიღწევა. შესაბამისად, ოთხი ქულა აქვთ და მეექვსე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება “რუსთავს”, ამ გუნდმა პირველ ტურში “დინამოსთან” სტუმრად მოგების შემდეგ, გოლიც კი ვერ გაიტანა და სამ მატჩში ოთხი გოლი გაუშვა. ერთი მოგებითა და სამი წაგებით, რუსთაველები მერვე საფეხურზე იმყოფებიან.

თბილისის “საბურთალო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 21:00 საათი

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დღეს შედგება თბილისური დერბია. მზიანი დღის დასასრულს, “მიხეილ მესხზე” დედაქალაქელებს მშვენიერი მატჩი ელით – “საბურთალო” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ. პირველი მათგანი შეუჩერებელია, რადგან ოთხივე შეხვედრა მოიგო. რაც შეეხებათ “რკინიგზელებს”, ეროვნულ ლიგაში მათზე მეტად მოგება ახლა არავის სჭირდება – “ლოკო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში ვერცერთხელ ვერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ლოგიკურია, რომ ის ერთი ქულით ათში ბოლოა.

საჩხერის “ჩიხურა” – თბილისის “დინამო”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 16:00 საათი

უკვე ხვალ საჩხერის “ჩიხურა” თბილისის “დინამოს” “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მიიღებს. იმერულ კლუბს “საბურთალოსთან” ერთად ამ სეზონში არცერთი მატჩი არ წაუგია: ორი ფრე, ორი მოგება, რვა ქულა და მესამე ადგილი. მასზე ერთი ქულითა და ადგილით წინ სწორედ “დინამოა”, რომელმაც ბოლო სამი დაპირისპირება ისე მოიგო, რომ ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. შესაბამისად, აქაც საინტერესო და დაძაბულ ჯახს უნდა ველოდოთ.

ფოთის “კოლხეთი” – გორის “დილა”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 18:00 საათი

“კოლხეთის” ამჟამინდელი მეტოქე “დილაა”. მეგრელებმა წინა ტურში პატარა სენსაცია გამოაცხვეს და “სამტრედიას” სტუმრად ანგარიშით, 2-0 მოუგეს. ეს გუნდი ერთ-ერთი ყვლაზე სუსტია ჩემპიონატში და, ვინ იცის, სად გამოადგება აღნიშნული სამი ქულა. ამჟამად, “კოლხეთი” ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზეა. გორელებს რაც შეეხებათ, ბოლოს ისინი “სიონს” დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს. მიუხედავად, ბოლნისლების მიერ გაქვითული ორი გოლისა, მათ მეტი ვეღარაფერი შეძლეს და “დილამაც” სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ის შვიდი ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

ქუთაისის “ტორპედო” – სამტრედიის “სამტრედია”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 21:00 საათი

ეროვნული ლიგის გულშემატკივარი იმერული დერბის მოლოდინშია: “ტორპედო” “სამტრედიის” წინააღმდეგ. სხვათა შორის, ვერც ერთი გუნდი ვერ ბრწყინავს: “ტორპედომ” პირველ ტურში წაგების შემდეგ, ორჯერ კი მოიგო, თუმცა “დინამოსთან” უშანსოდ დამარცხდა. “სამტრედიამ” კი ბოლო სამი დაპირისპირება დათმო და სამი ქულით მეცხრე ადგილზეა. ორივე გუნდს სჭირდება გამარჯვება წინ სვლისა და თავდაჯერებისთვის – ვნახოთ, რა იქნება.

 

ქართული დერბი თბილისის “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტოპრედო” მიიღო.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მალე ეს ანგარიშზეც აისახა. მე-12 წუთზე ოთარ კიტეიშვილი უეტვდა, მან საჯარიმოში მყოფ ბუდუ ზივზივაძეს გააყოლა ბურთი, რომელმაც როინ კვასხვაძეს გაუტანა. პირველივე ტაიმის მესამე დამატებით წუთზე ივანიშვილი ცდილობდა ახლოდან შეგდებას, თუმცა მას წინ გამოსულმა მეკარემ და მცველებმა არ აცადეს ამის გაკეთება. დედაქალაქელთა შემტევმა უკან მდგომ ზივზივაძეს გადასცა ბურთი, რომელმაც ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

საბოლოოდ, დაპირსიპირება ანგარიშით, 2-0 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო” ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. ხოლო, “ტორპედოს” ექვსი ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს.

ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში “რამაზ შენგელიაზე” ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 37-ე წუთზე ლევან კუტლიამ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე თორნიკე კაპანაძემ გრიგოლ დოლიძის პასით შეაგდო. მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა. ჯერ კუტალიამ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ვატო არველაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოოდ, “ტორპედომ” ანგარიშით, 4-0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ იმერლები ექვსი ქულით მესამე ადგილზე არიან. ხოლო, დედაქალაქურ გუნდს ჯერ ქულა არ აუღია და ის მეცხრეზეა.

 

ჩემპიონის სამი ქულა – “ტორპედომ” “რუსთავს” სტუმრად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება. ერთ-ერთ მათგანში რუსთავის “რუსთავმა” “დავით პეტრიაშივლი არენაზე” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო.

ანგარიში მეხუთე წუთზე იმერელთა ნახევარმცველმა, გიორგი კუხიანიძემ გახსნა – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი “რუსთაველთა” მეკარეს, ნუკრი რევიშვილს ბურთი ხელებში მიუვიდა, თუმცა ვერ დაიჭირა, რის შემდეგაც სწორედ ათმა ნომერმა დაამატა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, “ტორპედომ” ანგარიშით, 1-0 მოიგო.

ამჟამად, “რუსთავს” სამი ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ხოლო, ქუთაისლებს ამდენივე აქვთ და მესამეზე იმყოფებიან.

 

“დილამ” მოქმედ ჩემპიონ “ტორპედოს” სტუმრად ფორტისის ულამაზესი გოლით მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მორიგმა გათამაშებამ აიღო სტარტი. სადებიუტო შეხვედრა ქუთაისში, მოქმედ ჩემპიონ “ტორპედოსა” და გორის “დილას” შორის შედგა.

დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მე-14 წუთზე ანგარიშის გახსნა იმერელთა მოთამაშემ, გრიგოლ დოლიძემ მოახერხა. მას საგოლე გადაცემა ლევან კუტალიამ გაუკეთა. პირველი ნახევრის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე გიორგი ფანცულაიამ დავით რაჟამაშვილის პასით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში, 46-ეზე ფანცულაიამ დუბლი შეასრულა და გორელები წინ გაიყვანა. თუმცა, 54-ეზე უკვე დოლიძის დუბლით ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. 88-ე წუთზე “დილას” ლეგიონერმა, ალვინ ფორტისმა დრიბლინგი, საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. საბოლოოდ, 3-2 სტუმართა სასარგებლოდ.

 

ქუთაისის “ტორპედო” ყაზახეთის “კაირათს” დაუპირისპირდება

ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მოგეხსენებათ, გუნდი თურქეთშია და იქ ცდილობს ჩვეული ცონდიციების დაბრუნებას.

უკვე დღეს იმერლები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. გუნდის მეტქოე ყაზახეთის “კაირათი” იქნება. მატჩი ანტალიაში 18:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ 8 თებერვალს, “ტორპედო” სამშობლოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის ქუთაისში მოემზადება.

ოფიციალურად: წიქარიძე “ტორპედოში” ითამაშებს!

ქუთაისის “ტორპედო” გაძლიერებას განაგრძობს. ამჟამად იმერლებმა გორის “დილას’ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, თენგიზ წიქარიძე დაიმატეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის გვერდი ავრცელებს.

ფეხბურთელმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების სხვა დეტალები უცნობია. იმასაც გეტყვით, რომ 22 წლის ნახევრამცველი “ტორპედოს” ღირსებას 20-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

წიქარიძე 2012-დან 2015-ის ჩათვლით “დილაში” გამოდიოდა. შემდეგ იყო ერთი სეზონი ქობულეთის “შუქურაში” და კვლავ გორული კლუბი. ახალ სეზონში, კი ის შეეცდება, ქუთაისურ გუნდს ტიტულის დაცვასა და ევროტურნირებზე წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

“ტორპედომ” “ოლექსანდრია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქულ შეკრებაზე. ამჟამად იმერლების მეტოქე უკრაინის პრემიერ ლიგის გუნდი, “ოლექსანდრია” იყო.

დაძაბულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი გავიდა. მისი გატანა გრიგოლ დოლიძემ მოახერხა. შესაბამისად, ქართულმა გუნდმა ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ ეს “ტორპედოსთვის” ანტალიაში გამართული მეორე ამხანაგური თამაში იყო. მანამდე მათი მეტოქე ყაზახური “აქტობე” გახლდათ, სადაც კახა ჩხეტიანის შეგირდები ანგარიშით, 0:2 დამარცხდნენ.

იხილეთ გუშნდელი მატჩის მიმოხილვა

 

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი