19 დეკემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ზედიზედ მეორედ ეწვევა მცხეთის საფეხბურთო არენას, სადაც ამჯერად სტუმრის სტატუსით გამართავს ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურის და ამასთან, მიმდინარე წლის უკანასკნელ მატჩსაც, რომელშიც თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მის ინტერნეტ-ტრანსლაციას, ტრადიციულად, ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.
საქართველოს 2-გზის ჩემპიონ „ვიტ ჯორჯიას“ მისი დაარსებიდან დღემდე არასდროს დაუტოვებია უმაღლესი ლიგა, რაც ამ გუნდის ისტორიის ერთ-ერთი საპატიო ნაწილია. თბილისური კლუბი მისი ყველა ქართული ოპონენტისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ტორპედოსთვისაც“, უხერხულ მეტოქედ არის ჩამოყალიბებული, განსაკუთრებით კი ლიდერებისთვის. ამის დასტურია წინა ტურში თბილისის „დინამოსთან“ სტუმრად მოპოვებული სენსაციური, თუმცა დამსახურებული გამარჯვება(1:0), რითაც „ვიტ ჯორჯია“ სატურნირო ცხრილში დაგროვილი 22 ქულით ჩვენს გუნდს გაუთანაბრდა, რომელსაც გასულ ტურში ჩემპიონატის ბოლოადგილოსანთან განცდილი მარცხის დავიწყება მართებს…
ზურაბ ბერიძის გაწვრთნილებთან მიმდინარე ჩემპიონატის პირველი მატჩი ქუთაისში „ტორპედოს“ სამბურთიანი უპირატესობით დასრულდა – 4:1, გოლები: მერაბ გიგაური(პენ), თორნიკე კაპანაძე, გიორგი ფანცულაია, მათე ცინცაძე. თუმცა, სამართლიანობისთვის, უნდა ითქვას, რომ გუნდებს შორის ისეთი სხვაობა არ ყოფილა, როგორიც ეს ტაბლოზე დაფიქსირებულმა ციფრებმა აჩვენეს. აქვე იხილეთ 30 სექტემბერს ჩატარებული მატჩის პროტოკოლი – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=209
გარდა იმისა, რომ დამდეგ პრინციპული ხასიათის შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, ორივე გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა, 2013 წლის დადებითი შედეგით დასრულება. ასე რომ, ვფიქრობთ, უკომპრომისო თამაში უნდა შედგეს.
ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” თბილისის “ვიტ ჯორჯიას” (ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში გამოსვლის პირველი სეზონის პირველ წრეში “მორკინალი-კოდაკოს” სახელს ატარებდა) უმაღლეს ლიგაში 35-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 8-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 19 შეხვედრა მოიგო, “ვიტ ჯორჯიამ” 10, ფრედ კი, 14 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის უპირატესობაზე მეტყველებს 47:35.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 14 მოიგო, 14 ფრედ ითამაშა და 7 წააგო (ბურთები 41:27), ხოლო თასზე 5 მოიგო და 3 წააგო (ბურთები 6:8).
„ვიტ ჯორჯიასთან“ ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისური გუნდის მოგება ისტორიაში 2002 წლით თარიღდება – 3:0, „უმწარესი“ მარცხი კი 2005 წელს ქუთაისში, სათასო გათამაშებაში განვიცადეთ – 0:5.
ბოლოს კი „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ „ტორპედოს“ მეგოლეთა ვინაობებს და თითოეული მათგანის ანგარიშზე არსებულ რაოდენობას გთავაზობთ.
6 გოლი – ზურაბ იონანიძე
4 გოლი – გიორგი მეგრელაძე
3 გოლი – ზვიად ქუთათელაძე, ანდრეი პოროშინი
2 გოლი – მალხაზ ასათიანი, გივი დიდავა, გიორგი ნერგაძე, დავით გამეზარდაშვილი, ზურაბ მუშკუდიანი, გიორგი ბერიაშვილი
1 გოლი – შალვა ხუჯაძე, ირაკლი ვაშაკიძე, სევასტი თოდუა, ვახტანგ ხვადაგიანი, შოთა ბაბუნაშვილი, დავით ბოლქვაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ა. ფოფხაძე, კობა შალამბერიძე, რევაზ გოცირიძე, გიორგი კუხიანიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა საბანაძე, ბექა ტუღუში, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, გიორგი ფანცულაია, მათე ცინცაძე.
FCTorpedo.GE