ინგლისის ეროვნულ საფეხბურთ ნაკრებს ზედიზედ 7 გამარჯვებისგან შემდგარი შესანიშნავი სერია აქვს. აღსანიშნავია, რომ უკანსკნელ 7 შეხვედრაში უეინ რუნის ანგარიშზე ამდენივე გოლია. 29 წლის ფორვარდს ინგლისის ნაკრებში შედეგიანობის ყველა დროის რეკორდამდე, ანუ 49 გოლამდე, რომელიც ბობი ჩარლტონს ეკუთვნის, სულ 3 გოლი აშორებს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა “მანჩესტერის” ფორვარდი ამ ნიშნულ 2015 წლის პირველივე სანაკრებო მატჩებში მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ინგლისელები 27 მარტს, ლიტვის ეროვნულ გუნდთან გამართავენ.
თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპებზე ასეთი შედეგიანობის ფონზე, რუნიმ უკანასკნელი სამი მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო, სადაც 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გატანილი გოლია, რაც გუნდის ლიდერობაზე ამბიციის მქონე ფეხბურთელისთვის შესაფერისი შედეგი ნამდვილად არ არის. აღნიშნულ საკითხზე საკუთარი აზრი ჯეიმი კარაგერმა, ჯეიმი რედნაპმა და გრემ სუნესმა გამოთქვეს.
კარაგერი: “ნათელია, რომ რუნი ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება და შესაძლოა ის ნაკრებში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენიც გახდეს. მაგრამ იქნება ის ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე? ვფიქრობ, კი, მაგრამ მსოფლიო დონის ვარსკვლავი, როგორებიც არიან მესი და რონალდუ ის არ არის.
რუნის საკითხის განხილვის დროს ყველა მსოფლიო ჩემპიონატს იხსენებს. ბევრს ნაკრებში მისი ხილვა არ სურს, მაგრამ ის გუნდის შეუცვლელი წევრია, რომელსაც გოლები გააქვს და ბოლომდე იხარჯება. მაგრამ, ჩვენს გაკვირვებას ის ვეღარ ახერხბეს. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს რუნის თამაში პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ამის გამეორებას ის ალბათ ვეღარ შეძლებს.”
სუნესი: “შოტლანდიის ნაკრებთან ჩატარებულ უკანაკსნელ შეხვედრაში რუნი შესანიშნავი იყო. ინგლისისთვის ის ძალიან დიდი მოთამაშეა, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის თვალსაზრისით, სადაც წამყვან როლებზე მესი და რონალდუ არიან, შედარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.”
რედნაპი: “ის “მანჩესტერ იუნაიტედის” და ეროვნული ნაკრების კაპიტანია – რუნი შეუცვლელია და მას გუნდის მიღმა ვერ დავტოვებთ. ნაკრებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. საკუთარი გოლებით რუნი ამტკიცებს რომ ნაკრებს სჭირდება და გუნდში ყოველთვის ითამაშებს. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ ვინ შეუწყვილდება მას – დენიელ სტარიჯი თუ დანი უელბეკი”