მომდევნო სეზონიდან დავიდ დე ხეა დიდი ალბათობით “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას აღარ დაიცავს. ეს ლუი ვან გაალსაც ესმის, რომელმაც ესპანელი კიპერის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყო. ისევე როგორც, ბრიტანული Daily Mail-ის ჟურნალისტებმა, რომლებმაც იმ მეკარეებზე ისაუბრეს, რომელთაც მომდევნ სეზონში მანჩესტერული კლუბის კარის დაცვა შეუძლიათ.
პეტრ ჩეხი
32 წლის ჩეხმა კიპერმა “ჩელსის” სასტარტოში ადგილი ტიბო კურტუასთან წაგებული კონკურენციის შემდეგ დაკარგა და ლონდონიდან წაასვლის სურვილსაც გამოთქვამს. ნათელია, რომ გამოცდილ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს სათადარიგოთა სკამზე გაჩერება არ უნდა და არც არისტოკრატებს სურთ ძვირადღირებული მოთამაშის სკამზე ყოლა. ჩეხის გადაბირება საკმაოდ ბევრ კლუბს სურს და “მანჩესტერი” ამ გრძელ სიაში ფავორიტი არ იქნება, თუმცა ლუი ვან გაალი ძალიან ჯიუტი კაცია და თუ მოინდომებს ჩეხის “ოლდ ტრაფორდზე” გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.
უგო ლიორისი
საფრანგეთის ნაკრების მეკარის მიმართ “მანჩესტერს” ინტერესი უკვე საკმაო ხანი აქვს. საუბრობენ, რომ ვან გაალმა 28 წლის მეკარისთვის წინადადება უკვე გაამზადა. ცნობილია ისიც, რომ კლუბის გამოცვლაზე თავად ლიორისიც ფიქრობს. მისი მთავარი მოტივაცია კი ჩემპიონთა ლიგაში თამაშია, რაც “ტოტენჰემის” შემადგენლობაში ფაქტობრივად შეუძლებელია.
ამ შემთხვევაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ლონდონურ კლუბთან უგოს ოთხწლიანი კონტრაქტია, რომლის გამოსყიდვაც სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ტიმ კრული
ამბიციური 27 წლის ჰოლანდიელი “მანჩესტერის” წინადადებას სიამოვნებით მიიღებს და კარიერაში მორიგ ნაბიჯს გადადგამს. ტიმს ვან გაალთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. კოსტა რიკასთან პენალტების სერიაში მოგებული შეხვედრა კი პირადად მისი და ვან გაალის ტანდების შესანიშნავი მუშაობის შედეგია. მაგრამ, მიმდინარე სეზონის “ნიუკასლისთვის” ძალიან წარუმატებელია და კრულის თამაშს ხარისხიც მნიშვნელოვნად დაეცა. ამიტომ, მისი ტრანსფერი ცოტა სარისკოდ გამოიყურება.
ვიქტორ ვალდესი
“ბარსელონას” ყოფილი მეკარე დიდი ხნის განმავლობაში დე ხეას დუბლიორი იყო, მაგრამ ინგლისური მედიის ცნობით მას პირველი ნომრის სტატუსის მოპოვების კარგი შანსი აქვს. 33 წლის ვალდესს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადისთვის ბრძოლას ნებისმიერ მეკარე გაუმართავს.
ჯოელ პერეირა
ბირტანული პრესა ჯერ კიდევ ზამთარში იუწყებოდა, რომ 18 წლის პორტუგალიელს შანსი უახლოეს მომავალში მიეცემოდა. პერეირა უკვე რამდენიმე წელია “მანჩესტერის” სისტემაში ირიცხება და ახალგაზრდული გუნდის უცვლელი წევრიც არის. მომდევნო სეზონს პერეირა 21 წლამდელთა გუნდში დაიწყებს, თუმცა მას ძირითად შემადგენლობასაც შეაჩვევენ, რადგან კლუბში პორტუგალიელზე დიდ იმედებს ამყარებენ.