ოფიციალურად: “იუვენტუსმა” რომულო ინათხოვრა

“ვერონას” ნახევარმცველი რომულო იჯარის წესით ტურინის “იუვენტუსში” ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულება მთელი სეზონის პერიოდზე ვრცელდება.

შეთანხმების მიხედვით, თუ 27 წლის ფეხბურთელი “იუვეს” ფორმით მატჩების საერთო რაოდენობის მინიმუმ 60 პროცენტს ჩაატარებს, “ბებერ სინიორას” მისი სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. ამ შემთხვევაში, ტურინელები იჯარისთვის გათვალისწინებულ ერთ მილიონს კიდევ 6 მილიონ ევროს დაამატებენ.

იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში რომულომ 32 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ოფიციალურად: „რომამ“ იტურბე დაიმატა

„რომამ“ „ვერონას“ თავდამსხმელი ხუან იტურბე დაიმატა. დედაქალაქურმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გაიღო. გარდა ამისა, „ვერონამ“ ბონუსის სახით შესაძლოა კიდევ 2,5 მილიონი ევრო მიიღოს. ამისთვის 21 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა რომაულ კლუბში გარკვეულ შედეგებს უნდა მიაღწიოს.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2019 წლამდე გაფორმდა.

სხვათა შორის, იტურბეს დამატება ტურინის „იუვენტუსსაც“ სურდა, თუმცა მხარეები ფეხბურთელის კონტრაქტზე ვერ მორიგდნენ, ანტონიო კონტეს კლუბიდან წასვლამ კი შესაძლო ტრანსფერს ჯვარი დაუსვა.

ხუან იტურბემ სერია А-ს გასულ გათამაშებაში 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ „ვერონაში“ გადავიდა ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია.

 

ჟორჟინიო “ნაპოლის” ღირსებას დაიცავს

“ჰელას ვერონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, ჟორჟე ლუის ფრელო ფრილიო, იგივე ჟორჟინიო ამიერიდან “ნაპოლის” ღირსებას დაიცავს.

ნეაპოლურ კლუბსა და 22 წლის ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2018 წლამდე გაფორმდა.

“ძალიან მიხარია, რომ “ნაპოლის” მაისური მოვირგე. ნეაპოლელებს მართლაც დიდებული გუნდი ჰყავთ. ძალიან მინდა, რომ დებიუტი მალე მქონდეს”, – ამბობს ჟორჟინიო.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო ბრაზილიაში დაბადებული იტალიელი გახლავთ.

„იუვენტუსმა“ პირლოს საქციელის შემდეგ გუნდში ახალი წესი შემოიღო

მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „ვერონას“ შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას „ხნიერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ნახევარმცველი ანდრეა პირლო შეცვალა. 34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა არ ისურვა და მოედნიდან პირდაპირ გასახდელში ჩავიდა. პირლოს ამ ქმედების შემდეგ, გუნდში ახალი წესი დამკვიდრდა.

„პირლოს საქციელის განხილვას საჭიროდ არ ვთვლი. აქამდე ასეთი პრეცენდენტი არ გვქონია. ამიერიდან ახალი წესი გვაქვს, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეულ მოთამაშეზე გავრცელდება: მატჩის დროს შეცვლილ ფეხბურთელს პირდაპირ გასახდელში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის ფეხს მოიტეხს, ანდაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ყველა სხვა შემთხვევაში, შეცვლილი მოთამაშე მატჩის საფინალო სასტვენამდე სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს“, – განაცხადა კონტემ.

აღნიშნული წესის დარღვევა ფულად ჯარიმასა და ერთი თვის განმავლობაში უთამაშებლობას ითვალისწინებს.

ბექა დოგრაშვილი