უელსის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

ლილის “პიერ მორუაზე” უელსისა და ბელგიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა შედგა. მატჩი ბელგიელებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა ერთ ეპიზოდში გოლის გატანის სამი შესაძლებლობიდან ვერცერთი ვერ გამოიყენეს. მე-13 წუთზე მარკ ვილმოტსის გუნდმა ანგარიში მაინც გახსნა: რაჯა ნაინგოლანის უძლიერეს გასროლას მეკარე უეინ ჰენესიმ ვერაფერი მოუხერხა. გატანილი გოლის შემდეგ ბელგიელებმა უპირატესობა დათმეს, უელსელები გააქტიურდნენ და ტაიმის შუაწელს ნილ ტეილორს წონასწორობის აღდგენის მშვენიერი შანსი მიეცა, თუმცა ტიბო კურტუამ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და გუნდი იხსნა. შეხვედრის 31-ე წუთზე ბრიტანელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს: გოლი კუთხურს მოყვა, საჯარიმო მოედანზე ეშლი უილიამსი უყურადღებოდ დატოვეს და უელსელთა კაპიტანმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1. მატჩის პირველი ნახევარი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე ბელგიელები კვლავ გააქტიურდნენ, თუმცა 55-ე წუთზე უელსელები დაწინაურდნენ: გარეტ ბეილმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი აარონ რემზის ჩაუგდო, ამ უკანასკნელმა კი ჰელ რობსონ-კანუ მოძებნა, უელსელმა ფორვარდმა ბურთი კარისგან ზურგით მდგარმა მიიღო, თუმცა ერთი მოძრაობით შემოტრიალდა, მცველები ჩამოიტოვა და ახლო მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა – 2:1. ანგარიშის გათანაბრების ყველაზე კარგი შანსი მარუან ფელაინის ჰქონდა, თუმცა მისი თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა უელსელთა კარს. ტაიმის მიწურულს კრის კოულმენმა რობსონ-კანუს ნაცვლად მოედანზე სემ ვოუქსი გაიყვანა და 86-ე წუთზე ამ უკანასკნელმა თავური დარტყმით ბრიტანელთა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. ამრიგად, კოულმენის გუნდმა ბელგია ანგარიშით 3:1 დაამარცხა. უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს და პირველივე ჯერზე გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ პორტუგალია ელის.

ევრო-2016
მეოთხედფინალი
უელსი — ბელგია 3:1 (1:1)

უელსი: ჰენესი; განტერი, ჩესტერი, უილიამსი, დევისი, ტეილორი; ალენი, ლედლი (კინგი 78′); რემზი (კოლინსი 90′), ბეილი; რობსონ-კანუ (ვოუქსი 80′).
მთავარი მწვრთნელი: კრის კოულმენი.

ბელგია: კურტუა; მენიე, ალდერვეირელდი, დენაიე, ჯორდან ლუკაკუ (მერტენსი 75′); ნაინგოლანი, ვიტსელი; კარასკო (ფელაინი 46′), დე ბრეინე, აზარი; რომელუ ლუკაკუ (ბატშუაი 83′).
მთავარი მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.

გოლები: უილიამსი 31′, რობსონ-კანუ 55′, ვოუქსი 86′ — ნაინგოლანი 13′.
გაფრთხილებები: დევისი 5′, ჩესტერი 16′, განტერი 24′, რემზი 75′ — ფელაინი 58′, ალდერვეირელდი 85′.
მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

უელსი 1:0 ჩრდილოეთ ირლანდია — ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში უელსის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უელსელთა ლიდერი გარეტ ბეილი დასახელდა. მან შეხვედრა სრულად ჩაამთავრა.

ევრო-2016: უელსელთა განაცხადი

უელსის ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა განაცხადი გამოაქვეყნა.

მეკარეები: უეინ ჰენესი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), დენი უორდი (“ლივერპული”, ინგლისი), ოუეინ უილიამსი (“ინვერნესი”, შოტლანდია);

მცველები: ეშლი უილიამსი (“სუონსი”, ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), ბენ დეივისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ჯეიმს კოლინსი (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), კრის განტერი (“რედინგი”, ინგლისი), ნილ ტეილორი (“სუონსი”, ინგლისი), ეშლი რიჩარდსი (“ფულემი”, ინგლისი);

ნახევარმცველები: ჯო ლედლი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ჯო ალენი (“ლივერპული”, ინგლისი), დევიდ ვოგანი (“ბოტინგემ ფორესტი”, ინგლისი),ჰონათან უილიამსი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), დევიდ ედვარდსი (“ვულვერჰემპტონი”, ინგლისი), ჯორჯ უილიამსი (“ფულემი”, ინგლისი), აარონ რემსი (“არსენალი”, ინგლისი), ენდი კინგი (“ლესტერი”, ინგლისი);

თავდამსხმელები: დევიდ კოტერილი (“ბირმინგემი”, ინგლისი), ჰელ რობსონ-კანუ (“რედინგი”, ინგლისი), საიმონ ჩერჩი (“მკ დონსი”, ინგლისი), სემ ვოუკსი (“ბარნლი”, ინგლისი), გარეტ ბეილი (“რეალი”, ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ უელსელები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელების, რუსებისა და სლოვაკების წინააღმდეგ ითამაშებენ.

რემსი: “ასეთი წილისყრის შემდეგ ყველაფერი რეალურია”

უელსის ნაკრების ნახევარმცველმა აარონ რემსიმ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა.

“ასეთი წილისყრის შემდეგ ყველაფერი რეალურია. მოუთმენლად ველოდები ინგლისის ნაკრებთან შეხვედრას”, – დაწერა სოციალურ ქსელში რემსიმ.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები B ჯგუფში ინგლისის, რუსეთისა და სლოვაკეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად მოხვდა.

 

ბეილს ევროპის ჩემპიონატზე მეტოქედ ინგლისის ნაკრების სურს

უელსის ნაკრების ლიდერ გარეტ ბეილს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად მოხვედრა სურს. მისი თქმით, უელსელს ინგლისელების დამარცხება შეუძლიათ.

“მოხარულები ვიქნებით, თუ წილისყრა მეტოქედ ინგლისის ნაკრებს გვარგუნებს. რატომაც არა? ვფიქრობ, რომ ინგლისის ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. მთელი წნეხი მეტოქეზე იქნება. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ჩვენ მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ. ჩვენზე არანაირი წნეხი არ იქნება. ტურნირზე სიამოვნების მისაღებად და კიდევ იმისთვის ვითამაშებეთ, რომ ქვეყანამ ჩვენით იამაყოს. ეს არის ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვეცდებით და რისი თხოვნაც შეუძლიათ ჩვენს ფანებს”, – ბეილის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის წილისყრა პარიზში, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

ბეილი: “ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მარცხია”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ქვეჯგუფში მოასპარეზე უელსის ნაკრებმა, ბოსნია/ჰერცეგოვინასთან ანგარიშით 0:2 დამარცხების მიუხედავად, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ამრიგად, უელსელები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ.

ამ ისტორიული ფაქტის შესახებ უელსის ნაკრების ლიდერმა გარეტ ბეილმა ისაუბრა.

“ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მარცხია! რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ჩვენსას მივაღწიეთ და ახლა თითოეული ჩვენგანი ბედნიერია.

ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშზე ვოცნებობდი ბავშვობიდან. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით არ დავკმაყოფილდებით, ჩვენ საფრანგეთში ვიბრძოლებთ.

ახლა შეგვიძლია, შვებით ამოვისუნთქოთ და ამ მომენტით დავტკბეთ. ვნახოთ, როგორ გამოგვივა კონტინენტის საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირება”, – ბეილის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

 

უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ქვეჯგუფში მოასპარეზე ბელგიისა და უელსის ნაკრებებმა ფინალური ტურნირის საგზური გაინაღდეს.

ბელგიელებმა ანდორის ნაკრები ანგარიშით 4:1 გაანადგურეს. უელსის ნაკრები ბოსნია/ჰერცეგოვინასთან დამარცხდა 0:2, თუმცა ქვეჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა, ვინაიდან ამავე ტურში კვიპროსელებმა ებრაელები 2:1 დაამარცხეს.

უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე პირველად ითამაშებს.

 

ბეილი წლის საუკეთესო უელსელ ფეხბურთელად დაასახელეს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი გარეტ ბეილი წლის საუკეთესო უელსელ ფეხბურელად დაასახელეს. ეს ჯილდო ბეილმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო, რაც უელსელი მოთამაშეებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

Bale

უელსის ნაკრების თავკაცი: “საქართველოსა და მოლდოვაში თამაში ყოველთვის რთულია”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები უელსთან, ავსტრიასთან, სერბეთთან, ირლანდიასთან და მოლდოვასთან ერთად მოხვდა.

წილისყრის შედეგები უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა შეაჯამა.

“კარგი ჯგუფია. ვუყურებთ სხვა ჯგუფებსაც და ვხვდებით, რომ შეიძლება მოვხვედრილიყავით როგორც გაცილებით იოლ, ასევე რთულ ჯგუფში.

კარგი მატჩების მოლოდინში ვართ, მთელი ერი მოუთმენლად ელის ამ შეხვედრებს.

საქართველოსა და მოლდოვაში თამაში ყოველთვის რთულია. რა თქმა უნდა, ვიცით, რას წარმოადგენს ირლანდიის ნაკრებიც. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სერბეთთან ერთად ვიყავით და ორივე შეხვედრაში სასტიკად დავმარცხდით. ასე რომ, ჩვენს ჯგუფში კარგი გუნდები მოხვდნენ.

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრები მნიშვნელოვნად განვითარდა და ახლა ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია ბრძოლა. მე არ ვამბობ, რომ იოლი მატჩები გველის, რადგან ჩვენთან ერთად კარგი გუნდები მოხვდნენ”, – კოულმენის სიტყვები “ბიბისი”-მ გამოაქვეყნა.

2018 წლის მუნდიალის ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები 2016 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება. ქვეჯგუფის კალენდარი დღეს, კვირას დადგინდება.

 

უელსის წლის ფეხბურთელად ბეილი დაასახელეს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი გარეტ ბეილი მეოთხედ გახდა უელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

ბეილი უელსური ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელიც წლის ფეხბურთელი სამზე მეტჯერ გახდა.

“ფანტასტური წელი იყო. “რეალში” ტიტულების მოსაგებად გადავედი. ამ წარმატებების მიღწევაში იღბალიც დამეხმარა”, – აღნიშნა ბეილმა.

Bale

 

13 წლის წინათ გაკეთებული ფსონით მოგებული 125 ათასი ფუნტი

პიტ ედვარდსი უელსის ნაკრების ნახევარმცველ ჰარი უილსონის ბაბუაა, რომელმაც 13 წლის წინათ გაკეთებული ფსონით გუშინწინ 125 000 ფუნტი მოიგო. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2000 წელს, როცა უილსონი მხოლოდ 2 წლის იყო, ედვარდსი ფსონს ჩამოვიდა, ჩემი შვილიშვილი ერთ დღესაც უელსის ეროვნული ნაკრების ფორმას მოირგებსო და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორებმა ფსონი 2 500 კოეფიციენტით შეაფასეს, ედვარდსი 50 ფუნტს ჩამოვიდა და გვარიან ხეირსაც გამოჰკრა ხელი.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ მატჩში, რომელიც უელსის ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა (1:1), უილსონი მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა და ბაბუას ფსონი მოაგებინა. ყველაფერთან ერთად, უილსონმა ნაკრებში ყველაზე ადრეული დებიუტით გარეტ ბეილის რეკორდიც დაამხო – 16 წელი და 207 დღე (ბეილი სანაკრებო დებიუტისას 16 წლისა და 315 დღის გახლდათ , – ავტ.).

ცნობისთვის, ჰარი უილსონი „ლივერპულის“ აკადემიაში ირიცხება.

ბექა დოგრაშვილი

„დღე არ გავიდოდა, რომ ბეილს ბურთი ჩემს ბაღში არ გადმოეგდო”

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ მადრიდის „რეალში“ გარეტ ბეილის ტრანსფერის განხორციელებამ ახალი რეკორდი მოხსნა. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტრანსფერამდე ყველაზე ძვირადღირებულ გადაბარგებად კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ითვლებოდა.

ბეილის „რეალში“ გადასვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ბევრი აალაპარაკა, მათ შორის 82 წლის ქვრივი კაცი ბილ ტაუტი. ეს უცნობი ადამიანი გარეტ ბეილის კარის მეზობელია, რომლის თქმითაც, ბავშვობაში ბეილი ფეხბურთს ხშირად თამაშობდა და დღე არ გავიდოდა, ბურთი მოხუცი კაცის ბაღში არ გადავარდნილიყო. ბილ ტაუტი ახლა იმითი იწონებს თავს, რომ, გაბრაზების მიუხედავად, მის ბაღში გადავარდნილ ბურთს ბეილს ყოველთვის უკან უბრუნებდა.

„დღე არ გავიდოდა, რომ ბეილს ჩემს სახლთან ფეხბურთი არ ეთამაშა და ბურთი ჩემს ბაღში არ გადმოეგდო. ერთ ღამეს ბურთი 14-ჯერ გადმოუვარდა, თუმცა 14-ჯერვე უკან დავუბრუნე და მისთვის თამაში არ შემიწყვეტინებია“.

წარსულში მხატვარმა და დეკორატორმა, ბილმა ის ორ მეტრამდე ღობე გვაჩვენა, რომელიც მას ბეილის ოჯახისაგან ჰყოფს და თქვა: „ეს ყველაფერი აქ დაიწყო…“

„მაგრამ მილიონი წელი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბეილი ამ წარმატებას მიაღწევდა და 85 მილიონ ფუნტად გაიყიდებოდა. ის ბავშვობაში როგორც კი სკოლიდან დაბრუნდებოდა, ეზოში მაშინვე ბურთით გამოდიოდა და დაღამებამდე თამაშობდა, მათ შორის ზამთარშიც, როცა ძალიან ყინავდა. მაშინ, როცა ბურთი ჩემს ბაღში აღმოჩნდებოდა, მე ადგილზე ფლეშივით (კომიქსის სუპერგმირი – ავტ.) ვჩნდებოდი, რათა მისთვის განაჩენი გამომეტანა. ბეილი ბავშვობაშიც ძალიან სწრაფი იყო, რადგან ბურთის გადმოვარდნის შემდეგ ის სახლში უმალ შევარდებოდა, მე რომ არ დამენახა“.

„17 წლის ასაკში, როდესაც ის „საუთჰემპტონში“ ჩარიცხვასთან ახლოს იყო, ეზოში, როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ბურთის ჰაერში გაჩერებას ცდილობდა“, – ამბობს ტაუტი.

შეგახსენებთ, რომ უელსელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად კვირას, ღამე განხორციელდა, მას შემდეგ, რაც ბეილი კვირაში 300 ათას ფუნტსა და 6-წლიან ხელშეკრულებას დათანხმდა.

ბილ ტაუტის მოპირდაპირე მხარეს გარეტ ბეილის მშობლები – ფრენკი და დები – კვლავაც ცხოვრობენ – უითჩარჩში, კარდიფში.

ბილ ტაუტის თქმით, ბეილი ჯერ კიდევ ოთხი წლისა იყო, როცა ბურთს ჰაერში კარგად ფლობდა.

„მახსოვს, ერთხელ ბურთზე კონტროლი დაკარგა, ღობეს გადაცილა და ღია კარში შემოაგდო. ბურთი, საბედნიეროდ, არა – მე, არამედ სკამს მოხვდა, რომელზეც ვიჯექი“.

„ბეილის გამო ბევრჯერ გავღიზიანებულვარ, მაგრამ მის მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს დამიკარგავს. მერე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ პატარა, ცელქი ბიჭი იყო“.

ბილი მთელი ცხოვრებაა ამ სახლში ცხოვრობს, ხოლო ბეილის ოჯახი – 30 წელია.

„გარეტის მშობლები სასიამოვნო ხალხია. ისინი თავიანთი შვილით ამაყობენ. უნდა გამოგიტყდეთ და გითხრათ, რომ არ მეგონა ბეილი ამხელა წარმატენას თუ მიაღწევდა. ვფიქრობდი, რომ მისთვის „ნიუპორტ ქანთრის“ მსგავს გუნდში მოხვედრაც კი საკმარისი იქნებოდა. როცა ვფიქრობ, რომ ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ აქვს. ახლა მიხარია, რომ ჩემს ბაღში გადმოგდებულ ბურთს ყოველთვის უკან ვუბრუნებდი და მისი განვითარებისთვის ხელი არ შემიშლია“.

„ბეილი ყოველთვის მორცხვი ბიჭი იყო, მაგრამ – საყვარელი, მშვენიერი ოჯახიდან. ის რაც ფრენკმა და დებიმ მისთვის გააკეთეს, მსხვერპლშეწირვის ტოლფასი იყო. ყველა, ვინც აქ ცხოვრობს, ბეილის წარმატებით ამაყობს და მადრიდის „რეალში“ მის პირველ თამაშს მოუთმენლად ელოდება“, – დასძინა ბილ ტაუტმა.

გიორგი დოგრაშვილი