ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: “ეს ფიფას ყველაზე დიდი სირცხვილია”

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევა ფიფას დიდი სირცხვილი იყო. არჩევნები ზუსტად ხუთი წლის წინათ, 2010 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა. დღესდღეობით შვეიცარიის პროკურატურა იძიებს, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობდა 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნების პროცესი, რომელიც ერთ დღეს ჩატარდა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს ფიფას ისტორიაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო და ამ განცდით უნდა ვიცხოვროთ მინიმუმ კიდევ შვიდი წელი. თუ შვეიცარიის პროკურატურა არჩევნების პროცესში დარღვევებს აღმოაჩენს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ შვეიცარიული მხარის და FBI-ს ერთობლივი გამოძიებით უკანონო ფინანსური ოპერაციები გამოვლინდება, ხალხი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას მოითხოვს.

თუ გავიხსენებთ წინა პერიოდს, შევნიშნავთ, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ 2022 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება ყატარისთვის მიეცათ. აქედან გამომდინარე, არსებობს ეჭვი, რომ იმ პერიოდში ყველაფერი სუფთად არ ჩატარებულა. ყველამ ვიცით, რომ ფიფას ინსპექცია ზაფხულში გაუსაძლისი სიცხის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ახლა იძულებულნი არიან, რომ ტურნირი ზამთარში გდაიტანონ. გარდა ამისა, მაშინდელი აღმასრულებელი კომიტეტის ბევრ წევრს ან შეუჩერდა საქმიანობა ან მათზე გამოძიება მიმდინარეობს”, – ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.

 

2022 წლის მუნდიალი ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, რომელიც ყატარში ჩატარდება, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. ამ ინფორმაციას გამოცემა Sports Illustrated-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მომავალ კვირაში ფიფა ყატარს მუნდიალის შემოდგომა-ზამთრის კვეთაზე ჩატარების რეკომენდაციას მისცემს, უკვე მარტის თვეში კი ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.

ამრიგად, მუნდიალის გამო ევროპულ ჩემპიონატებში პაუზა გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ოპტიმალურ პერიოდად სწორედ ნოემბერ-დეკემბერი დაასახელა.

 

ბლატერი: „ნოემბერ-დეკემბერი 2022 წლის მუნდიალისთვის ჩინებული დროა“

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, ზამთარში ჩატარდეს.

„2022 წლის მუნდიალის ზაფხულში ჩატარება არ შეგვიძლია, ამიტომაც სიტუაციისგან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

ტურნირის ჩატარების საბოლოო თარიღს წლის ბოლომდე გაცნობებთ. ვფიქრობ, 2022 წლის ნოემბერი და დაკემბერი საუკეთესო დრო იქნება.

საერთაშორისო კალენდარზე მუშაობას ვაგრძელებთ. ეს არც ისე ადვილია, თუმცა პლანეტის პირველობა მნიშვნელოვანი ტურნირია“, – განაცხადა ბლატერმა.

ევროპარლამენტარები ფიფას: „თქვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარება არ არის“

ევროპარლამენტის დეპუტატებმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართეს, რათა ფიფამ მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს ყატარის მთავრობას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო. პარლამენტართა თქმით, მუშათა მაღალმა სიკვდილიანობამ შეიძლება ამ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მოსამზადებელი პერიოდი მთლიანად ჩაშალოს.

დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ სამუშაო საათების ხანგრძლივობისა და მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. პარლამენტარები აცხადებენ, რომ ყატარელმა დამსაქმებლებმა მიგრანტ მუშებს პასპორტები ჩამოართვეს, დასაქმებულები რამდენიმე თვეა უხელფასოდ მუშაობენ და მათ გადავსებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას აიძულებენ.

„აუცილებელია, ფიფას შევახსენოთ, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარებით არ შემოიფარგლება. ფიფას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ყატარს მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს, რათა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში მონური შრომა არ დავუშვათ“, – აღნიშნულია დეპუტატთა განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ტენდერებში გამარჯვებულ ევროპულ კომპანიებსაც მოუწოდებენ, რომ ყატარში სპორტული ნაგებობების მშენებლობის პროცესი შრომითი სტანდარტების შესაბამისად მოხდეს.

ევროპარლამენტართა მიმართვას ფიფა უკვე გამოეხმაურა საგანგებო განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო მიესალმება რეზოლუციას და პოლიტიკური ლიდერებისგან ამ საკითხის გადასაჭრელად მხარდაჭერას ითხოვს.

ბექა დოგრაშვილი

გაიმართება ყატარის მუნდიალი ზამთარში?

როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს საუბრები 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვაზე. ევროპულ კლუბთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა უმბერტო განდინიმ განაცხადა, რომ ტურნირის ზაფხულიდან ზამთარში გადატანა თითქმის გარდაუვალია. გარდა მსოფლიოს ჩემპიონატისა, საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებაც, რომ 2021 წლის კონფედერაციის თასიც ზამთრის პერიოდში შედგება. ამრიგად, ევროპული ჩემპიონატების ხელმძღვანელებს სამი სეზონის განმავლობაში ტურნირების კალენდრის კორექტირება მოუწევთ: 2020/2021, 2021/22 და 2022/23.

2021 წლის კონფედერაციის თასისა და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ვადები 3 და 4 ოქტომბერს გასამართ ფიფას სხდომაზე გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვაზე საუბრები ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გამოცხადებისთანავე დაიწყო. ტურნირის ვადების შეცვლის მთავარ მიზეზად ყატარის მაღალი ტემპერატურა სახელდება. ცნობისთვის, ზაფხულში ყატარში საშუალო ტემპერატურა ცელსიუსის შკალით 40-50 გრადუსს აღწევს, რის გამოც ამ დროს იქ ფეხბურთის თამაში ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ტურნირის ზამთარში ჩატარებას ემხრობა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელსაც ფიფას ხელმძღვანელი ზეპ ბლატერიც შეუერთდა.

ბექა დოგრაშვილი