პირველი წრე ზუგდიდში გასამართი მატჩით დასრულდება

კვირას, 7 დეკემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნით მატჩს გამართავს. ზუგდიდის “ბაიას” ბაზაზე გასამართ ეროვნული პირველობის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში იმერლები საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს” ესტუმრებიან.

ეროვნულ ასპარეზზე მარგველთა და ზუგდიდელთა “გაცნობა” 2005 წლის 23 აგვისტოს მოხდა – ეროვნული თასის გათამაშების პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, მასპინძლებმა ანგარიშით 3-0 მოუგეს საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს”. საპასუხო შეხვედრა იმავე წლის 13 სექტემბერს სენაკში გაიმართა და იმერლებმა კიდევ უფრო დიდი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე – 4-0. “ზუგდიდური ბარიერის” გადალახვა ზესტაფონელებს მათთვის ყველაზე დიდი წარმატების მომტან 2007-2008 წლის სათასო გათამაშებაშიც მოუხდათ – 2007 წლის 2 ოქტომბერს გამართულ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელებმა მეტოქე 6-3 დაამარცხეს, ხოლო 5 ნოემბერს ზუგდიდს მეორე გუნდით ესტუმრნენ და მატჩი 0-2 დათმეს.

ეროვნულ ჩემპიონატში გამართული პირველი ზესტაფონურ-ზუგდიდური დაპირისპირება 2007 წლის 25 აგვისტოს იმერეთში გაიმართა – მატჩის მიწურულს ზურაბ იონანიძის მიერ შესრულებული “დუბლით” მასპინძლებმა 2-0 იმარჯვეს, ხოლო გულია თუთბერიძის სახელობის სტადინზე გამართული XIX ჩემპიონატის საპასუხო შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.

XX და XXI ეროვნულ ჩემპიონატებში გამართულ შეხვედრებში მხოლოდ ზესტაფონელები იმარჯვებდნენ – 2008-2009 წლის საფეხბურთო სეზონში იმერლებმა ზუგდიდის “მგლები” ორჯერ შინ (1-0 და 3-1) და ერთხელაც სტუმრად (1-0) დაამარცხეს, ხოლო მომდევნო წელს უკვე “ბაიასთან” მატჩებში ზედიზედ 4 გამარჯვებას მოუყარეს თავი – ორჯერ შინ (2-1 და 4-0) და ამდენჯერვე სტუმრად (1-0 და 1-0).

XXII ეროვნულ ჩემპიონატში გამართული პირველივე ზუგდიდურ-ზესტაფონური დუელი აღსანიშნავია იმით, რომ სამეგრელოს წარმომადგენელმა (კერძოდ, “ბაიამ”) პირველად და დღემდე უკანასკნელად მოახერხა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ძლევა, ის მატჩი 2-1 დასრულდა. ამის შემდეგ, პირველი საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მომართულმა იმერლებმა ზედიზედ 3 მარცხი აგემეს ოპონენტს – ორჯერ შინ (6-1 და 3-0) და ერთხელ სტუმრად (3-1).

უდავო იყო “ზესტაფონის” უპირატესობა მეორე საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისას – მარგველებმა მოიგეს ზესტაფონში შემდგარი ორივე შეხვედრა (1-0 და 4-1), ხოლო ზუგდიდში გამართული ორი მატჩიდან ერთი მოიგეს ანგარიშით 2-1, ხოლო მეორე დასრულდა ფრედ ანგარიშით 1-1.

XXIV ეროვნულ ჩემპიონატშიც მეტოქეებმა ოთხი მატჩი გამართეს – 2012 წლის 20 ოქტომბერს “დავით აბაშიძეზე” გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს (1-0), ხოლო 19 დეკემბერს განმუხურში ზუგდიდელებს უფრო დამაჯერებლად (3-0) სძლიეს, 2013 წლის 6 აპრილს განმუხურში დაფიქსირდა ფრე (0-0), ხოლო ზესტაფონში 12 მაისს გამართულ შეხვედრაში გამარჯვება (2-0) იმერლებმა იზეიმეს.

განვლილი სეზონის პირველი წრის მატჩი გასული წლის 6 ოქტომბერს განმუხურში გაიმართა და ზესტაფონელთა გამარჯვებით (3-0) დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ლევან შარიქაძემ და საბა ლომიამ (ორჯერ) გამოიჩინეს. მიმდინარე წლის 26 თებერვალს XXIV ეროვნულ ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა – ნიკა საბანაძის “ჰეთ-თრიკის” წყალობით იმერლებმა ისევ დიდი ანგარიშით 3-0 გაიმარჯვეს.

სულ, საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” და ზუგდიდელებმა ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში 23 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 19-ჯერ გაიმარჯვეს იმერლებმა, 3 დასრულდა ფრედ, 1 კი მოიგეს სამეგრელოს წარმომადგენლებმა. არაა გასაკვირი არც გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსში მარგველთა დიდი უპირატესობა – 48-9.

ზესტაფონელთა რიგებში ზუგდიდელთა კარი ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს დაულაშქრავს, რომლის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. სამეგრელოს წარმომადგენელთა კარში გატანილი 5 გოლის ავტორი გახლავთ თორნიკე გოგრგიაშვილი, ხოლო ზურაბ იონანიძეს, შოთა გრიგალაშვილსა და ჯაბა დვალს ოპონენტი 4-4-ჯერ დაუმწუხრებიათ.

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდთან” კვირას გასამართი შეხვედრა, რომელსაც ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა მოემსახურება, ქალაქ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ბაიას” ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

FCZestafoni.GE

პირველი წრის დასკვნითი მატჩისთვის მზადება

ორდღიანი დასვენების შემდეგ, დღეს იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას მარგველები 7 დეკემბერს გამართავენ – ქალაქ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ბაიას” ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩვენი გუნდი ადგილობრივ “ზუგდიდს” დაუპირისპირდება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონის ბაზაზე დღეს გამართული ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს …

DSC04133

DSC04140

DSC04146

DSC04155

DSC04170

DSC04181

DSC04204

DSC04274

DSC04330

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დუბლიორთა ფრე უხვგოლიან შეხვედრაში

2014 წლის 1 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ყანჩაველი, რობაქიძე, მოსიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გოგავა, მაკარიძე, ბუბულაშვილი, გოცაძე, ჩუბინიძე (ჩიტორელიძე, 71), კანდელაკი (გეწაძე, 88), მიქელთაძე.

“ზესტაფონის” და ბათუმის “დინამოს” მეორე გუნდების დღევანდელი დაპირისპირება საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, თანაც უხვგოლიანიც გამოდგა. სათამაშო და ანგარიშში უპირატესობა ხან ერთ, ხანაც მეორე მხარეს გადადიოდა და საბოლოოდ საქმე კანონზომიერი ფრით დასრულდა.

ანგარიში 10-ე წუთზე გაიხსნა – ზესტაფონელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდება დემურ კანდელაკმა გააკეთა, გზად ბურთი აჭარელთა მცველ გიორგი შაფათავას შეეხო და კარის ბადეში შეგორდა. 29-ე წუთზე, იმერელთა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, დინამოელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – საგოლე შეხება ვალერიან თევდორაძის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმის დებიუტში წინ უკვე სტუმრები გავიდნენ – 53-ე წუთზე მიზანს დიმიტრი პაჭკორიას ულამაზესმა შორეულმა დარტყმამ მიაღწია. მოვლენათა ასეთ განვითარებას მასპინძლებიც არ შეურიგდნენ და ბექა მიქელთაძის მიერ სამწუთიან მონაკვეთში (57-ე და 59-ე წუთები) შესრულებული დუბლის წყალობით ისევ დაწინაურდნენ.
66-ე წუთზე ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა – ამჯერად დუბლი ვალერიან თევდორაძემ შეასრულა. 84-ე წუთზე წინ აჭარელი ფეხბურთელები გავიდნენ – გოლი იური ოლიფერენკოს ანგარიშზეა. მატჩის გადასარჩენად ბრძოლა უკვე ზესტაფონელებს მოუხდათ და მიზანს მათ შეხვედრის ბოლო, 90-ე წუთზე მიაღწიეს – სტუმართა საჯარიმოში ბექა მიქელთაძის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად თავად დაზარალებულმა აქცია. საბრძოლო ფრე – 4-4.

FCZestafoni.GE

ბათუმელთა გამარჯვება ზესტაფონში

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებულ ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლა.

ზესტაფონელთა და ბათუმელთა დღევანდელი მატჩი, რომელიც ძლიერი წვიმის აკომპანემენტით წარიმართა, უხვგოლიანი გამოდგა და დავით აბაშიძიზე შეკრებილი პუბლიკისთვის მოულოდნელი შედეგით – სტუმართა გამარჯვებით 4-2 დასრულდა.

შეხვედრის დებიუტი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, ისინი გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა საკმაოდ კარგი მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს. სტუმართა პირველივე სახიფათო იერიში კი გოლით დასრულდა – 18-ე წუთზე აჭარელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან გიორგი ბერიანიძის გარღვევა იმერელთა საჯარიმოში გაკეთებული გამჭოლი გადაცემითა და თეიმურაზ შონიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

ანგარიში მალევე გათანაბრდა – 25-ე წუთზე “დინამოს” საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა ჯარიმა, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე ავთო ენდელაძემ აიღო. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და გიორგი ილურიძის თავურის შემდეგ ის მიხეილ ალავიძის კარის ბადეში აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე სტუმრებმა კიდევ ორი გატანილი გოლით დაამწუხრეს “ზესტაფონი” – 39-ე წუთზე მასპინძელთა დაცვის ხაზის შეცდომით კარგად ისარგებლა დიმიტრი ტატანაშვილმა, ხოლო 43-ეზე ბოიან პავლოვიჩმა ვერ მოახერხა სტანდარტულის გათამაშების შემდეგ გელა გოგიტიძის მიერ დარტყმულის გამკლავება.

შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე ზესტაფონელები საქმის გამოსწორებას შეეცადნენ და ერთმანეთის მიყოლებით სამი საგოლე მომენტი გააცუდეს – ზედიზედ ორ ეპიზოდში გატანა შეეძლო ჯაბა დვალს, ერთხელაც ბათუმელთა კარი გოლს ავთო ენდელაძის თავურის შემდეგ გადაურჩა.

ამის შემდეგ სტუმრებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვედან ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა სცადეს და ერთი სახიფათო, მაგრამ გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, 66-ე წუთზე გიორგი ბერიანიძემ მეოთხე გოლი გააიტანა და ანგარიში დიდამდე გაიზარდა. მატჩის დასკვნით ნაწილში დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ერთადერთი, რის შეცვლაც ზესტაფონელებმა მოახერხეს, 74-ე წუთზე გიორგი ხიდეშელის მიერ გატანილი გოლი გახლდათ…

FCZestafoni.GE

ბათუმელებთან მატჩის წინ

კვირას, 30 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ბათუმის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” უმასპინძლებენ.

ბათუმელთა და ზესტაფონელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლის 18 სექტემბერს იღებს სათავეს – “ზესტაფონისა” და ბათუმის “დინამოს” პირველ მატჩს ბათუმის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის შეხვედრა სტუმართა განადგურებით 5-0 დასრულდა. საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ დღემდე ეს ერთადერთი შემთხვევა გახლავთ, როდესაც მარგველებმა აჭარლებთან დაპირისპირება დათმეს.

იმერული კლუბისათვის სადებიუტო სეზონის მეორე წრის შეხვედრა 2004 წლის 20 ნოემბერს ზესტაფონში შედგა და მასპინძელთა მცირე რევანშით დასრულდა – 2-1. გამარჯვებულთაგან გოლები გოჩა სულაკაძემ და დავით ჩიღვინაძემ გაიტანეს.

მორიგი მატჩი 2005 წლის 20 მარტს ბათუმში გაიმართა და უგოლოდ 0-0 დასრულდა (სხვათაშორის, სწორედ 0-0 გახლავთ იმერულ-აჭარული დუელების ისტორიაში ყველაზე “პოპულარული” ანგარიში, ასეთი ანგარიშით 5 საჩემპიონატო და ერთიც სათასო შეხვედრა დასრულდა). შემდეგ მატჩს, რომელიც 2005 წლის 18 მაისს შედგა, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ლანჩხუთმა უმასპინძლა – შეხვედრა იმერელთა უპირატესობით წარიმართა და ზაზა ზირაქიშვილის დუბლის წყალობით გამარჯვებაც სწორედ მათ მოიპოვეს – 2-0.

შემდეგი შეხვედრა უკვე საქართველოს XVII ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში შედგა. 2005 წლის 11 ნოემბერს მას ბათუმის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის ფრედ 2-2 დასრულდა (იმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გრიგოლ იმედაძემ და ზურაბ იონანიძემ გამოიჩინეს). მეორე წრის მატჩი 2006 წლის 22 აპრილს ზესტაფონში ჩატარდა და ფრედ 0-0 დასრულდა.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა XVIII ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში 2006 წლის 17 სექტემბერს ბათუმში ჩატარებული მატჩიც, სამაგიეროდ, 2007 წლის 7 აპრილს გამართულ დაპირისპირებაში ზესტაფონელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა – 4-0. შალვა ღონღაძის და გოგი ფიფიას გოლებს ნიკა კვასხვაძემ (2-0; 4-0) დუბლი მოაყოლა.

ზუსტად ასეთი ანგარიშებით დასრულდა ბათუმურ-ზესტაფონური მატჩები მომდევნო სეზონშიც – 2007 წლის 24 ნოემბერს ზესტაფონელებმა აჭარელი სტუმრები 4-0 (გიორგი (პაჭელო) ჭელიძე, ჟონატას ოლივეირა ტორესი, გოგი ფიფია და ზურაბ იონანიძე) დაამარცხეს, ხოლო 2008 წლის 11 მაისს გამართულ მატჩში 0-0 დაფიქსირდა.

კიდევ ერთი უგოლო ფრე, მასპინძელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, იხილა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ 2012 წლის 2 სექტემბერს. ამ გუნდების ბოლო ოფიციალური შეხვედრა კი 2012 წლის 18 ნოემბერს შედგა და ისევ ფრედ 3-3 დასრულდა. იმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ალექს ბენაშვილმა, თორნიკე გორგიაშვილმა და ბერდია შარვაძემ გამოიჩინეს.

სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ეს გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 4-ში იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 1 კი მოიგეს ბათუმელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა 17:11 იმერელთა სასარგებლოდ.

FCZestafoni.GE

“ჩიხურასთან” საპასუხო მატჩისთვის მზადება

26 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური სტადიის განმეორებით შეხვედრას გამართავს – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონელები საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” უმასპინძლებენ.

საჩხერელებთან ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის მზადებას ზესტაფონელები საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გადიან. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებული კახა მეშველიანის არყოფნით გამოწვეულ დანაკლისს და იმას, რომ გიორგი ჭანკოტაძე ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია და მოახლოვებული მატჩისთვის მთელი სერიოზულობით ემზადება.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” სადღეისოდ გამართული აქვს 68 მატჩი, რომელთაგან 40 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 15 დასრულდა ფრედ, 13-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობა – 123-50 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.

ზესტაფონელთა და საჩხერელთა გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში პირველად 2008-2009 წლების გათამაშებაში გადაიკვეთა. 2008 წლის 30 აგვისტოს გამართულ პირველი მერვედფინალურ მატჩში ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. საპასუხო შეხვედრა კი იმავე წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს – 1-0. რაც შეეხება თასის მიმდინარე გათამაშების 17 ნოემბერს გამართულ პირველ მერვედფინალურ შეხვედრას, ის უგოლოდ 0-0 დასრულდა.

“ჩიხურასთან” მორიგი დაპირისპირება, რომელსაც თბილისელი არბიტრი ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ოთხშაბათს გაიმართება და 13:30 საათზე დაიწყება. გეტყვით იმასაც, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტი მატჩის პირდაპირ ონლაინ-რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენ კი “ზესტაფონის” დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC03519

DSC03524

DSC03534

DSC03549

DSC03557

DSC03558

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

”დინამოს” გამარჯვება და ”ტორპედო” – ”ზესტაფონის” უხვგოლიანი ფრე

დასრულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის კიდევ ორი შეხვედრა. თბილისის ”დინამომ” სტურმრად ზუგდიდელების დამარცხება შესძლო და კიდევ ერთი 3 ქულა მოიპოვა. თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

”ზუგდიდი ” თბილისი ”დინამო” 1-2 
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი 70’  0:2 ჩისკო 88’  1:2 ლომაია 90’ 

უხვგოლიანი გამოდგა თამაში ქუთაისში. თამაში გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი მატჩშის მე-6 წუთზე გავიდა. გოლის ავტორი კი ”ზესტაფონელთა” მხრიდან მიშიკო სარდალიშვილი გახდა. ამ გოლის შემდეგ სიტუაცია რამდენიმეჯერ შეცვალა. საბოლოო შედეგი თამაში კი ფრე დაფიქსრდა 3-3.

”ტორპედო” ქუთაისი 3-3
0:1 მიშიკო სარდალიშვილი 6′, 1-1 ოლეგ მამასახლისი 22′,  1:2 გიორგი ილურიძე 26′, 2:2 ოლეგ მამასახლისი 35′, 2:3 ჯაბა დვალი 37′, 3:3 ოთარ კვერნაძე 63′.

ასევე გთავაზობთ მე-13 ტურის სხვა შედეგებსაც.
”გურია” 2-2 ”ჩიხურა”. 
გოლები 0-1  კორიფაძე 16′, 1-1 მეგრელიშვილი 53′,1-2 მეგრელიშვილი 80′, 2-2 ჭელიძე 90′

ცხინვალი 1-0 შუქურა
გოლი : 1-0 შინდაგორიძე 36′

 

დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტური

2014 წლის 21 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ”ტორპედოს” მეორე გუნდს ქუთაისური კლუბის ბაზაზე ესტუმრნენ.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ყანჩაველი, გოგავა, რობაქიძე, ვაჭარაძე, ბარბაქაძე, ჩუბინიძე (შარიქაძე, 90), გოცაძე (გეწაძე, 33), კანდელაკი (ა. დვალი, 90), სამუშია, ბუბულაშვილი, მიქელთაძე.

ქუთაისის “ტორპედოს” დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 34-ე წუთზე მოახერხეს – სტუმართა საჯარიმოს ხაზთან დანიშნული სტანდარტი ბაქარ ლაღაძემ ლამაზად და ზუსტად შეასრულა. ზესტაფონელებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე გაათანაბრეს – მარგველთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ზუსტი ჩაწოდების შემდეგ, მასპინძელთა კარში ბურთი გურამ სამუშიამ გადაგზავნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სათამაშო უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ და ტორპედოელთა კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. ასეთი სცენარით მოედანზე მიმდინარე მოვლენები ვითარდებოდა შეხვედრის 64-ე წუთამდე, როდესაც მატჩის არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მინდორი გურამ სამუშიას დაატოვებინა.

რიცხობრივ უმრავლესობაში აღმოჩენილმა მასპინძლებმა თამაშის სათავისოდ შემოტრიალებას შეეცადნენ და ზემოიმერელთა კართან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ გამოცდას გაუძლეს და საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარგველთა გოლკიპერის გარჯა – ახალგაზრდა პეტრე ყანჩაველმა თავის გუნდი რამდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლს გადაარჩინა.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. შედეგად, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა პირველობის სატურნირო ცხრილში ზესტაფონელთა დუბლიორები სადღეისოდ მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.

FCZestafoni.GE

მორიგი იმერული დერბის წინ სათქმელი

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგი მატჩისთვის ემზადება. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში მორიგი იმერული დერბი გაიმართება – 22 ნოემბერს ქუთაისის ცენტრალური სტადიონი ადგილობრივი “ტორპედოსა” და ”ზესტაფონის” რიგით ოცდამესამე საჩემპიონატო დუელს უმასპინძლებს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის დღემდე გამართულ 22 საჩემპიონატო მატჩში 10-ში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 7 კი მოიგეს ქუთაისელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში კი მინიმალურ უპირატესობას მარგველები ფლობენ – 21:20.

ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ახსოვს იმერული დაპირისპირებები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. აქაც მცირე უპირატესობა ზესტაფონელების მხარესაა – სადღეისოდ გამართულ 5 სათასო შეხვედრაში მარგველებმა იმარჯვეს 2-ში, ასევე 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ქუთათურებმა კი მხოლოდ 1-ხელ გაიმარჯვეს; ბურთების სხვაობა 5:3 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

აღნიშვნის ღირსია ის, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე 2011-2013 წლებში სწორედ “ტორპედოს” ხელმძღვანელობდა და ქუთათურებს ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტიც მოაპოვებინა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზესტაფონელთაგან ქუთაისელთა კარში სხვაზე ხშირად ზურაბ იონანიძეს გაუტანია – იონას ანგარიშზე 6 გოლია.

ქუთაისის “ტორპედოსთან” შაბათს, 22 ნოემბერს გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტზე გადაიცემა.

ჩვენ კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს გამართული ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.

DSC03656

DSC03664

DSC03671

DSC03681

DSC03699

DSC03716

DSC03727

DSC03734

DSC03742

DSC03751

FCZestafoni.GE

პირველი მერვედფინალური მატჩი

2014 წლის 17 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის რიგით XXIV გათამაშების პირველი მერვედფინალური მატჩები. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა ”ჩიხურამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

საჩხერელთა და ზესტაფონელთა შორის დღეს გამართული სათასო დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მოედანზე მიმდინარეობდა ბრძოლა ტერიტორიული უპირატესობის დასაუფლებლად, რამაც თამაშის სანახაობრივ მხარეს გარკვეული დაღი დაასვა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა. გუნდები ოპონენტის მეკარისათვის დისკომფორტის შექმნას ძირითადად შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ, თუმცა ბოიან პავლოვიჩიც და მაქსიმე ქვილითაიაც თავის მოვალეობას უშეცდომოდ ასრულებდნენ.

თანაბარ ბრძოლაში გალეული პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორეში სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა – ზესტაფონელები ბურთსაც მეტად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან მომენტებსაც ქმნიდნენ. გოლის გატანის პირველი რეალური შესაძლებლობა მიეცა ჯაბა დვალს, თუმცა ახლო მანძლიდან მისი დარტყმულის მოგერიება საჩხერელთა გოლკიპერმა თავგანწირულ ნახტომში მოახერხა.

მალევე ერთსა და იმავე შეტევაში გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ ავთო ენდელაძე და მიხეილ სარდალიშვილმა, მაგრამ ერთმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმას პარტნიორისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა, ხოლო მეორემ ბურთის შორეულ კუთხეში გადაგზავნა სცადა, თუმცა ეს არაზუსტად გააკეთა.

ზესტაფონელები მეტოქის კარის გასაღების პოვნას თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ და მატჩის მიწურულს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლის გატანის შანსი გიორგი ილურიძეს მიეცა. მარგველთა ფორვარდი საჩხერელთა საჯარიმოში კარგად შეიჭრა და უძლიერესად დაარტყმა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა ქვილითაიას კარს. დასანანი უგოლო ფრე – 0-0.

FCZestafoni.GE

ეროვნული თასის გათამაშებაში მორიგი სტარტის წინ

17 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველ მატჩს გამართავს – ზესტაფონელები საქართველოს სუპერთასის მოქმედ მფლობელ საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” ესტუმრებიან.

საჩხერელებთან ორშაბათს გასამართი მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას ზესტაფონელები საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გადიან. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებული კახა მეშველიანის არყოფნით გამოწვეულ დანაკლისს, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია და მოახლოვებული მატჩისთვის სრული პასუხისმგებლობით ემზადება.

აქამდე დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ამ გუნდების გზები ერთხელ, 2008-2009 წლების გათამაშებაში, გადაიკვეთა. 2008 წლის 30 აგვისტოს გამართულ პირველი მერვედფინალურ მატჩში ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. საპასუხო შეხვედრა კი იმავე წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს – 1-0.

“ჩიხურასთან” მორიგი დაპირისპირება, რომელსაც თბილისელი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი განსჯის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტზე გადაიცემა.

ჩვენ კი “ზესტაფონის” დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC03434

DSC03440

DSC03464

DSC03491

FCZestafoni.GE

ზესტაფონელთა სათასო ბატალიების ისტორია

როგორც მოგეხსენებათ, 17 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშებაში ჩაერთვება – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ჩვენი გუნდი მერვედფინალური სტადიის პირველ მატჩს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” წინააღმდეგ გამართავს.

ივანწმინდაში გასამართი შეხვედრით ზესტაფონელები დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში სტარტს მეთერთმეტედ აიღებენ. საინტერესოა, რომ წინა 10 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ (2007-2008 წ.) გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ ხუთ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებას, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალური, 2-ჯერ მეოთხედფინალური და ამდენივეჯერ მერვედფინალური სტადიიდან გამოეთიშა.

დღიდან შექმნისა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში გამართული აქვს 67 მატჩი, რომელთაგან 40 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 14 დასრულდა ფრედ, 13-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 123-50 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.

ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში იმერლებს თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ უთამაშიათ – ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა “დუელები” რუსთაველებთან (6 მატჩი) თბილისის “ამერთან”, ბათუმის “დინამოსთან” და ქუთაისის “ტორპედოსთან” (5-5 მატჩი).

აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ – სადღეისოდ საუკეთესო შედეგის მფლობელი გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო გრიგოლ იმედაძეს, ნიკა კვასხვაძესა და ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 6-6-ჯერ აქვთ შერხეული.

რაც შეეხება ივანწმინდაში საჩხერის “ჩიხურასთან” ორშაბათს გასამართ შეხვედრას, ის 14:00 საათზე დაიწყება.

FCZestafoni.GE