დემბა ბა: „მოურინიომ დარჩენა მთხოვა“

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა დემბა ბამ განაცხადა, რომ შემდეგ სეზონში „არისტოკრატთა“ შემადგენლობაში თამაშს გააგრძელებს.

„მოურინიომ კლუბში დარჩენა მთხოვა. მან დამამშვიდა და მითხრა, რომ გუნდში ჩემი მდგომარეობა შეიცვლება.

ამას როგორც ღვთის საჩუქარს ვუყურებ. მე ყველაფერი შევაფასე და კიდევ ერთი სეზონით დარჩენა გადავწყვიტე.

არ ვიცი, ნამდვილად შეიცვლება თუ არა სიტუაცია, თუმცა მწვრთნელის ასეთი წინადადების შემდეგ ყველაფერია მოსალოდნელი“, – განაცხადა ბამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ეტოომ მოურინიოს სულელი უწოდა

ლონდონის „ჩელსის“ კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ კიდევ ერთხელ ისაუბრა საკუთარი ასაკის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ფრანგულმა ტელეარხმა „კანალ პლუსმა“ ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

„მყავს გუნდი, მაგრამ არა – თავდამსხმელი. „ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“, – სწორედ ამ სიტყვებს ამბობდა მოურინიო გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში.

ინტერვიუ სამუელ ეტოოსთან africanfootball.com-მა გამოაქვეყნა.

— ფიქრობთ, რომ აფრიკა თავის სიტყვას იტყვის ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
— იმედი მაქვს, რომ იტყვის. აფრიკის მაცხოვრებლებს ძალიან ეიმედებათ, თუმცა მეტოქეები პატივს არ გვცემენ. შეხედეთ წამყვან ევროპულ კლუბებს, რამდენი აფრიკელი ბრწყინავს! მაგალითად, „მანჩესტერ სიტი“ ავიღოთ. შეხედეთ, რამდენი გოლი გაიტანა იაია ტურემ. ეს მესი რომ  ყოფილიყო, ამაზე სამი წლის განმავლობაში ისაუბრებდნენ.
დღესდღეობით საუკეთესო აფრიკული გუნდი კოტ დივუარის ნაკრებია. ისინი ქაღალდზე ყველას აღემატებიან, თუმცა ამის დასამტკიცებლად უნდა მოიგონ კიდეც. აფრიკამ უნდა იბრძოლოს იმდენად, რამდენადაც ეს შეუძლია და ტურნირზე მაქსიმალურად შორეულ ეტაპზე უნდა გავიდეს. რატომაც ვერ უნდა მოვიგოთ მსოფლიოს ჩემპიონატი?! ხალხი იტყვის, რომ გავგიჟდი, მაგრამ აბა, სხვა რა განწყობით უნდა ჩავიდე ბრაზილიაში? დასასვენებლად?

— როგორ გრძნობთ თავს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც შესაძლოა თქვენთვის ბოლო გამოდგეს. რას ფიქრობთ „ჩელსიში“ თქვენს მომავალზე?
— მადლობას გიხდით შეხსენებისთვის, რომ ეს ჩემი ბოლო მუნდიალია. მე 33 წლის ვარ. იმ სულელს არ უნდა დაუჯეროთ, ბებერი რომ მიწოდა. ალბათ, შეამჩნევდით, რომ ამ ბებერმა ბევრ ახალგაზრდას აჯობა.
ზოგი ფიქრობს, რომ კარიერას აშშ-ში ან ახლო აღმოსავლეთში დავასრულებ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჯერ კიდევ სიამოვნებას მანიჭებს. ვაპირებ, რომ ამავე დონეზე თამაში გავაგრძელო. რომელ გუნდში? ამას არ გეტყვით. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ და თამაშის გაგრძელებასაც ვაპირებ.
მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 37 წლის ვიქნები. ზოგიერთს 42 წლის ასაკშიც უთამაშია მუნდიალზე. ასე რომ, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეიძლება, რომ ვითამაშო.

— გეშინიათ ბრაზილიის ნაკრების? (ჯგუფურ ეტაპზე კამერუნის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა)
— არასდროს არ მეშინია. შიშის გრძნობა, რომ მქონოდა, ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი. მეტოქე უნდა დააფასო. 11 კაცი 11 კაცს დაუპირისპირდება. კი ბატონო, კამერუნი 1994 წელს ბრაზილიასთან დამარცხდა, მაგრამ მე იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელმაც „სელესაოს“ კონფედერაციის თასზე მოუგო. 88-ე წუთზე დიდას დიდებული გოლიც გავუტანე. შემდეგ ბრაზილიელები ოლიმპიურ თამაშებზეც დავამარცხეთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის.
რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მეშინია. ჩვენ ჩვენი შანსები გვექნება და ეს უნდა გამოვიყენოთ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „დღეს ძალიან ნელა ვთამაშობდით“

„ჩელსის“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ „ნორვიჩ სიტისთან“ ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის საშინაო მატჩი შეაფასა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

„პირველ ტაიმში ძალიან ნელა ვითამაშეთ, ჩვენს მოქმედებებს ტემპი აკლდა. ყველაფრის გაკეთებას ვცდილობდით. ვიცით, რომ ჩემპიონობის შანსი აღარ გვაქვს. ამიტომაც, ჩვენთვის ქულის აღებას საკმარისი იყო, რათა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაგვენაღდა.

ჩვენი დღევანდელი მეტოქე გადარჩენისთვის იბრძვის, ამიტომაც მისთვის დღეს მოგება საჭირო იყო“, – განაცხადა მოურინიომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „სეზონის მეორე ნაწილში ოსკარი ცუდ ფორმაშია“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნახევარმცველ ოსკარის თამაში მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილში არც ისე კარგი იყო.

„ოსკარი აგვისტოდან დეკემბრამდე საუკეთესო ფეხბურთელი იყო. იგი უბრალოდ ფანტასტიკურად თამაშობდა. ამის შემდეგ მის თამაშში არასტაბილურობა იგრძნობა. სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილისას იგი ცუდ ფორმაში იყო. ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში იგი კვლავ ფორმაში შევა და მსოფლიოს ჩემპიონატს წინ სათანადოდ შეხვდება“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ძანეტი: „სიმეონეს წარმატება არ მაკვირვებს“

მილანის „ინტერის“ კაპიტან ხავიერ ძანეტის თანამემამულე დიეგო სიმეონეს წარმატებები ახარებს.

მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. საერთოდაც, მადრიდული კლუბი ბოლო ხუთ წელიწადში ევროთასებზე ფინალში მესამედ გავიდა (წინა ორი ფინალი ევროპის ლიგაზე ითამაშა და ორივე მოიგო). შეგახსენებთ, რომ სიმეონეს „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ჟოზე მოურინიოს „ჩელსი“ დაამარცხა. ხავიერ ძანეტი მოურინიოს თავკაცობით ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. მოთამაშის რანგში ორი წელი სიმეონეც იცავდა „ინტერის“ ღირსებას.

„ნერიაძურის“ კაპიტნის თქმით, სიმეონემ წარმატებისთვის ძალიან ბევრი იშრომა.

„სიმეონეს, როგორც ჩემი მეგობრის, წარმატებები ძალიან მახარებს. ვიცი, რამდენი იმუშავა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია. გულახდილად რომ გითხრათ, არ მიკვირს, რომ დიეგომ ოცნება აისრულა.

მოურინიო დიდ მწვრთნელად დარჩება, მე მასთან ორი ფანტასტიური წელიწადი გავატარე“, – ძანეტის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.

 

მოურინიო: “აზარი გუნდისთვის არ თამაშობს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თავისი გუნდის ფეხბურთელს, ედენ აზარს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბელგიელი გუნდისთვის ბოლომდე არ იხარჯება.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოსთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ედენ აზარმა განაცხადა, რომ ლონდონელები ფეხბურთის თამაშისთვის მზად არ არიან.

“ედენი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც გააზრებული არ აქვთ, რომ დაცვაში ჩამოსვლა საჭიროა. ის ისე თამაშობს, როგორც თავად სურს. თუ “ატლეტიკოს” მიერ გატანილ პირველ გოლს ნახავთ, მიხვდებით, სად იყო დაშვებული შეცდომა და რატომ გავუშვით გოლი.

ბუნებრივია, აზარის მსგავსი ფეხბურთელი ასეთ კომენტარს რომ აკეთებს. ის გუნდისა და თავისი თანაგუნდელებისათვის ასი პროცენტით არ იხარჯება. რა თქმა უნდა, ეს არ მომწონს. ამ თემასთან დაკავშირებით, მას ბევრჯერ ვესაუბრე”, – ამბობს მოურინიო.

დიტო ჭიჭინაძე

მოურინიო: „ჩელსი“ სატრანსფერო პერიოდში არ იაქტიურებს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბი არ აპირებს მასშტაბური სატრანსფერო კამპანიის წარმოებას.

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, „პენსიონერები“ მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს შეიძენენ.

„სატრანსფერო პერიოდში „ჩელსი“ არ იქნება ყველაზე შესამჩნევი კლუბი. ფეხბურთელებს არ გავყიდით მხოლოდ გაყიდვისთვის და არ შევიძენთ მხოლოდ შეძენისთვის. ჩვენ სტრატეგიული მიზანი გვაქვს და მის მისაღწევად ვიბრძვით. „ჩელსი“ მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებს“, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com-ი.

 

სიმეონე: „ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქესთვის ჩვენი თამაშის თავსმოხვევა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შეაფასა.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქე გუნდისთვის ჩვენი თამაშის თავიდანვე თავსმოხვევა. მეორე ტაიმში „ჩელსის“ კარგად შევეჭიდეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენზე წნეხის განხორციელების საშუალება არ მივეცით. ტორესის გოლმა, რა თქმა უნდა, ამოცანა გაგვირთულა, თუმცა მშვენივრად ვითამაშეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.

რა მითხრა მოურინიომ? ეს საიდუმლოდ დარჩეს. ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ მწვრთნელი ყოველ წუთს უნდა ფიქრობდეს, როგორ ათამაშოს გუნდი. არ უნდა დავუკარგოთ იმ გუნდებს, რომლებიც დაცვით თამაშზე არიან ორიენტირებულნი, რადგან თავდაცვა ძალიან რთული საქმეა.

გვერჩივნდა თუ არა ფინალში „ბაიერნი“ მეტოქედ? არა. ახლა მხოლოდ „ლევანტესთან“ გასამართ დამდეგ მატჩზე ვფიქრობ“, – სიმეონეს სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

დიეგო კოსტა: „ჩვენ ტორესის გოლსაც მშვიდად შევხვდით“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა გაესპანელებულმა გოლეადორმა დიეგო კოსტამ შეაფასა.

„ფინალში გასასვლელად ძალისხმევა არ დავიშურეთ. მაშინაც კი, როდესაც ფერნანდო ტორესმა გოლი გაგვიტანა, ჩვენ მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ერთი გატანილი ბურთის შემთხვევაში, ფინალში ჩვენ გავიდოდით“, – დიეგო კოსტას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „მატჩის ბედი მცირე დეტალმა გადაწყვიტა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი „პენსიონერთა“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შეაფასა.

„მატჩში გადამწყვეტი მომენტი იყო. თავდაპირველად მეტოქე გუნდის მეკარემ წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია, შემდეგ პენალტი დაინიშნა, რამაც ინტრიგა მოკლა. ნახევარფინალები მცირე დეტალებისგან შედგება და ეს ის პატარა მომენტი იყო, რამაც დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. ვულოცავ „ატლეტიკოს“. ძლიერი გუნდია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ფანტასტიურად ასპარეზობს, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

კარაგერი: „ჩელსის“ დღევანდელი სტილით თავის დროზე „ლივერპულიც“ თამაშობდა“

„ლუვერპულის“ ექს-მცველმა ჯეიმი კარაგერმა ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩში „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ტაქტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ თავის დროზე მსგავს ფეხბურთს მერსესაიდელებიც თამაშობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პირველობის 36-ე ტურის მატჩში ლონდონელებმა „ლივერპული“ სტუმრად ანგარიშით 0:2 დაამარცხეს.

„მოურინიო მე-19 საუკუნის ფეხბურთის მეფეა და ამას იგი არ უნდა მალავდეს.

იგივეს „ლივერპულშიც“ ვაკეთებდით. მახსოვს, „ბარსელონასთან“ 2001 წლის უეფა-ს თასის გათამაშების მატჩი, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა. მაშინ სწორედ „ჩელსის“ მსგავსად ვითამაშეთ. შეხვედრის შემდგომ იოჰან კრუიფმა თქვა, რომ ჩვენი გუნდი ასეთი თამაშით ფეხბრუთს ამახინჯებს.

გარდა ამისა, მსგავსი სტილით რაფაელ ბენიტესის დროსაც ვითამაშეთ. სხვათაშორის, ასეთი ტაქტიკა ბენიტესმა სწორედ „ჩელსისთან“ ერთ-ერთ შეხვედრაში გამიყენა. ჩვენ თამაშის ტემპს ვწევდით და ბურთს ან სტივენ ჯერარდს ან ხაბი ალონსოს ვაძლევდით. მაშინ „ჩელსის“ ფერებს დაფი, რობენი და დროგბა იცავდნენ, მათ წინააღმდეგ თამაშისას კი არ უნდა გაგვერისკა“, – განაცხადა კარაგერმა „სქაი სპორტსის“ გადაცემის „მანდი ნაით ფუტბოლის“ ეთერში.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „მიმდინარე სეზონში ჩემპიონები მაინც ვერ გავხდებით“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლივერპულთან“ მოგებული შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომ მისი გუნდი საჩემპიონო ბრძოლაში არ დაბრუნებულა.

„არსად არ დავბრუნებულვართ. ამ მომენტისთვის პრაქტიკულად მესამე ადგილზე ვართ. როდესაც „ევერტონმა“ წააგო, ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად გავედით. ახლა კიდევ ერთი ქულა უნდა ავიღოთ, რათა მესამე ადგილი გავინაღდოთ. ჩემპიონი კი მხოლოდ ერთ გუნდი გახდება. ეს ან „მანჩესტერ სიტი“ იქნება ან „ლივერპული“.