იბრაჰიმოვიჩმა ბოლო სანაკრებო მატჩი ჩაატარა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ ტურში შვედეთისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა (0:1) ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის ბოლო სანაკრებო მატჩი გამოდგა.

34 წლის ფეხბურთელმა ტურნირის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევრო-2016-ის შემდეგ საერთაშორისო კარიერას დაასრულებს. შვედეთის ნაკრებმა ჯგუფში უკანასკნელი ადგილი დაიკავა და ტურნირს გამოეთიშა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში 2001 წლიდან თამაშობდა. მან ეროვნული გუნდის ფორმით 116 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.

“სქაი სპორტსის” ცნობით, 34 წლის შვედი თავდამსხმელი “წითელ ეშმაკებთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დადასტურდება.

გერმანული კლუბი იბრაჰიმოვიჩს ქალაქის მეფის წოდებას ჰპირდება

გერმანიის რეგიონლიგაში მოთამაშე კლუბი ზლატან იბრაჰიმოვიჩს უჩვეულოო წინადადებით მიმართავს.

ობერჰაუზენის “როტ ვაისი” ობერჰაუზენში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებასა და ქალაქის მეფედ იბრაჰიმოვიჩის დასმას აპირებს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შვედი ფეხბურთელი “როტ ვაისის” ფორმას მოირგებს.

გარდა ამისა, ლუდი König Pilsener სახელწოდების შეცვლისა და სახელად Ibrahimovic Pilsener-ის მიღების პირობას დებს.

ზლატანი: “მილანის” დატოვება არ მინდოდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოტყდა, რომ 2012 წელს “მილანის” დატოვება და პარიზულ კლუბში გადაბარგება არ სურდა.

“მილანის” დატოვება ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მიყვარს “მილანი”, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო კლუბია. აღნიშნული ამბავი უკვე წარსულია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. შესაძლოა თუ არა, რომ ჩემი მომავალი წარსულში დაბრუნება გახდეს? ძალიან მალე შევიტყობთ”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Football Italia.

აქვე გეტყვით, რომ შვედი თავდამსხმელი საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან 29 მატჩში 35 გოლის გატანა შეძლო.

მანჩინი: “იბრა, მესი, რონალდუ და იგუაინი ერთ დონეზე დგანან”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

“ზლატანი მესისთან, რონალდუსთან და იგუაინთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მათ სრულიად განსხვავებული თვისებები აქვთ, თუმცა ერთ დონეზე დგანან. ისინი მატჩში მინიმუმ ერთ გოლს მაინც იტანენ. გუნდში ასეთი მოთამაშეების ყოფნით ყველაფრის მოგება შესაძლებელია.

არ მიკვირს, რომ ამ ასაკში მყოფი იბრაჰიმოვიჩი მთავარ როლს ასრულებს. მეც 35 წლის ასაკში იტალიის ჩემპიონატი და თასი მოვიგე.

იბრა ნამდვილი პროფესიონალია და 35-36 წლამდე შეუძლია თამაში. მას ყოველთვის აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩების საბოლოო შედეგის განსაზღვრაში მთავარ როლს არ ასრულებს, თუმცა გაიხსენეთ “ჩელსისთან” ჩატარებული შეხვედრა.

ზლატანი ყოველ სეზონში იტანს 20-25 გოლს და თითქმის ყოველთვის იგებს ტიტულებს. მას ამ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს”, – მანჩინის კომენტარი “ფრანს ფუტბოლმა” გამოაქვეყნა.

 

იბრაჰიმოვიჩის უნიკალური რეკორდი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართული მატჩი პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. პირველი გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

შვედი ფორვარდი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ზედიზედ ათი კალენდარული წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაუტანია.

ცნობისთვის, “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის საპასუხო შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” 9 მარტს შედგება.

 

იბრაჰიმოვიჩი “აიაქსში” დაბრუნებას არ გამორიცხავს (ვიდეო)

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მონაწილეობა მიიღო ამსტერდამის “აიაქსის” მიერ ორგანიზებულ აქციაში და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ჰოლანდიურ კლუბში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ შვედი ფეხბურთელი “აიაქსის” ღირსებას 2001-დან 2004 წლამდე იცავდა.

“აიაქსი” იბრაჰიმოვიჩის მაისურს ათამაშებს, გამარჯვებულს კი პრიზს თავად ფეხბურთელი გადასცემს.

“ვინ იცის, შესაძლოა, მომდევნო სეზონში სწორედ ეს ფორმა მეცვას. თქვენ გაქვთ შანსი, რომ ეს მაისური მოიგოთ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და ვიმედოვნებ, რომ “აიაქსი” ბევრ ტიტულს მოიგებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ გუნდში არ ვიქნები”, – აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანი: “ჩემი ყოფილი გუნდები იმიტომ დომინირებდნენ, რომ იქ მე ვთამაშობდი”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ ის გუნდები, რომელთა ღირსებასაც კარიერის განმავლობაში იცავდა, ეროვნულ ჩემპიონატებში დომინირებდნენ. შეგახსენებთ, რომ შვედი ფორვარდი “მალმიოში”, “აიაქსში”, “იუვენტუსში”, “ინტერში”, “ბარსელონასა” და “მილანში” თამაშობდა.

“თითოეული ის გუნდი, რომლის ღირსებასაც კარიერის განმავლობაში ვიცავდი, ეროვნულ ჩემპიონატში დომინირებდა, რადგან იქ მე ვთამაშობდი. როდესაც ვაგებ, მონსტრს ვემსგავსები. მარცხი ჩემთვის არანორმალური მოვლენა გახლავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ფრანგი ქომაგები ჩემით უფრო გაიხარებენ, ვიდრე საფრანგეთის ნაკრებით”, – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი BeIN Sport-მა გამოაქვეყნა.

 

მინო რაიოლა: “მოხარული ვიქნები, თუ ზლატანს პრემიერლიგაში ვიხილავ”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ შვედი ფორვარდი ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებულად ითამაშებდა. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს პარიზული კლუბის დატოვებას აპირებს.

“მოხარული ვიქნები, თუ ზლატანს პრემიერლიგაში ვიხილავ. ვფიქრობ, რომ ეს ჩემპიონატი თავისი ძალით, ხასიათით, ტექნიკით, გადავსებული სტადიონებითა და ფანტასტიური ატმოსფეროთი სრულად შეეფერება იბრაჰიმოვიჩს. ახლა რაიმეს თქმა რთულია, რადგან ზლატანს, პირველ რიგში, სურს, რომ თავისუფალი აგენტი გახდეს, რის შემდეგაც შემოთავაზებულ წინადადებებს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. იგი ბევრ წინადადებას იღებს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი არ არის გარკვეული. თეორიულად შესაძლებელია, რომ მან კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “პარი სენ-ჟერმენში” ითამაშებს”, – მინო რაიოლას კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.

 

ბლანი: “პსჟ”-ში იბრაჰიმოვიჩის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ პარიზულ კლუბში ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი ჯერაც გაურკვეველია და შესაძლოა, შვედმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდი გამოიცვალოს.

“ზლატანის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისში ეწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივება დიდწილად თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმოვიჩი 34 წლის გახლავთ, ის ჯერაც კარგად თამაშობს”, – აღნიშნა ბლანმა.

თავად ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ჯერაც არ იცის, რა იქნება სეზონის ბოლოს.

 

ზლატანი: “ეს საუკეთესო კლუბია, სადაც კარიერის განმავლობაში მითამაშია”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ის საუკეთესო კლუბი დაასახელა, სადაც კარიერის განმავლობაში უთამაშია. 34 წლის შვედმა ფორვარდმა იქვე არც ის გამორიცხა, რომ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასრულოს.

“მილანი” მომენატრა. ეს ჩემი მეორე სახლია. “როსონერიში” დაბრუნებაზე უარი ვთქვი. გასულ ზაფხულს ვერ შევთანხმდით, მაგრამ “მილანის” მადლიერი ვარ. ეს საუკეთესო კლუბია, სადაც ოდესმე მითამაშია, თუმც ბევრ დიდ გუნდში მომიხდა თამაში. ორგანიზაციული და სამუშაო თვალსაზრისით “მილანს” არცერთი კლუბი არ შეედრება.

MLS-იდან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ მათი წინადადებებით არ მოვხიბლულვარ. ამის მიუხედავად, არ გამოვრიცხავ, რომ კარიერა აშშ-ში დავასრულო”, – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

ზლატანი: “წარმოუდგენელი იქნება ევრო-2016-ის ხილვა ჩემ გარეშე”

შვედეთის ნაკრების ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება არ სურს. შეგახსენებთ, რომ მისმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური სტადიიდან ვერ მოიპოვა ფინალურ ტურნირზე თამაშის საგზური, თუმცა შვედეთის ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ახლა პლეი-ოფის გზით იბრძოლებს.

“ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება არ მინდა. ჩემთვის წარმოუდგენელია ამ ტურნირის ხილვა ჩემ გარეშე.
ჩვენ პირდაპირ ვერ მოხვდით, თუმცა სხვა გზით შევეცდებით საგზურის მოპოვებას. ვინც არ უნდა შეგვხვდეს პლეი-ოფში, რთული მატჩები იქნება.
ასეთ შეხვედრებში ყველა 200 პროცენტით იხარჯება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ფინალურ ტურნირზე ჩვენ ვითამაშებთ”, – იბრაჰიმოვიჩის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შემდეგი რვა გუნდი გავიდა: უნგრეთი, უკრაინა, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ირლანდია, ბოსნია/ჰერცეგოვინა, სლოვენია.

პლეი-ოფის წილისყრა კვირას ჩატარდება.