იბრაჰიმოვიჩმა “რეიმსთან” გამართული მატჩი შეაფასა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელთა ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე დღის წინათ თავს შეუძლოდ გრძნობდა, იგი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში შვედ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს ასცდა. იბრაჰიმოვიჩმა მოედანი ამჯერადაც გატანილი გოლის გარეშე დატოვა, უგოლო სერია კი უკვე 419 წუთამდე გაიზარდა.

“კარგად ვარ, დღეს თავს უკეთ ვგრძნობ, სათამაშო დროც მომეცა. ამ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, თუმცა ვგრძნობ, რომ უწინდელ დონეზე ვბრუნდები.

დღეს გატანა შემეძლო, თუმცა რაღაც არ გამომივიდა. ეს “რაღაც” უნდა გამოვასწორო. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, მეტს არ ვიმსახურებდით. ყოველ სამ დღეში თამაში ადვილი არ არის, თუმცა წინ ხანგრძლივი სეზონია და ყველა ფრონტზე ვიბრძვით”, – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

 

მიხაილოვიჩი: “იბრას გადმოსვლა “მილანს” სკუდეტოს სერიოზულ პრეტენდენტად აქცევს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა გუნდში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

“არ ვიცი, რა გითხრათ იბრაჰიმოვიჩის შესახებ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და მისი დამატება ნამდვილად ფენომენალური მოვლენა იქნება. იგი კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. თუ იბრაჰიმოვიჩი ჩვენთან გადმოვა, “მილანის” სკუდეტოს მოპოვების სერიოზული კანდიდატი იქნება”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს ESPN.

თავის მხრივ, “მილანის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა “როსონერი” მოვლენების განვითარებას დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში” 2010/12 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში შვედმა თავდამსხმელმა “როსონერის” რიგებში ჩატარებულ 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

 

ზლატანი: “ჩემი მომავალი რაიოლას ხელშია”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ფიორენტინას” წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩის (4:2) შემდეგ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია მისი კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ.

“ჩემი მომავალი ჩემი აგენტის, მინო რაიოლას ხელშია”, – იტალიურ ენაზე უთხრა ჟურნალისტებს შვედმა თავდამსხმელმა.

ამ განცხადების შემდეგ სპეკულაციები ზლატან იბრაჰიმოვიჩის პარიზიდან აბარგების შესახებ კიდევ უფრო გახშირდა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის სუპერთასის შემდეგ შვედი ფორვარდი “მილანში” დასრუნდება, რომლის ღირსებასაც 2010/12 წლებში იცავდა.

 

ზიდანმა იბრაჰიმოვიჩი რონალდუს შეადარა

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

“არა მგონია, იბრაჰიმოვიჩი რაიმე სახის პრობლემას წარმოადგენდეს. ის “პსჟ”-ისთვის დიდ სამუშაოს ასრულებს.

Zidane

მას აქვს ეგო, მოედანზე ჩემპიონივით იქცევა. ეს მისი ხასიათია და ვერავინ ვერ შეცვლის – ისევე, როგორც რონალდუს.

ზოგჯერ ზლატანი ამპარტავანივით იქცევა, თუმცა მას რომ იცნობდეთ, გეცოდინებათ, რომ ასეთი ნამდვილად არ არის. ის წყნარი ადამიანია.

მე არ ვიცნობ იბრაჰიმოვიჩს, თუმცა მისი მსგავსი ფეხბურთელის ყოლა საჭიროა”, – ზიდანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

იბრაჰიმოვიჩი ჯოკოვიჩის თამაშს დაესწრო (ფოტო)

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დღეს “როლან გაროსის” მეორე წრეზე მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ჟილ მიულერს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ცნობისთვის, ჯოკოვიჩმა ლუქსემბურგელი მეტოქე სამ სეტში გაანადგურა: 6:1; 6:4; 6:4.

Zlatan

იბრაჰიმოვიჩი: ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია საფრანგეთის შეურაცხყოფისთვის

“პსჟ”-ს შვედი თავდამსხმელი დაისაჯა მისი გრძელი ენისთვის.

“პარის სენტ-ჟერმენის” ვეტერანი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაისაჯა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით, საფრანგეთის შეურაცხყოფისთვის.

შეგახსენებთ, რომ “ბორდოსთან” მატჩის შემდეგ, 33 წლის თავდამსხმელმა ვერ შეიკავა გრძნობები და საჯაროდ გააკრიტიკა საფრანგეთი და განაცხადა, რომ ეს ქვეყანა “პსჟ”-ს დონის გუნდს არ იმსახურებდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, შვედმა მოიხადა ბოდიში, მაგრამ ამ ხერხმა მას სასჯელი ვერ ააცილა.

მიმდინარე სეზონში, ლიგა 1-ში გამართულ 22 შეხვედრაში, იბრაჰიმოვიჩმა 17 გოლი გაიტანა.

Calciomercato: იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2016 წელს შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა “კალჩო მერკატო” ექსკლუზიურად აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, “როსონერის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დახურულ კარს მიღმა კლუბის გაყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. შემოსული თანხა შესაძლოა, შვედი ფეხბურთელის შეძენისთვის დაიხარჯოს.

“მილანის” გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი 19 მარტს იბრაჰიმოვიჩის აგენტ მინო რაიოლას შეხვდა.

არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ტრანსფერი ამ ზაფხულშივე შედგეს. “პარი სენ-ჟერმენი” იბრაჰიმოვიჩის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა შვედ ფორვარდს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება, ერთი წლის შემდეგ ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” 2012 წელს ტიაგო სილვასთან ერთად გადავიდა.

 

იბრაჰიმოვიჩის პატივსაცემად საძიებო სისტემა შექმნეს

მარკეტინგულმა სააგენტო SweetPop-მა შეიმუშავა საძიებო სისტემა სახელწოდებით zlaaatan.com, რომელიც “პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეძღვნება. საძიებო სისტემა ეყრდნობა Google-ს, რაზეც საიტიც დიზაინიც მეტყველებს.

“ჩვენი საძიებო სისტემა Google-თან არის დაკავშირებული, თუმცა ძებნის ყველა შედეგი იბრაჰიმოვიჩს ეხება: ჩაწერთ “ფერარის” და გამოდის იბრაჰიმოვიჩის “ფერარი”, ჩაწერთ რეცეპტს და პოულობს “იბრაჰიმოვიჩის ჰამბურგერს”. ზლატანი ბევრის კერპია, ამიტომ ავარჩიეთ იგი. იბრაჰიმოვიჩისგან ნებართვა არ აგვიღია, თუმცა იმედი გვაქვს, მას ეს იდეა მოეწონება”, – სააგენტოს დირექტორის ანდრეას კილანდერის სიტყვებს L’Equipe-ი ციტირებს.

 

იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში?

შვედური გაზეთი Aftonbladet-ი იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს პერიოდში კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მარტის ბოლოს შვედმა ფეხბურთელმა აშშ-ის გრძელვადიანი ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე გაიარა. იბრაჰიმოვიჩს ნათქვამიც ჰქონდა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში შესაძლოა, MLS-ის ერთ-ერთ კლუბს მიაშუროს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში 33 წლის თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

 

იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ საპასუხო მატჩში (2:2) გაძევების გამო უეფასგან ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამრიგად, შვედი ფეხბურთელი მეოთხედფინალურ ეტაპზე გასამართ პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

იბრაჰიმოვიჩის თანაკლუბელმა სერჟ ორიემ მთავარ არბიტრ ბიორნ კეიპერსის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

 

საფრანგეთის სპორტის მინისტრი: “იბრაჰიმოვიჩმა ბოდიში უნდა მოიხადოს”

როგორც მოგახსენეთ, საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში “ბორდომ” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ პარიზელთა თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არბიტრზე ძალზედ გაბრაზებული გახლდათ და ის უკმაყოფილებას არც კამერებთან მალავდა. შვედი თავდამსხმელი კამერების წინ გინებასაც კი არ მოერიდა.

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა პატრიკ კანემ აღნიშნული ფაქტი შეაფასა და იბრაჰიმოვიჩს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

“გაბრაზება იბრაჰიმოვიჩს ვერ გაამართლებს იმ სიტყვების თქმაში, რომელიც მსაჯის მისამართით თქვა. მან ბოდიში უნდა მოიხადოს”, – დაწერა კანემ სოციალურ ქსელში.

 

ბელგიელმა ჟურნალისტმა იბრაჰიმოვიჩს სახელი და გვარი დაუმახინჯა (ვიდეო)

წამყვანი ბელგიური ტელევიზიის RTL-ის ჟურნალისტმა მიშელ დე მაეჟდმა “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შემთხვევით სახელი და გვარი დაუმახინჯა.

ჟურნალისტმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი “იბრაჰიმ ზლატანოვიჩად” მოიხსენია.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ვიდეომ ფეხბურთის მოყვარულთა მხრიდან დიდი პოპულარობა მოიპოვა.