ტანიევიჩი: “თბილისში რომ წაგვეგო, დღეს განსხვავებულად ვითამაშებდით”
მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბოგდან ტანიევიჩმა საკუთარ მოედანზე საქართველოსთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩვენ ერთად მუშაობით კარგ შედეგს მივაღწიეთ. შესაძლოა, საქართველოს ნაკრებთან მატჩს ზედმეტი თავდაჯერებით შევხვდით, რაც მეტოქემ არ გვაპატია. დარწმუნებული ვარ, თბილისში რომ წაგვეგო, დღეს ჩვენი გულშემატკივრების წინაშე განსხვავებულად ვითამაშებდით.
ქართველებმა ბევრი სამქულიანი ჩააგდეს. გამოვარჩევდი დიქსონს – მან ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომლის გამეორებაც ურთულესი საქმე იქნება. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ მან მთელი მატჩის განმავლობაში ასე მაღალ დონეზე ითამაშა, რადგან ჩემმა გუნდმა მეტოქეს აგრესიული დაცვა შესთავაზა. როდესაც დავწინაურდით, გვეგონა, რომ შეხვედრას ჩვენ მოვიგებდით”, – ციტირებს ტანიევიჩის სიტყვებს მონტენეგროს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი.