თბილისის 16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი ისრაელმა მოიგო
დასრულდა თბილისის 16-წლამდე ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოსთან ერთად ისრაელი და თურქეთი მონაწილეობდა. ბოლო მატჩი დღეს გაიმართა საქართველოსა და ისრაელს შორის, რომლის დასრულების შემდეგაც სპორტის ახალ სასახლეში დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
სამწუხაროდ, მთავარი, საჩემპიონო პრიზი ისრაელმა ჩაიბარა, რომლის კაპიტანიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს ისრაელთან 7-ქულიანი მარცხიც აძლევდა ხელს, ტურნირზე პირველი ადგილი რომ დაეკავებინა, თუმცა ამ გუნდებს შორის 25 ივლისს გამართული ამხანაგური მატჩის მსგავსად, ებრაელებმა იოლად იმარჯვეს
არადა, იმედი არსებობდა, რომ საქართველო დასახულ მიზანს მიაღწევდა, რადგან ქართველებისგან ძლეულმა თურქებმა გუშინ ისრაელი გაამარცხეს. სამწუხაროდ, ისრაელმა ისევ იძალა და პირველსავე პერიოდში ცხადყო საკუთარი უპირატესობა. საწყისი ათწუთეულის შემდეგ ახლოაღმოსავლელები 25:13 დაწინაურდნენ, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 23 ქულამდე გაზარდეს.
როგორც აქამდელ მატჩებში, ამჯერადაც ოთარ პერტაია გამოირჩეოდა, რომელმაც საბოლოოდ 16 ქულა დააგროვა. თუმცა მხოლოდ მისი მოწადინება საკმარისი არ აღმოჩნდა გაცილებით გუნდურად მოთამაშე ებრაელებთან. სტუმრებმა მესამე პერიოდიც მოიგეს, ლიდერობა 28 ქულამდე გაზარდეს და მატჩის ბედიც გაარკვიეს. საბოლოოდ სტუმრებმა 99:58 იმარჯვეს და თბილისის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. საქართველო კი დიდსხვაობიანი წაგების გამო ბოლო ადგილზე გავიდა. ტურნირის სამივე მონაწულემ 3 ქულა, თითო მოგებ-წაგება დააგროვა – ადგილები კი ბურთების შეფარდებით განაწილდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ებრაელი ტომერ ლევინსონი გახდა. ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში კი საქართველოდან ოთარ პერტაია და ირაკლი სულხანიშვილი შევიდნენ.
თბილისის საერთაშორისო ტურნირი U16. 28 ივლისი
საქართველო 58:99 ისრაელი