თბილისის ჩემპიონი 14-წლამდელებში I ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაია”
14-წლამდელთ შორის თბილისის ჩემპიონი 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაი” გახდა. ლაშა თოიძისა და ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 66:53 დაამარცხა და დედაქალაქის საუკეთესო კლუბის ტიტულს დაეპატრონა.
დედაქალაქის პირველობა აღნიშნულ ასაკში ათწლეულებია, არ ჩატარებულა და მისი ორგანიზება წლეულს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად იტვირთა. ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ღირსეული ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ.
ფინალურ მატჩამდე, დღეს, საკალათბურთო აკადემიაში, გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს “დინამო” და “ოლიმპი” შეხვდნენ. ამ გუნდებმა ტურნირის მსვლელობისას შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ნახევარფინლში დამსახურებულად გავიდნენ, სადაც წაგების შემდეგ ბრინჯაოს მოსაპოვებლად ერთმანეთს შეერკინნენ. გამარჯვება “დინამოს” დარჩა, რომელიც გახდა კიდეც მე-3 ადგილის მფლობელი.
რაც შეეხება ფინალურ მატჩს, იგი ჰიუნდაელთა უპირატესობით წარიმართა. ჩერქეზიშვილ-თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა “შსს-აკადემიას” დამაჯერებლად მოუგო და თბილისის ჩემპიონიც დამსახურებულად გახდა.
ჩემპიონებს 20 ქულითა და 21 მოხსნით ლევან წენგუაშვილმა ულიდერა, მის თანაგუნდელსა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მომგებ გივი გოგიტაშვილს კი 13 ქულა და 23 მოხსნა დაუგროვდა. “შსს-აკადემიაში” 31 ქულითა და 20 მოხსნით გამოირჩა გიორგი ხუბულაშვილი, რომელმაც თბილისის განვითარების კავშირის გამგეობის წევრ ალეკო პეტრიაშვილისგან ტურნირის ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი ჩაიბარა.
თბილისის ჩემპიონი “ჰიუნდაი” თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვა, რომელმაც ტრიუმფატორთა კაპიტან გივი გოგიტაშვილს საჩემპიონო თასიც გადასცა.
თბილისის ჩემპიონი პირველი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაია”, ხოლო ტურნირის საუკეთესო 10-მა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვა.
თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდელებში. საკალათბურთო აკადემია. 10 დეკემბერი
მე-3 ადგილისთვის
დინამო – ოლიმპი 83:58
ფინალი
1 ექს სკოლა – შსს 66:53