თბილისის “დინამო” ესპანურ “ხუვენტუტს” დაუპირისპირდება
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი შესარჩევ ეტაპზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისისმოედანი) გამართავს და მისი მოწინააღმდეგე ესპანური გუნდი „ხუვენტუტი“ იქნება. გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება თავისუფალია.
ვატო ნაცვლიშვილი (თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი): ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით. კენჭისყრის შედეგად ყველაზე ძლიერი გუნდი შეგვხდა, თუმცა ამის მიუხედავად გუნდის თითოეული წევრი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გამორიცხული არაფერია.
ირაკლი ხოშტარია (თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): გარკვეული მიზეზების გამო გუნდმა საკმაოდ გვიან დაიწყო შეკრება. მოგეხსენებათ, რომ მეც და მოთამაშეებიც ევრობასკეტზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიყავით და „დინამოს“ გვიან შევუერთდით. მხოლოდ 10 დღეა რაც სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ და ასეთ მოკლე დროში მომზადება ბუნებრივია ძალიან რთულია. ორი დღეა რაც დაგვემატა ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც ძალიან გამოცდილი მოთამაშეა და დიდ დახმარებას გაგვიწევს. რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს, მას ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა და ჩვენს დახმარებას ამ ეტაპზე ვერ შეძლებს.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი(თბილისის “დინამოს“ კალათბურთელი): ჯგუფში ძალიან ძლიერი, ფავორიტი გუნდი შეგვხდა და შეიძლება ითქვას არ გაგვიმართლა, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მონდომებული ვარ და მსურს მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს. 21 წელი გავიდა რაც ქართულ კლუბში არ მითამაშია, თუ არ ჩავთვლით ეროვნულ ნაკრებს და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია.
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა
ფოტოები: შუქრი დგებუაძე
GBF.GE