თორნიკე შენგელია: “ქართველი კაცი საქართველოს სახელით რომ გამოდის, ძალიან საშიში კაცია”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ unguarded_bball-თან იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც მას მოტივაციას აძლევს.
“ბევრი რაღაც არის, რაც მოტივაციას მაძლევს, მაგრამ ჩემთვის მთავარი სამი ფაქტორია – ღმერთი, სამშობლო და ოჯახი. როცა პატარა ვიყავი, მამაჩემს ჩემთვის ნათქვამი აქვს: ‘როცა სახლიდან გადიხარ, შენ ოჯახს წარადგენ და ქვეყნიდან როცა გადიხარ – ქვეყანას’. როცა საქართველოდან გამოსული ვარ, მინდა, ყველამ გაიგოს, სად არის საქართველო. მინდა, რომ წარვადგინო ჩემი ქვეყანა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კლუბში ვითამაშებ, მე ჩემსას მაინც გავაკეთებ”, – განაცხადა შენგელიამ.
თოკომ კომენტარი საქართველოს ნაკრებსა და მომავალ თაობაზეც გააკეთა:
“რომ გადახედავ როგორი კალათბურთელები მოდიან, ძალიან ამაყად ვგრძნობ თავს. ძალიან პერსპექტიულები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ერთად თამაში ჯერ არ მოგვიწია, შეთამაშებისათვის რამდენიმე წელი დაგვჭირდება. ჩემი აზრით, როცა შეთამაშება მოხდება, ძალიან საშიში ნაკრები ვიქნებით. სერბეთთან ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ისეთი ამაყი ვიყავი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ქართველი კაცი რომ საქართველოს სახელით გამოდის, ის ძალიან საშიში კაცია”, – ამბობს 28 წლის კალათბურთელი.