თორნიკე შენგელია: “თავის სამართლებელი მართლა არავის აქვს”
მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ რუსულ კლუბში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამბობს, რომ ის მოსკოვურ კლუბში კალათბურთის სათამაშოდ მიდის და თავის სამართლებელი არავის აქვს.
“კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს შემეძლება გადავიდე ამერიკის ნებისმიერ გუნდში, რა თქმა უნდა, თუ იქნება დაინტერესება. საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი მექნება საკმაოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან გუნდში. ჩვენ შეგვეძლება ვიასპარეზოთ ევროლიგის ჩემპიონობისათვის. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
თავის სამართლებელი მართლა არავის აქვს. იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ და იმისათვის, რომ ფარში ბურთი ჩავაგდო. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, ქართული სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ”, – განაცხადა შენგელიამ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის კალათბურთელი ცსკა-ში ხელფასის სახით თითოეულ სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს.