თორნიკე შენგელიას 19 ქულა 20 წუთში და გამარჯვება “მონბუსთან”
თორნიკე შენგელიას უბრწყინვალესი საამსეზონო დებიუტი. ესპანური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ქართველმა ლიდერმა სეზონი შედეგიანი თამაშით გახსნა და „ლაბორალ კუჩას“ გასვლითი გამარჯვება მოაპოვებინა. ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ვიტორიული გუნდი სტუმრად „მონბუსს“ შეხვდა და თორნიკე შენგელიასა და ამერიკელი შეინ ლარკინის დამაჯერებელი თამაშის წყალობით იოლი გამარჯვება მოიპოვა – 92:76.
თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ შენგელიამ სათამაშო მაისურის ნომერი შეიცვალა და აქამდელი 7-ის ნაცვლად 23 ნომერია. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცაა შეცვლაზე შესულმა მეტოქეს დიდი თავსატეხი გაუჩინა. შენგელია შეუჩერებელი გახლდათ და 20 წუთში თავი 19 ქულას, 4 მოხსნას და 2 ჩაჭრას მოუყარა. თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
მას მარგი ქმედების კოეფიციენტით ვიტორიელთაგან მხოლოდ შეინ ლარკინმა გაასწრო, რომელმაც 27 წუთში 19 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. ლარკინმა გასული 3 სეზონი ნბა-ში – „დალასში“, „ნიუ იორკსა“ და „ბრუკლინში“ გაატარა. კიდევ ერთმა ნბა-ში გამობრძმედილმა მოთამაშემ, ანდრეა ბარნანიმ 16 წუთი ითამაშა და „ლაბორალ კუჩას“ 7 ქულით, 3 მოხსნითა და 2 პასით შეეწია.
მომდევნო ტურში – 7 ოქტომბერს, „ლაბორალ კუჩა“ „მურსიას“ უმასპინძლებს.
GBF.GE