თორნიკე შენგელიას 20 ქულა და ბომბარდირობა “ოლიმპიაკოსის” ძლევას არ ეყო
თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ბერძნულ გრანდ „ოლიმპიაკოსს“ 20 ქულა ჩაუგდო. „ბასკონიას“ ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა მისი ქებული გარჯა მასპინძელი ვიტორიელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ბასკონია“ ბოლო მეოთხედამდე იგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბერძნულმა კლუბმა ძალების მობილიზება მოახერხა და 95:90 გაიმარჯვა. პირეოსელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ვასილის სპანულისმა, რომელმაც 15 ქულას ევროლიგაში პირადსარეკორდო 15 პასი მოაყოლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 28:52 წუთში ძალიან აქტიური გახლდათ. თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ოც ქულას კი 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.
ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა ოცს უწია, რაც ამერიკელ შეინ ლარკინთან ერთად, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ლარკინმა 14 ქულას 11 პასი მიაბა.
“ბასკონიას” 2-2 მოგება-წაგება მოუგროვდა და 16-გუნდიანი სატურნირო ცხრილის შუა, მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 4 ნოემბერს, სტუმრად ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს.
GBF.GE