თორნიკე შენგელიას 3 ქულა “ფილადელფიასთან” მოგებულ მატჩში
ტრავმირებულ ლიდერების დაბრუნებასთან ერთად “ბრუკლინ ნეთსი” კონფეფრენციაში იმ ადგილს იბრუნებს, რომელიც მისი გაქანების გუნდს შეეფერება. დერონ უილიამსისა და პოლ პირსის გამოჯანმრთელების შემდეგ ბრუკლინელებმა მოგებებს უხშირეს და აღმოსავლეთის ცხრილში ნელ-ნელა მაღლა მიიწევენ. თორნიკე შენგელიას გუნდმა დღეს, გამთენიისას “ფილადელფია” გაანადგურა. “ნეთსმა” მეტოქე 36 ქულით – 130:94 დაამარცხა.
გამორჩეული შედეგი დააფიქსირა ბრუკლინელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ჯო ჯონსონმა, რომელმაც 10 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 37 ქულა მიითვალა. თორნიკე შენგელიამ შეხვედრაში 6.15 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
ბრუკლინელთათვის ეს გახლდათ მე-9 გამარჯვება 15 წაგების ფონზე და ამ შედეგით შენგელიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე აღზევდა. მომდევნო მატჩში, 18 დეკემბერს,”ნეთსი” შინ “ვაშინგტონს” უმასპინძლებს.
GBF.GE