ცინცაძის 11 ქულა და გამარჯვება ტალინის “კალევთან”
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ვი-თი-ბი ლიგაზე რთული გამარჯვება მოიპოვა. უკრაინულმა კლუბმა ესტონურ “კალევს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 79:76 იმარჯვა.
“კალევთნ” თამაშის გამოცდილება დონეცკელთაგან ყველაზე მეტად ქართველ ლეგიონერს გააჩნდა. ესტონურ “როკში” ყოფნისას, ცინცაძეს სეზონში 7-10-ჯერ უწევდა ტალინური გუნდის წინააღმდეგ თამაში. ალბათ ამანც განაპირობა ის, რომ გიორგი სასტარტო ხუთულში გაამწესეს და მოედანზეც ბოლო მატჩებთან შედარებით, ხანგრძლივად – 25.11 წუთს დატოვეს.
ცინცაძემ თავისი საქმე გააკეთა. “დონეცკმა” გაიმარჯვა, ქართველი გამთამაშებლის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად ცინცაძეს თითო მოხსნა-პასი ჰქონდა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა. დონეცკელთა შორის საუკეთსო შედეგი მარკო კილინგსვოტრმა (20 ქულა) დააფიქსირა, მეორე ამერიკელი ლეგიონერის, ბერნარდ კინგის ანგარიშზე კი 17 დაგროვდა.
“ა” ჯგუფში მყოფ “დონეცკს” 7 მოგების წილ 5 მარცხი გააჩნია და 2 გუნდთან ერთდ 3-5 ადგილებს იყოფს. ვი-თი-ბი ლიგაში მომდევნო მატჩს დონეცკელები 2 თებერვალს, პოლონურ “ტუროვთან” შინ გამართავენ.
gbf.ge