ცინცაძის “დონეცკმა” 2013 წელი ლიდერობის დაკარგვით დაასრულა
გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინული სუპერლიგის ლიდერობა 2013 წლის ბოლო მატჩში დაკარგა. დონეცკელებმა მათსავით 1 წაგების მქონე “ხიმიკს” უმასპინძლეს და 86:95 დამარცხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ “დონეცკი” შინ თამაშობდა, მატჩი უიმედოდ წააგო. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 20 ქულით ჩამორჩებოდნენ და მეტოქე ისეთი სუსტი არ იყო, ამხელა უპირატესობა დარჩენილ დროში რომ გაენიავებინა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 21:57 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. გიორგიმ 6-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
დონეცკელებს, რომლებსაც 10 მოგება და 2 წაგება აქვთ, პირველად, მიმდინარე სეზონში, ლიდერობა დაკარგეს. პირველ ადგილზე იუჟნის “ხიმიკმა” აინაცვლა, რომელსაც 9 მოგება და 1 მარცხი გააჩნია. უკრაინაში, ისევე როგორც ნბა-სა და არაერთი ქვეყნის ლიგაში, ცხრილს მოგებ-წაგებათა პროცენტული თანაფარდობით ითვლიან.
ამავე ტური ითამაშა უკრაინული ლიგის მეორე ქართველი ლეგიონერის – ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტმა”. დნეპროძერჟინსკელებმა მორიგი მარცხი ზაპოროჟიეში, “ფეროსთან” განიცადეს. ფაცაციას გუნდმა ძლიერ მეტოქეს ღირსეულად ებრძოლა, თუმცა საბოლოოდ საწადელს მაინცვერ მიაღწია – 68:79 დამარცხდა.
ქართველ ფორვარდს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ფაცაცია სასტარტო ხუთეულში იყო და 28:51 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ლევანმა 8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
“დნიპროაზოტი” 1 მოგებითა და 8 წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს, “ოდესასთნ” გამართავს. რაც შეეხება ცინცაძის გუნდს, “დონეცკი” 2014 წლის 9 იანვარს “კრივბასს” შეხვდება.
GBF.GE