ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “არმიამ” იმარჯვა
დღეს, სპორტის სასახლეში სუპერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “არმია” დაუპირისპირდნენ. ძალოვნების შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გულშემატკივართა ინტერესიც გამოიწვია. დღევანდელ შეხვედრას ჩვეულებრივზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
შეხვედრის პირველი მეოთხედი საკმაოდ დაძაბულად და ხისტ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა. გუნდები ერთმანეთს არაფერს არ უთმობდნენ. თუმცა, ბერიშვილის სამი ზუსტი სროლის შემდეგ, რომლიდანაც ორი 3-ქულიანი იყო, “არმიელები” წინ გაიჭრნენ, მაგრამ ეს უპირატესობა ჩიკვილაძემ ზედიზედ 4 ზუსტი საჯარიმოთი შეამცირა შემდეგ კი, ლომოურის კარგი თამაშის წყალობით “შსს” წინ გავიდა და მეოთხედი 1 ქულით მოიგო – 20-19.
მეორე პერიოდის ანალოგიური სცენარით წარიმართა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ “აკადემიამ” გადამწყვეტ მომენტში “არმიას” შეჩერება ვეღარ შესძლო და ტუღუშის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. დიდი შესვენების წინ ქულათა სხვაობა 12-ს აღწევდა.
მესამე მეოთხედში “არმიამ” მოპოვებული უპირატესობა გაზარდა. ისეთი შთაბეჭდილებმა შეიქმნა, რომ ჟღენტის შეგირდები წაგებას უკვე შეგუებულები იყვნენ. თუმცა, “აკადემიამ” ბოლოს მაინც გაიბრძოლა და 22-ქულიანი სხვაობა 12-მდე დაიყვანამ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბერიშვილმა, რომელმაც ამ მატჩი 32 ქულა მოაგროვა და რეკორდის განმეორებამდე სულ რაღაც 2 ქულა დააკლდა, საკუთარი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა – 74-92.
ბოლოს ერთი უსიამოვნო ეპიზოდიც მოხდა. “აკადემიელთა” ლეგიონერი ბრაუნი და “არმიელი” წივწივაძე ერთმანეთს შეეკამათნენ, რაც ლამის გუნდურ ჩხუბში არ გაიზარდა, თუმცა მოთამაშეები მალევე დაწყნარდნენ და შეხვედრაც მშვიდ ვითარებაში დასრულდა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
კოტე ტუღუში (,,არმიის” მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ შეხვედრისთვის საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. სტატისტიკის მიხედვით მიხეილ ბერიშვილმა გამოიჩინა თავი, თუმცა ეს ყველაფერიც ისევ და ისევ გუნდური თამაშის წყალობით მივიღეთ. მსურს ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თამაშის ბოლოს მომხდარი ინციდენტის გამო. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქმედებები და აუცილებლად დაისჯება ჩემს გუნდში ვინც დამნაშავე იყო. ვფიქრობ არ ეკადრება არც არმიის და არც სუპერლიგის სხვა გუნდების მოთამაშეებს ასეთი საქციელი.
არჩილ ჟღენტი (,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ არმიას ღირსეულ გამარჯვებას. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს და ჩანს, რომ ,,არმიამ” კარგად ითამაშა. თავიდანვე აღვნიშნე, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს ლეგიონერები, თუმცა შეთამაშება ნამდვილად გვჭირდება. ჩვენმა მოწინააღმდეგემ დღეს ღირსეულად გაიმარჯვა.
მიხეილ ბერიშვილი (არმია): მივულოცავ ბიჭებს და გულშემატკივარს მოგებას , შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა.
ბექა ჩიკვილაძე (შსს აკადემია):ნამდვილად არ ველოდი ამხელა სხვაობას. დიდხანს ვემზადებოდით, მაგრამ ბიჭებმა ვერ გამოვიჩინეთ თავი. მწვრთნელთა შტაბმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მწვრთნელი ვერ შემოვა მოედანზე და ჩვენ მაგივრად ვერ ითამაშებს. ბიჭები გავანაალიზებთ ამ ყველაფერს და კვლავ დიდი ჟინით ვიბრძოლებთ.