უესტბრუკი, დაახლოებით, შვიდ კვირას გამოტოვებს
„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდის პლეიმეიკერს რასელ უესტბრუკს მარჯვენა მუხლის ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც იგი, დაახლოებით, შვიდი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
„აქამდე რასელს ტკივილი არ აწუხებდა, თუმცა ბოლო მატჩებში ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა სემ პრესტიმ.
აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო რასელმა სეზონის სტარტზე ასევე არაერთი შეხვედრა გამოტოვა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან მაღალი დონის თამაშის ჩვენება მაინც მოახერხა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 21,3 ქულა, 6 მოხსნა და 7 გადაცემა შეადგინა.
„ნიქსთან“ მატჩში უესტბრუკმა ტრიპლ-დაბლიც შეასრულა და ისტორიაში მერვე კალათბურთელი გახდა, რომელმაც საშობაო სათამაშო დღეს მსგავსი შედეგი აჩვენა.
სავარაუდოდ, 25 წლის მოთამაშე პარკეტზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარისთვის დაბრუნდება.
ალექსანდრე მატევოსოვი