უკრაინაში მოთამაშე ქართველებისთვის 2014 წელი წარმატებულად დაიწყო
წარმატებულად დაიწყო 2014 წელი გიორგი ცინცაძისა “დონეცკმა”, რომელმაც VTB ლიგაში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. უკრაინულმა გუნდმა რუსეთში იმარჯვა, სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივ “სპარტაკს” შანსი არ დაუტოვა – 91:65.
ცინცაძე სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ქართელმა გამთამაშებელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. 3 ქულასთან ერთად გიორგიმ 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დონცკელთა ახალმა გამთამაშებელმა, დარელ მიჩელმა 23 წუთში 9 ქულა, 5 პასი და 3 მოხსნა დააგროვა, საუკეთესო კი ბერნარდ კინგი გახდა 22 ქულითა და 10 პასით.
6 მოგებით და 4 მარცხით “დონეცკი” “ა” ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება “უნიკსის”, “ლიეტუვოს რიტასის” და “ლოკომოტივის” შემდეგ. VTB ლიგაში მომდევნო მატჩს დონეცკელები 12 იანვარს ჩეხეთში, “ნიმბრუკთან” ჩაატარებენ, 9 იანვარს კი უკრაინის ჩემპიონატში “კრივბასს” უმასპინძლებენ. უკრაინის პირველობაზე გამარჯვება მოიპოვა ტრავმირებული ლევან ფაცაციას “აზოტმა”, რომელმაც დნეპროპეტროვსკში ადგილობრივი “დნიპრო” 81:74 დაამარცხა. მიმდინარე ჩემპიონატში ეს აზოტელთათვის მეორე გამარჯვებაა.
ფაცაციას ხელი აქვს მოტეხილი და მოედანზე გაზაფხულამდე ვერ გავა.
gbf.ge