უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების თავკაცის პოსტზე შევჩენკოს კანდიდატურას განიხილავს
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურას განიხილავს. გუნდის ამჟამინდელმა თავკაცმა მიხაილო ფომენკომ ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს უკვე აცნობა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პოსტს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკომ ფომენკოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობა გასული თვის მიწურულს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტზე შევჩენკოს დანიშვნის შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბი სრულად განახლდება.
მოსალოდნელია, რომ ყველა ფორმალური საკითხი ივლისში მოგვარდება, უკვე აგვისტოში კი უკრაინის ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. უკრაინის ეროვნული გუნდი ქვეჯგუფში ხორვატიის, ისლანდიის, თურქეთის, ფინეთისა და კოსოვოს ნაკრებებს დაუპირისპირდება.